არდა თურანის ტრანსფერის დეტალები
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი არდა თურანი სტამბულის "ბაშაქშეჰირმა" ოფიციალურად გუშინ წარადგინა, პრეზენტაციაზე კი თურქული კლუბის პრეზიდენტმა, გოქსელ გუმუშდაღმა შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა.
არდა "ბაშაქშეჰირში" იჯარის წესით, 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი კატალონიაში დაბრუნდება. თუმცა, "ბარსელონას" იქამდეც ექნება მისი სხვა გუნდში გაშვების უფლება ნებისმიერი სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.
თუ ეს მოხდა, თურქები თურანის სანაცვლოდ მისი მყიდველის მიერ გადახდილი თანხის წილს, კერძოდ კი 20%-ს მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ "ბარსა" მას ამ სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდის - 25%-ს.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არდას 25%-იანი მფლობელები ვართ და კატალონიელებისთვის თანხის გადახდის არანაირი ვალდებულება არ გვაქვს. თუმცა, "ბარსელონამ" უნდა გადაგვიხადოს 300 ათასი ევრო, თუ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერ ლიგის მოგებას მოვახერხებთ". - აღნიშნა გუმუშდაღმა.
რაც შეეხება თვითონ ფეხბურთელს, ის ხელფასის სახით "ბაშაქშეჰირის" ხელმძღვანელობისგან ყოველ სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]