ბარსელონა-ლიონი 3:0 – მიმოხილვა
ბარსელონა, "კამპ ნოუ” 85000
ბარსელონა-ლიონი 3:0
ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა, მარკესი, მილიტო, აბიდალი, ტურე, ჩავი (ჯოვანი 79), დეკო, მესი (ბოიანი 88), ანრი, რონალდინიო (ინიესტა 66)
ლიონი: ვერკუტრე, კლერკი, სკილაჩი, ბოდმერი, რევეილერი, ტულალანი, ჯუნინიო, კალსტრომი (კეიტა 83), ბელჰაჯი (ბაროში 62), გოვუ, ბენეზმა (ბენ არფა 76)
მსაჯი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)
გოლები: 1:0 კლერკი 21 (ა.გ.), 2:0 მესი 82, 3:0 ანრი 91
გაფრთხილება: ტურე 33, ანრი 71
დარტყმა: 17 (9) 5 (1)
ჯარიმა: 7 15
კუთხური: 8 4
თამაშგარე: 6 3
ბურთის ფლობა: 56% 44%
ფრანკ რაიკაარდმა "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა, როგორც ცნობილია ხუან ლაპორტამ ჰოლანდიელ სპეციალისტს 3 მატჩიანი ვადა მისცა მდგომარეობის გამოსასწორებლად და რაიკაარდიც საქმეს პიველივე მატჩში შეუდგა.
შეხვედრის საწყის წუთებში კატალონიელები მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობდნენ, რაშიც თავისი საკმაოდ დიდი წვლილი "ლიონის” ფეხბურთელებსაც მიუძღვით, რომლებიც მასპინძლებს მჭიდრო პრესინგს ეთამაშებოდნენ და მოედნის ცენტრის გადაკვეთას საკმაოდ უძნელებდნენ. თუმცა "ბარსელონას” ფეხბურთელები გონს მალე მოეგნენ და მეტოქის კართან მომენტების შექმნაც დაიწყეს, პირველი მომენტი დეკოს შეექმნა, მაგრამ მე-12 წუთზე მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ზუსტად ერთ წუთში გოლის გატანა უკვე რონალდინიოს შეეძლო, როდესაც დეკოსთან ჯარიმის გათამაშების შემდეგ ბრაზილიელმა საჯარიმოს გარედან დაარტყა კარში, მაგრამ მის დარტყმულს წინ სტუმართა მცველი გადაეღობა და ბურთიც კუთხურზე გადავიდა. შეხვედრის მე-20 წუთზე რონალდინიომ საკუთარი გუნდისთვის კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა და ბუნებრივია კუთხურის ალამთანაც თვითონ მივიდა, მაგრამ ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების მაგივრად იგი იქვე მდგომ მესისთან გაითმაშა, რომელმაც თავის მხრივ მოწინააღმდეგის ორი ფეხბურთელი მოატყუა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, შეიჭრა და გამჭოლი გადაცემის გაკეთებაც დააპირა, მაგრამ ბურთს კლერკი გადაეღობა და მასპინძელთათვის სასიკეთოდაც, კლერკის მიერ მიმართულებაშეცვლილ ბურთს ვერკურტე ვერ შესწვდა და ანგარიშიც გაიხსნა. გატანილი გოლის შემდეგ "ბარსელონას” ფეხბურთელები ცოტა დაწყნარდნენ და აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთეს. 38-ე წუთზე გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მესის შეექმნა, როდესაც რონალდინიოს ეფექტური გადაცემის შემდეგ ერთი მცველი ულამაზესი მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მართალია არგენტინელმა ვუნდერკინდმა მეკარეს ბურთი ააცილა და კარსაც ზუსტად დაუმიზნა, მაგრამ თითქმის კარში შეგორებულ ბურთს წინ კლერკი გადაეღობა და კუთხურზე გადააგდო, რითიც გატანილი ავტოგოლი აშკარად გამოისყიდა. ამ მომენტიდან ტაიმის ბოლომდე განსაკუთრებით საინტერესო აღარაფერი მომხდარა, "ბარსელონა” კვლავ ფლობდა უპირატესობას და "ლიონს” მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა.
მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, 48-ე და 51-ე წუთებზე მესიმ და ტურემ სცადეს ანგარიშში სხვაობის გაზრდა, მაგრამ მათ მიერ დარტყმული ბურთები "ლიონის” კარს ასცდა. 65-ე წუთზე მესის გადაცემის შემდეგ ჩავის შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 69-ე წუთზე ანრის პირველად შეექმნა გოლის გატანის რეალური შანსი, მაგრამ ჩავის გადაცემის შემდეგ მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ გასული ფრანგი თავდამსხმელის დარტყმულის შემდეგ "ლიონის” მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა და კატალონიელებს მხოლოდ კუთხურის მოწოდების უფლება მისცა. 73-ე და 78-ე წუთზებზე დეკოს ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ჯერ ანრის და შემდეგ ინიესტას გადაცემების შემდეგ პორტუგალიელმა არცთუ კარგად დაარტყა და ვერკუტრესაც მისი დარტყმების შემდეგ ბურთის ხელებში დაფიქსირება არ გასჭირვებია. 79-ე წუთზე ჩავის მაგივრად მოედანზე შემოვიდა ჯოვანი დოს სანტოსი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. 82-ე წუთზე დეკომ და ინიესტამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც "ბარსელონას” მე-8 ნომერმა საჯარიმოში შეჭრილი მესი შეამჩნია და პასიც არ დაუგვიანა, ხოლო დანარჩენი უკვე ტექნიკის ამბავი იყო და მესისაც დაახლოვებით 18 მეტრიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. ამ გოლით ცხადი გახდა, რომ "ბარსელონა” საჭირო 3 ქულას მოიპოვებდა, მაგრამ თამაშს მაინც აკლდა რაღაც და ეს "რაღაც” ანრის გოლი იყო, რომელმაც საბოლოოდ მაინც მოახერხა კატალონიელი გულშემატკივრის გახარება ოფიციალურ შეხვედრაში "ბარსელონას” მაისურით თავისი პირველი გოლის გატანა. თუმცა მანამდე "ნოუ კამპზე” დაფიქსირდა მოვლენა, რომელიც არამარტო "ბარსელონას”, არამედ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშიც შევიდა, შეხვედრის 88-ე წუთზე ამომავალი თუ უკვე ამოსული ვარსკვლავი, ლეო მესის მაგივრად მოედანზე შემოვიდა ვინმე ბოიანი, რომელიც თურმე ნუ იტყვით და კრკიჩის მაგივრად ყოფილა განაცხადში შეყვანილი. მოედანზე გასვლის მომენტში ბოიანი სულ რაღაც 17 წლის და 22 დღის იყო, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი გამხდარიყო ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიუღია მონაწილეობა. ამასობაში კი დადგა ნანატრი მომენტიც და ტიერი ანრიმაც მოახერხა გოლის გატანა, შეხვედრის პირველ დამატებულ წუთზე უხეშად შეცდა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ბოდმერი, რის შემდეგაც ბურთი ჯოვანი დოს სანტოსს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოში შევიდა, ლამაზი მოძრაობით სკილაჩი ჩამოიტოვა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული ვერკუტრემ მოიგერია, რის შემდეგაც ბურთი იქვე მდგომა ტიერი ანრის მიუვიდა და "ბარსელონას” მე-14 ნომრისთვის ცარიელ კარში გოლის გატანა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. როგორც სჩანს ამ გოლით "ბარსელონას” ფეხბურთელებმა ყველა მისია შეასრულეს დაშეხვედრის ბოლო წუთები მეტოქის დაცინვაში გაატარეს, როდესაც მოედნის ცენტრში ისე აკონტროლებდნენ ბურთს, რომ ადგილიდანაც არ იძვრებოდნენ.
საბოლოოდ შეხვედრა "ბარსელონას” დამაჯერებელი ანგარიშით დასრულდა, თან იმ გუნდთან, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრებში კატალონიელთა უპირველეს მეტოქეს, მადრიდის "რეალს” ორჯერ დაუპირისპირდნენ და ერთხელ 3:0, ხოლო ერთხელაც 2:0 მოუგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]