ესპანეთის სუპერ თასის ისტორია

როგორც იცით, ამაღამ, 00:00 საათზე, ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
"ბარსელონა" ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. 2016 წელს კატალონიელებმა "სევილია" ორი მატჩის ჯამში 5-0 დაამარცხეს.
ამ ტურნირზე ერთმანეთს ლა ლიგის და ესპანეთის თასის, იგივე კოპა დელ რეის გამარჯვებულები ხვდებიან, მაგრამ, რადგან ერთი წლის წინ "ბარსელონამ" ორივე ტიტულის მოგება შეძლო, კატალონიელების მეტოქე თასის ფინალისტი, "სევილია" იყო.
როცა ერთი გუნდი იგებს ჩემპიონატსა და თასს, სუპერ თასზე მისი მეტოქე სწორედ კოპა დელ რეის ფინალში დამარცხებული გუნდი ხდება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წელს ორივე ტურნირის გამარჯვებულს, მადრიდის "რეალს", ეს ტიტული პირდაპირ გადაეცა.
დღევანდელი ესპანეთის სუპერ თასის მსგავსი ტურნირი პირველად ჯერ კიდევ 1940 წელს ჩატარდა და ის ჩემპიონთა თასის სახელს ატარებდა. მომდევნო წლებში სახელი კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა, 1947-დან 1953 წლამდე კი ეს ტურნირი არგენტინის პირველი ლედის, ევა დუარტეს სახელს ატარებდა.
ევა დუარტეს თასი ყველაზე მეტჯერ (3-ჯერ) "ბარსელონამ" მოიგო, მაგრამ სუპერ თასის ტიტულებს ეს არ ემატება.
1982 წლიდან ტურნირმა დღევანდელი სახე მიიღო. ის ყოველ წელს ტარდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 1986 და 1987 წლები იყო.
ესპანეთის სუპერ თასის ყველაზე წარმატებული გუნდი "ბარსელონაა", რომელმაც ტიტული 12-ჯერ მოიგო. შემდეგ მოდის მადრიდის "რეალი" 9 ტიტულით. ტურნირი ასევე მოგებული აქვთ "დეპორტივოს" (3-ჯერ), მადრიდის "ატლეტიკოს" და ბილბაოს "ატლეტიკს" (ორივეს 2-ჯერ) და "ვალენსიას", "სარაგოსას", "სევილიას", "მალიორკას", "რეალ სოსიედადს" - თითოჯერ.
სუპერ თასის მეორე მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე", 16 აგვისტოს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]