ვიყოთ მეტნი, ვიდრე უბრალოდ გულშემატკივრები!

ვიყოთ მეტნი, ვიდრე უბრალოდ გულშემატკივრები!

ეს არის სტატია, რომელიც უკვე იდო ჩვენს საიტზე ერთი წლის წინ, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა თუ კიდევ ერთხელ ავპინავდი...

როდესაც გუნდი ვერ იგებს, მისი ჭეშმარიტი გულშემატკივარი ნამდვილად ვერ იქნება კმაყოფილი, მაგრამ განა ყოველი მომდევნო ჩაგდებული თამაშისა და, მით უმეტეს, ტაიმის შემდეგ შეიძლება მსგავსი ფრაზების სროლა?- ”გვარდიოლა უნდა წავიდეს”, ”ცოტა აზრზე მოვიდნენ ესენი,” ”ამათ თავში ხო არ აუვარდათ” და ა.შ. ასე თუ გავაგრძელებთ, ჩვენც შეიძლება მივიდეთ იმ ”ფილოსოფიურ” დასკვნამდე, რომელიც იკერ კასილიასის უზადო გონებაში იშვა და რომელიც აგრერიგად აიტაცეს ქართველმა კომენტატორებმა: ”ბარსა” უბრალოდ მოდაა და მოდასავით გადავაო.

მოდით, დავიწყოთ სულ თავიდან, იმ დროიდან, როდესაც ”ბარსელონაში” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი, სიმბოლო, ენერგიული და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი, ხოსეპ გვარდიოლა. ალბათ, გემახსოვრებათ მაშინდელი, 2008-2009 წლების სეზონის დასაწყისი და სრული ჩავარდნა პრიმერას ორ საწყის ტურში, რომლის შემდეგაც კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის გამართვა უწევდათ. მაშინაც ასე იყო... თქვენ უნდა გენახათ ამ მატჩისადმი მიძღვნილი ”პრევიუ” საქართველოს ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთში (11X11). ამ ბლოკის მიმომხილველი ჟურნალისტი გატაცებით და ნიშნის მოგებით გვამცნობდა თავის ”გვალიფიციურ” აზრს იმის შესახებ, რომ თურმე ”ბარსელონა” ისე დაბეჩავდა გვარდიოლას ხელში, რომ ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა და პრიმეას ოთხეულში შესვლა სანატრელი უნდა ჰქონოდა (აღნიშნული სტატიის ნიშნის მოგებით სავსე კილო და პათოსი დღემდე გაუგებარი დარჩა ჩემთვის). კარგახანს ვინახავდი ამ ნომერს, რათა წლის ბოლოს ამეფარებინა რედაქტორისთვის იმ ცხვირზე, რომელიც იმდენად უშლის ეტყობა ხელს, რომ წესიერად ვეღარც ხედავს რას წერენ თავისი ჟურნალისტები და როგორ არღვევენ ჟურნალისტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს-მიუკერძოებლობას.

შემდეგ რაც მოხდა ყველამ ნახა, წელი დასრულდა ”ბარსას” სრული ტრიუმფით მსოფლიო ფეხბურთში. ამის მიუხედავად, ეს უფრო ფეხბურთელების წარმატებად ჩაითვალა, ვიდრე მთავარი მწვრთნელის დამსახურებად. დღეს განსაკუთრებით ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზას: ”გვარდიოლა არ არის კარგი ტაქტიკოსი.” დღევანდელი სტერეოტიპებით, კარგი ტაქტიკოსი არის მწვრთნელი, რომლის გუნდსაც აშკარად ჩაგრავენ თამაშით, მაგრამ მომენტების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე გამარჯვებული რჩება. ახლა მე გეკითხებით: გვჭირდება ჩვენ ასეთი თამაში? განა გვინდა რომ ჩვენი საყვარელი გუნდი ასე ”დაჩაგრებულად გამარჯვებული” ვიხილოთ? გვინდა ჩვენ ისეთი მეთოდებით გამარჯვება, როგორიცაა მაგ; მინდვრის მორწყვა და განზრახ ატალახება (რასაც მე კრივში წელს ქვევით დარტყმას შევადრიდი)?

სულაც არ მინდა, ამ სტატიაში ხოსეპ გვარდიოლას ადვოკატობა ვიკისრო, მაგრამ თუ საჭირო გახდება ზოგიერთის გაუგებარი მიზეზებით ამოვსილი თვალ-ყურის ასახელად, არც ამას ვიუკადრისებ. რადგანაც პეპი არის უპრეცენდენტო მოვლენა თანამედროვე ფეხბურთში. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთწლიანზე უფრო გრძელვადიან კონტრაქტს არ აფორმებს გუნდთან იმის გამო, რომ პასუხისმგებელი იყოს შედეგებზე და თუ კლუბი საჭიროდ ჩათვლის, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე შეძლოს მისი დათხოვნა. შეუძლია ვინმეს გაიხსენოს მსგავსი მაგალითი? თანაც ეს ყოველივე იმ საოცარი სეზონის შემდეგ...

ჩვენ ვგულშემატკივრობთ გუნდს, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი და ხომ არ დაფიქრებულხართ ზოგჯერ, იქნებ ეს ფაქტი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენც ვიყოთ მეტნი, ვიდრე უბრალოდ ”ბალეშჩიკები”? ჩვენც ისევე უნდა გვიყვარდეს გუნდი, როგორც თავად ფეხბურთელებს. ასეთ ფრაზასაც გაიგონებთ: ამათ რა უჭირთ, მილიონები აქვთ ხელფასიო. განა მატერიალური დაინტერესების გამო აუფრიალეს პიკემ, მესიმ და პედრომ გატანილი გოლის შემდეგ ”ბლაუგრანა” მაისურები ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას? ამაშიც პრემია აიღეს?..

ჩემი თხოვნა იქნება, რომ სწორედ სირთულეების ჟამს დავუდგეთ საყვარელ გუნდს გვერდით, გავიხსენოთ ის წარმატებები, რომლებსაც სწორედ ამ ფეხბურთელებმა მიაღწიეს ჩვენს გასახარებლად. რა, ცოტა გვაქვს გასახსენებელი? გავიხსენეთ სტემფორდ ბრიჯი, გაიხსენეთ ბერნაბეუ, გაიხსენეთ პარიზი, უემბლი და ნოუ კამპის გახსენებასაც თუ ჩემი შეგონება სჭირდება, მაშინ სულ ტყუილად დამიწერია ეს სტატია.
მთავარი გვახსოვდეს ყოველთვის: ჩვენ ვართ იმ გუნდის გულშემატკივრები, რომელიც არის მეტი, ვიდრე უბრალოდ კლუბი და ჩვენც ვეცადოთ, რომ ვიყოთ მეტნი, ვიდრე უბრალოდ გულშემატკივრები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომაა სწორი გმადლობთ ყურადღებისთვის, ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ.

თორნიკე რაზმაძე

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.