გუნდში "ბარსას" აზღდილი ფეხბურთელების რაოდენობა მცირდება

ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ლეო მესი, რაფინია ალკანტარა, ხორდი ალბა, სერჟი რობერტო, ალეიშ ვიდალი და ხორდი მასიპი - ეს "ბარსელონას" პირველი გუნდის ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც კატალონიელთა საფეხბურთო აკადემია აქვთ გავლილი.
თუ ევროპულ გრანდებს გადავხედავთ, პირველ გუნდში კლუბის აღზრდილი 9 ფეხბურთელის ყოლა ძალიან კარგი შედეგია. თუმცა, არა "ბარსელონასთვის". პეპ გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის, ანუ 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ბარსას" პირველ გუნდში, კლუბის აღზრდილთა რაოდენობა ათს ჩამოცდა.
გვარდიოლას დროს, ყველაზე მაღალი შედეგი კლუბის აღზრდილი 12 ფეხბურთელი იყო. 2011/12 წლების სეზონში, "ბარსას" პირველ გუნდში ვალდესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი, ტიაგო, ბუსკეტსი, პედრო, კუეკნა და ფონტასი თამაშობდნენ.
გვარდიოლას წასვლის შემდეგ, ამ რიცხვმა ზრდა განაგრძო. 2013/14 წლების სეზონში, ხერარდო მარტინოს დროს, პირველი გუნდის 25 ფეხბურთელიდან 17 კლუბის აღზრდილი იყო. ესენი იყვნენ: ვალდესი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, მესი, დოს სანტოსი, ბარტრა, ბუსკეტსი, ალბა, ტელიო, კუენკა, რობერტო და ოიერი. საინტერესოა, რომ იმ სეზონში, გუნდმა მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო. ეს კი ნიშნავს, რომ კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების პირველ გუნდში ყოფნა წარმატების გარანტი არაა.
იმ სეზონის შემდეგ, სტატისტიკა გაუარესდა. ლუის ენრიკეს მწვრთნელობის პირველი 2 სეზონის განმავლობაში, პირველ გუნდში "ბარსას" აღზრდილი 12 ფეხბურთელი ირიცხებოდა. პირველი წლის შემდეგ, მონტოია, ჩავი და პედრო მუნირმა, სანდრომ და ვიდალმა ჩაანაწვლეს. მიმდინარე ზაფხულში კი, მუნირმა, სანდრომ და ბარტრამ გუნდი დატოვეს, მათ ნაცვლად "ბარსას" კლუბის აღზრდილი არცერთი ფეხბურთელი არ დაუმატებია და შედეგად, პირველ გუნდში აკადემიაგამოვლილი 9 ფეხბურთელი დარჩა.
პირველ გუნდში კლუბის აღზრდილი ფეხბურთელების სიმცირე, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ კატალონიელები ტიტულებს ვერ მოიგებენ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლუბს ისეთი გარანტირებული მომავალი აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა. ადრე, სათადარიგოთა სკამის გაძლიერება "ლა მასიადან" ხდებოდა და არა ფეხბურთელებში 122 მილიონის გადახდით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]