რომარიოდან ნეიმარამდე

რომარიოდან ნეიმარამდე

ნეიმარი გახდა იმ დიდი ბრაზილიელი თავდამსხმელების "მემკვიდრე", რომლებიც "ბარსელონაში" ბოლო 20 წლის განმავლობაში თამაშობდნენ. ესენი არიან რომარიო, რონალდო, რივალდო და რონალდინიო. ყველა მათგანმა, "კამპ ნოუზე", წარმატებებს მიაღწია. ახლა, ნეიმარ და სილვას დროა.

რომარიო და რონალდო

რომარიო "ბარსელონაში" 1993 წელს გადავიდა. მან გულშემატკივართა გულები პირველივე სეზონში დაიპყრო. ბრაზილიელმა ლა ლიგაში 30 გოლის გატანის პირობა დადო და მისი შესრულებაც მოახერხა. იმ სეზონში, კატალონიელებმა ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხედ მოიგეს. გარდა ამისა, "ბარსამ" ესპანეთის თასიც აწია. რომარიომ "ბარსელონა" მომდევნო სეზონის შუაში დატოვა.

რომარიოს წასვლიდან მალევე, "ბარსელონაში" 19 წლის ბრაზილიელი რონალდო მოვიდა. ის დაუჯერებელი შესაძლებლობებისა და თვისებების ფეხბურთელი იყო. კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ ერთადერთ სეზონში რონალდომ 51-ჯერ ითამასა და 47 გოლი გაიტანა.

რივალდო და რონალდინიო

როდესაც რონალდო "ინტერში" გადავიდა, "ბარსამ" "დეპორტივოდან" რივალდო დაიმატა. ფანტასტიკური მარცხენას მქონე ფეხბურთელი ლიდერობდა ვან გაალის გუნდს, რომელმაც ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო. 1999 წელს, ის FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

რივალდომ "ბარსელონა" 2002 წელს დატოვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, გუნდში რონალდინიო მოვიდა. ბრაზილიელმა ხანგრძლივი წარუმატებლობებით დატანჯული გულშემატკივრების სახეებზე ღიმილი დააბრუნა. 5-წლიანი უტიტულო პერიოდის შემდეგ, რონალდინიო გუნდს ჯერ ლა ლიგის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

ევარისტო, ჯოვანი და ანდერსონი

რომარიო, რონალდო, რივალდო და რონალდინიო "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო შემტევი ბრაზილიელები იყვნენ, მაგრამ კატალონიურ კლუბში მათი თანამემამულე სხვა შემტევებსაც უთამაშიათ. მაგალითად, 1950-იან წლებში, ევარისტო დე მაკედომ, "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 219 თამაშში 173 გოლი გაიტანა. 90-იან წლებში, "ბარსელონას" რიგებში წარმატებით თამაშობდნენ ჯოვანი და სილვა და სონი ანდერსონი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.