7 შესაძლო მეტოქე

7 შესაძლო მეტოქე

პარასკევს, თბილისის დროით 15 საათზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების წილისყრა გაიმართება. 1/8-ფინალებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას", შესაძლოა, ნებისმიერი გუნდი შეხვდეს. პოტენციური მეტოქე შვიდია. ესენი არიან: პარიზის "პარი სენ ჟერმენი", ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "რეალი", დორტმუნდის "ბორუსია", სტამბულის "გალათასარაი", მიუნხენის "ბაიერნი" და "მალაგა".

თითოეულ ამ გუნდთან, "ბარსელონას" აქამდეც უთამაშია. გთავაზობთ, კატალონიური კლუბისა და მისი პოტენციური მეტოქეების დაპირისპირების ისტორიის მოკლე მიმოხილვას.

პარი სენ ჟერმენი: "ბარსელონა" და "პარი სენ ჟერმენი" ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან, რა თქმა უნდა, თუ ბედმა ასე ინება. პირველი დაპირისპირება 1995 წელს გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ბარსელონაში ჩატარებული თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. 2 წლის შემდეგ, "ბარსამ" რევანში უეფას თასის ფინალში აიღო. კატალონიელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს. პსჟ-ს კარში ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა რონალდომ გაიტანა.

იუვენტუსი: გუნდებს ურთიერთშეხვედრების არცთუ მცირე ისტორია აქვთ. "ბარსელონას" და "იუვენტუსს" ერთმანეთში აქამდე 9-ჯერ უთამაშიათ. პირველი შეხვედრა 1952 წელს, ლათინურ თასზე გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. 1970 წელს, გუნდები ერთმანეთს ბაზრობათა თასზე (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) გადაეყარნენ. "იუვენტუსმა" ორივე თამაში 2:1 მოიგო. 1986 წელს, "ბარსელონას" ჯერი დადგა. ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში, კატალონიელებმა შინ 1:0 მოიგეს, ხოლო ტურინში გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა. 5 წლის შემდეგ, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, უფრო ძლიერი კვლავ "ბარსელონა" გამოდგა. საკუთარ კედლებში 3:1 მოგების შემდეგ, "ბარსა" სტუმრად 0:1 დამარცხდა. გუნდების ბოლო შეხვედრა უფრო კარგად "იუვენტუსის" გულშემატკივრებს დაამახსოვრდათ. ტურინში გუნდებმა 1:1 ითამაშეს. იგივე ანგარიშით დასრულდა ბარსელონაში გამართული შეხვედრის ძირითადი დრო, ხოლო დამატებით ტაიმში ტურინელებმა 1:0 იმარჯვეს. ბოლო ორ თამაშში, "ბარსელონას" მხრიდან, პუიოლმა და ჩავიმ ითამაშეს. "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში, ჩავიმ გოლიც გაიტანა.

რეალი: გუნდები ერთმანეთს ძალიან ბევრჯერ შეხვედრიან. ამჯერად, ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ "კლასიკოებზე" გავამახვილებთ. "ბარსელონამ" და "რეალმა" ერთმანეთში 4 ორრაუნდიანი დაპირისპირება გამართეს. გუდნებმა ორ-ორჯერ მოიგეს. 1960 წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, "რეალმა" ორივე თამაში 3:1 მოიგო. იმავე, წელს, კვლავ ჩემპიონთა თასზე, ამჯერად 1/8-ფინალში, მადრიდში გუნდებმა 2:2 ითამაშეს, ხოლო კატალონიაში "ბარსამ" 2:1 მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "რეალი" ჩემპიონთა თასიდან გამოვარდა. 2002 და 2011 წლებში, გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში, სცენარი იდენტური იყო, უბრალოდ, გუნდები ადგილებს ცვლიდნენ. 2002 წელს, "რეალმა" ბარსელონაში 2:0 მოიგო, ხოლო განმეორებითი თამაში 1:1 დასრულდა. 9 წლის შემდეგ, კატალონიელებმა მადრიდში 2:0 იმარჯვეს, ხოლო ბარსელონაში გუნდებმა 1:1 ითამაშეს.

ბორუსია: გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 2-ჯერ შეხვდნენ. 1998 წელს, უეფას სუპერთასზე, "ბარსელონამ" შინ 2:0 მოიგო და დორტმუნდში 1:1 ითამაშა.

გალათასარაი: ათწლიან მონაკვეთში, "ბარსელონა" "გალათასარაის" 8-ჯერ დაუპირისპირდა. გასაკვირი არაა, რომ კატალონიელებს დიდი უპირატესობა აქვთ. 1993-94 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თურქეთში გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს, ხოლო ბარსელონაში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ერთი წლის შემდეგ, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, ორივე თამაში 2:1 დასრულდა - ერთში "ბარსამ" იმარჯვა და ერთშიც "გალათასარაიმ". 2001-02 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, ბარსელონაში გამართული თამაში 2:2 დასრულდა, ხოლო სტამბულში კატალონიელებმა 1:0 მოიგეს. ერთი წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონამ" ორივე თამაში მოიგო - სტუმრად 2:0 და შინ 3:1.

ბაიერნი: "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის გამართლ შეხვედრებში უპირატესობა მიუნხენელებს აქვთ, მაგრამ მათი ბოლო დაპირისპირება კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. პირველი შეხვედრა 1996 წელს გაიმართა. უეფას თასის ნახევარფინალში, მიუნხენში გუნდებმა 2:2 ითამაშეს, ხოლო ბარსელონაში სტუმრებმა 2:1 მოიგეს. 1998 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბაიერნმა" ორივე თამაში მოიგო - შინ 2:1 და სტუმრად 2:1. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "კამპ ნოუზე", "ბარსამ" მეტოქე 4:0 გაანადგურა, ხოლო მიუნხენში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მალაგა: ევროტურნირებზე გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. სამაგიეროდ, შიდა ასპარეზზე, "ბარსელონა" და "მალაგა" ერთმანეთს 63-ჯერ დაუპირისპირდნენ. "ბარსამ" 43-ჯერ მოიგო, ხოლო "მალაგამ" - 9-ჯერ. ბურთების შეფარდება - 144-44. "ბარსამ" ყველაზე დიდი ანგარიშით 7:0 მოიგო, ხოლო 1:5 წააგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.