„რეალი“-„ბარსა“ - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

„რეალი“-„ბარსა“ - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თვლის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "კლასიკოში", კატალონიურმა გუნდმა მეტოქეს აჯობა. თუმცა, "ბარსას" მე-6 ნომერი დაფიქსირებულ ანგარიშს (1:1) მაინც კარგ შედეგად მიიჩნევს.

ჩავი ერნანდესი ერთ-ერთია, რომელსაც "რეალის" კარში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. მან ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა და ერთხელაც, მისი დარტყმის შემდეგ, "რეალი" კარის ხაზზე მდგომმა ვარანმა იხსნა. თამაშის შემდეგ, ჩავიმ განაცხადა, რომ უკეთესი შედეგის დაფიქსირებაც შეიძლებოდა: "მეტოქეს შანსი თავად მივეცით. ვთვლი, რომ "რეალზე" უკეთ გამოვიყურებოდით, ვდომინირებდით და უფრო მეტ სახიფათო მომენტსაც ვქმნიდით. უცნაური შეგრძნება მაქვს. საგოლე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე გვაკლდა. მთავარი გოლის გატანაა.

ჯერ არაფერი გარკვეულა. განმეორებითი შეხვედრაც ასეთივე იქნება, მაგრამ შევეცდებით შეტევაში უფრო ეფექტურები ვიყოთ. მიუხედავად ხელიდან გაშვებული არაერთი შანსისა, 1:1 მაინც კარგი შედეგია."

სესკ ფაბრეგასი: "ელ კლასიკო" ყოველთვის ინტენსიური თამაშია. შეხვედრის სტარტზე, სათანადოდ აქტიურები არ ვიყავით. მიუხედავად ამისა, თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით, ჩვენთვის უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეიძლებოდა.

შედეგი ცუდი არაა. წინ განმეორებითი თამაში გველის, რომელიც სახლში უნდა ჩავატაროთ. ამ შეხვედრამდე ერთი თვეა დარჩენილი და ახლა, კნცენტრაცია ლა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ. ამჟამად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ძალიან კარგი სეზონი გვაქვს და ეს თამაშიც მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მოგებისთვის იდეალური შანსები შევიქმენით და ახლა, იმედგაცრუებულნი ვართ.

კარგი თამაში გამოვიდა. მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სადავეები ხელთ ჩვენ ვიგდეთ."

ანდრეს ინიესტა: "იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან მოგების შანსი გვქონდა. თუმცა, გატანის შანსი მეტოქესაც ჰქონდა. ძალიან დაძაბული და ინტენსიური თამაში გამოვიდა. საერთო ჯამში, უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, მაგრამ საკმარისად ზუსტები არ ვიყავით.

თამაშის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ვდომინირებდით, სახიფათო მომენტებს ვქმნიდით და გატანის შანსი კიდევ გვქონდა, მაგრამ სხვა შედეგი მივიღეთ.

იმ ფაქტში, რომ გოლი გავიტანეთ, პოზიცივი უნდა დავინახოთ, რადგან "ბერნაბეუზე" მოგება იოლი არაა."

ხერარდ პიკე: "პირადად მე, თავს კარგად ვგრძნობ. მთელმა გუნდმა კარგად ვითამაშეთ. მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ მაინც კარგი განწყობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუ" დაგვეხმარება.

ვისწავლეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აკონტროლებ სიტუაციას, მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.