აგრესია, ირონია და ცოტაოდენი ფეხბურთი

აგრესია, ირონია და ცოტაოდენი ფეხბურთი

იმ დღეს ჟოზე ადრიანად ადგა, ახალი სეზონისთვის შედგენილი გეგმა უნდა გაეცნო შეგირდებისთვის, ყველასთვის მოემზადებინა დავალება. 10 საათზე უკვე საწვრთნელ ბაზაზე იყო, საკუთარ ჩანაწერებში იქექებოდა ჩვეულებისამებრ, უცებ ტელეფონი აწკრიალდა, პერესი რეკავდა.
- ჩემთან შემოიარე ცოტა ხნით, ორიოდ სიტყვა უნდა გითხრა.
და ისე გათიშა ტელეფონი, რომ პორტუგალიელის პასუხს არცკი დალოდებია. მაურინიო მიხვდა, რომ მორიგი საყვედურის მოსმენა მოუწევდა, მაგრამ დიდად არ უდარდია, იფიქრა ერთ ყურში შევუშვებ და მეორედან გამოვუშვებო.
ადრე მითხარი პეპეს რამეს მოვუხერხებო, არ ვაპირებ მისთვის ხელფასის ტყუილად გადახდას.
ნუ დარდობ შეფ, მაგ ბიჭს ახალი როლი შევურჩიე. მასში მსახიობის ნიჭი აღმოვაჩინე, მოედანზე მსხვერპლის როლის შესრულება არ უნდა გაუჭირდეს. ბურთის გორებით თუ არა, ამით მაინც მოუტანს გუნდს სარგებელს.
კარგი თავისუფალი ხარ, უამრავი საქმე მაქვს, იმედია ჩვენი მომავალი შეხვედრის მიზეზი პეპე აღარ იქნება.
ადიოს შეფ, ჟოზე კარისკენ დაიძრა, თან სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, აგერ უკვე მერამდენედ მოეხერხებინა პრეზიდენტის დარწმუნება.
გზად კაბინეტში შეიარა, საქმიანი წიგნაკი აიღო და სათათბირო ოთახისკენ გაეშურა, სადაც შეგირდები ელოდებოდნენ.
გერმანელები ერთად დამსხდარიყვნენ, ესპანელებსაც თავიანთი წრე შეეკრათ, მხოლოდ სერხიო რამოსი აკლდათ, რომელსაც ინტელექტუალური საუბარი ვერ აეტანა და მარსელოსა და პეპესთან ჭორაობით შეექცია თავი. მოღუშული სახით მჯდომ რონალდოს ბენზემა ებუტბუტებოდა რაღაცას, მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას შეჩვეულს, აზრადაც არ მოსვლია გადაჯდომა. განდეგილივით გახლდათ, მაგრამ სამაგიეროდ მაგიდის თავში წამოსკუპებულიყო, რითაც საკუთარ განსაკუთრებულობას უსვამდა ხაზს.


მაურინიო ტყავის სავარძელში მოკალათდა და დამტვრეული ესპანურით სხდომა გახსნილად გამოაცხადა. მომღიმარი სახეები სადღაც გაქრა, კრიშტიანო კი პირიქით გამხიარებულიყო, აქაოდა მე არაფერი მემუქრება, ძირითადში ვარ და ვიქნები, თქვენ იკითხეთ თქვე საცოდავებოო, ამაყად უმზერდა თანაგუნდელებს.
მცირე შესავლის შემდეგ, რომლის შინაარსიც "უკან დასახევი გზა მოჭრილია"–ს პათოსით იყო გამსჭვალული, მაურინიო საქმეზე გადავიდა.
აბა, ვინ მყავს პირველი სიაში? იკერ შენ ყოფილხარ. მოტივაცია არასდროს გაკლდა, შენს პროფესიონალიზმშიც არასდროს შემპარვია ეჭვი, უბრალოდ მეტი აგრესია დამანახე. ამოიგდე თავიდან ეგ სენტიმენტალიზმი. მესმის, რომ წლების განმავლობაში ნაკრებში ერთად თამაშობთ, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ კონკურენტი გუნდის ფეხბურთელები დადებითად ახასიათო. ჩვენი მიზანი მათ ნერვებზე თამაში უნდა იყოს და არა სიყვარულის ახსნა. ეს მარტო იკერს არ ეხება, ყველამ მინდა გაითავისოს.
საყვარელი გუნდისთვის თავგადადებულ კიპერს ვიღაც ორი დღის მოსულის არასპორტული (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) რჩევა– დარიგება, თხოვნა თუ მოთხოვნა არ ეპიტნავა, მაგრამ მორჩილად თავი დაუქნია.
ჭორაობით გართულ მარსელოს საკუთარი სახელის გაგონებაზე ფერი არ შეცვლია, ის ხომ მწვრთნელის ყველა დავალების, უღირსის თუ ღირსეულის, შესასრულებლად მუდამ მზად იყო.
მეტოქეთა წყობიდან გამოყვანა კარგად გამოგდიოდა, ეგრე გააგრძელე. აგრესია, ირონია და მარდი ფეხები.
მაურინიოს, საკუთარ ნათქვამზე გაეღიმა – ეს რა ორიგინალურად გამომივიდაო. ბრაზილიელიც ბედნიერი ჩანდა, რაც ყველაზე უკეთ მეხერხება ის დამავალა მწვრთნელმა, რა მაგარიაო.
სერხიო რამოსის ჯერი დამდგარიყო, მაგრამ მწვრთნელი დუმდა. სევილიელს არც აგრესია ესწავლებოდა ვინმესგან, არც სითავხედე და არც კონკურენტების ზიზღი – მაურინიოს აზრით, ის მზად იყო ახალი სეზონისთვის, მაგრამ არ გამოდიოდა ლამაზად, რაღაც მაინც უნდა ეთქვა შეგირდისთვის.
სერხიო შენი იმედი მაქვს, ტიტულები გვჭირდება, ათმაგად და ასმაგად უნდა მოინდომო. რამოსი შეეცადა ჭკვიანური მზერა დაეჭირა, მაგრამ ამპარტავნობამ სძლია და თანაგუნდელებს ქედმაღლურად გადახედა, შეხედეთ ბოსი რა პატივს მცემსო.
შემდეგ პორტუგალიელმა გუნდის ახალწვეულებს მიმართა. ახალ ბოსს ბიჭები გადმოცემით უკვე იცნობდნენ და მის მიერ გამართულ დიალოგში, რომელიც მონოლოგს უფრო ჰგავდა, უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.


ჟოზეს, პეპესთვის ათასჯერ და ათიათასჯერ ჰქონდა ნათქვამი რაც უნდა ეკეთებინა და მასთან საუბრით თავი აღარ მოუკლავს – იცი რაც გევალება, არ დამაღალატო – ზორბა პორტუგალიელიც ისე გაიჯგიმა, გეგონებოდათ მწვრთნელი კრივის 12 რაუნდიანი ბრძოლისთვის ამზადებდა და არა ბურთის საგორებლად. მუშტი–კრივი მისთვის მართლაც უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ფეხბურთის თამაში, მაგრამ ახალ სეზონში სიმულანტის როლის შესრულებაც უწევდა. თუმცა, ჟოზეს მაინც ეჭვები ღრღნიდა, ვაიდა ამ საქმეშიც არ ივარგოს ამ ბედოვლათმაო.
სიაში შემდეგი რონალდო იყო. რონი შენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა იყო მეორე, დაანახე ყველას რომ იმ მეტრანახევრიანზე მაგარი ხარ. მწვრთნელის სიტყვებმა კრიშტიანო ღრუბლებიდან მიწაზე დააბრუნა. ერთი ცნობილი ზღაპრის გმირის არ იყოს, რომელიც ჯადოსნურ სარკეს გამუდმებით ეკითხება, სარკევ, სარკევ, დამანახე ყველაზე ლამაზი ვინ არისო და საკუთარ თავს ერთხელაც ვერ იხილავს, პორტუგალიელი მიხვდა რომ ჯერჯერობით იმ ძეგლს უნდა დასჯერებოდა, რომელიც მადრიდში დაუდგეს.
მაურინიომ ორიოდ სიტყვით დანარჩენებსაც მიმართა და სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა. ყველანი უცებ გაიკრიფნენ ოთახიდან, გეგონებოდათ სკოლის ზარს დაერეკა, ჭაღარამ ამოიხვნეშა, სავარძელი ფანჯრისკენ მიაბრუნა და მორიგ მზაკვრულ გეგმაზე ფიქრს შეუდგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.