დიდი სიჩუმის თეორია

დიდი სიჩუმის თეორია

ის რაც მოხდა, გასაკვირი არაა, პირიქით, ჩემპიონატში მარცხი, ძალიან ლოგიკური წერტილია იმ გაურკვევლობისა, რაც "ბარსელონას" თავს ხდება. დიდი შანსია, რომ გუნდმა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, (ბევრი პროფესიონალის აზრით) სეზონი უტიტულოდ დაასრულოს.

ლოგიკურია ისიც, რომ მესის მოედანზე ყოფნა აღარ სურს, გაღიზიანებას ვეღარ მალავს და მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სეზონი განახლდა, ნერვებ დაგლეჯილ ფეხბურთელს ვუყურებთ, რომელიც ხან წითელი ბარათის ზღვარზეა, ხან კი მწვრთნელებს აიგნორებს და არაფრის გაგონება არ უნდა.

მაგრამ არის რაღაც, რასაც ახსნას ვერ ვუძებნი და თუ ბარსელონაში არ ცხოვრობ და ყოველ დღე იმ ჰაერს არ სუნთქავ, ვერც ვერასდროს გაიგებ რა ხდება, კერძოდ კი ხდება სიჩუმე.

აქამდე არ მახსენდება გუნდს ასე ორგანიზებულად და ეტაპობრივად, ნაწილებად შლიდნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი სრულ მდუმარებაში იყოს. მე არ ვსაუბრობ ქართველ, აფრიკელ ან არაბ გულშემატკივრებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში, უკვე წლებია ცვლილებებს ითხოვენ, მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც რეალური გავლენა აქვს, ვისი გადასახადებიც, დღემდე ერიცხება კლუბს, ვისი შეძენილი ბილეთიც, პირდაპირ მიდის ხელმძღვანელობის ჯიბეში, მათი პროტესტი იარაღია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი ცარიელია.

მაგალითისთვის, მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ საძირკველი ჩაყარა დიდი გუნდის მშენებლობაში, მხოლოდ ორი მწვრთნელი იყო მის შემდეგ, ვინც დანერგილი ტაქტიკის ცვლილება მოინდომა, ერთი იყო რაფა ბენიტესი, მეორე კი ლოპეტეგი, ერთი წელიც კი არ აცადეს არც ერთს და არც მეორეს, "რეალის" ფანები ბაზაზე მივარდნენ და ეს გაურკვეველი ხალხი რომ არ გაეშვათ, ალბათ პერესსაც მიაყოლებდნენ.

მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ უნაიტედში" სიტუაცია აირია, ფანები გლეიზერებს სახლში მიუვარდნენ და ეზოში ცეცხლი ააგიზგიზეს, რის გამოც მათი უმრავლესობა დააკავეს, სამაგიეროდ გლეიზერებმა ხელი და ტვინი ერთდროულად გაანძრიეს და ის ცვლილებები განახორციელეს, რომელსაც ფანები ითხოვდნენ.

ასე უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, "ბარსელონას" შემთხვევაში კი მახსენდება კუთხურის ალამთან მყოფი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც "ბარსას" კარში გატანილ გოლს აღნიშნავს, ამ დროს რა ხდება ტრიბუნაზე? ტელეფონ მომარჯვებული ტურისტები სურათს უღებენ პორტუგალიელს, და რა ხდება მაშინ, როცა მესის გააქვს გოლი "ბერნაბეუზე"? საშინელი წიოკი იწყება და პატარ-პატარა საგნების სროლასაც არ ერიდებიან.

პრემიერ ლიგის სტადიონებზე აღარც ვლაპარაკობ.. არც ბუნდესლიგის.. ეს საამაყო "კამპ ნოუ" კი ტურისტების თავშეყრის ადგილად გადაიქცა, რომლებიც უბრალოდ სანახაობისთვის არიან სტადიონზე, მათ არ ანაღვლებთ მესი გაიტანს თუ ბენზემა, უბრალოდ იქ ყოფნა უხარიათ, გუნდი იშლება? არაუშავს, სადმე სხვაგან წავლენ და თუ ეშველა "ბარსელონას" მერე დაბრუნდებიან.

"კამპ ნოუს" ცირკად გადაქცევა რონალდინიოს პერიოდიდან დაიწყო, მთელი მსოფლიოდან მოედინებოდა ხალხი, რომელსაც ჯადოქრის ნახვა სურდა, მერე იყო გვარდიოლას "ტიკი-ტაკა", მერე შეუჩერებელი ტრიო, ალბათ საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ტრიო, მხოლოდ მესის გამოც ბევრი ტურისტი მოდის და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ნამდვილი ფანების ხმა აღარ ისმის, აი იმათი ვან გაალის გამო რომ მთელი სტადიონი თეთრი ხელსახოცებით გადაათეთრეს, პატრიკ კლუივერტს "ვალენსიასთან" ჩაგდებული შეხვედრა არ აპატიეს, მიუხედავად იმისა, რომ გოლი შეაგდო, ხალხი რომელმაც თავის მხარდაჭერით, კარლეს პუიოლი ჯერ კიდევ მაშინ აქცია კაპიტნად, სანამ სამკლაურს მოირგებდა.

სად წავიდნენ ეს ფანები? რა შეიცვალა, რომ მათი ხმა აღარ ისმის? ან თუ ისმის, ისე ჩუმად, რომ ამას არაფერი მოყვება. მაინც რა მოხდა ბარსელონაში?

სად ჩატყდა ხიდი, ფანებსა და კლუბს შორის?

არაფერი აღარ ანაღვლებთ, თუ არის თემები რაზეც ისევ ყირაზე გადადიან და მთელ ქალაქს აზანზარებენ? კი, არის. კატალონიის დამოუკიდებლობა! როცა ამ თემას ეხება საქმე, მათი ხმა, ღრიალი და წივილ-კივილი ისევ ისმის. ქალაქიც ააოხრეს და ძალის დემონსტრირებაც მოახდინეს, მაგრამ კლუბი ასე აღარ ანაღვლებთ.

რატომ?

ზუსტად იმ პერიოდში, როცა პოლიტიკური მდგომარეობა გამწვავდა და რამდენიმე პოლიტიკოსი დაიჭირეს, პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ყველა პრესკონფერენციაზე ყვითელი ბაფთით მიდიოდა და ღიად საუბრობდა პოლიტპატიმრების შესახებ, ღიად ითხოვდა მათ გათავისუფლებას, "კამპ ნოუს" კი დისკვალიფიკაცია მისცეს და ყვითელი ფერის შეტანა საერთოდ აკრძალეს.

ამ დროს დაიწყო განხილვა იმის შესახებ, თუ რა ბედი ელოდა "ბარსას", იმ შემთხვევაში, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფოდა, გაიჟღერა ვერსიამ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში გადაისვრიდნენ, დასჯიდნენ პროტესტისთვის, მერე დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ "ბარსა" იქცა ესპანეთის კოზირად, კატალონელებთან მიმართებაში.

"თუ გინდათ ლა ლიგაში, შეწყვიტეთ პროტესტი"! - რაღაც მსგავსი გზავნილივით გამოუვიდათ.

შესაძლოა, ფანები იმაზე განაწყენდნენ, რომ პიკეს გარდა, არავის დიდი პროტესტი არ გამოუხატავს, ზღვის იქით წასული გვარდიოლაც კი უფრო მეტს აკეთებდა პოლიტპატიმრებისთვის, ვიდრე "ბარსას" ფეხბურთელები ან ხელმძღვანელობა.

"მეტი ვიდრე კლუბი" - კატალონელებისთვის ნიშნავს იმას, რომ "ბარსა" დაარსების დღიდან, მათთვის იყო მთავარი იარაღი, დამოუკიდებლობისათვის საბრძოლველად, ჩვენს დროში კი ერთგვარ ტვირთად ექცათ.

ნამდვილად ასეა თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს, ამიტომ აღვნიშნე, თუ იქ არ ცხოვრობ, ძალიან ძნელია რამეში გაერკვე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ყველაზე ხმაურიანი და პრეტენზიული ქომაგი, უბრალოდ დადუმებულია.

რაც შეეხება ხელმძღვანელობას, "ბარსას" ქომაგს ცუდი ხელმძღვანელობით ვერავინ გააკვირვებს, ცუდის მეტი რა ყოფილა?! ისეთი ცოდვები ადევთ, ისეთ ფეხბურთელებთან მიმართებაში, რომ გახსენებაც აღარ მინდა..

აქ ყოველთვის იყო პოლიტიკური ინტერესი და მაფია, შესაბამისად იყო კორუფციაც, რამდენი აუდიტიც არ უნდა შეიყვანოს ბართომეუმ, მაინც ვერავის აუხსნის, ამდენი მილიონი სად გაქრა და როგორ, ასეა, როცა რაღაც აბსურდში ხარჯავ ფულს, თან ისე, რომ დამალვა გიწევს, გუნდის საქმეების გაძღოლას ვეღარ ახერხებ.

"ბარსას" ისტორიას თუ გადავხედავთ, პრეზიდენტების სრული უმრავლესობა, ან კორუმპირებული იყო, ან ფინანსურ მაქინაციებში იყო გარეული. არც ეს არის გასაკვირი, ბარსელონა, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად განგსტერების აშენებულია, რის შესახებაც, ედუარდო მენდოსამ კარგი მსხვილი წიგნი დაწერა და არც ჩვენი საყვარელი კლუბის ხსენება მორიდებია.

სათავეში ყოველთვის იყო წილები, კორუფცია და პოლიტიკა, უბრალოდ რაღაც ზღვარის მერე, ხალხი, ჩვეულებრივი, სუფთა და მშრომელი ხალხი, რომელთაც შვილივით უყვარდათ ეს კლუბი, იწყებდა ბრძოლას ამ სიბინძურის წინააღმდეგ, იწყებდა და ასრულებდა კიდეც.

ახლა კი სიჩუმეა.

მხოლოდ ჰამლეტის ხმა ჩამესმის, რადგან შექსპირს ყველაფერზე ჰქონდა პასუხი:

"რაღაც დალპა ამ სამეფოში".


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #1 17 ივლისი 2020 11:13
    3
    ციტატა: kingarturo
    ბართომეუს დდშვ სხვა ვერაფერს ვიტყვი. ეგაა მიზეზი ყველაფრის რაც ახლა ხდება, და გამოდიან მერე და ეგეთ ფარჩაკ მოგებულ გუნდთან ბლატაობენ. სეტიენთან ზიდანი კი არა გატუზოც გენიოსია, ოსასუნას ტრენერიც და ყველაც, გენია ზიდანი ნუ იტყვი.


    ჩვენ კი შვც-ით აქიდან, მაგრამ ის ხალხი რატოა ჩუმად ბარსელონაში, ეგ არის კითხვა და პასუხს დავეძებ, ვერ მიპოვია.

    ვინმეს თუ აქვს რაიმე ვერსია, მოვისმენ სიამოვნებით.