მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სად არის მადრიდი? არ არის

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სად არის მადრიდი? არ არის

     ბარსა მეოთხედფინალშია და თასის მოგების მთავარ ფავორიტადაც ითვლება, რადგან მუდმივი კონკურენტი ტურნირს უკვე დაემშვიდობა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე მადრიდელთა ბანაკში ცვლილებები ელ კლასიკომ გამოიწვია. ფლიკმა ალონსოს აჯობა, როგორც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაშიც, სეზონი უკეთ დაგეგმა და კრიზისის დაძლევაც უკეთ შეძლო, ეს ბრძოლა მოიგო და ახლა ძალიან კომფორტულ პოზიციაშია. ალონსოს ნაცვლად არბელოა დანიშნეს. კაცი, რომელიც "ბერნაბეუდან" ტაშით გააცილეს თავის დროზე, რამაც ისეთი ლეგენდები როგორიც რაული და კასილიასი არიან შოკში ჩააგდო - ნუთუ ჩვენ იმდენი არ დაგვიმსახურებია, რომ მსგავსად გავეცილებინეთო. არბელოამ რით დაიმსახურა ეს ყველაფერი? ანტიბარსელონური კომენტარებით გამოირჩეოდა, ჟოზე თუ დისკვალიფიკაციას უფრთხოდა არბელოას პირით იწყებდა ლაპარაკს. ეგეთი კაცი დანიშნეს მადრიდში და პირველივე მატჩში დაემშვიდობა კოპა დელ რეის. 

აბა ვინ ითამაშებს 

პირველი მოულოდნელობა გარსიას თამაში იყო. ველოდით, რომ დაასვენებდნენ, მაგრამ ფლიკი არც გვარდიოლას ჰგავს და არც ენრიკეს. თასზეც ძირითადი მეკარით თამაშობს. გემახსოვრებათ, პეპი ბოლომდე ენდობოდა კოპაზე სათადარიგო მეკარეებს, ასე იყო ენრიკეც, ფლიკმა კიდევ უარი თქვა. თანაც ვისზე, ტერ შტეგენი ჰყავს სკამზე, რომელიც ჯიუტად დარჩა კლუბში, წინ მუნდიალი აქვს და უკვე თითქმის გამორიცხულია ძირითადი მეკარე იყოს, ფლიკი კიდევ თავის თანამემამულეს თასის მატჩშიც სკამზე ტოვებს. რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს აქა. თითქოს რაღაცას ურევს შტეგენი და ფლიკი ამით აიძულებს რაც მალე წახვალ უკეთესიაო. იკითხება ეს გზავნილი და რატომ ვერ ხვდება აქამდე შტეგენი გაუგებარია. 

დაცვა ხელუხლებელი დარჩა, ნახევარდაცვა კი მთლიანად შეიცვალა - ბერნალი, კასადო, ოლმო. ასეთი ტრიო ვიხილეთ. გამომდინარე იქედან რომ ბარსას ოთხი საყრდენი ჰყავს გუნდში (ერიკ გარსიას ჩათვლით) თამაში იშვიათად უწევთ ახალგაზრდებს, ეს მათ განვითარებას აფერხებს, პატარა კლუბები ასეთ დროს არიან ჩასაფრებულები და ცდილობენ რაღაცას გამორჩნენ. ახლაც ეს ამბავია, "ჟირონამ" ბერნალის იჯარით აყვანა ისურვა და ალბათ გამოვა ეგ ამბავი. ნორმალური მატჩი ჰქონდა, ნაცევარდაცვაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, მაგრამ ცუდი ნაღდად არ ყოფილა. შეტევაში ერთი კარგი მომენტიც შექმნა, მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. 

დანი ოლმოსგან კი მეტს ველოდით. მას ხომ ყველაზე აქტიური კონკურენცია აქვს ფერმინ ლოპესთან?! წესით, ყველა ასეთ შეხვედრას უნდა იყენებდეს თავის გამოსაჩენად, მაგრამ ისიც არასტაბილურია ფერმინის მსგავსად. მომენტებში გაიბრწყინებს ხოლმე, თითქოს, თავდაჯერებაც აკლია. შეტევაში რაშფორდი, ფერანი, იამალის ტრიო ვიხილეთ და გარსიასი არ იყოს  ესეც მოულოდნელი გამოდგა - რუნი იმსახურებდა თამაშს. სუპერ თასის ნახევარფინალში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ველოდით "რასინგთან", მაგრამ საერთოდ არ უთამაშია. ისეთი მოულოდნელი სურათია, რომ აქაც რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს. 

პირველი ტაიმი უღიმღამო და უგოლო იყო. "რასინგის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა გულიაშვილმა. არა უშავდა. კარშიც დაარტყა, ერთი კარგი პასიც გააკეთა. ვუსურვოთ ლა ლიგაში დაწინაურება. 

ცვლილებები 

მეორე ტაიმში პირველი მოედანზე ფერმინ ლოპესი გამოვიდა, ბერნალი შეცვალა, საყრდენ ზონაში კასადო მარტო დარჩა. კარგი იქნებოდა ფერმინი-ოლმოს დუეტისთვის უფრო დიდხანს შეგვევლო თვალი, მაგრამ ათ წუთში კიდევ უფრო მეტი ცვლილება გაკეთდა. მანამდე კი გოლიც გავიდა, თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს "ბარსელონაში". ფერმინ ლოპესმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა. თავისი ნახევრიდან კარგად შენიშნა ფერანის მოძრაობა მცველებს ზურგს უკან და გადასარევი პასით ერთი-ერთზე გაიყვანა, ფერანმა მეკარე მოატყუა და შეაგდო. კარგი გოლი გამოვიდა. 

დრო იყო უკვე. "ბარსა" ქმნიდა მომენტებს და ჩანდა, რომ შეაგდებდა. რაშფორდს მეკარემ აჯობა, იამალს სიზუსტე აკლდა, ფერანმა კი შეაგდო. აი, ამის მერე სხვა ცვლილებებიც ვიხილეთ. რაფინიამ რაშფორდი შეცვალა, ლევანდოვსკიმ ფერანი, პედრიმ - ოლმო. გავსებული სტადიონიც მიხვდა, რომ მორჩა, ამ შეხვედრას ვეღარ მოატრიალებენ. თუმცა, ბოლომდე არ გაჩერებულან, ხმაურობდნენ გაუჩერებლად, ფეხბურთი ისევ ცოცხალია ესპანეთში, ისევ ისეთი სიხარულის მომტანია, როგორც უწინ. არადა, სხვა ქვეყნებში უკვე ნაკლებად იგრძნობა ეს სიხარული. 

სულ რაღაც ერთი ბურთი იყო სხვაობა, მაგრამ საფრთხე არ იგრძნობოდა, ბარსას მშვიდად მიჰყავდა მატჩი დასასრულამდე. ბოლო ცვლილებაც გააკეთეს - გარსიამ კასადო შეცვალა. სულ ბოლო წუთებზე კი წერტილი დაისვა, რაფინიას პასით იამალმა შეაგდო. ნრაზილიელს ხომ არასდროს აკლია მოტივაცია? არც ამჯერად დატოვა მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე. 

ასე რომ, ბარსა მეოთხედფინალშია. 

წინ რა გველის 

მომდევნო მატჩი "რეალ სოსიედადთან" გაიმართება. ბარსა ოთხი ქულით უსწრებს "რეალს". კარგი ფორაა. ამ მდგომარეობაში "მადრიდი" უფრო დაკარგავს ქულებს მომდევნო მატჩებში, ვიდრე ბარსა. შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდება, ბარსა პრაღაში ჩავა და "სლავიას" შეხვდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 16 იანვარი 2026 21:26
    2
    ამ პალასაზე უნდა გავაგრძელოთ
    წევრი [?]
    #4 16 იანვარი 2026 17:45
    3
    იამალიმ გოლების გატანა უნდა გააგრძელოს
    წევრი [?]
    #3 16 იანვარი 2026 15:58
    3
    მგონია, რომ ავტორს თამაში არ უნახავს. თუმცა, დიდი მადლობა ასეთი მიმოხილვებისთვის. მშვიდი თამაში ნამდვილად არ იყო - სუპერ თასზე არანაკლებ სანერვიულო გამოდგა 🙂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 იანვარი 2026 14:58
    6
    ფეოლა ბოლო მომენტში 100%-იანი მომენტი რომ გაანიავეს რასინგელებმა, ეგ რატომ დაგავიწყდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 იანვარი 2026 14:12
    8
    ფეოლა არბელოაზე ყველაფერი ასე იყო, უააზიზღრესი ადამიანია, მახსოვს მესიზე კითხეს და რა უპაუხა გეხსომება. მესი ეს ფეხბურთის ფეიკიაო, რონალდუს გვერდით ამის მოხსენიება როგორ შეიძლებაო. სულ ცოტა დარჩა და პენსიაზეც წავაო, სხვა გზა არა აქვს ნაკრებში ნულიაო. ამის შემდეგ ლეომ კოპა ამერიკა 2-ჯერ მოიგი და მუნდიალიც დადო. ეს კიდევ თავის აზრზეა. სულ ლეოს წასვლას ელოდება, მაგრამ იმისთანა ხაფანგში გაყო თავი მას საერთოდ ამოშლიან ისტორიიდან, ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ და იქნებ უფრო ადრეც.