სახის გარეშე - სად იყო უკეთესი ლუიშ ფიგუ
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ბარსა "მადრიდს" შეხვდება. საფინალო ელ კლასიკო ყოველთვის განსაკუთრებულია. წინა წელსაც ასე იყო და იმის წინა წლებშიც. სხვადასხვა ინტრიგებიც თან ახლავს ხოლმე, ამჟამინდელი ალბათ მბაპესა და იამალის დაპირისპირებაა, მაგრამ ამბობენ, რომ მბაპე არ იქნება. იამალი კი ვერ არის საუკეთესო ფორმაში. მანამდე მესი - რონალდუს ინტრიგა გვქონდა, პეპი - ჟოზეს ომიც კარგად გვახსოვს, რონალდინიო - გალაქტიკოს წინააღმდეგ, რივალდო ყველას წინააღმდეგ, ფიგუ "ბარსელონას" წინააღმდეგ. მოდი, აქ გავჩერდეთ.
რა და როგორ მოხდა, ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია. როგორც ფეხბურთელის, ისე პრეზიდენტების პერსპექტივიდან. ახლა სხვა მსჯელობა იქნება საინტერესო. მაინც, სად უფრო კარგი ფეხბურთი ითამაშა? სად იყო უკეთესი ლუიშ ფიგუ? ბარსაში თუ "რეალში"? რთული სათქმელია, რადგან ასეთი ბალანსი იშვიათია. სტატისტიკურადაც კი.
ბარსაში 249 მატჩი ითამაშა, გაიტანა 45 გოლი და შეასრულა 91 საგოლე გადაცემა;
"რეალში" 245 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 58 გოლი და შეასრულა 94 საგოლე გადაცემა;
მცირე განსხვავებებია როგორც ხედავთ. "რეალში" უფრო მეტი გოლი სტანდარტების ხარჯზე შეაგდო. ორივე კლუბში ხუთი წელი გაატარა. და მაინც, ბარსას ფიგუ მირჩევნია. რატომ? იმიტომ, რომ ყველა სპორტსმენსა და ადამიანს აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები. (მესის გარდა, ეგ მარტო ზემოთ მიდის) ფიგუს უმაღლესი წერტილი 2000 წელი იყო, რომლის ერთი ნახევარი ბარსაში გაატარა, მეორე კი "რეალში". მისცეს კიდეც ოქროს ბურთი. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ "ბარსელონაში" ნაჩვენები თამაშის გამო, "რეალშიც" მაგრად დაიწყო. ოქროს ბურთს ხომ კალენდარული წლის მიხედვით გადასცემდნენ და არა სეზონის მიხედვით?! ესე იგი, ბარსაში გატარებული ბოლო და "მადრიდში" ჩატარებული პირველი სეზონი იყო მისი კარიერის პიკი.
და რატომ სჯობია ბარსას ფიგუ "რეალის" ფიგუს? იმიტომ, რომ "ბარსელონაში" მის აღმასვლას ვუყურებდით, "რეალში" კი მის დაღმასვლას. და, რა თქმა უნდა, პროგრესის ხილვა უფრო სასიამოვნოა.
ბარსას შემადგენლობაში "მადრიდის" კარში სამი გოლი შეაგდო. სამივე ერთმანეთზე უკეთესი;
"რეალის" შემადგენლობაში" ბარსას კარი ერთხელ დალაშქრა. არა უშავდა, კარგი კომბინაცია იყო;
ტიტულები ბარსაში:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x თასების თასი
✔ 1x უეფას სუპერ თასი
ტიტულები "რეალში":
✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
აქაც ფაქტობრივად ერთი სიბრტყე გვაქვს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა "რეალის" შემადგენლობაში მოიგო. მართალია ფინალი საშინლად ითამაშა და ბოსკემ შეცვალა კიდეც, მაგრამ მიაჩეჩეს მაინც მედალი. ბოლო წერტილი კი ორივეგან საძულველი ჰქონდა, "ბარსელონაში" გასაგებია რატომაც, "მადრიდში" კი რეგრესი არ აპატიეს, ჯერ ზარმაცი ეძახეს, მერე ნახევარფინალში "იუვენტუსთან" გაფუჭებული პენალტის გამო ლანძღეს ("მადრიდის" ნგრევა მაქედან იწყება) ბოლოს ბარსელონელი ნაბიჭვარიც აკადრეს და ისე მოუწია კლუბის დატოვება.
რა მიიღო "რეალში"?
პირველი და მთავარი უკვე ვახსენეთ - ჩემპიონთა ლიგა მოიგო;
მეორე და მისთვის მთავარიც ვახსენოთ - მეტი ფული;
მესამე კი სტატუსია. "რეალში" ყველაფერს ფიგუ აკეთებდა - კუთხურებს ფიგუ აწვდიდა, ჯარიმებს ფიგუ არტყამდა (კარლოსთან იყოფდა) პენალტებს ფიგუ ასრულებდა. "ბარსაში" ასე არ ყოფილა. ფიგუ ჯარიმების მეოთხე შემსრულებელი იყო - რივალდოს, გვარდიოლასა და დე ბურის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საოცარი ნიჭი ჰქონდა საჯარიმოების, ამ ნიჭის შესახებ იქამდე არ იცოდნენ და "მადრიდში", რომ ასე საოცრად დაიწყო ჯარიმების შესრულება მართლა გაკვირვებული დარჩა ყველა. დიდებული ჯარიმები აქვს შეგდებული "რომასა" და "ესპანიოლის" კარში. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს დომინაცია? სამი წელი. მერე "რეალმა" ბექემი შეიძინა და ინგლისელმა გადაიბარა საქმე. ბექემი კიდევ "რეალში" ეგრე მაგრადაც ვერ ურტყამდა, როგორც "მანჩესტერში", და სწორედ იქ დაისვა კითხვა? კი მაგრამ, ფიგუ რატომ აღარ ურტყამს ჯარიმებს?
რა მიიღო "ბარსელონაში"?
მთავარი და მისთვის უმნიშვნელო - სიყვარული;
ყველაზე დასამახსოვრებელი - საშობაოდ, ღორის თავი;
ოჯახის წევრობა - კაპიტნის სამკლავური;
კრუიფმა მოიყვანა. ასეთი კარგი მარჯვენა გარემარბი "ბარსას" არასდროს ჰყოლია. იქამდე სანამ არგენტინელი არ გამოჩნდა. პირველივე ტურებში მაგრად დაიწყო, კრუიფს თავი მოაწონა და ნათელი იყო, რომ დიდ ფეხბურთსაც ითამაშებდა. მომდევნო სეზონში მეორე კაცის სტატუსი ჰქონდა, (რონალდოს მერე) რობსონთანაც მაგრად ითამაშა. მერე ვან გაალთან სამი წელი გაატარა და ის იშვიათი კაცი იყო, რომელსაც ლუისთან პრობლემა არ ჰქონია. ნელ-ნელა მოუმატა და პიკში წავიდა. სადმე თავი დაუზოგავს? არა, არასდროს. მოედანზე არაფერი ეშლებოდა.
"ბარსელონაში" რომ დარჩენილიყო...
იყო ამის შანსი? რამდენიც გნებავთ. პირველ რიგში, თავად შეეძლო უფრო გონივრულად მოქცევა, არ უნდა მოეწერა ხელი წინასწარ კონტრაქტზე, რაც სიხარბით მოუვიდა, მასაც და მის აგენტსაც. ფული მოუნდათ და მახეში გაებნენ. სიტუაციის მოგვარება შეეძლო გასპარსაც, მაგრამ არ მოაგვარა. არც ხელფასი მოუმატა და მით უმეტეს, არც პერესთან დაიმცირა თავი, თავისივე ფეხბურთელის შესანარჩუნებლად რომ მილიონები გადაეხადა.
კრიზისი ფიგუს წასვლას ბრალდება და გარკვეულწილად მართალიც არის, მაგრამ მხოლოდ ფიგუში არ იყო საქმე. იმ წელს დიდი ცვლილებები მოხდა - ნუნიესის მრავალწლიანი დინასტია და ვან გაალის სამწლიანი წვალება დასრულდა. ის რაც მერე დაიწყო ფიგუს დარჩენის შემთხვევაშიც დაიწყებოდა. სერა ფერერის "ბარსა" ფიგუსთან ერთადაც ჩაფლავდებოდა. გასპარის ხელში "ბარსა" მაინც ჩაიძირებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ფიგუმ გაასწრო, ვირთხასავით იყნოსა სიტუაცია და იქამდე გაიქცა სანამ "ბარსა" ჩაიძირებოდა.
რივალდო კიდევ დარჩა.
საბოლოო ჯამში, ისტორიაში მაინც ისე შევა როგორც ყველაზე სკანდალური ტრანსფერის მთავარი გმირი, და არა როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი. ეს კიდევ განაჩენია. თუ ფეხბურთელი სახელის დატოვებისთვის არ იღწვის, აბა რა არის მისი მიზანი?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]