მატჩისშემდგომი მიმოხილვა: როგორც ბატონი ზურა იტყოდა...
მატჩის წინ "ბარსა" კარგ ხასიათზე იყო, "მადრიდმა" ქულები დაკარგა და გაჩნდა შანსი სამ ქულამდე მიახლოვების. შანსს კიდევ გამოყენება უნდა, თანაც, სანაკრებო პაუზაა კარს მომდგარი და მაგას ხომ ვერასდროს გაიგებ ეს პაუზები რას გიმზადებს. მიდიან ფეხბურთელები და განახევრებულები ბრუნდებიან უკან.
სიხარულის მეორე მიზეზი "კამპ ნოუს" გახსნა იყო, 20'000 ქომაგი დაესწრო "ბარსელონას" ვარჯიშს. შორიდან ლამაზია. ახლოდან კი კარგად ჩანს, რომ სტადიონს ჯერ კიდევ ბევრი უკლია დასრულებამდე, უამრავი დეტალია მოსაგვარებელი. მაგრამ, თამაშის უფლებას ალბათ მაინც მისცემენ ნოემბრის ბოლოდან. ლაპორტამ კი დააანონსა ის, რაზეც დიდი ხნის წინ ვწერდით - როცა "კამპ ნოუ" სრულად იქნება მზად, ლიონელ მესის გაცილების დღე ჩაინიშნება. "ბარსას" ვარსკვლავებს ყოველთვის ასე აცილებდნენ ხოლმე, წლების მერე, იმიტომ, რომ გუნდიდან წასვლის დროს მაგის ხასიათზე არასდროს არავინ ყოფილა.
გოლსკი დაბრუნდა
37 წლის პოლონელი ძალიან დიდი ძალაა "ბარსელონასთვის". მისი მსგავსი ფორვარდი საერთოდ არ ჩანს დღევანდელ ფეხბურთში. კი დაქრის ერლინგ ჰოლანდი აწყვეტილი ვიკინგივით, მაგრამ მაინც მგონია, რომ რობერტს გაცილებით დიდი კლასი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბებერი ლევანდოვსკი გვხვდა წილად, მისი შეცვლა მაინც ძალიან გაჭირდება, აბა, ასეთი კლასის ფორვარდს როგორ მოიყვან? დარჩნენ კი საერთოდ?
დაბრუნდა გოლებით, საერთოდ, ლევიმ მოიგო ეს მატჩი. ანგარიში კი პენალტით გახსნა, ფერმინის დარტყმული მარკოს ალონსოს მოხვდა გაშლილ ხელზე. ლევანდოვსკიმ ზუსტად დაარტყა, მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში. წვიმდა, მინდორი სველი იყო და მხიარული თამაში გამოვიდა, მით უმეტეს, იმ ტაქტიკის პირობებში, რაც "ბარსამ" აირჩია, და არც "სელტა" დარჩენილა ვალში - იყო შეტევები ორივე კართან. გავიდა ერთი-ერთზე მარკუს რაშფორდი და შეეძლო საწყის 15 წუთში მოეკლა მატჩი, მაგრამ ვერ შეაგდო, მეკარემ აჯობა, წამოვიდა "სელტა" შეტევაზე, გაჭრეს "ბარსას" დაცვის ხაზი, (ბალდე ჩარჩა) და ანგარიშიც გაათანაბრეს. სულ უფრო მეტად სარგებლობენ მოწინააღმდეგეები "ბარსელონას" დაცვის ხაზის უსუსურობით, ხაზს ვეღარ იცავენ ისე, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ ფლიკი ცვლილებაზე უარს ამბობს.
კიდევ ბევრჯერ გაიჭრა ეს ხაზი, მაგრამ "სელტას" ყველა მომენტის გამოყენების თავი ნამდვილად არ ჰქონია. ტაიმის მეორე ნახევარში მარკუს რაშფორდმა შეგვახსენა, რომ მატჩს ისე არ დაამთავრებს თუ საგოლე მოქმედება არ ჩაიწერა - მშვენივრად ჩააწოდა და რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსა" წინ გაიყვანა. აი, ხაზის დაცვა ასე უნდა როგორც გოლსკიმ დაიცვა, ჯერ შევიდა თამაშგარეში, მცველების ყურადღება მოადუნა, მერე ამოირბინა, ზუსტად ხაზზე გაუსწორდა პასის მომენტში და აჯობა კიდეც დინამიკაში - ესეც თქვენი მაღალი კლასი.
ისევ იგივე - "სელტამ" მალევე გაათანაბრა. ამჯერად ბორხა იგლესიასმა გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან და ვერ ვიტყვი, რომ აუღებელი იყო, მაგრამ გავიდა ეს ოხერი, ლამაზი გოლი შეგვიგდეს. გაიხარა ბორხამ გუსტავო ლოპესივით. თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც "ბარსას" დარჩა, "სელტამ" ვერ გაუძლო ბოლომდე, ისევ რაშფორდმა იაქტიურა, მისი ჩაწოდების მერე ბურთი იამალს მიუვიდა და მარჯვენა ფეხით დალაშქრა მეტოქის კარი - ზედიზედ მესამე შეხვედრაში. გამოფხიზლდა ლამინე.
რა საჭირო იყო...
მეორე ტაიმი ასეთი უხვგოლიანი აღარ გამოვიდა. კარგიც კია "ბარსასთვის". ერთი გავიდა და ისიც ისევ ლევანდოვსკიმ შეაგდო. მორიგი ჰეთთრიქი მიითვალა. თანაც, მაგარი გოლი შეაგდო, ისეთი როგორსაც ფერან ტორესი ვერასდროს გაიტანს. კუთხური მარკუსმა ჩააწოდა და ლევანდოვსკიმ უზუსტესად დაარტყა შორეულ კუთხეში. გოლი არაფრიდან. ადამიანი გოლი. ლევანგოლსკი. ეგ არის, მოვიგეთ.
დაბრუნებაც ასეთი უნდა. ახლა კარგად უნდა დაისვენოს ამ პაუზის დროს და მერე ისევ ჯანზე დახვდება მთელ გუნდს. "ბარსას" კიდევ შეეძლო გატანა, განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა ლამინე იამალს, ფერმინმა მცველებს ბურთი აართვა, ლამინე ერთი-ერთზე შეიჭრა და ისღა დარჩენოდა კარში მოერტყა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. დასანანია, ახლა მისთვის ყველა გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს.
არა უშავს. გასატანის მეტი წინ რა ექნება.
ოღონდ საქართველოს ნაკრებთან ნუ გაიგიჟებს თავს.
ბოლო წუთებზე კი უსიამოვნო სიურპრიზი გველოდა, ფრენკი დე იონგს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და გააძევეს. რა საჭირო იყო... რა ვიცი, ამ ესპანელებს რას გააგებინებ.
ასეა თუ ისე, სამი ქულა ჩაწერილია. "მადრიდთან" სხვაობა სამი ქულაა. ესე იგი, ფეხის ერთი დაცდენის ამბავია. და როგორც ბატონი ზურა იტყოდა - კარგია, კარგია, კარგიაააა...
წინ რა გველის
წინ რა გველის და ლამინე იამალი საქართველოში. წადით ნახეთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 13 ]