ქართულ-ესპანური აბლაბუდა
დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება, გასვლაზე. ვარაუდობენ ცუდ ამინდს, ქარს, წვიმას, და ათას ხელისშემშლელ ფაქტორს. მოედანზე იქნებიან ჩვენი ქართველები და აქა-იქ იქნებიან ჩვენი ბარსელონელებიც. ცოტანი შემორჩნენ ჯანმრთელად, მაგრამ მაინც.
ფორმა კიდევ ასეთი იქნება, როგორსაც ქავერზე ხედავთ. უფრო სწორად, მისი მსგავსი. მე ეგ '96 წლის ფორმა უფრო მომწონს. ერთხელ ითამაშა საქართველომ ამ ფორმით ნორვეგიასთან და მას მერე მგონი აღარც ჩაუცვამთ. თითქოს ნათხოვარი იყო. ახლა რაღაც მსგავსი ფორმა მოგვაჩეჩეს, თითქოს ჰგავს, მაგრამ ეგრეც არა ჰგავს. ის ლამაზი იყო, ამას კიდევ არა უშავს.
მოკლედ, კარგ თამაშს ველით.
მანამდე კიდევ, გავიხსენებ რაღაცებს, თქვენის ნებართვით.
გენერალი
არა არ უთქვამს უნდა ამაყობდეთ თქვენი გუნდით, ასე მოულოდნელად რა კარგი ფეხბურთი ითამაშეთ, უნიჭიერესები ხართ და თქვენს ნახევარმცველს ტრავმა რომ არ მიეღო ეგებ უფრო გაგვჭირვებოდაო. არაფერი მსგავსი არ უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა, ისედაც კარგ ხასიათზე იყო, გულზე ოქროს მედალი ეკიდა, სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ და რატომღაც არ ვიცი, კიდევ შევხვდებით-მეთქი წასვლის წინ ვუთხარი.
ერთი რამ მეუცნაურა, ფინალის შემდგომი პრესკონფერენციის დროს ყოველ წამს ველოდი რომ ფეხბურთელები შამპანურებით შემოცვივდებოდნენ, დე ლა ფუენტეს გაწუწავდნენ და იზეიმებდნენ ისე როგორც ზეიმობენ ხოლმე ჩემპიონები, მაგრამ თავიც არ შემოუყვია არავის. მხოლოდ ნიკო უილიამსს ვკითხე აქ რატომ არ იზეიმეთ-მეთქი და გენერალს მაგას ვინ გაუბედავსო?! ეგრე ყოფილა საქმე, ზურგს უკან გენერალს ეძახიან, დისციპლინისა და წესრიგის სიყვარულის გამო. მისი ესპანეთი კიდევ არაგონესისა და ბოსკეს ესპანეთზე ნაკლებ ფეხბურთს არ თამაშობს, უკვე მოიგო ევროპის ჩემპიონატი და მომავალ წელს გასამართ მუნდიალზე მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ფავორიტი მაინც იქნება. გააჩნია, ბარსელონელები რა კონდიციაში იქნებიან - პედრი, გავი, კუბარსი, ოლმო, გარსია, იამალი რაც მთავარია. ეს მისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და მოლოდინი დიდია.
ჰოდა, შევხვდებით ისევ დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრებს. გავი, ოლმო და იამალი ვერა, მაგრამ პედრი ითამაშებს. დიდად არ აქვს სურვილი "ბარსას" ხელმძღვანელობას, აბა პედრის რომ რაიმე მოუვიდეს ხომ წარმოგიდგენიათ ისედაც გასაჭირში მყოფი გუნდი რა დღეში ჩავარდება, მაგრამ დე ლა ფუენტეს მე მგონი რომ არ აინტერესებს.
ეს თავაწეული ხალხი
თავაწეულებზე ხომ სულ ქედმაღალი და ამპარტავანი ხალხი გვახსენდება, მაგრამ სულ პირიქით იყო, ამათზე თავმდაბალი ხალხი ფეხბურთის ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს. ეგ კიდევ როგორც ამბობენ ლა მასიას დამსახურებაა. ყველა აკადემია იდეოლოგიით საზრდოობს, ლა მასიას ფილოსოფია კი თავმდაბლობაშია. ასე აღიზარდნენ ჩავი და ინიესტა, გვარდიოლა და მესი. იამალი არა ჰგავს მათ, მაგრამ იქნებ ეშველოს რაიმე, რა ვიცი...
აი მოედანზე სულ აწეული თავით ითამაშეს, ერთმაც და მეოერმაც. ჩავიმაც, ინიესტამაც, ეს მომხვდა ყველაზე მეტად თვალში, იმაზე მეტად ვიდრე სხვა დროს, ვიდრე ტელევიზორში - ბურთის მიღების დროს, დრიბლინგის დროს, პასის დროს, ბურთს საერთოდ არ უყურებდნენ, უბრალოდ გრძნობდნენ, როგორც მათთან მყოფ მუდმივ სხეულს. საოცარი სანახავი იყო. ნეტავ, ისწავლება ეგეც? თუ დაჰყვებათ ასე ბავშვობიდანვე?
პედრი გვახსენებს ხოლმე ამ ხალხს, პაუზა ინიესტასი აქვს, პაუზის უნარი კიდევ თავიდან ბოლომდე თავში ლაგდება, წინასწარ თუ ხედავ მოვლენებს, მაშინ სწორი პაუზის აღებასაც შეძლებ. პასი ჩავისა მირჩევნია, დრიბლინგი ინიესტასი, მაგრამ პედრის აქვს მაინც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნარი, რომელიც იმ ორ პატარა გიგანტს არ ჰქონია, პედრის ბურთის კონტროლი არა ჰგავს ჩავი-ინიესტას კონტროლს, ის ორი რომ ბურთს მოიგდებდა ფეხში საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა ხოლმე, ზუსტად ვიცოდი, რომ ვერავინ აართმევდათ. პედრის სხვა მუღამი აქვს, ბურთს ისე ატარებს ყველა შეხებაზე მგონია, რომ გაექცევა, აი ახლა გაექცევა, აი ახლა დაკარგავს, ახლა ფეხს დაიბიჯებს, აიბლანდება, დავარდება, მერე კიდევ ყველა ასეთი ეპიზოდიდან გამარჯვებული გამოდის. გაგაოცებს ადამიანს.
ჩვენც გვყავდა ეგეთი
რადგან ერთ კონკრეტულ ამბავზე არა ვწერთ, რადგან ქართულ-ესპანურად მივედ-მოვედები, გავიხსენებ მაინც, რადგან დავიწყე ამ ბურთზე წერა და გინდა არ გინდა გაგახსენდება ამ დროს სარკეში ნანახი საქართველო. შეხედავდი ქინქლაძეს და საქართველოს დაინახავდი - თავისი ნიჭითა და სიზარმაცით, ტალანტითა და უიღბლობით, მძიმე ხასიათით და ღვთისგან ნაბოძები სიყვარულით. ასეთ ხალხს რომ ვუყურებ სულ მგონია, რომ ღმერთს განსაკუთრებით უყვართ, აბა საიდან ასეთი უნარები?! მას მერე ბევრი ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი გამოჩენილა ქართულ ფეხბურთში, მარტო კვარაცხელია რად ღირს, რომელმაც ყველა და ყველაფერი გადაფარა, მაგრამ... ის სულ სხვა იყო.
ინგლისელებმა ვერ გაიგეს რას აკეთებდა, ჩვენ კიდევ გავიგეთ - ცეკვავდა. თავად გიოც ასე ხსნიდა თავის გენიალურ მოძრაობას, ქართულმა ცეკვამ მასწავლაო, ასე მოხდენილად, ლამაზად, ლაღად, ქართული ცეკვის ამბავიაო. თავადაც გული წყდება, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ ხომ თავად იცოდა რა შეეძლო. წაივარჯიშა მადრიდის "რეალში" და ყველა ხედავდა რომ ეს ცაცია იმ მეორე მადრიდელ ცაციას არაფრით ჩამორჩებოდა, თუ არ აღემატებოდა. რატომ ვერ დარჩა? აბა რა ვიცი, ეგეც არასდროს მოუყოლია ასე ბოლომდე და მერე "ბოკაშიც" იყო, სადაც მარადონა დაბრუნდა და ჩაიბარა თავისი 10-იანი. ის ცალკე ვარჯიშობდაო, საერთოდ სხვაგან იყო, გიოს კიდევ ახსოვდა დიეგოს გოლი, "ბარსელონა" "ცვერნა ზვეზდას" შეხვედრაში, მაგის მერე იმდენი ივარჯიშა ასეთ დარტყმაზე პანტა-პუნტით გაჰქონდა ქინქლაძეს ასეთ გოლები - უელსთან, ისრაელთან, ტუნისთან, მოედნის შუაგულიდან, ან, ცოტა კიდიდან მეკარისათვის ბურთის თავზე გადაგდება მისთვის ხუთმეტრიან პასს ჰგავდა.
მაგას რა უნდა?!
"ბარსაც" ვახსენოთ, თავადაც ამბობს, რომ იყო შანსი. იმასაც ამბობს რომ ჯოვანის ვაჯობებდი კონკურენციაშიო, მერე ლუის ენრიკესაც აჯობებდა. ეჭვი არ არის. 10-იანზე მაგათ ყველას აჯობებდა. ვან გაალის "ბარსაში" კი ფლანგებზე რივალდო-ფიგუ იყვნენ. ვაჰ, თავიდან არ ამომდის. რა იქნებოდა.. ეგ სამეული.. რივალდო, ქინქლაძე, ფიგუ. მათ წინ კიდევ სონი ანდერსონი, მომდევნო სეზონში პატრიკ კლუივერტი. მათ უკან ჩავი და გვარდიოლა.
ეჰ... ეგ არის, სიზმრად ნანახი საქართველოა, თან რო იყო და თან რო აღარ იყო.
მანამდე კიდევ რა იყო? მანამდე "სიტიმ" თქვა ეს ბიჭი მიგვყავსო. ჩვენთვის გვინდაო. ჩამოვიდეს, ხელი მოაწეროს და 2 მილიონი თქვენი იყოსო. ინგლისში გაფრენის წინ გიო რას აკეთებდა? კლუბში გულაობდა, თქვენ ეგ დღევანდელი კლუბი არ გეგონოთ, მაშინ ეგ ერთადერთი კლუბი იყო თბილისში და იქ მხოლოდ გაბურძგნული და იარაღიანი ხალხი დადიოდა, კლუბიც ალბათ პირობითად ერქვა, ისე რა იყო კაცმა არ იცის. შარიც ხშირი იყო და მიედ-მოედნენ ერთმანეთს, მანქანაში სხდებოდნენ როცა იქედან ისროლეს და მერე გიოს ძმაკაცმაც დააძრო ავტომატი და მიუშვა...
რამდენიმე საათში თვითმფრინავში იჯდა და კონტრაქტის გასაფორმებლად მიფრინავდა.
თავისი ნიჭი კინაღამ ტყვიას გააყოლა.
დღეს რას ვნახავთ
ფეხბურთს ვნახავთ რაც მთავარია. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოც ფეხბურთს თამაშობს და ეგ უკვე სასიხარულო ამბავია. ესპანეთს კიდევ ისეთი გუნდი ჰყავს სამ შემადგენლობასაც კი მოუყრის თავს რამე რომ იყოს. ზემოდან შეგვხედავენ? ვერა, გენერალი არ მისცემთ ამის უფლებას.
კვარა ითამაშებს. ქოჩორას გაეგება ესპანური ბურთაობა, მიქაუტაძე უკვე ლა ლიგაშია და გააქვს გოლები. კიტეც კარგ ფორმაშია და შევხედოთ პედრის პირისპირ რას იზამს. ამაზე კარგი საზომი რად გინდა? იქნებ ჩვენებმაც გაგვაოცონ რამით?
ფოტო გამოყენებულია გიორგი ქინქლაძის ინსტაგრამის გვერდიდან
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]