მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფერმინის ნაბიჯი ძირითადისკენ
ულაპარაკოდ, კითხვების გარეშე, ფლიკის გუნდმა "ვალენსიას" ისევ გადაუარა. რაც ჰანსი "ბარსაში" მოვიდა რამდენიმე გუნდს განსაკუთრებით ერჩის, მათ შორის, "მადრიდსა" და "ვალენსიას". მატჩი იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სავარჯიშო არენაზე, აბა, ასეთი შეხვედრა მეტ ადამიანს როგორ არ უნდა ენახა?! მაგრამ ჯერ ვერ დააყენეს საშველი "კამპ ნოუს", ქალაქის მმართველებმა თქვეს ასეთ სტადიონზე თამაშის ნებართვას ვერ გავცემთო, მეორე მხრივ, თავად აკრძალეს ღამით მუშაობა, ჰოდა, არის ასე გაჩერებული ამხელა სტადიონი.
მატჩში კი ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ, სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებული, შეხვედრის მიმდინარეობითა და ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელებით დამთავრებული - ყველგან რაღაც სათქმელია.
პირველი ტაიმი - ფერმინი და ფერანი
ფლიკი "ვალენსიას" სერიოზულად ვერ აღიქვამს, შემადგენლობა ისეთი გამოიყვანა სეზონის წინა შეკრებაზე რომ შეიძლება ნახო, განსაკუთრებით შემტევ ხაზში - რაშფორდი, ფერანი, რუნი; არც რაფინია, არც იამალი, არც ლევანდოვსკი. სხვა ყველაფერი ასე თუ ისე მწყობრში იყო, დაცვის ცენტრში კუბარსისთან ერთად ერიკ გარსია ვნახეთ და საერთოდ არ იქნება გასაკვირი ეს დუეტი რომ მუდმივად იქცეს. ამ შეხვედრაში კიდევ "ვალენსიას" მგონი არც შემოუტევია.
პირველ ტაიმში კი ორი ფეხბურთელია გამოსაყოფი, ფერან ტორესი და ფერმნინ ლოპესი. ერთი მუდმივი პროგრესის გზაზეა, მეორე კი ისევ გვახსენებს, რომ რაღაც ისეთი სჭირს, რაც "ლივერპულში" გადასულ ლუის გარსიას სჭირდა, 2000-იანების დასაწყისში. ესე იგი, რთული სიტუაციებიდან გაჰქონდა, მაგრამ მარტივ მომენტებში არაფერი გამოსდიოდა. ფერანმაც ასე ქარს გაატანა რამდენიმე მომენტი, როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმშიც. ამის გამო, ეს კაცი საუკეთესო ბომბარდირად ვერასდროს იქცევა, მარათონში ვერ გამოგადგება, მაგრამ ცალკეულ შეხვედრებში შეუძლია სარგებლის მოტანა.
ფერმნინ ლოპესი კი ძირითადისთვის აგრძელებს ბრძოლას, დანო ოლმოს უგებს კიდეც პოზიციას და ალბათ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ვიხილეთ. სეზონი დიდია, თუმცა, ფლიკი არათუ ახლა, წინა სეზონშიც კი ფერმინზე უფრო დიდ იმედებს ამყარებდა. ამჯერად ძალიან სწორ დროს, სწორ სივრცეში შეირბინა, ისე როგორც ინიესტა თავის დროზე. ფერანისგან კარგი პასი მიიღო და ფერმინმაც იდეალურად დაასრულა, მარჯვენა ფეხით, შორეულ კუთხეში, დასცხო ტიერი ანრივით - 1:0.
მეორე ტაიმი - ერთი თავით მაღლა
რაფინია დასაწყისშივე გამოვიდა, რუნი შეცვალა. ბარდჯის არაუშავდა რა, კარგი ბიჭია, მაგრამ ასეთი თამაშით მხოლოდ იამალის შემცვლელის როლი თუ ექნება, თანაც, მთელი სეზონის განმავლობაში. რაფინიამ კი თავისი ჩვეული შემართება მოიტანა და მალევე ორამდე გაზარდა ანგარიში. მარკუს რაშფორდმა საგოლე პასი მიითვალა. ეს ალბათ საუკეთესო მატჩი იყო რაშფორდისთვის, სასურველ სურათს ვერ მიუახლოვდა, მაგრამ ნელ-ნელა ხვდება რა ფეხბურთსაც თამაშობს.
მცირე ხანში კი მატჩის მშვენება ვიხილეთ - ფერმინ ლოპესმა შორი მანძილიდან მარცხენა ფეხით შეაგდო. არ აქვს სუსტი ფეხი. მარცხენასაც კარგად ხმარობს. შორიდან, ახლოდან, საშუალო მანძილიდან, ყველა მხრიდან სახიფათოა და კი სურდა "ჩელსის" ეს სახიფათო კაცი, მაგრამ ეგრე სად არის?! ფლიკი თუ ამბობს მჭირდებაო, ესე იგი, არსადაც არ გაუშვებენ. ასე რომ, ბევრს ველით მისგან მიმდინარე სეზონში.
ათ წუთში რაფინიამაც დუბლი შეასრულა და ანგარიში 4:0 გახადა. ძალიან კარგი გოლი იყო, სწრაფად გამოერკვა, ერთი შეხედვით მოუმზადებლად დასცხო ბურთს და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ასეთი გოლები მე მგონი მხოლოდ რაფინიას გააქვს. მახარებს ის ამბავი, რომ ბრაზილიელი ისევ ფორმაშია.
მერე კი მოედანზე ლევანდოვსკი გამოვიდა და მასტერკლასი ჩაუტარა ფერან ტორესს. ესპანელმა სამი კარგი მომენტი გაანიავა, რობერტმა კი დუბლის შესრულება შეძლო. თითქოს უთხრა - 40 წლის ასაკშიც გაჯობებ რამე რომ იყოსო. ეგ არის, კლასში და მასშტაბში სხვაობა ძალიან დიდია. ლამაზი გოლები გამოვიდა, მეორე განსაკუთრებით, რადგან ერთწლიანი პაუზის მერე მოედანს მარკ ბერნალი დაუბრუნდა და საგოლე პასიც მიითვალა.
კიდევ უფრო გამაღლებული მომეჩვენა.
ფერმინის დუბლი, რაფინიას დუბლი, ლევანდოვსკის დუბლი.
ფლიკი კმაყოფილია.
ლიგა იწყება
შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგას ვნახავთ, ფლიკის "ბარსა" "ნიუკასლს" შეხვდება. ისაკი აღარ ჰყავთ, გაექცათ "ლივერპულში", მაგრამ მაინც სახიფათო გუნდია და წესით კარგ ფეხბურთსაც ვნახავთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]