მიკელ არტეტა ბარსელონაში - ლეგენდების ჩრდილქვეშ
სამი მეგობარი
მწვრთნელის თვალით
გზა წარმატებისკენ
"ამბობენ გალისიელებსა და ბასკებს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთო, არტეტას შემთხვევაში ასე არ იყო, ის არავის გამოყოფდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ყველასთან ხუმრობდა, მაგრამ ჩემთან და ნანოსთან, მაინც ყველაზე ახლოს იყო", - იხსენებს ტრახორასი, "სელტას" ყოფილი ფეხბურთელი. არტეტამ და ნანომ1999 წელს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგes, ესპანეთის ნაკრებთან ერთად.
"ერთ ფოტოს ხშირად ვიხსენებ ხოლმე, მე მისი 10 ნომრიანი მაისურა მაცვია, მას კი ჩემი 4 ნომრიანი ფორმა, მშვენიერი წელი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ცხოვრებით ვტკბებოდით და გვეგონა, რომ დაუმარცხებლები ვიყავით".
"ბარსელონა ბ"-ში მოხვედრა კი ძალიან რთულია, რადგან აქ მხოლოდ რჩეულები ხვდებიან, ყოველ სეზონში ათამდე ფეხბურთელი სახლში მიდის, მცირეს აწინაურებენ, კიდევ უფრო მცირეს დამატებით შანსს აძლევენ, არტეტაც მოხვდა ამ მცირეთაგანში და "ბარსა ბ"-ში დააწინაურეს, იქედან კიდევ მთავარ გუნდამდე, ესე იგი, ოცნებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
"ძალიან სერიოზული ბიჭი იყო, მისი ასაკის გათვალისწინებით, - იხსენებს ჟოფრა მატეუ - მოგვიანებით ჩვენთან ტიაგო მოტა გადმოვიდა, ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ყოველთვის იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ მოედანზე. ბურთს ყოველთვის ითხოვდნენ და სირთულეებს არ ერიდებოდნენ".
"დიდი პასუხისმგებლობის მქონე ფეხბურთელი იყო, სიღრმიდან თამაშობდა, მაგრამ დაცვაზე მეტად შეტევის ორგანიზება ეხერხებოდა, შედარებით რბილი სათამაშო სტილი ჰქონდა. მაშინ ვიდეო-გაკვეთილები ჯერ კიდევ არ გვქონია, რაღაცები უბრალოდ კარგად უნდა დაგემახსოვრებინა, ამისათვის კი მაქსიმალური კონცენტრაცია იყო საჭირო, ეს მომწონდა სწორედ მიკელში, არცერთი დარიგება არ გამოეპარებოდა".
მალე არტეტა მთავარ გუნდში დაიბარეს და ვან გაალის დაკვირვების ქვეშ განაგრძო ვარჯიში, გუნდში სადაც ლუიშ ფიგუ, რივალდო, გვარდიოლა, კლუივერტი და ლუის ენრიკე თამაშობდნენ. ვან გაალმა ჩავი და კარლეს პუიოლი ათამაშა ძირითად გუნდში, ასევე, შედგა ნანოს დებიუტიც, თითქოს არტეტას ჯერიც უნდა მოსულიყო, ლუი ენდობოდა მიკელს, მაგრამ თავად ლუის არ ენდობოდნენ "ბარსელონაში".
1996-97 წლები, ფოტოზე ლა მასიელები - კარლეს პუიოლი, არტეტა, ინიესტა, მატეუ, ტრახერასი
ლუი გაუშვეს, მის ნაცვლად სერა-ფერერი მოვიდა, კლუბმა ახალი ფეხბურთელები ცენტრშიც მოიყვანა, მათ შორის, ფრანგი ემანუელ პეტი, ასე რომ, არტეტას კონკურენტები არ აკლდა - გვარდიოლა, ჩავი, პეტი, კოკუ, დე ლა პენია, ენრიკე, და არ დაგვავიწყდეს პატარა ანდრესი, რომელზეც გვარდიოლა ჩავის ეხუმრებოდა, ეს ბიჭი ორივეს სახლში გაგვიშვებსო.
"სიმართლე გითხრათ არტეტას მომავალი "ბარსელონაში" ვეღარ წარმომედგინა, ის ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩავი შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობდა, ინიესტას კი რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად წარმატებით შეეძლო თამაში, ისინი საერთოდ სხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ", - ამბობს მატეუ.
ფერერმა არტეტას უთხრა რომ ძირითად გუნდში ვერ ათამაშებდა და კლუბმა "სენ ჟერმენში" გაანათხოვრა, კონტრაქტში გამოსყიდვის უფლებაც ჩაიდო. "კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მის პოზიციაზე 4-5 შესანიშნავი მოთამაშე მყავდა, სამართლიანად უნდა მოვქცეულიყავი და ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი", - იხსენებს ფერერი.
"სენ ჟერმენშიც" კარგი შემადგენლობა შეიკრა, არტეტა 18 წლისა შესრულდა და დაიწყო თამაში პოჩეტინოს, გაბრიელ ჰაინცეს, ნიკოლა ანელკასა და ჯეი-ჯეი ოკოჩასთან ერთად. ზაფხულში კი პარიზელებს რონალდინიო შეუერთდათ.
ჩემპიონთა ლიგა - არტეტა ლეონარდოს წინააღმდეგ
"თავი მოვუყარე ფეხბურთელებს, რომელთაც ერთად თამაში სიამოვნებდათ, აქცენტი ყოველთვის ბურთზე იყო, მაყურებელსაც სიამოვნებდა მათი თამაშის ყურება. არტეტა ჩვენი გუნდის საყრდენი იყო", - იხსენებს ლუის ფერნანდესი, "სენ ჟერმენის" მწვრთნელი.
საერთო ჯამში არტეტას არ გაუმართლა, რადგან "ბარსაში" ისეთ პერიოდში მოხვდა, როცა კონკურენციის დაძლევის შანსი არ ჰქონია, ჩავისთან და ინიესტასთან ეს შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, მწვრთნელის რანგში ჩავიზე წინ არის, ინიესტას კი ჯერ მწვრთნელობა არ დაუწყია. ის რაც ფეხბურთელობის დროს მოაკლდა, ახლა მწვრთნელის რანგში ეცდება ანაზღაურებას. გაიელვა კიდეც მისმა გვარმა რამდენჯერმე, მაგრამ არტეტამ ჩათვალა, რომ "ბარსას" გასაწვრთნელად არ იყო ზუსტი დრო და ალბათ სწორადაც ჩათვალა.
თუმცა, ვინ იცის რა იქნება მომავალში. აგერ, მისი ბავშვობის ძმაკაცი უკვე "მადრიდის" მწვრთნელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.







კომენტარები [ 10 ]