ეგოების ომი - ვინ დარჩა გამარჯვებული
ლუი ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა. ერთმნიშვნელოვნად კარგი ამბავია. როცა დაუდგინდა მაშინ პატარა სტატიაც მივუძღვენით, გამოჯანმრთელება ვუსურვეთ და საბედნიეროდ მოერია დაავადებას. ახლა სხვა კონტექსტში გავიხსენებთ, რადგან უკვე ჯანმრთელია, ესე იგი, მწარე სიტყვის ატანაც შეუძლია. ჰყავდა ფავორტიტები და ჰყავდა მტრებიც, მისი ფავორიტები ლუიშ ფიგუ, რონალდ დე ბური და პატრიკ კლუივერტი იყვნენ, კონფლიქტი კი ათიანდებთან ჰქონდა, რადგან მის ტაქტიკას ვერაფრით ერგებოდნენ, ვერც რივალდო, ვერც რიკელმე. თუმცა, რივალდოსთან მიმართებით მაინც უფრო საინტერესო ისტორია შემოგვრჩა, რადგან, ბრაზილიელმა ოქროს ბურთი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო.
ეგოების ჯახი
ლუი განსაკუთრებული კაცია, პირდაპირი და ამბიციური, დანიშნეს თუ არა "აიქსში" პირდაპირ თქვა - თქვენ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი აიყვანეთო და მოიგო კიდეც ჩემპიონთა ლიგა, დიდებული თაობდა ჰყავდა ნიდერლანდებს. მოგვიანებით "ბარსელონაშიც" მოუყარა თავი რამდენიმეს. რობსონის ნაცვლად მოვიდა და რონალდო აღარ დახვდა, გააბრაზებდა ეს ამბავი რასაკვირველია, თუმცა, საქმეს სერიოზულად მიუდგა და არ ჰქონია ცუდი სეზონები.
კრუიფის მსგავსად ოცნების გუნდი ვერ შექმნა, მაგრამ კარგი სანახავი "ბარსა" იყო და არც ვარსკვლავები აკლდა. ლუის უკვე დიდი სახელი ჰქონდა, "აიქსი" ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთხელ მოიგო, მეორედ სულ მცირე დააკლდა. ასე რომ, "ბარსელონაში" დიდი მიზნებით მივიდა. მეორე მხრივ, რივალდომ ურთულესი ცხოვრება გაიარა, კლუბიდან კლუბში იარა სანამ "პალმეირასის" ვარსკვლავი არ გახდა, ბრწყინვალე გუნდი იყო, კარლოსთან და კაფუსთან ერთად რივალდოც ბრწყინავდა, მერე იყო "დეპორტივო", ორი ბრაზილიელის ჩემპიონატი გამოდგა, "დეპორში" რივალდო დაფრინავდა, "ბარსაში" რონალდო, იქნებ ორივეს ერთად ეთამაშა, მაგრამ რონალდო ნაადრევად წავიდა, მის ნაცვლად კი სონი ანდერსონი შეიძინეს.
ახლა მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმისა, რა იქნებოდა ცოტაც რომ მოეცადა. რივალდო-რონალდო-ფიგუს ტრიო მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა და შეუძლებელია ამას ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე ჩაევლო.
კარგი დასაწყისი - 1997/98
პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა "რეალ სოსიედადთან", ასე გაიცნო "კამპ ნოუმ". ლუი მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, ლა ლიგაში 19 გოლი შეაგდო, რაც მარცხენა გარემარბისთვის მშვენიერი შედეგია. ლა ლიგაში მასზე მეტი მხოლოდ კრისტიან ვიერიმ გაიტანა (24 შეხვედრაში 24 გოლი) 18 გოლი შეაგდო ლუის ენრიკემ, ხოლო, 10 გოლის გატანა შეძლო სონი ანდერსონმა. ლუიმ ლა ლიგის პირველი ტიტული მოიგო.
რივალდო კოპა დელ რეიზეც საუკეთესო ბომბარდირი იყო - შვიდ შეხვედრაში რვა გოლი შაგდო. "ბარსამ" ფინალში "მალიორკა" დაამარცხა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, რივალდომ გამთანაბრებელი გოლი გაიტანა, პენალტებში "ბარსამ" 6:5 გაიმარჯვა. პენალტი რივალდომაც გააფუჭა და ფიგუმაც, მაგრამ ტიტული მაინც "ბარსას" დარჩა.
აი, ჩემპიონთა ლიგა ბრაზილიელმაც ჩააგდო და მთლიანად "ბარსელონამაც". რივალდომ ჯგუფის ყველა შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ გოლი არ შეუგდია, "ბარსა" ჯგუფში ჩარჩა. ვან გაალი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ისიც მაშინ, როცა უკვე ჩარჩენილი იყო. დაიჩაგრა დალგლიშის "ნიუკასლთან", დაიჩაგრა თანამემამულე დიკ ადვოკაატის პსვ-სთან, ხოლო, ლობანოვსკიმ თავისი კიევის "დინამოთი" მასტერკლასი ჩაუტარა. ორივე შეხვედრაში მიწასთან გაასწორა. შუა სეზონში ასეთი მარცხის გადატანა მარტივი არ ყოფილა თუმცა, ლუიმ ძალა იპოვა და სამი ტიტულით დაამთავრა სეზონი - მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი და უეფას სუპერ თასი, "დორტმუნდთან" ფინალში რივალდომ ერთი გოლი შაგდო.
გარდა ამისა, ლუიმ ესპანეთის სუპერ თასის ფინალი "მადრიდთან" წააგო, მაგრამ ლა ლიგაში ორივე შეხვედრა მოუგო - "ბერნაბეუზე" 3:2 (რივალდომ ერთი შეაგდო) "კამპ ნოუზე" 3:0.
საერთო ჯამში რივალდომ სადებიუტო სეზონში 28 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. რომელი იყო საუკეთესო გოლი? "ატლეტიკოსთან", რივალდომ ცენტრიდან შეაგდო, ზუსტად ცენტრის ხაზიდან. მსგავსი გოლი ლა ლიგაში აღარც გასულა.
სეზონი წარმატებულად ჩაითვალა, თუმცა, ლუის კატეგორიულად მოთხოვეს ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად გამოსულიყო.
ოქროს ბურთი რივალდოს - 1998/99
რივალდოსთვის დიდებული სეზონი იყო, მაგრამ ვან გაალმა პირობა ვერ შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ჯგუფში ჩარჩა. სეზონს წინ უძღოდა მსოფლიო ჩემპიონატი სადაც რივალდომ გაიბრწყინა, ბრაზილია ფინალში გავიდა, მაგრამ საფრანგეთთან 0:3 დამარცხდა. რივალდო მუნდიალის მერე უფრო თვითდაჯერებული ჩანდა, უფრო მეტად აქცენტირებული გუნდის ლიდერობაზე. "ბარსამ" ლა ლიგა დამაჯერებლად მოიგო, 11 ქულით აჯობა "მადრიდს", სამაგიეროდ, დამარცხდა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "მალიორკასთან". კოპას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ, რივალდომ ორივე შეხვედრაში გაუტანა "ვალენსიას", მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. და რაც მთავარია, ჩარჩნენ ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფში. პირველი ფეხი "ბაიერნს" დაუცდა, პირველ ტურში "ბრონდბიუსთან" წააგეს. "ოლდ ტრაფორდზე" "ბარსა" ჩავიდა და მატჩი 3:3 დასრულდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ "ბარსა" და "მანჩესტერი" "ბრონდბიუსთან" მაქსიმალურ ქულებს აიღებდნენ, ამიტომ, "ბაიერნი" განწირული ჩანდა, მაგრამ, ეს ჩავარდნა "ბარსელონასთან" ამოიღეს. გერმანელებმა "ბარსა" ორივე შეხვედრაში დაამარცხეს, არადა, თამაშით თითქოს ვერ ჯობდნენ.
გადამწყვეტი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა, "ბარსას" აუცილებლად უნდა დაემარცხებინა "მანჩესტერი", მაგრამ შეხვედრა 3:3 დასრულდა, რივალდომ დუბლი შეასრულა, სეზონის საუკეთესო გოლიც გაიტანა (მაკრატელა) და ბოლოს შორეული დარტყმით ხარიხაც შეაზანზარა, ეგ რომ გასულიყო.. ფინალი ხომ "კამო ნოუზე" იყო, სადაც ისევ "მანჩესტერი" და "ბაიერნი" გავიდნენ. არადა, ამ წელს "ბარსას" 100 წლის იუბილე იყო და სულ სხვა გეგმებს აწყობდნენ.
ლა ლიგაში 24 გოლი შაგდო და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა, (ერთი გოლით ჩამორჩა რაულს) საერთო ჯამში 29 გოლით და 18 საგოლე გადაცემით დახურა სეზონი. ამას მოჰყვა კოპა ამერიკა, სადაც ბრაზილიამ მორიგი ტიტული მოიგო, რივალდო კი საუკეთესო იყო, ფინალში ურუგვაისთან დუბლი შეასრულა. ოქროს ბურთიც დიდი უპირატესობით ჩაგდო ხელში, ახლოს არ გაიკარა არც ბექემი, არც შევჩენკო. კაცი ჯგუფში ჩარჩა და ულაპარაკოდ მოიგო ოქროს ბურთი, იმდენად დიდი იყო სხვაობა.
ეს იყო სეზონი სადაც რივალდო სულ უფრო მეტად ხშირად არღვევდა ვან გაალის დავალებებს, უფრო მეტად შედიოდა ცენტრში, უფრო ხშირად ტოვებდა ფლანგს, რა უნდა ექნა ლუის? საუკეთესო ფეხბურთელს სკამზე ხომ არ დასვამდა? მათ შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
"რივალდოს ყოველთვის მარცხნივ ვაყენებ, მშვენივრად თამაშობს, ოქროს ბურთის მოგებიდან მომდევნო დღეს ჩემთან მოვიდა, მეგონა მადლობა უნდა გადაეხადა, მან კი პირდაპირ გამომიცხადა დღეიდან მარცხნივ აღარ ვითამაშებ, ახლა მე ათი ნომერი ვიქნებიო, მე კი ვუპასუხე, თუ მარცხნივ აღარ ითამაშებ, საერთოდ აღარ ითამაშებ-მეთქი".
ბოლო შანსი - 1999/00
ვან გაალმა მთავარი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, უკვე ორჯერ მოიგო ლა ლიგა, მოიგო კოპა დელ რეი, ქომაგები ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ითხოვდნენ, როგორც მინიმუმ, ჯგუფიდან გასვლას მაინც. რივალდოსაც ეტყობოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით დიდი მონდომებით თამაშობდა, ვიდრე ლა ლიგაში. ეს იყო მისი მოსვლიდან პირველი შემთხვევა, როცა "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგის ეგიდით სხვა ფეხბურთელი გახდა, (კლუივერტი 15 გოლით), რივალდომ ლა ლიგაში 12 შეაგდო, სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 10 გატანილი გოლით.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატი კი გართულდა, ამჯერად ორი ჯგუფური ეტაპი იყო გადასალახი, "ბარსას" პირველ ეტაპზე "არსენალი", ფიორენტინა" და "აეკი" შეხვდნენ, ქომაგები შეშინდნენ კიდეც, ლუი უფრო მარტივ ჯგუფშიც ჩარჩენილა, მაგრამ ამჯერად "ბარსამ" მარტივად იარა, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, კითხვაც არ დასმულა ვინ იყო საუკეთესო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე უფრო მარტივ ჯგუფში აღმოჩნდნენ - "ჰერტასთან", "სპარტასთან" და "პორტუსთან" ერთად. "ბარსა" რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო და ისევ პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან.
მეოთხედფინალში "ჩელსის" შეხვდნენ და გასვლაზე 1:3 წააგეს. მოულოდნელად. "კამპ ნოუზე" დიდი "2:0" გამოფინეს, მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა შეხვედრა. "ბარსამ" ძირითად დროში 3:1 მოიგო და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც კიდევ ორი გოლი შეაგდეს. რივალდომ ჯარიმა გაიტანა, მერე პენალტი გააფუჭა და კინაღამ გული გაუხეთქა 90'000 ადამიანს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაარტყა პენალტი და გაიტანა. გავიდა "ბარსა" ნახევარფინალში და შეხვდა "ვალენსიას", ვინ იყო ფავორიტი? რა თქმა უნდა, "ბარსელონა". იქნებ მოვიდა სანატრელი ტიტულის დრო?
ნახევარფინალში "ბარსას" ტრავმის გამო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ გამოაკლდა, ლუიმ ტაქტიკა შეცვალა და რივალდოს ენდო, ცენტრში დააყენა, ათიანზე, მისცა ის რასაც ითხოვდა, - "ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის, ყველაფერი მივეცი, ნდობა გამოვუცხადე, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო", - თქვა ლუიმ სეზონის ბოლოს. "ბარსამ" ვალენსიაში 1:4 წააგო. "კამპ ნოუზე" ფიგუ დაბრუნდა, მაგრამ რემონტადა ვერ შედგა.
არადა, პარიზის ფინალში მადრიდის "რეალი" იცდიდა.
"ბარსამ" ლა ლიგაც წააგო. "დეპორტივოს" 4 ქულით ჩამორჩა, ჩემპიონთა ლიგა კი "მადრიდმა" მოიგო, რომელიც ლა ლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა. რივალდომ საერთო ჯამში 23 გოლსა და 6 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ლუის მეტი შანსი აღარ მისცეს. მასთან ომი რივალდომ მოიგო.
ცალ-ცალკე - 2000/01 - 2001/02
რივალდომ მიიღო სანუკვარი პოზიცია, მიიღო ათი ნომერი, თუმცა, გვერდზე ფიგუ აღარ ჰყავდა, გუნდში ქაოსი დაიწყო, მწვრთნელად კიკე სეტიენის დონის სერა ფერერი დაუნიშნეს. "ბარსა" საერთოდ უტიტულოდ დარჩა, ერთი კაცის გუნდად იქცა, მხოლოდ რივალდო ათრევდა მთელ გუნდს და ისეთი სეზონი ჩაატარა მიმაჩნია, რომ მის კარიერაში საუკეთესოც კი იყო, მაგრამ ლა ლიგაში მეოთხეზე გასულს (ეგეც პირადად მისი დამსახურებით) ლიგის ჯგუფში ჩარჩენილს და მერე უეფას თასზეც გამოვარდნილს აბა ოქროს ბურთს ვინ მისცემდა? არადა, ამ წელს საუკეთესო იყო. ოუენზე ბევრად მაგარი. სეზონი 36 გოლით და 10 საგოლე გადაცემით დახურა.
ამ დროს ლუი ნიდერლანდების ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. 2002 წლის მუნდიალისთვის ამზადებდა ნიდერლანდების ოქროს თაობას და მაინცდამაინც კარგად ვერ დაიწყო საქმე.
მომდევნო სეზონში, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოახლოვდა რივალდომ ყველაზე რთული სეზონი ჩაატარა "ბარსაში", ორი მძიმე ტრავმის გამო. კუნთი გაიწყვიტა, თანაც ორჯერ. მეორე ჯერზე სეზონი ნაადრევად დაასრულა, გამოტოვა ლიგის ნახევარფინალები მადრიდის "რეალთან", რივალდოს გარეშე დარჩენილი "ბარსა", რა თქმა უნდა, დამარცხდა. ეს ხომ ერთი კაცის გუნდი იყო?!
და რას შვება ამ დროს ლუის ნიდერლანდები? გუნდში ყველგან კონფლიქტია, ცალკე ფეხბურთელებს შორის, ცალკე მწვრთნელსა და ასოციაციას შორის. ნიდერლანდები მუნდიალზე საერთოდ ვერ გავიდა. ასეთი ჩავარდნა ლუის არასდროს ჰქონია. ჩემპიონი კი ბრაზილია გახდა, ტრავმამოშუშებული რივალდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვან გაალისთვის ეს ჭრილობაზე მარილი გამოდგა.
შურისძიება - 2002/03
ლუი დააბრუნეს!
სიგიჟე არ არის? კაცი გუნდის ლიდერთან კონფლიქტის გამო გაუშვეს, მერე ნიდერლანდები მუნდიალის გარეშე დარჩა და უკან დააბრუნეს. პირველი რა გააკეთა? რივალდოს გაშვება მოითხოვა. "თუ უნდა "მადრიდში" წავიდეს, არ მაინტერესებს, - ეს იყო პირველი რაც ლუიმ თქვა, - აღარ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემთვის არც არასდროს ყოფილა, ახლა მხოლოდ ფულის კეთება და ნაკლები თამაში სურს. მას შემდეგ რაც ოქროს ბურთი მოიგო რეგრესისკენ წავიდა, გაურკვეველ დროს ითხოვს შვებულებისთვის, მერე ნაკრების მიღმა იმალება, ბოლომდე მხოლოდ ბრაზილიისთვის იხარჯება, "ბარსა" მისთვის მეორეხარისხოვანია. წლების წინ მისი გაყიდვა მსურდა, მაგრამ ნუნიესმა უარი მითხრა".
რივალდოს პასუხმაც არ დააყოვნა - "ეს შურიანი კაცია. მე მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, მან კი საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გაიარა".
რივალდო "მილანში" გადავიდა, ეს ანჩელოტის ეპოქალური "მილანის" დასაწყისი იყო. მართალია რივალდომ ვერ გაიბრწყინა, ტრავმებმა დიდი კვალი დაატყვეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მოიგო და გახდა იმ იშვიათთაგანი, რომელსაც - მუნდიალი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი აქვს მოგებული.
ვან გაალის "ბარსა" კი საშინელება იყო. ამჯერად რიკელმე იქცა მის მსხვერპლად. გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში დაქვეითდა. ამ დროს რივალდოს ჰკითხეს აზრი - "ბარსა" ძალიან მიყვარს და გული მტკივა, როცა ასეთ დღეში ვხედავ, მაგრამ ვან გაალი ამას იმსახურებს, რასაც დათესავ, იმას მოიმკი". ლუი გაუშვეს, ანტიჩი მოიყვანეს, მაგრამ "ბარსას" არაფერი ეშველა, მხოლოდ ის შეძლეს, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში მეშვიდედან მეექვსე ადგილზე აინაცვლეს.
ამის მერე რივალდო კარიერის დასასრულისკენ წავიდა. დიდხანს ითამაშა, მაგრამ გასართობად, ფულის გასაკეთებლად. ლუი ვან გაალს დიდი წარმატებები აღარ ჰქონია. არც "ბაიერნში", არც "მანჩესტერში", არც ნაკრებში. მისი ყველაზე დიდი წარმატება სიმსივნის დამარცხებაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.







კომენტარები [ 6 ]