ტრანსფერები - ვინ მიდის, ვინ რჩება?

ტრანსფერები - ვინ მიდის, ვინ რჩება?

  ზაფხულია, სეზონი მორჩა, ამერიკაში გაურკვეველი ტურნირი მიმდინარეობს, ფეხბურთელებს სიქას აცლიან და დიდებული ამბავია, რომ "ბარსა" ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ იღებს. მეორე მხრივ, მომავალ მასპინძელს აუცილებლად სჭირდება რეპეტიციის გავლა. ადრე ამ რეპეტიციას კონფედერაციის თასზე გადიოდნენ მუნდიალის მასპინძელი ქვეყნები და ბევრად მისაღები იყო, თან პატარა ტურნირია, თან საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო მოსდევდა და ინტერესიც იზრდებოდა, ახლა კიდევ, საკლუბო ფეხბურთს ისევ საკლუბო მოჰყვა, ეს უშველებელი ჩემპიონატი ტარდება, დილის საათებში, ასეთ სიცხეში, ასეთი დამქანცველი სეზონის მერე.. სიგიჟეა. 

და სანამ ამ გაუგებრობას ვიღაც ადევნებს თვალს და ვიღაც არა, მანამდე სატრანსფერო ჭორებიც იყრება და მივყვებით ასე ნელ-ნელა. ჟოან გარსია ცალი ფეხით "ბარსაშია" , ძალიან კარგი ტრანსფერია, თუმცა, მთავარი მოლოდინი ნიკო უილიამსს უკავშირდება. ნიკოს "ბარსაშიც" სურს ისეთივე დუეტი შექმნას, როგორიც ნაკრებში აქვს იამალთან. ეს ყველაფერი კარგის მოლოდინში გვამყოფებს, შესაძლოა კვარა გვირჩევნოდა ყველას რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა, ისაკი ურჩევნია ვინმეს ახლა უნივერსალიზმის გამო, მაგრამ ნიკოც გადასარევი ვარიანტია. 

მანამდე კი იმათზეც დავწეროთ ვის წასვლასაც წინასწარმეტყველებენ. აბა, გადავხედოთ უცხოურ პრესას. 

ტერ შტეგენი 

ჟოან გარსიას ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს ტერ შტეგენთან მიმართებით, რომელმაც თითქმის მთელი სეზონი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, და საერთოდ ვეღარ იყო სასურველ ფორმაში. გასულ სეზონში შტეგენი კაპიტნად აირჩიეს, 33 წლის მეკარეს კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. თავის დროზე ხელფასის შემცირებასაც დათანხმდა, ამ კვირაში ხელმძღვანელებს შეხვდა და მომავალზეც ესაუბრა - "არავის უთქვამს, რომ ჩემი დარჩენა არ სურს, ამიტომ არაფერზე ვღელავ. ვიცი, რომ მომავალ წელსაც კლუბში ვიქნები", - თქვა მარკმა. 

კლუბის შიდა წყაროებიდან კი ხმები ვრცელდება, რომ "ბარსას" შტეგენის გაყიდვა სურს, ძირითადში გარსიას განიხილავენ, მის შემცვლელად კი შესნის, რომელსაც პლუს 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. 

ანსუ ფატი 

მიმდინარე სეზონში ფატიმ 298 წუთი გაატარა მინდორზე, 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კლუბისთვის სარგებელი ვერ მოაქვს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაშია. 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, ხელფასის სახით 7 მილიონს იღებს. საუკეთესო გამოსავალი განათხოვრებაა, იმ პირობებით, რომ კლუბები ფატის ხელფასს გაიყოფენ. ხოლო, მომდევნო სეზონისთვის ტრანსფერზე დააყენებენ. 

ინტერესს გამოხატავს "მონაკო", მოლაპარაკებები დაწყებულია, "ბარსამ", შესაძლოა, თავი აღარც აიტკიოს და ფატის სიმბოლურ ფასად შეელიოს. სევდიანი დასასრულია ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის "ბარსელონური" კარიერისა, მაგრამ მსგავსი რამ არაერთხელ გვინახავს.

ინიაკი პენია

26 წლის მეკარეს სავარაუდოდ გაყიდიან. შტეგენის, გარსიასა და შესნის პირობებში მისი ადგილი საერთოდ აღარ რჩება. პენიამ რამდენიმე შეხვედრა ძირითადშიც დაიწყო შტეგენის ტრავმის მერე, ნორმალურად გამოიყურებოდა და მსურველები უნდა ჰყავდეს კიდეც. 

აღარც ახალგაზრდაა და არც ვეტერანია, ამიტომ, კარიერის ეს ნაწილი რომელიმე კლუბის ძირითადში უნდა გაატაროს. "ბარსაში" ამის შესაძლებლობა საერთოდ არ ექნება. მის მიმართ ინტერესს "ბეტისი", "ვალენსია" და "სელტა" იჩენენ. ბოლოს "გალათასარაიც" გამოჩნდა. 


პაბლო ტორე

მშვენიერი ფეხბურთელია და კარგი ფეხბურთიც ითამაშა, მაგრამ ნახევარდაცვის ზონაში ყველაზე დიდი კონკურენციაა. ტორემ კონკურენცია ფერმინთან წააგო, თავის მხრივ, არც ფერმინი იყო ძირითადის ფეხბურთელი. მომავალ სეზონში კიდევ უფრო დიდი კონკურენცია იქნება, რადგან კლუბს ბერნალი და კასადო დაუბრუნდება, პლუს, დიდი შანსია უილიამსი მოვიდეს კლუბში, რაც ცენტრალურ ზონაში გადმოისვრის რაფინიას. ამ პირობებში პაბლოს ადგილი საერთოდ აღარ რჩება. 

22 წლის ფეხბურთელს განათხოვრებას უპირებენ, დეკუსა და ფლიკს სჯერათ, რომ პრაქტიკის შემთხვევაში პაბლო მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, კლუბს კი მისი დაკარგვა არ სურს. კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. 

რონალდ არაუხო 

სეზონის მთავარი იმედგაცრუება რონალდ არაუხოა, გარდა მიმდინარე სეზონისა, წინა სეზონებშიც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ყოველთვის მებრძოლი და აგრესიულია, მაგრამ ცენტრალურ ზონაში ადგილი დაკარგა. სათამაშო სტილით მისი კონკურენტი ინიგო მარტინესია, ხოლო, პოზიციის მიხედვით კონკურენტი კუბარსია. ინიგოსთან ბალანსი ვერ ექნება, კუბარსისთან დუეტში რომელიმეს შედარებით მარცხნივ მოუწევს თამაში და ეს პრობლემაა. 

კონტრაქტი 2031 წლამდე აქვს, გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა. აი, ეს არანორმალური კონტრაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ არაუხომ მოუკლო. წინა სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსში" გადასვლაზე თქვა უარი. ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს და ნახევარფინალში "ინტერის" წინააღმდეგ ყველაზე ცუდად მან ითამაშა. 

ფეხბურთელი დარჩენასა და ძირითადისთვის ბრძოლას აპირებს, კლუბი მის გაყიდვას განიხილავს. 

ანდრეას კრისტენსენი

კრისტენსენი ტრავმის მერე გაცილებით კარგად დაბრუნდა, ვიდრე არაუხო. თუმცა, 29 წლის ფეხბურთელმა ძირითადისთვის ბრძოლა ინიგოსთან წააგო. დიდად არც გაგიჟებულა, "ბარსაში" ყოფნით კმაყოფილია და წასვლაც არ სურს. განსხვავება კონტრაქტშია, დანიელს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, განახლებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, მხარეები ელიან, რომ კონტრაქტი ბოლომდე შესრულდება.

პაუ ვიქტორი

"ბარსა" გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით იღებენ მხედველობაში მარცხენა ფლანგს, ისმის სამი გვარი - უილიამსი, რაშფორდი და დიასი. უპირველესი ამოცანა უილიამსის გადმოყვანაა. ლევანდოვსკის შემცვლელად ფერანმა ივარგა, ვიქტორმა ვერა. შესაბამისად, მომდევნო სეზონშიც ფერანს დაეყრდნობა გუნდი, და არა პაუ ვიქტორს. მისი ადგილი კლუბში აღარ არის. 

კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, მოსალოდნელია განათხოვრება. 

გახსოვთ ტოდიბო? 

2021 წელს "ბარსამ" ტოდიბო "ნიცაში" გაყიდა და მომდევნო ტრანსფერზე 20%-ის უფლება დაიტოვა. აბა რას იფიქრებდა, რომ ოთხი წლის მერე მასში "ვესტ ჰემი" 39 მილიონ ევროს გადაიხდიდა. "ბარსას" 7.8 მილიონი ევრო ერგო. ესეც საქმეა. ყოჩაღ ტოდიბოს, და ყოჩაღ "ვესტ ჰემს". 

სხვა რა ხდება? 

მცირე ხნის წინ ფრენკიმ გააკეთა კომენტარი, მოგეხსენებათ ყოველ ზაფხულს ერთი და იმავე კითხვა ისმის - წავა თუ დარჩება. დე იონგმა თქვა, რომ კლუბს მისი დატოვება სურს, თავად კი დარჩენა, ამიტომ, საკითხი ამოწურულია. 

ეს არის და ეს, დრო და დრო დაგიბრუნდებით. მათ შორის, არა წამსვლელებზე, არამედ, მომსვლელებზე სასაუბროდ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ივნისი 2025 15:04
    0
    შესნის გაშვების საკითხი რატომ არ დგას? სადაც ტერ შტეგენს უშვებენ იქ შესნიმ რით დაიმსახურა ამხელა ერთგულება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ივნისი 2025 14:01
    1
    შჩესნი კმაყოფილი იქნება, მეორე მეკარეობა განაღდებული აქვს და გასაბოლებლად უფრო მეტი დრო დარჩება. აბა ის ახალგაზრდა ამას სკამიდან არ ააყენებს.
    Culé [?]
    #3 17 ივნისი 2025 00:31
    1
    კრისტენსენის და ფრენკის გარდა ყველა გასაყიდია
    ფანი [?]
    #2 16 ივნისი 2025 19:28
    1
    ციტატა: MESSI 2017
    შტეგენის მინიმუმ ზამთრანდე დატოვება საჭიროა ტორე აუცილებლად უნდა დარჩეს ფა კრუსტენსენიც დანარჩენი უნდა წავიდეს ყველა განსაკუთრებით არაუხო

    შტეგენის და კრისტენსენის გარდა ყველა გასაშვებია გუნდიდან მარა რად გინდა წასვლა არავის უნდა 😂🤣თავ-პირს იხნავენ ტიპები 😂არადა 5-6 ფეხბურთელი რომ არ გაყიდოს ბარსელონამ დამთავრებული ამბავია ტრანსფერს ვერ განახორციელებს ისე მითუმეტეს აქ რო თავს იკლავენ ნიკოზე 😂🤣
    Culé [?]
    #1 16 ივნისი 2025 19:00
    1
    შტეგენის მინიმუმ ზამთრანდე დატოვება საჭიროა ტორე აუცილებლად უნდა დარჩეს ფა კრუსტენსენიც დანარჩენი უნდა წავიდეს ყველა განსაკუთრებით არაუხო