მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ამის გარეშე არაფერს ფასი არ ექნებოდა, გარდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა. სეზონი დასრულდა, კარგი სეზონი, მაგარი სეზონი, სულ მცირე და ისტორიულიც იქნებოდა, მაგრამ ეგ სხვა დროს იყოს, ყველაფერი წინ არის. სანამ სეზონის მიმოხილვას დავწერდეთ და პროგნოზებს გავიხსენებდეთ, მანამდე ბოლო მატჩზეც ვთქვათ ორი სიტყვა. სათქმელი კიდევ ის არის, რომ "ბარსამ" ძირითადი შემადგენლობით ჩაამთავრა სეზონი, ფლიკისთვის ესეც მნიშვნელოვანია. ამ დროს როგორც წესი, სათადარიგოებს, ან ბე გუნდის წევრებს უშვებენ ხოლმე მოედანზე, მაგრამ ჰანსი ამბობს რომ ყველაფერს დამსახურება უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ბოლო მატჩია თუ პირველი.
"ბილბაო" "ბარსას" ტაშით დახვდა, ჩემპიონობა მიულოცა, "ბარსას" უფრო მარტივად იტანენ, ვიდრე "მადრიდს", მაგრამ 80-იანებში ბასკურ-კატალონიური სიძულვილი პიკს აღწევდა, დიეგო მარადონას ფაქტორიდან გამომდინარე. მას მერე ასეთი სიძულვილი ორ კლუბს შორის აღარ ყოფილა, მას მერე "ბილბაოც" არ ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც იყო. მერე უბრალოდ მესი ახსოვთ, რომელიც ბასკებს აწიოკებდა.
"ბილბაოსაც" უნდა მივულოცოთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, როგორც წესი, ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან ხოლმე, ეს კლუბი ხომ არასდროს გავარდნილა, და ეს აქვთ საამაყო, მათი ლიგაზე გასვლა კიდევ "ბარსასთვის" შეიძლება პრობლემა გახდეს, რადგან ნიკო უილიამსის გადმოყვანა გაცილებით რთული იქნება.
ლევანდოვსკი მეორეზე
26 წლის კილიან მბაპემ 36 წლის ლევანდოვსკის ბომბარდირთა დავაში აჯობა, ფრანგმა სეზონი 31 გატანილი გოლით დაასრულა. სადებიუტოსთვის მშვენიერია, აი, რონალდომ თავის სადებიუტო სეზონში 33 შეაგდო "ბარსას" მაისურით, თან მაშინ, სულ რაღაც 20 წლისა იყო. 36 წლის ლევანდოვსკის ანგარიშზე კი 27 გოლია, მათ შორის ორი გუშინ შეაგდო და კიდევ იმდენი მომენტი ჰქონდა რომ დაწევაც შესაძლებელი იქნებოდა. კი ჰგავს ფანტასტიკის სფეროს, მაგრამ ორი უეჭველად გასატანი ჰქონდა გარდა იმ ორი გატანილისა და პლუს ბოლოს პენალტი დაიდო, რომლის შესრულებაც ლევანდოვსკისაც შეეძლო, მაგრამ აღარ იყო ამ დროს მოედანზე.
ეგ არაფერი. მაინც დიდებული სეზონი გამოუვიდა, როგორც მას, ისე "ბარსას". და მაინც, სადამდე შეძლებს ეს კაცი გოლების შეყრას და თამაშს? ზაფხულში 37 წლისა შესრულდება, მაგრად შეგვაყვარა თავი და მის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ "ბარსას" აუცილებლად სჭირდება ტოპ კლასის ფორვარდი. რობერტი თუ აქ დახვდება მით უკეთესი, ბევრს ისწავლის პოლონელისგან. კონტრაქტს კი ბოლომდე ამოწურავს. თავის დროზე, 2+2 გააფორმა, ერთიც დარჩა და ბოლომდე მოიხდის დაკისრებულ მოვალეობას.
ლევი უკვე ასიანთა ლიგაშია. დიდი პატივია ყველა ფეხბურთელისთვის, ჰოდა, წარმოიდგინეთ, მოვიდა როგორც ვეტერანი და ამდენს მიაღწია. ახალ "კამპ ნოუზე" დაბრუნდება და იქნებ ჩემპიონთა ლიგასაც შეწვდეს. გოლები კი მშვენიერი იყო, პირველი მეთოთხმეტე წუთზე შეაგდო, ფერმინის პასის მერე თავის სტილში გათავისუფლდა და მეკარეს თავზე გადაუგდო, მესის სტილში, ლამაზი გოლი გამოვიდა. დუბლიც მალევე შეასრულა, რაფინიამ კუთხური ძლიერად, კარისკენ გაუშვა, იქ მცველისგან მცირე შეხება იყო, რამაც მეკარე გვარიანად დააბნია და ლევი კარის ხაზთან მარტო აღმოჩნდა, დაახვედრა თავისი ჭკვიანი თავი და 2:0.
ვინ გააძლიერებდა ბარსას?
უნდა კი გუნდს ნიკო უილიამსი? ერთი მარცხენა გარემარბიც რომ საჭიროა ამას წყალი არ გაუვა, რაფინია უნივერსალია, ორივე ფლანგზე თამაშობს, ცენტრშიც, მარცხნივ იმიტომ დააყენეს რომ სხვაგან ყველაფერი რიგზეა, ესე იგი, სადაც პრობლემა იქნებოდა იქ უნდა ეთამაშა და ასე აღმოჩნდა მარცხენა ფლანგზე. კვარაცხელიას ვისურვებდი, მაგრამ როცა ტრანსფერზე დადგა "ბარსას" იმ დროს არ ეცალა და არც ფული ჰქონდა. ახლა ასეთი წარმატებული სეზონის მერე ფული იქნება, ერთი დიდი ტრანსფერის ფული ნამდვილად იქნება და ვნახოთ ვის შეძენას გადაწყვეტენ. ფლიკი ამბობს პოზიციებს, დეკუ სთავაზობს კანდიდატებს და მერე ირჩევენ.
ისე, კევინ დე ბრუინის უფასოდ დამატებაც არ იქნებოდა ცუდი. მესმის რომ ეს აღარ არის ის კევინი, რომელიც ყველას მოგვწონდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ორ სეზონს კიდევ ითამაშებს მაღალ დონეზე. "ბარსას" ფორმაში დე ბრუინის ხილვა მაგრად გამახარებდა. თუ დაბალ ხელფასს დათანხმდება რატომაც არა. ჩაებას კონკურენციაში. ფერმინსა და ოლმოს ვერ აჯობებს ვითომ?
დანი ოლმომ "ბილბაოსთან" მესამე გოლი შეაგდო, პენალტი ზუსტად შეასრულა და მასაც ნორმალური სეზონი გამოუვიდა. უბრალოდ, დასაწყისი ბევრად მაგარი ჰქონდა, მერე ტრავმა იყო და მერე ვეღარ დაბრუნდა ისეთი, როგორსაც ველოდით.
დავიშალეთ
აბა გადავერთოთ ტრანსფერებზე და მანამდე სეზონის მიმოხილვებსაც შემოგთავაზებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]