მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის განაცხადი
"ბარსამ" თასი ჩაიბარა, დამარცხდა, მაგრამ ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, სიამოვნებისთვის ითამაშეს, გადაღლილებმა, ზოგი ნაბახუსევზეც იყო, მატჩის წინ ფლიკმა თქვა გვიანობამდე თუ აღნიშნავ თამაშიც უნდა შეგეძლოსო, მომთხოვნი მწვრთნელია და ეჭვგარეშეა ფეხბურთელებს პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მოტივაციაც თავისას შვება, უფრო სწორად, უმოტივაციობა. უკვე ჩემპიონი ხარ, რაღას იკლავ თავს. აღარც ლევანდოვსკის აქვს მოტივაცია, მბაპე მაგრად გაექცა, იმას რაღას დაეწევა ეს მოხუცი კაცი, ძალიან სწრაფია ეგ ოხერი.
მთავარი საკითხი კიდევ სტადიონი იყო, ბოლო მატჩი იყო "მონჟუიკზე"? ლაპორტამ თქვა ყველაფერს გავაკეთებთ რომ მომავალი სეზონი პირდაპირ "კამპ ნოუზე" დავიწყოთო. კაცმა არ იცის მოასწრებენ თუ ვერა, "მონჟუიკმა" კიდევ დიდებულად მიგვიღო, თავი სახლში გავგრძნობინა, ბევრად მაგარ ადგილზეა, ვიდრე "კამპ ნოუ", სტადიონიც მშვენიერია, მაგრამ საკუთარ კედლებს ვერაფერი შეედრება. ამ ნაყოფიერი სეზონის მერე, როცა გუნდი საკმარის შემოსავალს მიიღებს, ქირის გადახდას შეწყვეტს და ევროპის უდიდესი სტადიონიც ბევრად გაზრდის შემოსავალს.
ასეთია გეგმა, ჰოდა, ვნახოთ.
არ ჩერდება იამალი
კაპელო, ვენგერი, ბოსკე, ყველა იამალზე საუბრობს, ყველა აღიარებს მის განსაკუთრებულობას, აშკარაა რომ მომდევნო დიდი სახელი იქნება. უნდა იყოს. პოტენციალი და პერსპექტივა ასე გვაჩვენებს. ხშირად ახსენებდნენ მასთან მიმართებით უეინ რუნის, რომელიც 16 წლისა გამოჩნდა პრემიერ ლიგაში და ისტორიაში საუკეთესო "არსენალს" სასწაული გოლი შეუგდო, მერეც მაგრად ითამაშა, მაგრამ ამ დონეზე არ ყოფილა, მიუხევადა მისი ასაკისა ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად, უეინი მოკრივე იყო, გვიანღა გაეშვა ამ სპორტს, ხელს უშლიდა ფეხბურთში, თავისი ფიზიკურობისა და აგრესიულობის გამო დიდი უპირატესობაც ჰქონდა, სწრაფიც იყო, ტექნიკურიც, გატანაც იცოდა, მაგრამ ამ დონეზე არ ყოფილა ძმებო, ლამინე იამალი, რომელიც ასანთის ღერივით არის მცველებს ახლოსაც არ იკარებს, და როგორ აკეთებს ამას წარმოდგენა არ მაქვს. აგერ, არსენ ვენგერი, რომელსაც ფეხბურთში ყველაფერი აქვს ნანახი ამბობს არაფერი მსგავსი არ მინახავსო. და თუ ვენგერს არ უნახავს, ესე იგი, არც მე მექნება ნანახი.
ძალიან მარტივია მისთვის ყველაფერი, ერთი ის მაშინებს ასაკის მატებასთან ერთად ეს ბავშვური სილაღეც არ დაკარგოს, თითქოს ეგ აძლევს ძალას, ეგ მატებს უპირატესობას, კრეატიულობას, ეგ აჯერებს, რომ ყველაფერი შეუძლია. მერამდენე ტურია ლა ლიგის მცველებსა და მეკარეს ტროლავს, რობენისა არ იყოს, უკვე იამალზეც იციან რას გააკეთებს, მაგრამ მაინც აკეთებს, ესეც ხომ კარგი დამახასიათებელია? მხოლოდ ვარსკვლავებს შეუძლიათ ასე.
ულამაზესი გოლი შეაგდო, ისევ შორეულ კუთხეში, დააბზრიალა თავისებურად, მერე კიდევ მაგარი გოლის შეგდების შანსი ჰქონდა და ხარიხას გლიჯა, "ინტერთან" მატჩი გამახსენა, იქაც ხომ იყო რაღაც მსგავსი, "მონჟუიკის" შეხვედრაში?! ახლა მხოლოდ ის მახარებს რომ ზაფხულში კარგად დაისვენებს, არც საკლუბო და არც სანაკრებო ჩემპიონატზე თამაში არ მოუწევს, ერთს კარგად ჩაისუნთქავს და შეუდგება მომდევნო სეზონის დაგეგმვას, სადაც კიდევ უფრო მეტს მოვითხოვთ მისგან. დროა უკვე ცოტა ჯანზე მოვიდეს.
"ბარსამ" მეორე გოლი პირველივე ტაიმში შეაგდო, ფერმინ ლოპესმაც კარგი გოლი გაიტანა, "ესპანიოლთან" მატჩისა არ იყოს აქაც იამალისა და ფერმინის აქტიურობით გაკეთდა საქმე, საერთოდ, სეზონის მეორე ნახევარში ფერმინმა აჯობა ოლმოს, ასე მგონია. მომდევნო სეზონში უფრო ახლო კონკურენციაც ექნებათ. ჰანსი ფლიკმა კიდევ თქვა რომ ზუსტად იცის რა უნდა. რა უნდა უნდოდეს? ცენტრფორვარდი უნდა. ჩვენც გვინდა. კიდე ენდომება რაიმე, მაგრამ მთავარი საქმე ეგ არის, ფორვარდია საჭირო. და მე მგონი, ყველა თანხმდება, რომ ხულიან ალვარესი იქნება ამ როლისთვის იდეალური.
ერთი მატჩი დარჩა ლა ლიგაში. ტრავმირებულები კიდევ დაბრუნდნენ. შტეგენი კარში იდგა, კასადო სკამზე, ბერნალი ისევ ტრიბუნაზე. ეს სულ შემდეგი სეზონის ხალხია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 57 ]