როგორ იქცა რაფინია ოქროს ბურთის ფავორიტად - ანალიზი/სტატისტიკა
"ბარსა" ნახევარფინალშია, სამი ტიტულისთვის იბრძვის, ოქროს ბურთის მომავალ ლაურეატად რაფინიას სულ უფრო ხშირად ასახელებენ. გულახდილად რომ ვთქვა არ მიმაჩნია რაფინია ამ რანგის ფეხბურთელად, მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სეზონი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელ მაჩვენებლებზეა გასული, ვერცერთ იმ ბრაზილიელს ვერ გავუტოლებ, რომლებიც ლეგენდებად იქცნენ "ბარსელონასთვის", მაგრამ ფაქტია რომ რაფინია თავის გზას ქმნის, ბევრად განსხვავებულს, ვიდრე წინამორბედ ბრაზილიელებს ჰქონიათ.
მაინც, რამ აქცია ეს კაცი ოქროს ბურთის სიაში ფავორიტად?
ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესო ხდება იმის ფონზე, რომ რაფინია კლუბის დატოვებას აპირებდა, კრიტიკა არ აკლდა, მერე ახალმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ნდობა გამოუცხადა და დაიწყო ის რაც დაიწყო. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოსაგებად სულ რაღაც სამ თამაშში უნდა გამოიჩინოს თავი - ფინალში "მადრიდთან" და ლიგის ნახევარფინალში მომავალ მეტოქესთან და.. ჰო, ფინალში გასვლა იქნება საჭირო. სწორედ ამ სტადიაზე წყდება ჯილდოს ამბავიც.
მიმდინარე სეზონში რაფინიას ყველაზე მაღალი მონაწილეობა აქვს, "ბარსას" გატანილ 146 გოლში (ყველა ტურნირზე) რაფინიას 48-ში აქვს მონაწილეობა მიღებული, ლევანდოვკის 43-ში, ლამინე იამალს 31-ში. ტოპ 5 ლიგის მასშტაბით მხოლოდ მუჰამედ სალაჰია უფრო მაღალ მაჩვენებელზე - 55. თუმცა, რაფინიას გავლენაზე სასაუბროდ მხოლოდ სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ გამოგვადგება, მას გაცილებით დიდი გავლენა აქვს გუნდზე, თავისი შრომისმოყვარეობის, სიმტკიცისა და ლიდერის თვისებების გამო. "ბარსას" ასეთ სწრაფ გარდაქმნაშიც თავისი როლი აქვს.
თავდაპირველად მარჯვენა გარემარბად მოვიდა გუნდში, ფლიკმა მოედნის ცენტრშიც მოსინჯა, ახლა კი მეტწილად მარცხენა ფლანგზე თამაშობს. რაფინიამ გვაჩვენა რომ მისთვის სულერთია სად ითამაშებს, მთავარია მოედანზე იყოს, და იმის თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია რომ არავის ისე არ სძულს მოედნის დატოვება, როგორც მას.
"მივხვდი, რომ თუ ამ გუნდში დავრჩებოდი აუცილებლად ადაპტირება მომიწევდა სათამაშო სტილთან და ახალ პოზიციებთან, სხვაგვარად დროს ვერ მივიღებდი", - თქვა ბრაზილიელმა "ბაიერნთან" მატჩის წინ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა მის კარიერაში.
Skillcorner-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ერთი განსაკუთრებული კომპონენტი გამოვყოთ, რაფინია ლევანდოვსკისა და მეტოქის ცენტრალური მცველების ზურგსუკან ყველაზე მეტ შერბენას აკეთებს და ამ მონაცემებით ტოპ 4 ლიგაში აბსოლუტურად ყველას აღემატება, მათ შორის, სალაჰს, მბაპეს, ტურამს, ვარდის, უოტკინსს და ა.შ. წითელ ნიშნულზე რაფინიაა მონიშნული, მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი ჩარბენების რაოდენობა უკვე 400-ზე მეტია.
პოზიციისა და შესაბამისად, სათამაშო სტილის ცვლილებამ კი მისი უნარებიც ახლებურად წარმოაჩინა, რაფინიას xG-ის (მოსალოდნელი გოლი) მაჩვენებელი გაზრდილია, სწორედ იმის ხარჯზე, რომ წინა სეზონებთან შედარებით გაცილებით ხშირად უწევს მეტოქის კარის სიახლოვეს თამაში და გაცილებით მეტჯერაც ურტყამს კარის მიმართულებით.
ასევე გაუმჯობესებული აქვს საგოლე პასებისა და პრესინგის მაჩენებლებიც - "ის მუდმივად უმაღლესი ინტენსივობის ზღვარზე თამაშობს, არასდროს მყოლია მსგავსი ფეხბურთელი", - ეს ჰანსი ფლიკის სიტყვებია. კოპა ამერიკაზე განცდილი მარცხის მერე ფლიკი იყო პირველი ვინც რაფინიას დაურეკა და უთხრა რომ სწრაფი გადაწყვეტილება არ მიეღო, ჯერ გუნდს შეერთებოდა მოსამზადებელ ეტაპზე და მერე ერთობლივად გადაეწყვიტათ მისი მომავალი. რა გადაწყვიტეს თავადაც ხედავთ.
"თუ აქამდე 100%-ით ვიხარჯებოდი, ახლა შემიძლია ვთქვა რომ 200%-ით ვიხარჯები", - თქვა რაფინიამ. ასე მუშაობს ამ კაცთან ნდობა, თუ შანსს მისცემ აუცილებლად გამოიყენებს.
დიდი ხუთეულის მაჩვენებლებს (რომარიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიომ ნეიმარი) პირველ ორ სეზონს ვერ შევადარებთ, მაგრამ მიმდინარე მაჩვენებლებით რაფინია დიდ ბრაზილიელებს არ ჩამოუვარდება - იგულისხმება გატანილ გოლებში მონაწილეობა. ერთადერთი რითიც ღიად ჩამოუვარდება სათამაშო სტილია, რაფინიას თითქოს არც აქვს ბრაზილიური სტილი, არ აქვს რბილი შეხება ბურთთან, ამ ხუთეულიდან ყველაზე მეტად რივალდოს ჰგავს, მაგრამ მისგანაც ძალიან განსხვავდება.
რაც შეეხება ცალკეულ სეზონს, რაფინიას ჯერ კიდევ წინ აქვს ყველაფერი, მაჩვენებლებით რივალდოს საუკეთესო სეზონს უკვე გადაასწრო, სავარაუდოდ, ნეიმარის (2014/15) წლების სეზონსა და რონალდინიოს საუკეთესო სეზონსაც გადაასწრებს გოლებში შეტანილი კონტრიბუციით, აი, წინ კი ნეიმარის საუკეთესო სეზონი (2015/16) და რონალდოს ერთადერთი სეზონი დარჩება. საამაყო სტატისტიკაა, ვერაფერს იტყვი.
კიდევ 12 გოლში თუ მიიღო მონაწილეობა ბრაზილიელ რონალდოს გაუტოლდება. იფიქრებდა ამას ვინმე? ვერავინ!
და რა მოხდება თუ "ბარსა" ტრიპლეტს შეასრულებს? რაფინია დიდ ბრაზილიელებს შეუერთდება და დიდი ხუთეული დიდი ექვსეული გახდება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.




კომენტარები [ 17 ]