მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სრული სვლით წინ!

ისევ წაუგებლად! ფლიკის "ბარსა" სრული სვლით მიიწევს ჩემპიონობისკენ. დარჩენილია შვიდი ტური, საკმარისია ექვსი მოგება. ამ ექვსიდან თუ "ბარსამ" "მადრიდიც" დაამარცხა გადაწყდება კიდეც ჩემპიონის ბედი. როგორი მატჩი აღარ მოუგია ჰანსი ფლიკს.. დაუქამბექებია, გაუნადგურებია მეტოქე, ისე მოუგია დიდი ანგარიშით რომ მაინც ფიქრად დაგრჩენია რა რთული მატჩი იყოო, და მართლა რთული შეხვედრებიც მოუგია, გაუძლია და მოუგია, ჰოდა, გუშინაც ასეთი შეხვედრა იყო "ლეგანესთან", ერთი შეხედვით იოლად დასაგდები გუნდია, მაგრამ რთულად დავარდნენ. ასეთ მატჩებს კიდევ ჩემპიონები იგებენ ხოლმე.
ის ერთსულოვნება და ჟინი რაც გუშინ ვნახეთ მთავარი აღნიშვნის ღირსია, ამ ჟინს დიდი მატჩების მოგება შეუძლია, ასეთ თავდადებას ტიტულები მოაქვს. ხასიათი აქვს "ბარსას", ხასიათი აქვს ინიგოსა და არაუხოს, და რა თქმა უნდა, რაფინიას.
ორი მომენტის მატჩი
ორი გადარჩენა უნდა ვახსენოთ, "ლეგანესი" ახლოს იყო გატანასთან და გათანაბრებასთან, მაგრამ იმ მტკიცე ხასიათის ხალხმა არ დაანება. პირველ რიგში რაფინიაზე უნდა ვთქვათ, რომელმაც შეტევიდან ჩამოირბინა, მერე სვლა შეანელა რომ თამაშგარეს ხაზი დაეცვა, ბოლოს კიდევ უზუსტესი პასი ჩაჭრა თორემ გოლიც გარდაუვალი იქნებოდა, ამ დროს ბრაზილიელი ცენტრალური მცველების ხაზზე იყო გათანაბრებული. კარლეს პუიოლი გამახსენა ამ მომენტმა, ჰქონდა ასეთი შემთხვევა შვედეთთან, კუთხურის დროს შეტევაში ჩაერთო, თავით დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, ერთი წამით შეყოვნდა იმედგაცრუებული, მერე კიდევ გაგიჟებული გაიქცა თავის კარისკენ და სადღაც ცარიელ კართან ჩაჭრა ბურთი. მერე გამეორებაც გვანახეს სადაც კამერა მხოლოდ პუიოლზე მუშაობდა, სანტიმეტრებში იყო გოლთან, ეს კიდევ გიჟივით გაიქცა თავისი კარის დასაცავად. იგივეს ვნახავდით რაფინიაზე რომ ემუშავა რეჟისორს, თითქოს იცოდა რომ აუცილებლად უნდა დახმარებოდა დაცვას, თითქოს იცოდა რომ ის თუ ამას არ გააკეთებდა, გოლი "ბარსას" კარში გარდაუვალი იქნებოდა.
ახლა წარმოიდგინეთ რომ ასე ფიქრობს და აზროვნებს თითოეული ფეხბურთელი - მე თუ სხვისი საქმეც არ შევასრულე, მე თუ გვერდზე მყოფი არ დავაზღვიე, მაშინ დავმარცხდებით. და თუ თითოეული ასე ფიქრობს, მაშინ არასდროს დამარცხდები.
მეორე გადარჩენის ამბავი უკვე ინიგო მარტინესზეა, "ლეგანესის" ფორვარდი ფაქტობრივად ერთი-ერთზე გარბის, დიდი სივრცე აღარც დარჩა მეკარემდე, მცველები კი მის ზურგსუკან აღმოჩდნენ, ეს კაცი დასაგდებია! ჯარიმისა თუ წითელი ბარათის ხარჯზე, არ აქვს მნიშვნელობა, უნდა გააჩერონ! ამ დროს ინიგო მარტინესი ისეთ ვარდნას ასრულებს რომ მეტოქეს უბურთოთ ტოვებს, მსაჯი კი არ უსტვენს იმიტომ, რომ ეს ვარდნა სუფთაა. ფეხზე წამოდგა და გატანილი გოლივით აღნიშნა, იმიტომ, რომ უდრიდა კიდეც გამარჯვების მომტან გოლს.
გუნდს ძლიერი ხასიათის ფეხბურთელები სჭირდება. ინიგო ასეთია. რაფინიაც ასეთია.
სულ ცოტა დუბლამდე
მეორე ტაიმში ფერმინ ლოპესმა გვაჩვენა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მესისა და ინიესტას შეეძლოთ, უმცირეს მონაკვეთში სამი კაცი უკან მოიტოვა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მერე კი მივხვდით რომ ეს არც მესია და არც ინიესტა, ფერმინი ყოფილა. ფლიკმაც შემოირტყა თავში ხელები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ "ბარსას" გოლი ძალიან სჭირდებოდა, არა, უბრალოდ ასეთი გოლის მერე ფეხბურთელი ორი თავით იზრდება, ასეთი მაგია აქვს გატანილ გოლს, გაგაქვს და უკეთესი ხდები.
ფლიკმა ცვლილებები პირველივე ტაიმში დაიწყო, აშკარად ცუდი ტაიმი იყო, მოულოდნელი ბევრი წუნით, მაგრამ შეცვლა ტრავმამ განაპირობა და არა უკმაყოფილებამ. ბალდე დაშავდა და შეცვალეს. იმედია სერიოზული არაფერია, ბალდე დიდი ძალაა, განსაკუთრებით შეტევისთვის. მის ნაცვლად ჟერარ მარტინი გამოვიდა. მეორე ტაიმში კი ის კაცი შემოვიდა, რომელსაც სიზუსტის მაჩვენებელი უნდა გაეზარდა, ის კაცი, რომელიც პედრის მოენატრა პირველ ტაიმში, ფრენკი დე იონგი ხომ მისი საყრდენია, საერთოდ, მთელი გუნდის, მაგრამ განსაკუთრების პედრის. გამოვიდა ნიდერლანდელი და სიზუსტის მაჩვენებელიც გაიზარდა. გარსიამ დაიწია დაცვაში, არაუხო კი გავიდა, რადგან გარსიას ბევრად კარგი პირველი პასი აქვს, ვიდრე არაუხოს.
გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავიდა, რაფინიამ ძალიან კარგი გადაცემა შეასრულა საჯარიმოში, დაბალი, ზუსტი და ძლიერი, ამ დროს მცველისთვის თამაში ყოველთვის რთულია, თუ ვერ მიწვდება ლევანდოვსკი შეაგდებს, თუ მიწვდება საფრთხეა რომ თავის კარში ჩაჭრას. მერე კი მეკარის იმედად თუ იქნება, საენსმა ბურთზე თამაში გადაწყვიტა და ანგარიში გახსნა. კარგი გოლი იყო, ეფექტური. გავიდა წუთები და მეორე გოლის შეგდებაც შეეძლო, ამჯერად მცირე მანძილით ააცილა კარს, თორემ ულამაზეს დუბლს გაიფორმებდა, მერე გასახდელშიც მოხვდებოდა ყურის ძირში.
ურთულესი მატჩი იყო. დამსახურებული სამი ქულა. ჩემპიონობამდე სულ მცირე რჩება!
წინ რა გველის
რა გველის და დორტმუნდი, სადაც უნდა გადაწყდეს, უფრო სწორად კი დადასტურდეს ნახევარფინალის ამბავი. მერე იქნება ორი აუცილებლად მოსაგები მატჩი "სელტასა" და "მალიორკასთან", ორივე სახლში. ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები იქნება იმისათვის, რომ საფინალო კლასიკოს წინ "ბარსამ" კარგი განწყობა შეიქმნას. ამ ფინალის მერე კიდევ ნახევარფინალი იქნება სავარაუდოდ "ინტერთან".
ვაჰ, დიდი ხანია "ბარსა" ამ ეტაპზე აღარ გვინახავს, დიდი ხანია ასეთი გრძნობა აღარ გვქონია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]