მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ეძღვნება კარლეს მინაროს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ეძღვნება კარლეს მინაროს

   წინა მიმოხილვებისას დავსვით კითხვა - რა უნდა იყოს ნიჭის საზომი? კიდევ რა დასტური გვინდა იმისა, რომ განსაკუთრებულ მოვლენას ვადევნებთ თვალყურს? პასუხიც გავეცით - საზომი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებია. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ ბიჭს უკვე გავლილი აქვს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფები, თანაც ზღაპრულად, ფინალამდეც მივიდა, ჩვიდმეტი წლისა შესრულდა და მერე ევროპის ჩემპიონი გახდა. ახლა ჩემპიონთა ლიგას მიუყვება ფრენა-ფრენით. 

შე ცაცია რონალდინიო შენა! 

ადრინდელ სტატიებში კიდევ ერთი კრიტერიუმი გვიხსენებია, მაინც, როგორ უნდა მიხვდე რომ განსაკუთრებულ ტალანტთან გაქვს საქმე? აი ისეთთან, 30, ან, 50 წელში ერთხელ რომ იბადება. ჩვენი პასუხი ასეთი იყო - ეგეთებს 16/17 წლის ასაკში უკვე ეტყობოდათ, რომ მსოფლიოს შეძრავდნენ. ასე იყო პელე, დიეგო, ბრაზილიელი რონალდო, და მესი. იამალი კიდევ სულ რაღაც 15 წლისა გამოჩნდა და ახლა ისეთ ფეხბურთს თამაშობს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 

ხელი ნამდვილად არ ამკანკალებია ის დიდი გვარები რომ ჩამოვწერე, იქნებ მართლაც მსგავსი მასშტაბის ტალანტია?! ახლა მასზეა, რას უზამს თავის ნიჭს, მისცემს თუ არა ყოველწლიურად საზრდოს, გაზრდის თუ არა საკუთარ თავთან ერთად. "ბარსელონას" ბევრჯერ უჩვენებია რომ ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო ადგილია. 

იამალი - რაფინია

პასი იყო? დაარტყა? აბა, რას გაიგებ?! კი გემახსოვრებათ განადგურებული ჟოზე "კამპ ნოუზე", იმ შეხვედრაში ჯერ კიდევ 0:0 ზე მესიმ ბურთი მიიღო საჯარიმოს მისადგომებთან, მარჯვენა ფლანგის პირით ხაზთან ახლოს, მერე ჩააწოდა? დაარტყა? არ ვიცი, კი დააბზრიალა და ძელს მოხვდა ის ბურთი, კაციშვილმა ვერ გაიგო რა გააკეთა. ზოგჯერ კითხვების დასმაც არ არის საჭირო, იმათ თავში წამებში იხარშება ეგ ამბავი და სხეულიც მყისიერად ზემოქმედებს, შეიძლება ფეხი უკვე მოქნეული აქვს თავში რომ აზრი იცვლება და ამ დროს ის გამოდის, რაც ლამინეს გამოუვიდა. 

ანგარიში ასე გაიხსნა, "ბარსამ" კარგი შეტევა წამოიწყო, იამალმა ცრუმოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, მერე ის ხსენებული "რაღაც" გააკეთა და რაფინიამ ანგარიში გახსნა. რაფინიამ, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა! ეუფ, აი პროგრესი. ვერ ვიფიქრებდი.. რას ვიფიქრებდი..  

"ბენფიკამ" კუთხურიდან გაათანაბრა, როგორღაც ისე მოხდა რომ ასეთ დროს ყველაზე სახიფათო კაცი დარჩათ მარტო. შესნიმ რეაგირება მოასწრო, მაგრამ გუნდი ვერ გადაარჩინა. ეს გოლიც თითქოს კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, "ბარსა" თავიდანვე ბევრს უტევდა, თან კარგად უტევდა, ქსოვდნენ მოედნის ცენტრში ძველი "ბარსელონელებივით". 

გადის დრო და იამალი კიდევ ერთ შედევრს ქმნის, ასეთი დარტყმის შესრულება ურთულესი საქმეა, ბურთი შენი კარისკენ მიგორავს, არც გვერდზე შეგიგდია, არც წინ გაქვს გასწორებული, არა, ისე მიგორავს თითქოს ჩაწოდება, ან პასი უნდა მოჰყვეს, მაგრამ იამალი ურტყამს არიენ რობენივით და მეკარეს შანსს არ უტოვებს, გაახვია შორეულ კუთხეში, ესეც ისე დაარტყა, როგორც აწვდის ხოლმე, მაგრამ ბურთთან შეხების წინ ზუსტად იმ წერტილს შეავლო თვალი საითაც ბურთი გაგზავნა. გონებაში ხომ გაუელვა რომ ზუსტად იქ ურტყამდა, სხვა რა არის სახვითი ხელოვნება? დაინახა და ხორცი შეასხა. 

იამალი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პლეიოფში გოლი შეაგდო. პირველი ბოიან კრკიჩია, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 17 წლის ასაკში იამალის დონეზე ნამდვილად არ უთამაშია. 

"ბარსამ" პირველ ტაიმში მესამეც შეაგდო, ბალდემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ფლიკმა შეაშინა, ჟერარს ბალდესთან კონკურენცია შეუძლიაო და წამოიღო ამან ბურთი ჟაირზინიოსავით, შემოსტყორცნა კაცი კაცსა და რაც მთავარია, უზუსტეს დროს გააკეთა პასი რაფინიაზე. ისე ზუსტ დროს როგორც ჭილაიამ შენგელიაზე, ერთი შეხებით დარტყმას ველოდი, ალბათ ეგეც რამაზის გავლენით, მაგრამ რაფინიასგან იყო მცირე შეხება, ამ შეხებასა და დარტყმას შორის წამიც არ ყოფილა. ესეც წარმოუდგენლად რთული შესასრულებელია, ვისაც ბურთზე ფეხი მიურტყამს კი იცის რაზეა საუბარი. დარტყმა როგორი იყო? გადასარევი, რივალდო რომ მოაწერდა ხელს. 

თვალსა და ხელს შუა, რაფინიაც მორიგ ბრაზილიელ ლეგენდად ყალიბდება. 

ისევ პედრი 

მასტერკლასი არც მოედნის ცენტრში მოგვკლებია. "ბენფიკასთან" ორივეჯერ პედრი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, გუნდის ტვინი, თამაშის წარმმართველი, ტემპის მარეგულირებელი, პაუზის დიდოსტატი. უფასდება კიდეც, შეუძლებელია მისი ღვაწლი შეუმჩნეველი დარჩეს, აგერ, გავიმ ოქროს ბურთიც უსურვა, თან მხოლოდ კი არ უსურვა, იმსახურებსო დააყოლა. კარგი სამეულია - დე იონგი, პედრი, ოლმო. თითქოს დალაგდა ძირითადი, ასეც იყო განსაზღვრული, მაგრამ თითოეულს, (განსაკუთრებით ფრენკისა და ოლმოს) დიდი შრომა მოუწიათ ამის დასამტკიცებლად, ადგილის მოსაპოვებლად. სულ ცოტა შეთამაშება აკლიათ, ეგეც პრაქტიკის ამბავია. 

მეორე ტაიმის სცენარი ამ სეზონში უკვე ბევრჯერ ვნახეთ, პირველ ტაიმში მომთავრებულ საქმეს მშვიდი მეორე მოჰყვა, ძალების დაზოგვით ჩამთავრებული. "ბარსა" მეოთხედფინალშია და "ლილი" - "დორტმუნდის" გამარჯვებულს დაელოდება, ეს მატჩი დღეს ნაადრევად დაიწყება. ვინც არ უნდა გავიდეს, "ბარსა" ფავორიტი იქნება, ამ ბადის მიხედვით პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალია, მაქსიმუმი კი ჩემპიონობა, რაც არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ, რეალური სურათია. 

გამარჯვება კარლეს მინაროს მიეძღვნა, "ბარსელონას" ექიმს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. 

წინ რა გველის 

რა გველის და მატჩი "ატლეტიკოსთან", ამჟამად "ბარსა" და "რეალი" ერთი ქულით უსწრებენ "ატლეტიკოს", უბრალოდ "ბარსას" ერთი მატჩით ნაკლები აქვს. როგორ ხასიათზე იქნებიან მადრიდელები ამას დღეს გავიგებთ. მერე კი სანაკრებო შესვენებაზე გავალთ, მომდევნო თვის დასაწყისში კი ისევ "ატლეტიკო" გველის, ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში. ასეა, აწი სულ დიდი ამბები იქნება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Thursday, 22:18
    1
    რაც მთავარია, ბარსამ თავიდანვე აუხსნა ბენფიკას, რო ეს მისი დღე არ იყო და ისინიც პირველი ტაიმის დამთავრებისთანავე მიხვდნენ თავიანთი ფაფხურის უაზრობას. ამიტომაც მეორე ტაიმში ჩვენებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ და ასე უსისხლოდ(უტრამვოთ) ჩავამთავრეთ ეს თამაში, წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია და ძალების შემონახვა აუცილებელია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Thursday, 16:59
    0
    როგორც ყოველთვის ისევ ჩაიჯვავთ ლიგაზე გული მიგრძნობს
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #2 Wednesday, 15:58
    1
    ციტატა: ChuxrELia
    ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს, ნაღდი ბარსელონური, ლევანა რო ესეთი დაჩაჩანაკებული არ ყოფილიყო გუშინ, მინიმუმ ორი გოლი უნდა შეეგდო კიდევ, მაგრამ ცარიელი სახელია დარჩენილი. იმედია ამ სეზონს წესიერად ჩაამთავრებს და ცოტას მოიხოდება და შემდეგი სეზონიდან სანამ კიდევ რამე შეუძლია, ჯობია დაეშვას და ტკბილი სიბერისთვის იზრუნოს, ან არაბებთან, ან ამერიკაში.

    დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე არსადაც არ წავა, პირიქით, იქნება კიდევ 1-2 წლით გაახანგრძლივოს კონტრაქტი, იმიტომ რომ უკვე ხედავს გუნდი რა დონეს აჩვენებს და რეალურად შეუძლიათ დიდი ტურნირების მოგებაც, წელს თუ ვერა, მომავალ წელს უფრო მაგრად შეთამაშებულები მგონია რომ ყველას გადაუვლიან..
    ...და როგორ ფიქრობთ, ამას გამაზავს ლევანდოვსკი??? ჩვენიდან გავა პირდაპირ პენსიაზე, არც ფული აკლია და ბოლოს კაკრაზ ტიტულები დახატავდა მაგის კარიერას..
    ფანი [?]
    #1 Wednesday, 12:01
    4
    ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს, ნაღდი ბარსელონური, ლევანა რო ესეთი დაჩაჩანაკებული არ ყოფილიყო გუშინ, მინიმუმ ორი გოლი უნდა შეეგდო კიდევ, მაგრამ ცარიელი სახელია დარჩენილი. იმედია ამ სეზონს წესიერად ჩაამთავრებს და ცოტას მოიხოდება და შემდეგი სეზონიდან სანამ კიდევ რამე შეუძლია, ჯობია დაეშვას და ტკბილი სიბერისთვის იზრუნოს, ან არაბებთან, ან ამერიკაში.