მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა ჩემპიონია!
პიკე კასილიასს ხუთი თითით დასდევს, უშედეგო დიეტაზე მყოფი ლაპორტა ფეხბურთელებთან ერთად მინდორზე გორავს, პერესი დამწუხრებული დააბიჯებს, ანჩელოტის მეორე წარბიც გაექცა, "ბარსა" ჩემპიონია!
ჰანსი ფლიკმა კარლო მეორე ელ კლასიკოშიც გაანადგურა, ამჯერად სუპერ თასის ფინალში, სუპერ თამაშით. ეს მისი პირველი ტიტულია ახალ კლუბში და ისღა დაგვრჩენია კიდევ მრავალი ვუსურვოთ.
ზღაპრული ტაიმი
გასული სეზონის საუკეთესო მატჩი "ბერნაბეუზე" ჩატარებული კლასიკო იყო, ამ წელს კი ძალიან გაჭირდება "ბარსამ" ამ შეხვედრაზე კარგი მატჩი ჩაატაროს, რადგან ყველაფერი იდეალური იყო, პირველ ტაიმში ნამდვილად. როგორც ვივარაუდეთ ფლიკს შემადგენლობა არ შეუცვლია, "ბარსამ" აქტიურად დაიწყო და ორი მომენტი მაშინვე შექმნა, კურტუამ ჯერ იამალს აჯობა, მერე რაფინიას, აქ ვიფიქრე რომ რაფინიას უიღბლობა გრძელდებოდა, ვიფიქრე რომ ეს ცუდის ნიშანი იყო და თურმე სად დაცურავ.. თურმე ჯერ ხურდება, თურმე, კარიერის მატჩი აქვს წინ.
გამოუყენებელი მომენტები "მადრიდმა" არ გვაპატია და სწრაფი კონტრშეტევა ზუსტად დაასრულა, კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა, მისმა მოძრაობებმა ბევრს ჭაბუკი "ფენომენო" გაახსენა, ბევრსაც უკვე ვარსკვლავი კრიშტიანუ, მოკლედ, კარგი გოლი შეაგდო. გამოჩნდა რომ "მადრიდის" მთავარი უპირატესობა ისევ სწრაფი ფორვარდები იქნებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ასე ვერ მოიგებ სუპერ ფინალს.
საპასუხოდ მესის სტილი ვნახეთ, ლამინე იამალმა ლეო გაგვახსენა. მე პირადად 2009 წლის ზამთარი, "კამპ ნოუ" და "დეპორტივო" გამახსენა, ბევრი შეუგდია ასე ლეოს, მაგრამ "დეპორთან" გატანილს განსაკუთრებით ჰგავდა ლამინეს გარღვევა და დარტყმა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ლამინე იამალი 17 წლის ასაკში სასწაულებს სჩადის. "ბარსელონას" ისევ ეზრდება ეპოქალური ფეხბურთელი, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება.
მოედნის ცენტრში კი ახალი დიდი ტრიო ყალიბდება, პედრისა და გავის ამბავი ვიცით, დიდი ხანია თვალს ვადევნებთ, დიდი ხანია ჩავის და ინიესტას ვახსენებთ მათთან მიმართებით, ამ სეზონში კი მესამეც გამოჩნდა, ესეც ტანმორჩილი, ჭკვიანი და ძალიან ზუსტი. დიდებული ტრიო შეიკრა. კონკურენცია დიდია და ეს სამეული დაწინაურდა. გავი როდის იყო ბრძოლაში შესვლას უფრთხოდა? შევარდა, ბურთი მოიპარა და მოხვდა კიდეც ფეხში, ეს კიდევ პენალტია. არ ვიცი კურტუა ელოდა თუ არა ლევანდოვსკისგან ტრადიციულ წახტომს დარტყმის წინ, მე ველოდი, არ ამხტარა, პაუზის გარეშე დაარტყა და გაიტანა. ეს მისი მეთერთმეტე გოლი იყო "მადრიდელთა" კარში. უყვარს რობერტს "რეალი".
მერე იყო რაღაც ნიდერლანდური, ეგ გამახსენდა, ნიდერლანდები - ესპანეთი, ასეთი დიაგონალური პასი და მფრინავი ვან პერსი. მართალია კურტუა არ გამოსულა და არც რაფინიას გადაუგდია მისთვის თავზე, მაგრამ იგივე ეფექტი ჰქონდა, ესეც ძალიან ლამაზი იყო. მოიხსნა ეს მცირე უიღბლობა, თავისი ჟინით და მონდომებით მაინც შეძლო გატანა. მანამდე კიდევ მბაპეს ჰქონდა პრობლემა, მაგრამ არ იყო აუცილებლობა რომ მაინცდამაინც მოედანზე დახმარებოდნენ, რაფინიამ ექიმების ჩანთა მოედნის გარეთ გაიტანა, ამდენად ჩართულია ყველაფერში, ამდენად სურს გამარჯვება, ასეთი კაცი რომ გყავს გუნდში მერე მთელი გუნდი მოტივირებულია. ბევრს გაუკვირდა სეზონის წინ კაპიტნის სამკლავური ამას ვინ მისცაო.. ეკუთვნოდა თურმე. ჩვენ ხომ ყველაფერს ვერ ვხედავთ.
სხვათა შორის, ესპანეთში დაიწერა მატჩის წინ რაფინია ფლიკს შეხვდა და არაუხოზე ელაპარაკაო. ძმაკაცები ყოფილან. ამის გაშვება არ იქნება, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი კაციაო. ფლიკი კიდევ რაფინიას ძალიან აფასებს. მწვრთნელებს უყვართ ის ფეხბურთელები, რომლებიც მათ დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ. მე მგონი, რომ მოუსმინა. იღბალმა კიდევ ასე ინება, ინიგომ ტრავმა მიიღო, მოედანზე კი არაუხო გამოვიდა. მშვენიერი მატჩი ჩაატარა, თუ გავიხსენებთ რომ ტრავმის მერე მხოლოდ "ბარაბულკასთან" თუ რაღაც ამის მაგვართან ითამაშა.
მსაჯმა პირველ ტაიმს 9 წუთი დაამატა და იგრძენით ალბათ რომ ამ ცხრა წუთში "ბარსას" უფრო შეეძლო გატანა, ვიდრე "რეალს". კუთხური უხეიროდ გაითამაშეს, ლამინეს დიდებული პირველი შეხება და პასი რაფინიაზე, ამის ლამაზი ფინტი და პატარა შეხება, რომელიც ასეთ დროს საკმარისია, ბალდე ერთი-ერთზეა, ბალდეს მეოთხე გააქვს - 4:1. მორჩა. თასი ჩვენია.
შესნი გავარდა
პარადოქსია, რომ ამ შეხვედრაში "ბარსას" ფეხბურთელი გააგდეს, "მადრიდი" კი თერთმეტი კაცით დარჩა მოედანზე. ანჩელოტიმაც ყველა შეცვალა ვინც გასაგდები იყო. კარგი ხერხია, მსაჯები ყოველთვის თვალს ვერ დახუჭავენ. კამავინგა.. ვინისიუსი.. ჩუამენი.. ყველა გასაგდები იყო. შესნიც გასაგდები იყო, მპაბე წააქცია და თამაში გააფუჭა. წააქცია ისე როგორც იენს ლემანმა სამუელ ეტო'ო, ლიგის ფინალში, და თამაში გაფუჭდა. ხომ ჯობდა გოლი გასულიყო? აქაც სჯობდა იმიტომ, რომ გოლი მაინც გავიდა. მბაპეს ამ ასაკში კი არა, ახალგაზრდობაშიც ვერ დაასწრებდა.
ამ მომენტამდე კი ანგარიში 5:1 გახდა, რაფინიამ თავისი კარიერის მატჩის ბრწყინვალე წერტილი დასვა, თავისი ნახევრიდან გაიქცა, ჩუამენს კისერი მოტეხა და უზუსტესი დარტყმით "მადრიდი" შეაშინა. ემანდ, რამე არ იკადრონ, რვამდე, ან ცხრამდე არ ავიდნენო. ვინ იცის... ვინ იცის.. მაგრამ გააგდეს შესნი და მოკვდა თამაშიც. ნაადრევად დასრულდა ეს სილამაზე.
მერე იყო ლაწალუწი და ხელის ქნევა, იცის ხოლმე ასე რუდიგერმა. ეგეთი ფეხბურთელია.
თასი ტერ შტეგენმა ასწია. არაფერი უტკენია. კარგად არის.
სულ ასეთი მუხტით გვევლოს!
წინ ჯერ კოპა დელ რეია, მერე ლა ლიგა, მერე ჩემპიონთა ლიგა,
აბა ვნახოთ, კიდევ თუ შეგვიძლია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]