მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მეორე კულე ასიანთა კლუბში
"ბარსას" აუცილებლად სჭირდებოდა მოგება, ბოლო მატჩებში ერთი შეხედვით იოლ შეხვედრებში ფლანგა ქულები, ისეთი არაფერი მომხდარა რაც გვარდიოლას თავს ხდება ახლა, მაგრამ მოგება საჭირო იყო გონზე მოსასვლელად. "ბრესტი" ლიგაზე კარგად გამოდის, შესაძლოა, პლეიოფშიც მოხვდნენ, "ბარსამ" კი იოლად მოუგო, თითქოს ძალების დაზოგვით, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ლიგაზე "ბარსას" სამი რთული მატჩი დარჩა ჩასატარებელი - ერთი დეკემბერში, გასვლაზე "დორტმუნდთან", ორი იანვარში, გასვლაზე "ბენფიკასთან" და სახლში "ატალანტასთან". დიდად არ მომწონს ჩემპიონთა ლიგის ასეთი ფორმატი და მგონია, რომ ხანგრძლივი ცხოვრება არ უწერია, იქნებ ბოლო ტურებში მაინც გახდეს საინტერესო. მერე კიდევ პლეიოფები დაიწყება.
ასიანთა კლუბი
მთავარი ამბავი, რა თქმა უნდა, ლევანდოვსკის მიღწევაა. ინტერვიუში აღნიშნა მესისა და რონალდუს დონეზე არ ვყოფილვარ, მაგრამ განვლილი კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე ახლოს მივედი, მეც სადღაც იქვე ვტრიალებდიო. ეგრეა, რიცხვებშიც ეგ ამბავია, პოლონელი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ლიგაზე 100 ზე მეტი გოლი შაგდო. "ბრესტთან" ჯერ მეასე გაიტანა თერთმეტმეტრიანით, ბოლო წუთებზე კი ასმეერთეც შეაგდო თავის სტილში, გადასარევ პირველ შეხებას უზუსტესი დარტყმა მიაყოლა მეკარის შორეულ კუთხეში, გაასრიალა ბურთი გაზონზე და ბილიარდის ბურთივით მიუჩინა ადგილი.
მართალია უმეტესი ნაწილი ამ გოლების "ბაიერნზე" მოდის, მაგრამ მაინც სასიხარულო ამბავია, რომ ასიანთა კლუბში ორი "ბარსელონელი" გვყავს. ის დიდი არგენტინელი და ვეტერანი პოლონელი.
ისევ იამალის გარეშე
ნუთი იამალია გასაღები? აღარ არის "ბარსა" ისეთი ეფექტური, ისეთი სწრაფი და საინტერესო, როგორც წინა შეხვედრებში იყო. იამალის არყოფნაში მთავარი შემქმნელი დანი ოლმო უნდა ყოფილიყო, დაიწყო კიდეც ძირითადში, მაგრამ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის, როგორც ჩანს, უქმობამ ცუდად იმოქმედა მასზე, ამოვარდა ფორმიდან, არიან ასეთი ფეხბურთელები, მცირე უქმობა, რომ საშინლად მოქმედებს მათ სათამაშო ფორმაზე, მაგალითად, კევინ დე ბრუინიც ასეთი კაცია, ერთი კვირა თუ გაუცდა მერე არაფერს აღარ ჰგავს. ბელგიელი გამახსენდა იმიტომ, რომ წასვლა აქვს გადაწყვეტილი და "ბარსელონაც" გავიფიქრე, მაგრამ არც კევინია ის, რაც ადრე იყო, და "ბარსაც" შევსებულია ახალგაზრდებით, ზუსტად დანი ოლმოა ის ფეხბურთელი, რომელიც მის არეალს ავსებს, რომელსაც ასევე ძალიან ეტყობა გაცდენილი მატჩების გამო ცუდი სათამაშო ფორმა. მიუხედავად ამისა, მომენტებში მაინც გვაჩვენა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა და ლამაზი გოლიც შეაგდო. მოკლე მონაკვეთში იმის გაკეთება რაც მან გააკეთა ძალიან რთულია, ამას მესისგან ვიყავით მიჩვეული, ასე მარტივად რომ აუვლიდა მცველს გვერდს, თითქოს არც მდგარიყოს არავინ. აგერ, ოლმოსაც სცოდნია, ჭკვიანური პირველი შეხება ჰქონდა, მერე მცველს ისე ჩაუარა, როგორც სავარჯიშო დგარს და გოლიც შეაგდო. ფლიკმა ეგრევე გაიყვანა და მადლობაც გადაუხადა, როგორც ჩანს, თავიდანვე შეთანხმებულნი იყვნენ რა დროს მიიღებდა დანი ოლმო. ასე ნელ-ნელა უზრდის სათამაშო დროს და ოლმოც ნელ-ნელა შედის ფორმაში.
სამაგიეროდ, პედრი უკვე ფორმაშია. დაიწყო ისევ თავისებირად, ასეთი დრიბლინგი, ასეთი მანერა ძალიან იშვიათად თუ მინახავს, ყოველი მომდევნო შეხება ისეთი აქვს თითქოს ბურთი უნდა გაექცეს, მაგრამ უკვე ვიცით რომ მეტოქის დასაბნევად აკეთებს ამას. წარმომიდგენია რა რთულია ასეთ ფეხბურთელს აედევნო და ბურთის წართმევა სცადო, მოიქნევ ფეხს და ბურთი უკვე დაფარული აქვს კორპუსით, მაქსიმუმ დაჯარიმდე. ინიესტა აწვალებდა ხოლმე ასე მცველებს. ამ სეზონში ველით შედევრს პედრისგან, როცა ჯანზე იყო ქმნიდა შედევრებს, მერე ტრავმებმა წაართვეს ამის უნარი, ახლა ისევ მაგრად დაიწყო და ეს მოლოდინიც გააჩინა, რაღაც ძალიან არაორდინალური ისევ უნდა გვაჩუქოს.
გარდა ამ ხალხისა ნახევარდაცვაში ისევ ვნახეთ კასადო. არ დაუსჯიათ წითელი ბარათის გამო, როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ ეგ საბოდიშო არ არის, ფეხბურთის ნაწილია, საბოდიშო ის იყო, რაც კუნდემ გააკეთა, დე იონგმა კი ცენტრი საერთოდ ვერ გაამაგრა და ფაქტია, რომ ფლიკი ნაკლებად ენდობა. კასადოს მიმართ ნდობას კი არაფერი ემუქრება. დრო მიიღო ფერმინ ლოპესმაც, გატანაც შეეძლო, ორი კარგი მომენტი ქარს გაატანა, ერთხელ კასადოს ძალიან კარგი პასის მერე აჯობა მეკარემ, მეორედ ლოვანდოვსკის პასი ვერ შეირგო. როცა ასეთ კონკურენციაში დროს იღებ, როგორმე უნდა შეძლო და გამოიყენო ეგ მომენტები, თორემ, მოვა შემდეგი მატჩი და პიტბულივით გავი დაიკავებს შენს ადგილს.
მატჩის მერე ფლიკმა ლამინეს უთხრა იმედია შაბათს მოედანზე იქნებიო, ლამინემ კი უპასუხა ხვალ უკვე ვარჯიშს ვიწყენო, ეს კიდევ გადასარევი ახალი ამბავია.
წინ რა გველის
კალენდარი მოსაწყენია. მთავარია თამაშმა გაგვახალისოს. იამალის გარეშე ცოტა არ იყოს მოვიწყინე, მაგრამ პედრის, ოლმოსა და ლევანდოვსკის თამაშის ყურება მაინც სასიამოვნოა. რაფინიას გუშინ არ გაუმართლა, მაგრამ ისევ ისეთი დაქოქილია, დაცვას ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ მაინც გამახსენა ერთი კაცი - სად არის არაუხო ამდენი ხანი?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]