მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შეგერგოს!
"ბაიერნის" მსგავსად აქაც ხუთი წუთის დაგვიანებით დავიწყე მატჩის ყურება, ოღონდ "ბაიერნთან" მე დამაგვიანდა, ამ შემთხვევაში კი ხარვეზი იყო და გვიან დაიწყო ტრანსლაცია, უკვე შიში მქონდა, ვაი და ამ დროში ისევ მოასწრეს და გაიტანეს-მეთქი. ასეა საქმე, ფლიკის "ბარსა" რაც უფრო ძლიერ გუნდს ხვდება მით მეტად მოტივირებულია და არაფერს აღარ ტოვებს მეტოქისგან. ქარიშხალივით არის ეს გუნდი, აიტაცებს ჰაერში მეტოქეს და მიმოყრის ასე ნაწილ-ნაწილ, როგორც ვინისიუსი და მბაპე იყვნენ გუშინ ცალ-ცალკე გადავარდნილები, საერთოდ აღარ ესმოდათ არც ერთმანეთის ხმა, არც ერთმანეთის მოქმედების. ისევ და ისევ გვარდიოლას სადებიუტო სეზონი მახსენდება, მას მერე "ბარსას" ასეთი მძლავრი დასაწყისი არ ჰქონია, ასეთი სიახლე არ შემოუტანია და როგორც მაშინ, არც ამჯერად იყურება ქომაგი შორს, რადგან მთავარი ჯერ კიდევ პროცესია, ყოველი მომდევნო ტური, მომდევნო მატჩი, ჯერ სიამოვნების ჯერია.
პირველი ტაიმი
იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, მაღლა აწეული დაცვით ითამაშებდა თუ არა ჰანსი ფლიკი, მსოფლიოს ყველაზე სწრაფ შემტევებთან, გარბის ვინისიუსი, რომელიც დღე-დღეზე ოქროს ბურთს აიღებს, გარბის მბაპე, რომელიც არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია ბოლო რამდენიმე წელია, აქედან ბელინგემი, იქედან ვალვერდე, ყველა გამქცევია და ამათი დაწევა ძალიან რთული ამბავია, მით უმეტეს, თუ ცენტრამდე აწეული დაცვით თამაშობ, მაგრამ გარისკა ფლიკმა და ამან გაამართლა. ეს ბეწვის ხიდია, წარმოუდგენლად რთულია ის ერთი ნაბიჯი ყოველთვის ზუსტად გადადგა ან წინ, ან უკან, შენს ნაბიჯს მთელი დაცვის ხაზი აჰყვეს და ეს თავქუდმოგლეჯილი კაცი თამაშგარეში დატოვო. რთულია, მაგრამ შესაძლებელი, და ასეც მოხდა, რამდენჯერაც მბაპე გაიქცა იმდენჯერ მიღმა დატოვეს, რაღაც მომენტებში ალბათ გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ არც კილიანს ეყო სათამაშო ინტელექტი, ვერცერთხელ სწორი პაუზა ვერ აიღო, ამდენჯერ ალბათ ფილიპო ინძაგიზეც კი არ აწეულა გვერდითი მსაჯის ალამი.
შეაგდო მბაპემ პირველ ტაიმში, შეაგდო თამაშგარედან, კაი ხანს იზეიმა და გაზომეს მერე სანტიმეტრებში. პირველი ტაიმის ყველაზე სიმბოლური მომენტი იყო, "მადრიდს" ცოტა აკლდებოდა, ეს ცოტა ურთიერთგაგებას მოაქვს, რომელიც აღარ აქვს ანჩელოტის გუნდს, როგორც სეზონის წინ ვარაუდობდნენ, მბაპეს მოსვლამ რაღაც არია, კარლო ჯერჯერობით ვერ ალაგებს, "ბარსა" კი წინ მიიწევს.
ერთი-ორჯერ ძალიან მაგრად გაიქცა ვინისიუსი, მოსალოდნელიც იყო, საუკეთესო მარცხენა გარემარბია, ერთხელ ყველასთან გაიქცევა, არა მხოლოდ კუნდესთან, მოტეხა ეს ჩვენი მცველები და ვიფიქრე ეგ არის, ახლა შეაგდებს-მეთქი, მაგრამ ძველი ვინისიუსი გაგვახსენა, ყველაფერს კარგად რომ აკეთებდა და დარტყმით ლისაბონში ურტყამდა. ეგ იყო და ეგ, სხვა ბევრი არც არაფერი შეუქმნია მადრიდის "რეალს".
საერთოდ, ძალიან მაღალი დონისა და კლასის პირველი ტაიმი იყო, დიდი ხანია ასეთი კლასიკო აღარ მინახავს, ფაქტობრივად ყველა მონაკვეთში დიდი ბრძოლა იყო გამართული და ამ ბრძოლაში ყველგან ჩანდა ტექნიკაც და ინტელექტიც. იყო ერთი დასანანი მომენტი, ახლა კაცმა არ იცის იყო თუ არა იამალი თამაშგარეში, მაგრამ ლევანდოვსკის პასი იყო ზღაპრული, შესაძლოა, კლასიკოების ისტორიაში საუკეთესო, ლამინემ კი ვერ შეირგო, ტექნიკურად ცდილობდა გატანას და მეკარემ აჯობა, მე მგონი რომ მაინც წინ იყო, უბრალოდ დაამთავრებინეს ეს შეტევა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ყველა ხვდებოდა რომ მატჩი ასე ვერ დასრულდებოდა.
დუბლი 2
მეკარეებზე უნდა ითქვას, "მადრიდს" კურტუა აკლდა, "ბარსას" შტეგენი, პენიამ მაგრად ინერვიულა და თითქმის ყველა პასი ან აუტში გადააგდო, ან მეტოქეს ჩააბარა, აი, კარის ხაზზე გაცილებით დამაჯერებელი იყო და რამდენიმე კარგი ბურთი მოიგერია. ფეხბურთელებმა კი იფიქრეს რომ ერთიც და მეორეს უყურადღებოდ ტოვებდა კარს და ყველა ცენტრიდან ცდილობდა გატანას, ხან "მადრიდის", ხან "ბარსას" ფეხბურთელები, საბოლოოდ, ასეთი დარტყმით გოლი არ გასულა, მაგრამ სახალისო სანახავი კი იყო.
ჰოდა, მოვიდა ის წუთი, როცა ჩვენმა საყრდენმა, ახალგამოჩეკილმა ვარსკვლავმა, მარკ კასადომ ერთი პასით მეტოქის დაცვის ორი ზონა შუაზე გაჭრა, და რომ ვიფიქრე ემანდ ისევ "ოფსაიდი" არ იყოს მეთქი გაიქცა ლევანდოვსკი და იდეალურად შეასრულა, დაიწყეს ზეიმი და მე ისევ მსაჯის სასტვენს ველი, რადგან ბევრი იყო ამ შეხვედრაში თამაშგარე, მაგრამ ისე განახლდა თამაში ცენტრიდან რომ არავის დაუსტვენია და როგორც იქნა ანგარიში გაიხსნა. ლევანდოვსკი ინტელექტით უფრო მაღლა დგას, ვიდრე მბაპე, საჭირო პაუზას ყოველთვის სწორ დროს იღებს, და პასიც ძალიან დროულად მიიღო, ლამაზი იყო ღმერთმანი, ძალიან ლამაზი.
ფლიკმა მეორე ტაიმში ფრენკი დე იონგი გამოიყვანა, ფერმინ ლოპესი შეცვალა, რომელიც ვერ იყო ისეთი ეფექტური როგორც მიუნხენის "ბაიერნთან". ცუდი იყო-მეთქი ამასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ მოედნის ცენტრში ისეთი კონკურენციაა, რაღაც დასამახსოვრებელი უნდა გააკეთო, თორემ მოგიწევს გადაჯდომა.
ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ დე იონგი დიდად სასარგებლო ვერ არის, როცა მარტო დგას საყრდენზე, მაგრამ თუ გვერდით კლასიკურ საყრდენს ამოუყენებ, მერე იწყებს ხოლმე თავისი უპირატესობების გამოვლენას. არ ვიცი ფლიკი რას გადაწყვეტს, მაგრამ დე იონგისა და კასადოს დუეტიც მშვენივრად გამოიყურება, ყველაზე კარგი ის არის, რომ ტაქტიკური გადაწყობის საშუალებასაც იძლევა. მოკლედ, გააგორეს ბურთი ცენტრში, კარგად გადმოიტანა დე იონგმა ბალდეზე, ამან უზუსტესად ჩააწოდა და... რა ლამაზია! გვახსოვს კლასიკოში თავით გატანილი ლამაზი გოლები და ეს გოლიც იმ გადასარევ სიას შეუერთდება, პირველ რიგში, კარლეს პუიოლის, პატრიკ კლუივერტის, ლუის ენრიკეს და ჯანდაბას, სერხიო რამოსის გატანილ გოლებს. აქ მორჩა "რეალი". უკვე ჩანდა რომ ამ თამაშის მომტრიალებლები არ იყვნენ, ეგ კი არა, საქმე ის იყო, "ბარსა" გაჩერდებოდა თუ არა, ფლიკის გუნდები კი არ ჩერდებიან.
დაიძრა ქარიშხალი მეტოქის კარისკენ და ლევანდოვსკიმ როგორღაც ააცილა, თითქმის ცარიელ კარში, არც აღარაფერი აკლდა ჰეთთრიქამდე, გაცილებით რთული პოზიციებიდან შეაგდო და უფრო მარტივიდან ააცილა. მოსდის ხოლმე ასე. მე კიდევ ის დიდებული 6:2 გამახსენდა, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა მესიმ და ინიესტამ დახატეს კომბინაცია და მესიმ როგორღაც გააფუჭა ის მომენტი, მერე დაიბოღმა და რაც გააკეთა კი ახსოვს ყველას, აი, ლევანდოვსკის უკვე გაკეთებული ჰქონდა მთავარი საქმე და ამიტომ გამიკვირდა რომ ააცილა, წნეხიც ნაკლები უნდა ჰქონოდა, თავისუფლად უნდა დაერტყა, თან ვინ თუ არა მან, იცის რას ნიშნავს "მადრიდის" კარში შეგდებული სამი და ოთხი გოლი.
ფლიკმა დანი ოლმო გამოიყვანა კასადოს ნაცვლად. გუნდი ისევ ერთ საყრდენზე გადაეწყო. თითქოს მივიღეთ ის შემადგენლობა, რომელიც ძირითადს წააგავს, მაგრამ გავი ასე მარტივად არ დათმობს ადგილს. ოლმოსთან ერთად "ბარსა" გაცილებით მარტივად გადადის შეტევაში და კიდევ უფრო მარტივად აკეთებს ბოლოს პასს. წავიდა და წავიდა ეს შეტევები, ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ზედმეტად კუთხისკენ გაექცა ბურთი და ვეღარ მოარტყა კარში. რა უსამართლოა ცხოვრება, ორი გოლი შეაგდო და ამ დროს მაინც ასაკი წამოაძახეს.
სამაგიეროდ, ლამინემ აჩვენა ამ პოზიციიდან, ამ კუთხიდან როგორ უნდა დაერტყა, რაფინიამ ძალიან კარგად ითამაშა, გაწყვიტა შუაზე "მადრიდის" დაცვა, პასიც დროულად გააკეთა და 17 წლის ლამინ იამალმა მარჯვენა ფეხით ანგარიში სამამდე გაზარზე, გაიკრიჭა და გამოაჩინა "ბარსას" ფერებში დამაგრებული ბრეკეტები, კიდევ მრავალი წელი მოუწევთ მისი ყურება, დიდი ისტორიის წერა კი უკვე დაწყებულია.
წერტილი რაფინიამ დასვა, აქაც მესი გამახსენდა, იმდენი აქვს "რეალის" კარში შეგდებული რომ რაც არ უნდა მოხდეს მაინც გაგახსენდება ადამიანს, ანრის პასი, მესი თავზე უგდებს კასილიასს, კანავარო ძელს შეასკდა, აი.. ეგ გამახსენდა. რაფინიამ თავზე გადაუგდო ლუნინს და ვასკესიც გაეკიდა ბურთს მოვალეობის მოხდის მიზნით, მაგრამ გაეხვა ბადეში, ბურთიც და ვასკესიც. გაეხვა ბადეში მთელი მადრიდის "რეალი", ფლიკმა ამოიღო ეს ბადე "ბერნაბეუდან", გადმოყარა ნადავლი, გაატყავა და დანაყრდა.
შეგერგოს!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 31 ]