რაფინიას ჰეთ-თრიქი და ტრიუმფი ბაიერნის წინააღმდეგ - მატჩის ანალიზი

ეს იყო რობერტ ლევანდოვსკი ჰარი კეინის წინააღმდეგ, ჰანსი ფლიკი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ, ევროპის ორი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დაპირისპირება კონტინენტის მთავარ ტურნირზე.
"ბარსელონა" პირველივე წუთზე დაწინაურდა, რაფინიამ გერმანელების არეული დაცვით ისარგებლა, ნოიერი მინდორზე დააწვინა და ანგარიში გახსნა. შემდეგ ფორვარდების ჯერი დადგა. ჰაერი კეინმა მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა - პირველი მცირე თამაშგარე აღმოჩნდა, მეორე კი სამართლიანად ჩაითვალა და ანგარიში გათანაბრდა. ლევანდოვსკის ჯერიც მოვიდა და პოლონელმა 36-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარი აიღო, ტაიმის ბოლო წუთზე კი რაფინიამ მესამეც შეაგდო და "ბარსას" კომფორტული უპირატესობა მოუპოვა.
მაგრამ შეძლებდნენ გუნდები ამ სანახაობის მეორე ტაიმში გაგრძელებას? რა თქმა უნდა, შეძლებდნენ. "ბაიერნმა" მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ 56-ე წუთზე ისევ "ბარსამ" გაიტანა - იამალის შორეული პასით და რაფინიას უზუსტესი შესრულებით თამაშს წერტილი დაესვა.
The Athletic-ის ჟურნალისტები დერმოტ კორიგანი, მაიკლ კოქსი და მარკ ქერი თამაშის ანალიზს გვთავაზობენ.
მატჩის სტატისტიკა
მხიარული საღამო ჰანსი ფლიკისა და ბარსელონასთვის"
პირველ ორ თვეში ფლიკის "ბარსასთვის" ყველაფერი მშვენივრად მიდის - გუნდი კარგად თამაშობს, მატჩებს იგებს და ბევრ გოლს იტანს. "ლა მასიელები" პირველ გუნდში ინტეგრირდნენ, ძველი ვარსკვლავები ახალი ენერგიით ათამაშდნენ და ქომაგთა სახეებზე ღიმილი დაბრუნდა.
ბევრს მაინც ეჭვი ეპარებოდა. "დასკვნების გამოტანა ადრეა, ვნახოთ, ნამდვილ გამოცდას როგორ გაართმევენ თავს", - ეს იყო "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ექსპერტების განწყობა.
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნზე" დიდი ტესტი კი არ არსებობს. "ბარსას" ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ორი მოგება ჰქონდა. ყველაზე დრამატული 2020 წელს 2-8 მარცხი იყო. მას შემდეგ "რეკორდმაისტერმა" კიდევ 4 მატჩი მოიგო და "ბარსას" ერთი გოლიც არ გაატანინა.
ასე რომ, გუშნდელი შედეგი და პერფორმანსი ფლიკისგან უდიდესი მიღწევაა. გუნდი ენერგიით, რწმენითა და მონდომებით აღსავსე გამოვიდა. ტაქტიკა სარისკო იყო, მაგრამ იმუშავა. ეს არ იყო უბრალოდ მოგება, ეს იყო გადავლა, რაც ამ გუნდების ადპირისპირებაში ორივე მხრიდან ხშირად ხდება.
ფლიკის წინამორბედებმა - ჩავიმ, რონალდ კუმანმა და კიკე სეტიენმა - "ბაიერნთან" პირველი დაპირისპირება უშანსოდ წააგეს. გერმანელთა დამარცხება სადებიუტო სეზონში მხოლოდ პეპ გვარდიოლამ და ლუის ენრიკემ მოახერხეს, "ბარსასთვის" ტრიუმფალურ სეზონებში.
ჯერ ადერა იმის პროგნოზირება, ფლიკიც შეძლებს თუ არა ტრებლის მოგებას, მაგრამ გუშინ "მონჟუიკზე" ყველას გაუჩნდა რწმენა, რომ ეს შესაძლებელია.
რაფინიას მოულოდნელად მაგარი ფორმა
ამას რაფინიას ყველაზე დიდი თაყვანისმცემლებიც ვერ წარმოიდგენდნენ. "ბარსაში" გადმოსვლიდან არცთუ წარმატებული ორი წლის თავზე ბრაზილიელი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია და კაპიტნის სამკლავურსაც ღირსეულად ატარებს.
"ბაიერნსაც" სწორედ მისი ლიდერობით მოვუგეთ. პირველივე წუთზე მცველების ზურგს უკან შეირბინა, ნოიერს გვერდი აუარა და დაუცველ კარში შეაგდო - როგორც მის სახელოვან თანამემამულეს უყვარდა. მეორე გოლზე კი ცენტრდიან ბრწყინვალედ იარა, მარჯვნივ შეტეხა და სუსტი ფეხით კუთხეში იდეალურად დაარტყა. საინტერესოა, რომ რაფინიასთვის დამახასიათებელი უფრო პირველი გოლია - მიუხედავად იმისა, რომ ფლანგზე იყო განწესებული, 10 ნომრის პოზიციაზე გადმოიწია და მცველებს უკან შეირბინა, რასაც ამ სეზონში ხშირად აკეთებს.
მესამე გოლი პირველი ორის კომბინაციას წააგავდა. ფლანგიდან ცენტრში შეირბინა, მცველებს ზურგს უკან გაიქცა და იმ ადგილიდან და იმ კუთხეში, საიდანაც მეორე გაიტანა, ნოიერის კარი მესამედ აიღო. სამი დარტყმა, სამი გოლი.
ლევანდოვსკი მეტოქისთვის კვლავ მთავარი საფრთხეა, იამალი კი თავისი ჯადოქრობებით პუბლიკის გაოცებას არ წყვეტს. მათი შესაძლებლობები ეჭვქვეშ არც არასდროს ყოფილა, რაფინიას საოცარი ფორმა კი ნამდვილად სიურპრიზია და ამავდროულად დიდი შეღავათი გუნდისთვის, რომელიც კრეატივის ნაკლებობას განიცდიდა.
რაფინია ბაიერნის წინააღმდეგ
სანახაობრივი პირველი ტაიმი
ანგარიში 57-ე წამზე გაიხსნა და ტემპი თითქმის მთელი პირველი ტაიმი არ შენელებულა.
ორივე გუნდის განლაგებამ, მაღალი, ფრთხილი პრესინგით, სარისკო ვერტიკალური პასებით უკანახაზიდან და კიდევ უფრო სარისკო ამოწეული დაცვის ხაზით (განსაკუთრებით "ბარსასგან"), უწყვეტი შეტევები და საგოლე მომენტები განაპირობა.
დიდხანს უპირატესობას "ბაიერნი" ფლობდა, რომელიც ბურთს აკონტროლებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა, რამაც შედეგიც გამოიღო და პირველ ოც წუთში 2 გოლი გაიტანა (საიდანაც 1 ჩაითვალა).
ასეთი მაღალი ტემპი ფეხბურთელებისგან ტექნიკის დემონსტრირებას მოითხოვდა, რასაც თავი იდეალურად გაართვეს პედრიმ და იამალმა, რომლებიც მეტოქის პრესინგს ულამაზესი მოძრაობით უმკლავდებოდნენ.
როგორ უძვრებოდა ბაიერნი ბარსელონას პრესინგს
"ბარსელონას" თავიდან ბოლომდე იდეალურად არ უთამაშია. საწყის ოც წუთში "ბაიერნს" ტოტალური უპირატესობა ჰქონდა, "ბარსას" ამოწეულ დაცვის ხაზს თავს მარტივად აღწევდა და საჯარიმოსთან მიახლოება არ უჭირდა.
ამოწეული დაცვა და აგრესიული პრესინგი ფლიკის გუნდის ხელწერაა. მაღლა მდგომი შემჭიდროვებული უკანახაზი შემტევებს მეტოქის ნახევარზე ბურთის მოპოვებისა და საჯარიმოსთან ახლოს ყოფნის თავისუფლებას აძლევს. თუმცა აგრესიული პრესინგის გარეშე ასე თამაში განწირული, რადგან მეტოქის შემტევების მცველებს უკან შერბენის რისკს აჩენს, რაც "ბაიერნის" დონის გუნდთან განსაკუთრებით სახიფათოა. საწყის წუთებში ისე ჩანდა, რომ "ბლაუგრანას" მცველებს კონცენტრაცია აკლდათ, მათი მოქმედება ზოგჯერ ყოველგვარ რისკს ცდებოდა და მიუნხენელებს დიდ სივრცეს უტოვებდა.
ვენსან კომპანიმ "ბარსას" პრესინგის დასაღწევად ჭკვიანურ მეთოდს მიმართა. გუნდი დაცვიდან ზიგ-ზაგურად ამოდიოდა და შეტევის მიმართულებას ხშირად ცვლიდა, რათა მეტოქის დაცვის ხაზი გაეწელა. "ბაიერნს" პირველ ტაიმში ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანის 12 მცდელობა ჰქონდა, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტია. ხშირად პასებს ერთმანეთში გარმარბები, სერჟ გნაბრი და მაიკლ ოლისე ცვლიდნენ. გოლიც სწორედ ასე გაიტანეს - ოლისეს გრძელმა პასმა გნაბრის სივრცე გაუხსნა და კეინს იდეალურად ჩაუწოდა.
ამ ტაქტიკით "ბაიერნს" მეტი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა "ბარსამ" კონცენტრაციას მოუმატა და მეტოქეს მეტი აღარ გაატანინა.
სტატია მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]