მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 36 წლის კაცის ბენეფისი
მარათონი გრძელდება, "ბარსა" ბევრად დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ "მადრიდთან" სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. სანაკრებო პაუზის მერე კიდევ ველით შევსებას, მთავარია ამ პაუზაზე კიდევ არავინ მიიღოს დაზიანება. ნაკრებში ყოველთვის ხშირია ეს ამბავი, მგზავრობა გიწევს, აკლიმატიზაცია, ორგანიზმი ყოველთვის მზად არ არის ამისათვის. მით უმეტეს, თუ 36 წლის ხარ.
მაგარ ფორმაშია პოლონელი, ფლიკმა გააცოცხლა, "ბაიერნის" ლევანდოვსკი დაგვიბრუნა, კარგად იცის მისი უპირატესობები და დაიწყო კიდეც გამოვლინება. ამჯერად ჰეთთრიქი შეასრულა და თავისთავად საუკეთესო იყო მოედანზე.
ისევ პროგრესირებს
ლევანდოვსკი იქით იყოს, საჯარიმსკენ, ახლა რაფინიაზე ვთქვათ ორი სიტყვა, სეზონის დაწყებისთანავე შეეტყო პროგრესი, ახლა კი საერთოდ სულ სხვა ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ორი თავით გაიზარდა, ეს ლიდერის თვისებები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ თუ საშემსრულებლო ოსტატობა არ გიწყობს ხელს ეგ ლიდერობა მერე ძალიან სასაცილო ხდება, ამჟამად კი რაფინია კარგი ლიდერია იმიტომ, რომ სარგებლის მოტანასაც ახერხებს.
ორი საგოლე პასი მიითვალა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, ერთი-ერთზეც გააფუჭა, უხეიროდ დაარტყა, პროგრესი კი აქვს, მაგრამ კლასი ასე სწრაფადაც არ მაღლდება. პირველი გოლი სტანდარტულიდან გავიდა, კარგად ჩააწოდა და ლევანდოვსკიმ თავით შეაგდო, გამახარა ამ გოლმა, რადგან სტანდარტული მდგომარეობა ყოველთვის დამატებითი იარაღია და თუ იცი როგორ გამოიყენო გაცილებით მეტი შანსიც გაქვს მოსაგებად.
მეორე გოლი კონტრშეტევას მოჰყვა, ბოლო პასი აქაც რაფინიამ ითავა, ძალიან დროული და კარგი პასი იყო ლევანდოვსკიზე, ასე ვენგერის "არსენალი" უტევდა, ასეთ პასებს მარცხნიდან ანრი და პირესი აკეთებდნენ ხოლმე. მოკლედ, ლამაზი იყო. რომ არ ველოდით ისეთი ამბავია და რაფინია დღევანდელი გადმოსახედიდან უეჭველად ძირითადის კაცია. თანაც, თავისი უნივერსალიზმის დამსახურებით ყოველთვის მეტი შანსი აქვს თამაშის.
ფერანმა ტრავმა მიიღო, ანსუ ფატი გამოვიდა, ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა და ვერცერთი ვერ გამოიყენა, ასე რომ, მარცხენა ფლანგი კიდევ დიდხანს იქნება რაფინიასი, მას შემდეგ რაც მოედნის ცენტრში ვარსკვლავები დაბრუნდებიან ულაპარაკოდ ფლანგზე გადაინაცვლებს.
ესეც ცენტრი
არ ვიცი კასადოს კიდევ რამდენი დრო ექნება, გავი და ოლმო დასაბრუნებლად ემზადებიან, დე იონგი ნელ-ნელა იღებს სათამაშო დროს, პედრი ჯანზეა, ალბათ კასადოს ადგილი აღარ იქნება, არადა, ეს ბიჭიც ისე მომწონს, როგორც ბერნალი ტრავმამდე, გუშინ კიდევ გაჭრა პასი სერხიო ბუსკეტსივით. სწორედ მისი პასი იყო მთავარი და არა გარსიას ბოლო პასი ლევანდოვსკიზე, კასადომ გაჭრა ერთი პასით მეტოქის ზონები, მერე კი ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო.
ასეა საქმე, როცა ძლიერი აკადემია გაქვს სხვაგან ძებნას აზრი არ აქვს, სუსტი პოზიციის გაძლიერებას საკუთარი სკოლიდანაც შეძლებ. ფლიკმაც ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდებს და შედეგიც სახეზეა. თუმცა, ნდობის გარდა სხვა გზა არც ჰქონია.
პედრის კი ოლმო სჭირდება, საერთოდ, "ბარსას" ძალიან სჭირდება ეს ფეხბურთელი, ფაქტობრივად ერთადერთია ვინც ნახევარდაცვასა და თავდასხმას აკავშირებს, ახლა რაფინია იღებს ამას თავის თავზე, მაგრამ ის მაინც გარემარბია, რომელსაც პოზიციის შეცვლა მოუწია. ოლმოსთან ერთად კი "ბარსა" გაცილებით სხვა გუნდია. ველით, ველით!
გარდა სამი გოლისა
მხიარული თამაში იყო, მეტოქესაც ჰქონდა მომენტები და ერთი შეაგდეს კიდეც, მაგრამ VAR-მა გააუქმა. ისე კი ლამაზად ცდილობდნენ თამაშს, დავიდ ვილიას სტილში სცადეს გოლების გატანა და არაფერი გამოვიდა ამ ამბიდან. "ბარსას" მხრიდან კი მხოლოდ ლევანდოვსკის გაჰქონდა, ვერც რაფინიამ შეძლო, ვერც ფატიმ, ვერც პედრიმ. არადა, მომენტები მრავლად იყო. რაღაც მომენტში მომეჩვენა რომ ვარჯიშს დაემსგავსა ეს ყველაფერი, "ბარსამ" ძალიან დიდი უპირატესობა იგრძნო მეტოქესთან მიმართებით, ეს კიდევ ძალიან დიდი ხანია აღარ მომხდარა, ეს იმ დიდ "ბარსელონაში" ხდებოდა ხოლმე, სადაც ლეო მესი თამაშობდა, მას მერე კიდევ სხვა "ბარსელონას" ვუყურეთ და ახლა პირველად გვაქვს იმის თქმის საფუძველი რომ ვუბრუნდებით ამ სიმაღლეს, ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, გერმანული პროექტით.
ფლიკს ყველაფერი კარგად აქვს ორგანიზებული, კარგად ჩანს რომ მოედნის მიღმაც დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინას, სეზონის წინ მისი გუნდის წევრმა გვამცნო, თქვენი წარუმატებლობის მიზეზი ცუდი ფიზიკური მომზადება იყო და ამ ამბავს მე მივხედავო, ჰოდა, ჯერჯერობით კარგად აკეთებს თავის საქმეს. გუნდი გაცილებით მეტს მოძრაობს, უფრო სწრაფად, უფრო მობილურად და აგრესიულად.
აბა გავედით პაუზაზე და მერე გადასარევი მატჩები გველის წინ:
20 ოქტომბერი - "ბარსელონა" vs "სევილია"
23 ოქტომბერი - "ბარსელონა" vs "ბაიერნი"
26 ოქტომბერი - კლასიკო მადრიდში
3 ნოემბერი - დერბი "ესპანიოლთან"
აი, სად და როდის გვჭირდება სრული მობილიზება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]