მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარტივი მოგება პატარა ბიჭებთან
"მონჟუიკზე" "კამპ ნოუს" ხმა გაისმა - ინიესტაა! ინიესტაა! ამოიყარა ამ ხმაზე მოგონებები გამარჯვებულ და ელეგანტურ კაცზე, მეღვინე კაცზე, რომელიც დიდების წლებში მხოლოდ მეტოქეს არა, დეპრესიასაც ებრძოდა. ეგზისტენციალურ კრიზისში იყო მაშინ, როცა საოცრებებს ქმნიდა მოედანზე, საზრისზე კითხვები - ვინ ვარ? რატომ ვარ? რატომ შემიძლია ეს ყველაფერი მხოლოდ მე? ასე წაუფილოსოფოსა და დაამძიმა მისი გონება ამ კითხვებმა, მოედანზე კი ისევ ისეთი ლაღი და შეუხებელი იყო. ჰოდა, დაუსრულებია ანდრესს საფეხბურთო კარიერა, მალე ალბათ ლა მასიაში დაიდებს ბინას და რომელიმე ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგება სათავეში, ან იქნებ იაპონური კლუბი ჩაიბაროს. რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გაწვრთნას, ადრე თუ გვიან, "ბარსელონაში" ვიხილავთ.
იოლი გამარჯვება
ფლიკს ისე სურდა პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე რომ ლა ლიგაში გუნდი ზედმეტად გადაახალისა. ახლა, შესაძლოა, ფიქრობდეს კიდეც რომ ეს შეცდომა იყო, იქნებ პირიქით სჯობდა, მაგრამ ეგ ჩავლილი ამბავია, გაკვეთილი ნასწავლია, დასკვნა გამოტანილია.
ძირითადი შემადგენლობა ვიხილეთ, ახლა, ამჟამად რამდენადაც შეიძლება რომ სრულყოფილი სახე ჰქონდეს ამ შემადგენლობას. ერთადერთი ფერანი იყო ცოტა ცუდად მოსახვედრი თვალში და ეგრეც მოხდა, მე მგონი, ყველაზე ცუდი და უსარგებლო იყო მოედანზე. არა მხოლოდ ინდივიდუალურად, ფერანი აშკარად ამოვარდნილია საერთო დინამიკიდან. თუმცა, ფლიკის გადმოსახედიდან ჯერ ფატიზე მაღლა დგას და უფრო მეტ დროსაც იღებს. ანსუ ფატის კი ისევ ფსიქოლოგიური პრობლემები ეტყობა, თითქოს თავისი როლი ვერ აქვს გააზრებული, ვერ იღებს ახალ რეალობას, ვერ ეგუება იმას, რომ აღარ არის ამომავალი ვარსკვლავი. დარჩა ეს ვარსკვლავური ქედმაღლობა, მოედანზე კი შესაბამისს ვერაფერს აკეთებს, ეს კი ძალიან საშიში და მავნებლური კომბინაციაა.
ასე მგონია, ასე ვხედავ.
სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, "იანგ ბოიზი" სუსტი გუნდია, იქნებ ყველაზე სუსტიც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსამ" ძალების დაზოგვით მოიგო, რაფინია კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ლამინემ მესის სტილში გაიყვანა კარგ პოზიციაზე, ამანაც მარჯვენათი გაუშვა საჯარიმოს გასწვრივ და იქ ლევანდოვსკი დახვდა. რაფინიასა და რობერტს ყოველთვის კარგი ქიმია ჰქონდათ.
მერე გოლის დროც მოვიდა, ასეთ გოლებს ის აგდებს ვინც ბოლომდე ჩართულია თამაშში, ელოდება თავის შანსს და იცის რომ აუცილებლად მიიღებს. სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოჩნდა და ერთი შეხედვით მარტივი გოლი შეაგდო.
მესამე გოლი სტანდარტულიდან შევარდა, პედრიმ რბილად ჩააწოდა საჯარიმოში და იქ ინიგო ახტა ყველაზე მაღლა, კარგი გოლი შეაგდო. საერთოდ, კარგად იწყებს სეზონს და ასე მარტივად არ დათმობს ძირითადს. დაბრუნებულ მცველებს ბრძოლა მოუწევთ ძირითადისთვის. ამ გოლს კიდევ ერთი სტანდარტი მოჰყვა, ისევ ინიგოზე ჩააწოდეს და ამჯერად საგოლე პასი მიითვალა, ლევანდოვსკიმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. პოლონელი კარგ ხასიათზეა, უკვე ეტყობა რომ საუკეთესო სეზონს ჩაატარებს. ვინ იფიქრებდა... მესამე წელს!
ბოლოს ერთი ავტოგოლიც გავიდა. ამაში განსაკუთრებული წვლილი არავის შეუტანია. აბსოლუტურად მეტოქის დამსახურებაა.
ფრენკი დაბრუნდა
ჯანი გვისურვებია!
რადგან მოედანზე გამოუშვეს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა, ესე იგი, ტკივილი აღარ აწუხებს, ღიმილით გამოვიდა თამაშს მონატრებული. წესით და რიგით, დიდი უპირატესობა უნდა მოგვცეს ამ დაბრუნებამ. როგორც მინიმუმ, ნახევარდაცვის ხაზი შეივსება. საინტერესოა, ფლიკი როგორ ხედავს მის სათამაშო პოზიციას, აქამდე ბევრჯერ დაგვიწერია რომ ფრენკი იმ პირობებშია საუკეთესო, როცა კლასიკური საყრდენის ირგვლივ მოძრაობს. ახლა კი ის დროა, საერთოდ აღარ ჰყავს გუნდს კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი, ახლა მხოლოდ საკუთარი თავის ირგვლივ თუ იმოძრავებს.
ვნახოთ აბა, რა გამოვა ამ ამბიდან.
სულ მალე უნდა დაბრუნდნენ ფერმინი, ოლმო, გავი და არაუხო.
კიდევ მცირე მოთმინება და ძალიან მაგარ "ბარსას" ვიხილავთ. არც კლასიკოა ძალიან შორს, მიზანი კი, რა თქმა უნდა, ეგ არის, რაც შეიძლება კარგი შემადგენლობით შეხვდეს "ბარსა" "მადრიდთან" დაპირისპირებას.
მომდევნო მატჩი "ალავესთან". სულ რაღაც ოთხ დღეში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]