მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პრემიერლიგა ლა ლიგაში

მაღალი ტემპი, უამრავი მომენტი, ბევრი გოლი - ლა ლიგაში პრემიერლიგური მატჩი ვიხილეთ, რაც ძალიან იშვიათია. ეს მხოლოდ "ბარსას" და ფლიკის დამსახურება არ არის, "ვილიარეალიც" ბევრს უტევდა, უსაქმოდ ნამდვილად არ ყოფილა და ვინც თამაშს არ უყურა ეს მატჩი იოლ გასეირნებად მოეჩვენება, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა იყო.
ვნახეთ ის, რაც "მონაკოსთან" ვერ ვნახეთ. ფლიკმა შეძლო და თამაში მეტოქის მესამედამდე გადაიტანა, ბურთი ძირითადად ამ მონაკვეთში მოძრაობდა, ამის წინააღმდეგი არც "ვილიარეალი" ყოფილა, თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააწყვეს და რამდენიმე ძალიან მაგარი შეტევაც გამოუვიდათ, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო ნიკოლა პეპე, დაქროდა ჩრდილოეთის ქარივით.
როგორღაც მხოლოდ ერთი გოლი შეაგდეს. კიდევ სამი შეაგდეს, მაგრამ..
მოკლედ, ანგარიშმა არავინ მოარტყუოს, რთული თამაში იყო, "ბარსამ" ბევრი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
იღბლიანი სასტარტო და უიღბლო შტეგენი
ფლიკმა ცვლილებები გააკეთა, მიხვდა რომ ორი საყრდენით თამაში არ ივარგებს, მით უმეტეს, როცა ოლმო არ თამაშობს, ასე შეუძლებელი იქნება მეტოქის მესამედზე დამკვიდრება, ამიტომ, კასადო სკამზე დასვა, გარსია საყრდენზე დატოვა და პედრის პაბლო ტორე შეუწყვილა. ამან ბოლომდე გაამართლა, პაბლიტო ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში და ორ ყველაზე გარდამტეხ მომენტში ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ცვლილება ვნახეთ დაცვის ცენტრშიც, დაისვენა კუბარსიმ, ძირითადში 19 წლის სერჟი დომინგესი ვიხილეთ. ვერ ვიტყვი რომ კედელივით იდგა, მაგრამ ასეთ რთულ შეხვედრაში მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ცვლილება იყო მარცხენა ფლანგზეც, ბალდეს ნაცვლად 22 წლის ჟერარ მარტინი დადგა, მეორე ტაიმში 18 წლის ჰექტორ ფორტმა შეცვალა.
თურმე, სკამი იმაზე დიდი ჰქონია "ბარსას" ვიდრე ეგონათ, ამხელა დანაკლისის მიუხედავად ფლიკი რეზერვისთვის ადგილს მაინც პოულობს და როტაციას მიმართავს. ყველაფერი კარგად დაგეგმა, ფეხბურთელებმაც იდეალურად შეასრულეს, მაგრამ ერთი უიღბლობა მაინც თან გვდევს - ტერ შტეგენმა წინა მატჩთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე დაიწყო, სამჯერ შეძლო გუნდის გადარჩენა, არადა, ტაიმის ბოლოს ერთი-ერთზე გასულ პეპეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო და მერე როგორც წარიმართებოდა შეხვედრა კაცმა არ იცის. თუმცა, შტეგენმა აჯობა. სულ რამდენიმე წუთში მარკ-ანდრე საკაცით გაიყვანეს. ეს ძალიან დიდი დანაკლისია. ტრავმის მერე ტერ შტეგენი აშკარად არ იყო საუკეთესო ფორმაში, ახლა კი ისევ უქმობა მოუწევს, თანაც არავინ იცის რამდენ ხანს.
პირველი ტაიმი
"ვილიარეალის" უალამაზესი გოლით დაიწყო ყველაფერი, ოღონდ, თამაშგარე იყო და არ ჩაითვალა. რომარიოს გოლი გამახსენა გვარდიოლას პასის შემდეგ. ამას მეორე ძალიან ლამაზი ეპიზოდი მოჰყვა, ლამინე იამალმა მახვილი კუთხიდან უკვე შეიძლება ითქვას რომ თავის სტილში დაატრიალა და ბურთი ძელს მოხვდა, ასეთი დარტყმა მის მთავარ იარაღად ყალიბდება, ეს არ ჰგავს არიენ რობენის შესრულებას, არიენს ცენტრისკენ შეწევა უყვარდა და მხოლოდ ამის შემდეგ ატრიალებდა შორეულ კუთხეში, ლამინეს კი თითქოს არც სჭორდება ცენტრისკენ სვლა, ერთს გაწევს და ნებისმიერი პოზიციიდან ძალიან სახიფათოდ ატრიალებს შორეული კუთხისკენ, გინდ დარტყმა იყოს, გინდ ჩაწოდება, ჯერჯერობით მცველები ვერაფერს უხერხებენ.
ტაბლოზე ისევ ნულით-ნულია და ამ დროს პაბლო ტორეს პასი გამოდგა გადამწყვეტი, მან ითავა ბოლო პასის შესრულება, უცბად სისწრაფეში მეგონა რომ პედრიმ შეასრულა ეს გადაცემა, მერე კი აღმოჩნდა რომ პაბლო ყოფილა, მან გაჭრა შუაზე "ყვითელი ნავი" და დაიწყო კიდეც ნელ-ნელა ჩაძირვა. ვინ იცის მერამდენე არჩევანი იქნებოდა ფლიკისთვის, ახლა ამ ტრავმიანობის ჟამს თამაში მოუწია და ასე გამოიჩინა თავი. ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, პოლონელი ისევ მადაზეა.
მცირე ხანში "ბარსამ" მეორეც შეაგდო, იამალმა გააკეთა ის, რაზეც უკვე ვწერდით, საფირმოდ დაატრიალა შორეული კუთხისკენ, იქ ჯერ მეკარემ ივარგა, მერე კი ლევანდოვსკიმ დამატებაზე, ეს დიდი სხეული დაიმორჩილა და აკრობატულ ბრუნში კარში გადაგზავნა ბურთი - 2:0.
"ვილიარელმა" მალევე შეამცირა ანგარიში ძალიან სწრაფი და იდეალური კონტრშეტევით. ლამაზად ითამაშეს, ტაშიც ეკუთვნით, ბოლოს ლანძღვა დაიმსახურეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.
მეორე ტაიმი
შტეგენის საკაცით გაყვანა "ბარსასთვის" დარტყმა იყო, "ვილიარეალისთვის" კი სტიმული, უფრო მაგრად შეუტიეს და ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ისევ თამაშგარეს გამო გაუქმდა გოლი. "ბარსა" ბეწვის ხიდზე დადიოდა და შეტევაზე მაინც არ ამბობდა უარს, დაცვა კი თითქოს ვერ აჰყვა სისწრაფეში. მომდევნო ეპიზოდში უკვე პენიამ იხსნა გუნდი, და როცა თითქოს 2:2 გარდაუვალი ჩანდა, ამ დროს შეაგდო გოლი პაბლო ტორემ - 3:1.
ამას კიდევ "ბარსას" შეტევა და პენალტი მოჰყვა, იამალი წააქციეს, ლევანდოვსკის ჰეთთრიქის შანსი ჰქონდა და ქარს გაატანა. პენალტს იშვიათად აფუჭებს და ეს იშვიათი ამბავი ახლა დაუდგა. ძელმა აისხლიტა. ვერ გაიტან - გაგიტანენ-მეთქი დამცდა პირიდან, როცა პოლონელის გაფუჭებულს "ვილიარეალის" გოლი მოჰყვა, მაგრამ ისევ გაუქმდა, ისევ სამართლიანად.
კარგი იქნება თუ მასპინძლების პერსპექტივიდანაც შევხედავთ ამ თამაშს, სამი გოლი გააუქმეს, სამართლიანად, მაგრამ სულ მცირედი წინსწრების გამო, ძელსაც მოარტყეს ბურთი, "ბარსამ" კი ზედიზედ შეაგდო გოლები რიკოშეტით. ჯერ პაბლომ, მერე კი რაფინიამ, აქ კი საბოლოოდ გატყდა "ვილიარეალი", მიხვდნენ რომ მათი დღე არ იყო, ხდება ხოლმე ასე ფეხბურთში და ცხოვრებაშიც. ამ სასოწარკვეთის გამო "ყვითლები" უბრალოდ წიხლების ქნევაზე გადავიდნენ.
ისევ იამალი
ამჯერად არ შეუგდია, მაგრამ ისეთი პასი გააკეთა როგორიც მესის არასდროს გაუკეთებია, არ უყვარდა ლეოს ტრიველა, როცა შესრულება სურდა დიდად არც გამოსდიოდა, უფრო ბრაზილიელებს უყვარდათ ასეთი პასები და აგერ, იამალსაც ჰყვარებია, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში სცადა და ზედმეტად წინ მოუვიდა, მეორე ტაიმის მიწურულს კი იდეალურად დაატრიალა ბურთი, შეატოვა რაფინია მეკარეს და ბრაზილიელმაც დუბლი შეასრულა.
ეს ბიჭი უკვე მაშინებს.
რასაც ჩაიფიქრებს ყველაფერი გამოსდის. წყობიდან გამოიყვანა მეტოქე და ისე დასცხეს ფეხებში როგორც თავის დროზე მესის "მადრიდისა" და "ჩელსის" გააფთრებულმა მცველებმა. არ ვიჩქარებ შედარებისთვის, რატომ უნდა ვიჩქარო? მთელი სეზონი წინ არის, ან რა საჭიროა ეს შედარებები, იამალი თავის ფეხბურთს თამაშობს, თავისი სტილი აქვს და თავის სიტყვასაც იტყვის მსოფლიო ფეხბურთში. ჯერ მხოლოდ წერას სწავლობს, მაგრამ ნიჭი ეტყობა, ლამაზი კალიგრაფია აქვს და თუ რამეს წერს აზრსაც ატანს.
აბა რა, მალე სკოლასაც დაამთავრებს, დიდი ბიჭია უკვე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]