ბარსას ტოპ 5 - მხოლოდ ერთი წლით

ბარსას ტოპ 5 - მხოლოდ ერთი წლით

მაშ ასე, გადაწყვეტილია, რომ ილქაი გიუნდოგანი "ბარსას" დატოვებს და "სიტიში" დაბრუნდება. მოენატრა გვარდიოლა და როგორც აღმოჩნდა, გვარდიოლასაც მოენატრა ილქაი. ისღა დაგვრჩენია მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო გუნდში და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო გასულ სეზონში. ვუწინასწარმეტყველეთ კიდეც, რომ საუკეთესო ასისტენტი გახდებოდა. გოლებიც შეყარა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი "მადრიდთან" გატანილი იყო. თუმცა, თავად ვერ დარჩა კმაყოფილი, სხვა რამეს ელოდა, დიდ კლუბს ელოდა, აქ კი ჯერ ძლივს დაარეგისტრირეს, მერე კი ხელფასის შემცირება თხოვეს, რაც მაღალი დონის ფეხბურთელისთვის, რომელიც კარიერის მიწურულს უახლოვდება მაინცდამაინც კარგი ვერ არის, თან, რომელი ლამასიელი გიუნდოგანი მყავს რომ დიდ მსხვერპლზე წავიდეს?! ოჯახი ჰყავს მისახედი, "ბარსელონა" კი მისი ოჯახი არ არის. 

ახლა კი შეგვიძლია ის ხუთი ფეხბურთელი გავიხსენოთ, რომელთაც ძალიან მცირე დრო გაატარეს კლუბში, მაგრამ მაინც შეძლეს კვალის დატოვება. ზოგმა გაიელვა, ზოგმა კი წარუშლელი კვალი დატოვა. 

ხუან პაბლო სორინი - მხოლოდ ნახევარი სეზონით 

ლუი ვან გაალმა სეზონის დაწყების წინ რივალდო გაუშვა. რადგან მე მომიყვანეთ ბრაზილიელი აღარ იქნება საჭიროო, ასე ბრძანა და მსოფლიო ჩემპიონი კაცი გააშვებინა გუნდიდან. თავის საყვარელ ფეხბურთელზე, პატრიკ კლუივერტზე ააწყო თამაში და არც არაფერი გამოუვიდა, ნახევარი სეზონი იწვალა და მერე გაათავისუფლეს. საერთოდ, ლუი დიდხანს ანდომებს ხოლმე გუნდის მშენებლობას, ამდენ დროს არავინ აძლევს და როგორც წესი, გრანდებიდან სწრაფად უშვებენ. 

ზამთარში ახალი მწვრთნელი, რადომირ ანტიჩი მოვიდა, ნახა რომ მარცხენა მცველი საერთოდ არ ჰყავდა და ხუან პაბლო სორინი ინათხოვრა. "ბარსამ" სეზონის მეორე ნახევარი ასე თუ ისე გამოასწორა, ბოლო ტურში შეძლო და მეშვიდედან მეექვსე ადგილზე აღზევდა, რითაც უეფას თასის საგზური მოიპოვა, მაგრამ შედეგი მაინც ისეთი ცუდი იყო, რომ სრული გარდაქმნა გახდა საჭირო - ახალი პრეზიდენტი, ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები. 

ლაპორტამ რაიკაარდი მოიყვანა კრუიფის რჩევით, რაიკაარდმა ჯოვანი ვან ბრონხოშტი. ასე ამოივსო მარცხენა ფლანგი, სორინი კი გაუშვეს. სანანებელი არც არაფერი ყოფილა, ჯიო "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია. ისე კი, ცოტა დამწყდა გული, რადგან სორინმა გათიშული "ბარსელონა" ცოტა არ იყოს გამოაცოცხლა, ჰგავდა რაღაცით კარლეს პუიოლს, თავდაუზოგავად მებრძოლი ფეხბურთელი იყო, სულ რაღაც 15 შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონაში", მაგრამ მაინც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. 

თავის ბოლო შეხვედრაში "სელტასთან" ერთადერთი გოლი შეაგდო. "ბარსელონურ" კარიერაში ერთი წითელი ბარათიც მიიღო, თანაც, "ვილიარეალთან", სადაც საუკეთესო სეზონები გაატარა ევროპულ ფეხბურთში. 

 

ხუან რომან რიკელმე - მხოლოდ ერთი სეზონით 

არ დავმალავ, დიდად არასდროს ვქომაგობდი რიკელმეს. ბავშვურად ვეჭვიანობდი, ძალიან არ მომწონდა რომ წიხლით გაგდებული რივალდოს ათი ნომერი მას ჩააბარეს. თავისთავად კომიკური ამბავია, ვან გაალმა რივალდო გაუშვა იმის გამო რომ გამთამაშებელზე უარი თქვა (კლუივერტისა და სავიოლას უკან) და გუნდში რიკელმეს მოსვლას ხელი არ შეუშალა, რომელიც გაცილებით მეტად იყო კლასიკური ათი ნომერი, ვიდრე რივალდო. ბრაზილიელს მეორე ფორვარდის როლი უფრო უხდებოდა. 

რიკელმეს გაუკეთა ის, რაც თავის დროზე რივალდოს დამართა, გადაწია მარცხენა ფლანგზე. რიკელმემ კი გააკეთა ის, რასაც თავის დროზე ბრაზილიელი აკეთებდა, მაინც, ჯიუტად შემოდიოდა მოედნის ცენტრში და იქიდან ცდილობდა თამაშის გამწვავებას. ასე კიდე არ მოსულა, მწვრთნელის დავალებას თუ გადაუხვევ დროს აღარ მოგცემს, მით უმეტეს, ისეთი ჯიუტი და ჯუჯღუნა კაცი როგორიც ლუი ვან გაალია. 

დიდი პოტენციალი ჩანდა არგენტინელში, მაგრამ "ბარსა" მისი კლუბი არასდროს ყოფილა. მერე ისიც დაიჩივლა ლიდერად არავინ მიმიღოო, ეს კი უკვე მისი პრობლემაა, "ბარსელონაში" ასე მარტივად არავინ არაფერს დაგითმობს, ლიდერობას მოპოვება უნდა. არ დაგვავიწყდეს რომ ამ სეზონში დააწინაურეს ანდრეს ინიესტა, რომელიც თანაბრად წარმატებით თამაშობდა ყველა პოზიციაზე და რიკელმე თავისი ტექნიკით ნამდვილად ვერ გააკვირვებდა. 

საბოლოო ჯამში, რიკელმემ 45 მატჩი ჩაატარა "ბარსელონაში", შეაგდო ექვსი გოლი და შეასრულა ცხრა საგოლე გადაცემა. ამ ექვსიდან ერთი "ვილიარეალს" გაუტანა, სეზონის ბოლოს სორინის მსგავსად სწორედ "ყვითელ წყალქვეშა ნავში" გადავიდა. მისი საუკეთესო ევროპული კარიერაც ამ კლუბს უკავშირდება, "ბარსელონასთან" კი განსაკუთრებულად მოტივირებული თამაშობდა. არგენტინელებმა სადებიუტო სეზონშივე შეძლეს და "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანეს. მომდევნო, 2005/06 წლების სეზონი კი საუკეთესო გამოდგა. ლა ლიგაში შედგა "რიკელმეს შურისძიება", "ვილიარეალმა" მისი თაოსნობით "ბარსა" 3:0 გაანადგურა. მერე ლიგის ჯგუფიდან გავიდნენ, მეოთხედფინალში "ინტერი" დაამარცხეს, რიკელმე ბრწყინვალე იყო! გავიდნენ ნახევარფინალში ეს კი ამ კლუბისთვის და ამ პატარა ქალაქისთვის ძალიან დიდი ამბავია, არასდროს ისტორიაში ასე შორს არ ყოფილან, იქ კი მცირე ტრაგედიაც გათამაშდა, განმეორებითი შეხვედრის ბოლო წუთებზე რიკელმემ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, "ვილიარეალი" გავარდა. არადა, ლიგის ფინალში "ბარსა" ელოდა. 

 

ედგარ დავიდსი - მხოლოდ ნახევარი სეზონით 

ნახევარ სეზონიანების აბსოლუტური ჩემპიონი! ედგარ დავიდსი იყო წამალი, რომელმაც რაიკაარდის "ბარსა" განკურნა. სეზონის დასაწყისში მოვიდა რონალდინიო, დაიწყო ჯადოქრობა, მაგრამ არ გამოდგა საკმარისი. გუნდი ვერ დალაგდა, რაღაც ძალიან არასწორად კეთდებოდა, ზამთრის შესვენებაზე "ბარსა" მეთორმეტე ადგილზე იყო. რაიკაარდი ძლივს გადაურჩა მოხსნას, აშკარად ჩანდა რომ რაღაც შესაცვლელი იყო, ჰოდა, დიდმა ნიდერლანდელმა, ასევე ნიდერლანდელს, სხვა ნიდერლანდელის მოყვანა ურჩია - ასე აღმოჩნდა იჯარით დავიდსი "ბარსელონაში". 

რაიკაარდმა 4-2-3-1 (სადაც რონალდინიო ათიანზე თამაშობდა) 4-3-3 ზე გადააწყო. ბრაზილიელი შედარებით მარცხნივ გადაწიეს, თუმცა, სრული თავისუფლება ჰქონდა. მოედნის ცენტრში ედგარ დავიდსი ჩავი ერნანდესს შეუწყვილეს და დაიწყო რაც დაიწყო. "პიტბულმა" 20 შეხვედრა ჩაატარა, აქედან "ბარსამ" მხოლოდ ორი წააგო. ისიც ბოლო ტურებში, უკვე გადაღლილზე, ისეთი სერია გამოაცხეს მეთორმეტე ადგილიდან ამ მოკლე ხანში მეორეზე აღზევდნენ და რომ არა ის ორი მარცხი ლა ლიგასაც მოიგებდნენ. საოცრად მაგარი იყო ამ ყველაფრის ყურება, დავიდსმა ფაქტობრივად ზამბარის როლი ითამაშა, "ბარსა" ნახევარი სეზონის განმავლობაში იკუმშებოდა, დავიდსის მოსვლის შემდეგ კი ზამბარა გაიშალა და ჩვენი გუნდიც გაისროლა მწვერვალისკენ! 

კარგი ურთიერთგაგება ჰქონდათ დავიდსსა და რონალდინიოს. საერთოდ, ძალიან იშვიათია ასეთი მებრძოლი და ხისტი ფეხბურთელი ამავე დროს ასეთი ტექნიკური იყოს. ესეც ალბათ "აიაქსის" სკოლის დამსახურებაა. აბა, წარმოიდგინეთ, ჯენარო გატუზო რომ ზეედორფივით ტექნიკური ყოფილიყო, ხომ წარმოუდგენელია? დავიდსში კი ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი. 

რა თქმა უნდა, წითელი ბარათიც მიიღო, "ატლეტიკოსთან". ეს წინასწარ ვიცოდით. გადმოსვლისთანავე. წითლები იქნებოდა. 

"ბარსას" სურდა მისი გამოსყიდვა, მაგრამ ედგარმა დიდი ხელფასი მოითხოვა, თანაც, მომდევნო სეზონში ლაპორტას დეკუ უნდა მოეყვანა და ამდენის შესაძლებლობაც აღარ იყო. არადა, ჩემი აზრით, არცერთ კლუბს დავიდსი ისე არ უხდებოდა, როგორც "ბარსას". 

 

რომარიო - მხოლოდ სეზონნახევრით 

მესი თუ რომარიო? 

Empate (თანაბრად) - პასუხობს რომარიო. 

ასეთი კაცია, თავის თავს ამ სიმაღლეზე ხედავს. ასეთი ჯიუტი, უჟმური და რთული კაცი იშვიათი გასახსენებელია ფეხბურთში. 

რონალდო ფენომენო თუ რომარიო? 

Empate - პასხუობს რომარიო. 

რონალდინიო?? - Empate! 

სხვა ყველას სჯობდა. თანამედროვე ფეხბურთელებს ძალიან ზემოდან უყურებს. ისე კი, მხოლოდ ორ ფეხბურთელზე თქვა რომ მასზე მაღლა იდგნენ - პელე და მარადონა. 

ესეც ჯიუტი კაცის ნათქვამია. ვისი მდევარიც იყო, იმათ აღიარებს, მის შემდგომ ვინც მოვიდა არაფრად მიიჩნევს. 

მაინც, რითი ადარებს თავის თავს ამ ლეგენდებს? მხოლოდ სამ შემთხვევაში შეიძლება გამართლება ჰქონდეს - თუ ადარებს მხოლოდ და მხოლოდ ტალანტით, (ამ შემთხვევაში რომარიო კოსმოსშია) თუ ადარებს პიკით, (1993/94 წლების რომარიო ვისაც გინდათ იმას შეადარეთ) თუ ადარებს ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები პერფორმანსით. 

აი, კარიერით, ყველა ზემოთ ნახსენებს ჩამორჩება, იმიტომ, რომ ყველაფერი ერთად აიღო და ერთიანად ჩაყარა წყალში. 

ზღაპრული სადებიუტო სეზონი ჰქონდა "ბარსელონაში", ლა ლიგის ეგიდით 33 მატჩში 30 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სეზონში "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა სადაც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, დაახლოებით ისე, როგორც უნგრეთი გერმანიასთან 54-ში, ჰოდა, "მილანმა" "ბარსა" გაანადგურა. როგორღაც ასე მოხდა, რა ვიცი.. 

რომარიო სტატისტიკაში ვერ ეტევა. მის თამაშს ზუსტად ის ეფექტი ჰქონდა "კამპ ნოუზე", რაც "ფენომენოს" და რონალდინიოს გამოჩენას მოჰყვა. უბრალოდ რომარიოს თამაშს ამდენი მაყურებელი არ ჰყავდა, ერთ პატარა ქვეყანაში კი საერთოდ შუქიც არ იყო, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ზუსტად ამ წლებში მიაღწია ისტორიულ ვარდნას. სანამ ხალხი პურის რიგში იდგა, მანამდე სადღაც შორს, რომარიო დაფრინავდა. 

"მადრიდის" კარში გატანილი გოლი კლასიკოების ისტორიაში საუკეთესოდ მიმაჩნია, სილამაზის თვალსაზრისით. სადებიუტო სეზონში "რეალის" კარში სამი შეაგდო, "ატლეტიკოს" ორივე შეხვედრაში ჰეთთრიქი შეუსრულა, თანაც, ისეთი სილამაზის გოლები შეყარა ახლა რომ არსად აღარ გადის. 

სულ სხვა ისტორია შეეძლო "ბარსელონაში" დაეწერა, მაგრამ ზაფხულში მიაღწია იმ მიზანს, რომლის მერეც ბრაზილიელი ფეხბურთელი საერთოდ კარგავს მოტივაცია. რომარიომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ნანახი გაქვთ როგორ გადიან გუნდები მოედანზე? 

დგანან გვირაბში ბრაზილიელები და იტალიელები. რომარიო ცივი გამომეტყველებით წინ იყურება. აბსოლუტურად მოტივირებულია. მის გასწვრივ კი რობერტო ბაჯო დგას, რომელიც რომარიოს თვალს არ აცილებს, თითქოს რაღაც არარეალურს უყურებდეს. ნახეთ ეს კადრები და მიხვდებით რატომ მოიგო ბრაზილიამ. ჯერ მოედანზეც არ გასულან და უკვე ყველაფერი ნათელია. 

რომარიო მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაბრუნდა და თავად იოჰან კრუიფსაც კი ზემოდან შეხედა - მე ის მაქვს, რაც შენ არასდროს გღირსებიაო. მართლა უთხრა ასეთი რამ? მართლა იკადრა? იქნებ გაიფიქრა უბრალოდ, იქნებ ხმამაღლა გაიფიქრა. 

მეორე სეზონში რომარიომ ზამთრამდე მიატანა. "ატლეტიკო" ისევ გაამწარა. გამოსარჩევია "მანჩესტერთან" ჩატარებული მატჩები. იანვარში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა 45 წუთით და წავიდა. 

ვინ იფიქრებდა.. 

 

"ფენომენო" - მხოლოდ ერთი სეზონით 

ასეთი ცირკი მხოლოდ "ბარსელონაში" შეიძლება დატრიალდეს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი და მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჟოან გასპარი სასტუმროში მომსახურე პერსონალის ფორმაში გამოწყობილი შეიპარა. რონალდოს კარზე დააკაკუნა და წვრილი ხმით შეჰკივლა - Housekeeping.. 

19 წლის რონალდომ კარი გააღო და გასპარი შერჩა კონტრაქტით ხელში. შევიდნენ ნომერში და იქვე მოაწერინა ხელი. ასე ჩაიგდეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხელში, "კიჭამ" სადებიუტო სეზონი პელეს დონეზე ითამაშა. მისი პიკი "ინტერში" სადებიუტო სეზონამდე გაგრძელდა, ესე იგი, სულ რაღაც ორი წელი, მერე კი დაღმასვლა დაიწყო. 

"ინტერმა" "ბარსას" სარეკორდო 26,50 მილიონი ევრო გადაუხადა. 
ნუნიესმა სონი ანდერსონი 26,25 მილიონ ევროდ მოიყვანა. 

ცა და დედამიწა. 

"ფენომენს" ვერავინ შეედრებოდა. 

როგორც წლების მერე დაიწერა, ძალიან ახლოს იყო შვიდწლიან კონტრაქტთან, მაგრამ ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. თუმცა, ბრაზილიელს არასდროს არ უნდა გაუფორმო ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტი, ეს არასწორია და დიდი შეცდომა იქნებოდა,თუმცა, არა იმაზე დიდი, როგორც მისი გაშვება იყო. 

არ ყოფილა პროფესიონალი, რაღაც ამბავში რონალდინიოზე ზარმაციც კი იყო. კრისტაინ ვიერიმ მცირე ხნის წინ გაიხსენა მილანური ამბები. ჩვენ შორის განსხვავება ის იყო, რომ მე კლუბებიდან დილის ხუთ საათზე ვბრუნდებოდი, ის კი ამ დროს სხვა კლუბებში აგრძელებდა გართობას და ვარჯიშზე გამოუძინებელი მოდიოდაო. 

რა თქმა უნდა, ორგანიზმი ვერ გაუძლებდა. ამას მხოლოდ მარადონამ გაუძლო, ისიც უამრავი აკრძალული პრეპარატის ხარჯზე. 

 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 22 აგვისტო 2024 16:35
    0
    გაიხარე ფეოლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 აგვისტო 2024 21:52
    2
    ორ რამეს ვერ მოვინელებ ვერასდროს გუნდიდან მესის ასე გაშვებას და ფენომენოს დაკარგვას rage rage ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო 9 (ფენომენო) ფეოლა 100% -ანი ხარ რაც რომარიო/ბაჯოს გვირაბში კადრზე გაიხსენე ! ბრავო ! მსოფლიოს ფინალში ზუსტად ეგრე იყო ზე ტალანტი იყო (რომარიო) საოცრება გატანილი გოლებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 აგვისტო 2024 20:50
    3
    მოკლედ ფეოლა გვანებივრებს ცხელ-ცხელი საინტერესო სტატიებით, გააგრძელე ჯიგო კარგია საიტისთვის და ჩვენთვის wink
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #5 21 აგვისტო 2024 20:12
    2
    ფენომენის ისტორიას რაც ნაკლებს გავიხსენებთ უკეთესია😕 დიიდზე დიდი სირცხვილია ამ კლუბის ისტორიაში🤬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 აგვისტო 2024 19:31
    1
    ბარსა არავის არ შეეხვეწება დარჩენას, უფრო სწორად მოსვლას. ეს რეალი არ არის სადაც კლუბის პრეზიდენტი მზად იყო ერთ ფეხბურთელში სარეკორდო თანხა გადაეხადა და ამისთვის 4 წელი ეხვეწებოდა, ერთ ფულზე გაგიჟებულ კლოუნს. ოჯახიც კარგად ეხმარებოდა იმ კაცს. ხოდა როცა ის კაცი საერთოდ უფასოდ მოვიდა(ფრანგები გადააგდო) პერესს ბონუსი მოსთხოვა უფასოდ მოსვლაში, პერესმაც 100 მილიონი აჩუქა "უფასოდ მოსვლისთვის". ის კიდევ საკუთარ გუნდს სასამართლოში უჩივის კი წავედი, მაგრამ ფული მაინც მომეციო. არა ძმაო ესეთები ჩვენ არ გვჭირდება, მადრიდისგან განსხვავებით აქ ბავშვებს ფეხბურთსაც ასწავლიან. და როგორმე ისევ ამოვყვინთავთ იმ ჭაობიდან სადაც ნელ-ნელა ჩაგვაყუდა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ იმ შეურაცყოფისთვის რაც რეალს მივაყენეთ გვარდიოლას აწყობილი გუნდით. რომლითაც დიდი ანგარიშით მოგებები მადრიდში თუ ბარსელონაში სულ ერთი იყო. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ამბები ნამდვილად მოხდება.
    Culé [?]
    #3 21 აგვისტო 2024 19:14
    4
    მაგარი სტატია👌 რამდენი წელი გავიდა და რომარიოს მსგავსი ფორვარდი მე ჯერ არ მინახავს უნიკალური იყო
    წევრი [?]
    #2 21 აგვისტო 2024 19:10
    5
    სუპერ სტატიაა👏 რომარიო ხასიათმა დაღუპა... არადა ფენომენი იყო ისიც! ნუ რონალდო ხო საერთოდ!
    Culé [?]
    #1 21 აგვისტო 2024 19:07
    1
    ანუ ლაპორტამ დეკუს შეწირა დევიდსი?😀 მიკვირს გვარდიოლაც რომ არ შეწირა იმ პორტუგალიელ <<ცენზურის დარღვევა>>