მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პაუ ვიქტორის ბენეფისი
ამხანაგური ელ კლასიკო "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა. ჰანსი ფლიკმა თავისი პირველი კლასიკო კარლო ანჩელოტისთან მოიგო. ორივე გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ძირითადის წევრები, საერთო ჯამში ასე 4-5 ფეხბურთელს მიეცა თამაშის საშუალება. დანარჩენები კი რეზერვიდან იყვნენ.
ისევ გაიბრწყინა პაუ ვიქტორმა, სამი დღის წინ "სიტისთან" შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და გარჯა დაუფასდა. მატჩის შემდეგ თქვა რომ თავს დიდებულად გრძნობს, რადგან მთელი ცხოვრება ამისკენ ისწრაფვოდა. ჰგვანან ლამასიელები ერთმანეთს, ერთი ოცნება აქვთ, მათი ოჯახებიც კი თითქმის იდენტურია, "ბარსას" ქომაგი მშობლებითა და დაფანტული და-ძმებით. მაგალითად, პაუს ორი ძმა ჰყავს და ორივე ფეხბურთელია, მაგრამ მაღალ დონეზე ვერცერთი ვერ თამაშობს, თავად არის ოჯახის მთავარი იმედი.
სანამ გოლებს შეყრიდა მანამდეც ჰქონდა მომენტი, კუთხურიდან ჩამოწოდებულს კარგად დაახვედრა თავი და ტიბო კურტუამ რთული ბურთი მოიგერია. სხვათა შორის, ანჩელოტის პერიოდის "მილანში", კაკას გამოჩენისთანავე მიუჩინეს ადგილი წინა ძელთან, კუთხურების დროს უნდა ჩაერბინა, მერე აღმოჩნდა რომ საოცარი უნარი ჰქონდა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაერტყა თავით კარში, პაუს დარტყმამაც ეს ამბავი გამახსენა, ზუსტად ასე ჩაირბინა და კუთხე კი არ ყოფილა ასეთი მახვილი, მაგრამ მაინც რთული და ლამაზი დარტყმა შეასრულა.
გოლი ტაიმის მიწურულს გავიდა, რობერტ ლევანდოვსკიმ საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მაგრამ ვინც ნახა ეს გოლი დამეთანხმება, რომ კარში დარტყმა სურდა, საბოლოოდ კი პასი გამოუვიდა. გაუმართლა რომ პაუ იქვე იყო, ორ მეტრში მისგან, თორემ ამ მომენტს ქარი წაიღებდა, ისე კი ფლიკი მოინიშნავდა გონებაში, რომ ლევანდოვსკი ასეთი პოზიციიდანაც აღარ არის ლეტარული.
მეორე ტაიმის დასაწყისში მთავარი მომენტი ისევ პაუ ვიქტორის იყო, მარცხენა ფლანგიდან კარგი შეტევა დაიწყო და კარგი პასიც გაკეთდა ცენტრისკენ, პაუმ ერთი შეხებით დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, მარცხენა ფეხით, მესის მსგავსად სცადა გატანა, მაგრამ ისევ ტიბო კურტუამ აჯობა, ამჯერადაც ძალიან რთული ბურთი მოიგერია ლამაზ ნახტომში.
მცირე ხანში "ბარსამ" მაინც გაიტანა, პაუმ მაინც შეასრულა დუბლი, ამჯერად საპირისპირო ფლანგიდან დაწყებული შეტევა დაასრულა, ბოლო პასი ვალეს ანგარიშზეა, რომელმაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, ძალიან კარგი პასი გააკეთა ტერფის გარე ნაწილით, კვარეჟმას სტილში, ან გნებავთ რონალდინიოს სტილში, (თუ "ჩელსისთან" მატჩი და გუდიონსენზე პასი გახსოვთ) დაატრიალა საჯარიმოში და ვიქტორმაც ზუსტად გადაგზავნა მეტოქის კარში.
აქ მორჩა თამაში. ჩანდა, რომ "მადრიდი" მატჩის შემომტრიალებელი არ იყო. როგორც "ბარსასთვის" ისე მათთვის მთავარი ამბები წინ არის, ახლა უბრალოდ ხურდებიან. ოღონდ, ერთი დიდი განსხვავებაა, "ბარსას" რეზერვებს იმედი აქვთ, რომ კარგი თამაშის შემთხვევაში შანსი მიეცემათ მომდევნო სეზონში და ასეც იქნება, ეჭვი არ არის, ვიხილავთ რამდენიმე შეხვედრაში პაუ ვიქტორს და დანარჩენებს.
აი, "მადრიდის" რეზერვებმა იციან, რომ თამაშის შანსი არ ექნებათ, ეგ კი არა, ვინც აქამდე ძირითადში მოიაზრებოდა, ახლა იმათაც მოუწევთ სკამზე გადაჯდომა, რადგან ლა ლიგაში დიდი ვარსკვლავი მოვიდა კილიან მბაპეს სახით. მოლოდინი პერსონალურად მისგან დიდია, აი გუნდური თვალსაზრისით კი უკვე ბევრგან ითქვა, რომ მაინცდამაინც კარგი ვერ უნდა იყოს მისი დამატება. ჰოდა, ვნახოთ, ჩვენი რა მიდის, დავაკვირდეთ მეტოქის ბანაკს.
"მადრიდმა" ერთი გოლი გაქვითა 82-ე წუთზე. გოლის ავტორია ნიკო პაცი. კუთხირიდან ჩამოწოდებულს დასცხო უგო სანჩესის სტილში. კარგი გოლი იყო. ანგარიში შეამცირეს და ასეც მორჩა თამაში. ორგანიზატორებმაც ამოისუნთქეს, აღარ ჰქონდათ იმის შიში, რომ ქარიშხალი ამოვარდებოდა და ძროხებთან ერთად ევროპელ ფეხბურთელებსაც წაიყვანდა, მერე სირცხვილით სად უნდა გამოეყოთ თავი, ან, მსოფლიო ჩემპიონატს ვინ ჩაატარებინებდა ასეთ ადგილზე?!
ისევ მშვიდად ჩამთავრდა ყველაფერი, მხოლოდ წვიმის ფონზე.
შემდეგი სტატია კი აუცილებლად პაუ ვიქტორზე იქნება. უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ეს ფეხბურთელი, დაიმსახურა ჩვენი ყურადღება, ჩვენი კი არა, ფლიკის ნდობაც კი დაიმსახურა.
შემდეგი მეტოქე "მილანი" იქნება, მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]