საუკეთესოები ევროზე - N3: ტიერი ანრი / და შეშლილი ფრანგები
ჩვენს სიაში მესამე ადგილი ტიერი ანრის ეკუთვნის. თქვენი არ ვიცი და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, როცა გავიგე, რომ ანრი "ბარსელონაში" აპირებდა გადმოსვლას. მთელი "კამპ ნოუ" ითხოვდა მის მოსვლას, თითქოს გარდაუვალი ამბავი იყო, ამ გრძელფეხება ფრანგს აუცილებლად უნდა ეთამაშა "ბარსაში". ტრანსფერამდე წელიწადნახევრით ადრე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის, ესე იგი, რონალდინიოს მეგობრები, ოქროს ბურთის ლაურეატის - ანდრეი შევჩენკოს მეგობრებს შეხვდნენ "კამპ ნოუზე", ჟოან ლაპორტამ ითავა ამ მატჩის ორგანიზება.
აბსოლუტურად ყველა მოთამაშე ვარსკვლავის სტატუსით იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ტიერი ანრის გამოჩენას სულ სხვა ემოცია და ყიჟინა მოჰყვა, სულ რაღაც 15 წუთით შემოვიდა, მერე ისევ გავიდა, ფრენა ჰქონდა და მორიგი მატჩი პრემიერლიგაში, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, მე კი პირველად სწორედ მაშინ დავიჯერე, რომ ეს კაცი "ბარსას" ფორმას მოირგებდა.
იმაზე მეტად გამიხარდა, ვიდრე ეტო'ოს, რონალდინიოს, ან სუარესის ტრანსფერი. სამივემ მასზე დიდი სახელი დატოვა "ბარსელონაში", მაგრამ უკვე ასაკში შესული ანრის ყურებაც დიდი სიამოვნება იყო.
გიჟი ჟაკე
ჩემი თაობა ყურით მოთრეულ ლეგენდებში გაიზარდა. მაგალითად, ის ბიძიები, რომლებიც ამ ლეგდენდებს მოათრევდნენ დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ 1998 წლის მუნდიალზე ჟაკემ სამი ვარსკვლავი - ჟინოლა, კანტონა და პაპენი არ წაიყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნაცვლად ანრის, ტრეზეგესა და გივარშის ხილვა სურდა. რეალობა კი სულ სხვაა. რეალობა ის არის, რომ ამ სამი მართლაც დიდი ფეხბურთელიდან, სამივემ 1995 წელს ჩაატარა ნაკრებში ბოლო შეხვედრა. ემე ჟაკემ იმაზე გაცილებით ადრე თქვა მათზე უარი, ვიდრე მუნდიალი აიღებდა სტარტს.
აბა, სამი წლის თავზე, ნაკრებში უთამაშებელი ხალხი ვითომ რატომ უნდა წაეყვანა?! მაგრამ, აბა ვის რას გააგებინებ ახლა.
20 წლის ანრის წაყვანა მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. ტიერის მხოლოდ 3 შეხვედრა ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული, სადაც დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა. ამაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ ანრიმ მუნდიალზე გაამართლა, სამი გოლიც შეაგდო. ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ფინალში მისი სკამზე დასმა იყო - ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მსოფლიომ ახალ ვარსკვლავზე დაიწყო საუბარი და ემემ ბრაზილიასთან ფინალში ერთი წუთიც არ მისცა - დავიჯერო გივარში უკეთესი იყო?
თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამარლებენ.
ვენგერის ორი აღმოჩენა - ანრი და ანელკა
გავარსკვლავებული ანრი "იუვემ" წაიყვანა, მაგრამ ვერაფერი გაუგეს. სხვა ფეხბურთს თამაშობდა. არ ჰგავდა დელ პიეროს, რომელიც მაშინ მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში თავისუფლად შედიოდა, უბრალოდ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ვერავინ იტყოდა წინასწარ როგორი იქნებოდა გამოჯანმრთელებული ალექსი.
თითქოს სწორი დრო იყო ანრისთვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ვერც დავიდსი წაეხმარა, ვერც ზიზუ. არ იყო ქიმია ანრისა და "იუვეს" შორის. ანრისა და იტალიას შორის. ლონდონში კი ის კაცი ელოდა შეტევაში, რომელმაც ასევე ვერაფერი გაუგო იტალიას და ფრთები "არსენალში" გაშალა - (კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ამ ბლოგების სერიის წერისას - რა ცინიკურია ფრთების ხსენება ბერხკამპთან მიმართებით.)
"მეთოფეებში" სტარტი ვერ იყო ომახიანი, გადაწყობას დრო დასჭირდა, თუმცა, ვენგერისგან საჭირო ნდობას ყოველთვის გრძნობდა და სეზონის მეორე ნახევარში უკვე შეუჩერებელი იყო. სეზონის ბოლოს კი ევრო 2000 ელოდა მაყურებელს. ამჯერად ეჭვი არ იყო - ანრი აუცილებლად წავიდოდა ევროზე. თანაც, ფრანგების მთავარი ფორვარდიც ის უნდა ყოფილიყო.
მთავარი მწვრთნელი უკვე როჟე ლემე იყო, რომელსაც რთული გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები. ათიანზე ულაპარაკოდ ზიდანს უნდა ეთამაშა, უკვე მსოფლიო ჩემპიონს, ფინალის გმირს. მაგრამ, ვინ უნდა ყოფილიყო ანრისთან დუეტში? ტრეზეგე მისი საუკეთესო მეგობარი და მეწყვილე იყო "მონაკოში", იდეალური დუეტი ჰქონდათ, მაგრამ მეორე მხრივ იყო ნიკოლა ანელკა, რომლის გამოჩენაც რაღაც მხრივ მბაპეს გამოჩენას მაგონებს. გაიბრწყინა "არსენალში", გაყიდეს "რეალში", იქაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, მაგრამ მადრიდელებთან რაღაც ვერ გაიყო, ერთადერთი კაცი, რომელსაც გასახდელში ესალმებოდა უყურადღებოდ დატოვებული 17 წლის ეტო'ო იყო. რაულთან კი კონფლიქტი ჰქონდა, იმას მორიენტესთან ერჩივნა თამაში, საერთოდ არ უნდოდა ანელკა. ჰოდა, მოხდა კონფლიქტი და გაუშვეს ნიკოლა მადრიდიდან.
ყოველთვის რთული ხასიათი ჰქონდა. ერთხელ ტიერი ანრიმ ბენჯამინ ბატონს შეადარა. 19 წლისა ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, იფიქრებდი, რომ მრავალწლიანი ვარსკვლავური კარიერა უმაგრებს ზურგსო, კარიერის მიწურულს კი ბავშვურ გადაწყვეტილებებს იღებდაო.
ცოტა დასცინა კიდეც, ვაღიაროთ.
მაგრამ 2000 წელს, ანელკა მართლა ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომ მიუყენეს გვერდზე ანრის. ტრეზეგე კი დასვეს სკამზე.
აბა ნესტა?
ანრისა და ანელკას შორის რომ უფრო მეტად კონკურენცია იყო და არა ურთიერთგაგება ეს პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა - ზიზუს ერთი-ერთზე გაჰყავს ანელკა, იქვე ანრიც ეხმარება, ერთი პასია საჭირო და ანგარიში გაიხსნება, მაგრამ ანელკამ არაფრის დიდებით პასი არ გააკეთა, შმეიხელი მოატყუა, ბურთი ზედმეტად გაექცა და მომენტი გაანიავა. ალბათ, პირველად სწორედ აქ დაფიქრდა როჟე ლემე - ამ ორის ერთად თამაში არ გამოვა. ტიერიმ მაინც შეაგდო, ანელკამ იკითხოს.. შეუგდო დანიას. შმეიხელს. შეუგდო თავის სტილში, მარცხენა ფლანგიდან, შორეულ კუთხეში. საფრანგეთმა 3:0 მოიგო.
მეორე შეხვედრაში ჩეხეთს 2:1 მოუგეს. ანრიმ ერთი გოლი შეაგდო და საგოლე პასი მიითვალა.
მესამე მატჩი კი უკვე ვახსენეთ, როცა პატრიკ კლუივერტი გავიხსენეთ. როჟე ლემემ ძირითადი შემადგენლობა დაასვენა. მათ შორის ანრიც. საფრანგეთმა 2:3 წააგო.
მეოთხედფინალში ლემემ როგორც იქნა გადაწყვიტა რომ ანრი და ანელკა ერთად არ ითამაშებენ. იდენტური ფორვარდები არიან. შესაძლოა, წლებმა შეცვალა მათი თამაში, მაგრამ იმ დროს, იმ მომენტში, მართლა საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. დაიწყო ანრიმ და 82-ე წუთზე ანელკა შემოვიდა. საფრანგეთი ზიდანისა და ჯორკაეფის გოლებით ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, ამ მატჩის დრამა სულ სხვა რამეში იყო. გაისკა მენდიეტა, "ბარსელონელი" კაცი, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი როგორც "ვალენსიელი" პენალტების სპეციალისტი იყო. ერთი გაიტანა კიდეც ამ შეხვედრაში და ანგარიში გაათანაბრა. ტრაგედია კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა გაისკა მოედნიდან გაიყვანეს მეორე პენალტიც დაინიშნა - ვინ დაარტყა? რაულმა. სად დაარტყა? საფრანგეთში!
პორტუგალიასთან ნახევარფინალი ზიდანისა და ფიგუს დუელად მონათლეს. ზიზუმ პირწმინდად დაჩაგრა. საუკეთესო მატჩი ჩაატარა ევროზე და ერთ-ერთი საუკეთესო კარიერაში. თუმცა, გარდამტეხი გოლი ანრიმ შეაგდო. ნუნუ გომეშის გოლს მეორე ტაიმში უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.
ზიზუმ დამატებით დროში პენალტი შეაგდო. ეს ოქროს გოლი იყო. ამ დროს "ოქროს წესი" მოქმედებდა.
ასე მივედით ფინალამდე - საფრანგეთი vs იტალია - კლასიკა!
ღმერთო ჩემო, რა დღე აყარა ტიერი ანრიმ ნესტასა და კანავაროს! ასეთ დღეში მხოლოდ რონალდო ფენომენოს თუ ჩაუგდია ეს ხალხი. თავისი სისწრაფით და მოქნილობით შავ დღეში ჩააგდო და მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ გოლი არ გავიდა. ერთი მოულოდნელი დარტყმით თავადაც შეეძლო გატანა და ბურთი ძელს მოხვდა.
საბოლოოდ კი იცით რა და როგორ იყო. ძალიან ჰგავდა ეს ფინალი "მანჩესტერისა" და "ბაიერნის" ფინალს "კამპ ნოუზე". იტალია ერთ ნაბიჯში იყო მოგებასთან, მაგრამ ლემეს ცვლილებებს გამარჯვება მოჰყვა. ჯერ ვილტორდმა გაათანაბრა ანგარიში 93-ე წუთზე, დამატებით დროში კი ანრის ძმაკაცმა, დავიდ ტრეზეგემ "ოქროს გოლი" შეაგდო. მთელი ტურნირი ანელკას ჩრდილში ამყოფეს, ფინალში კი გაისროლა და მსოფლიო ჩემპიონებს ევროც მოაგებინა.
ტიერიმ ითამაშა ევრო 2004 ზე, და ევრო 2008 ზე, მაგრამ ასეთი კარგი აღარც ტიტი ყოფილა და აღარც მთელი საფრანგეთი.
საუკეთესოები ევროზე - N 10: ლუის სუარეს მირამონტესი / და ორი სიტყვა დანიურ ზღაპარზე
საუკეთესოები ევროზე - N9: ლუიშ ფიგუ / და პორტუგალიური ბუმერანგი
საუკეთესოები ევროზე - N8: რონალდ კუმანი და ანა ფრანკის დღიური
საუკეთესოები ევროზე - N7: პატრიკ კლუივერტი და ძალიან ბარსელონური ჰოლანდია
საუკეთესოები ევროზე - N6: დავიდ ვილია/სესკ ფაბრეგასი და ესპანეთის ოქროს თაობა
საუკეთესოები ევროზე - N5: კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკე
საუკეთესოები ევროზე - N4: სერხიო ბუსკეტსი / და ოცნება პირლოზე
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]