საუკეთესოები ევროზე - N5: კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკე

სანამ ლეგენდებს გავიხსენებდეთ,
გუშინ ესპანეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან გახურდა, ხუთი გოლი გაუტანეს, ერთი თავაზიანობის გამო თავადაც მიიღეს და ასე მშვიდად დაამთავრეს თამაში. იყოჩაღა ლამინემ, და გადასარევი იყო პედრი. მთელი სეზონი ტრავმებს მკურნალობდა, მეტწილად დასვენება უწევდა, ახლა კი ისე ჩანს რომ ფორმაში შევიდა, საქმე მხოლოდ ორ გატანილ გოლში არ არის, ეტყობა რომ ტონუსშია, როგორც იქნა კარგ ფიზიკურ ფორმაში შევიდა და მისგან მთელი ესპანეთი ბევრს ელის.
ლამინესთვის კი პირველი დიდი ტურნირი იქნება. პედრის უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება. ცუდია რომ გავი ვერ მიიღებს ამ ჩემპიონატზე მონაწილეობას.
16 წლის იამალი კი რეკორდსმენი უნდა გახდეს წესით და რიგით. დაბადების დღე 13 ივლისს აქვს, ესე იგი, ზედ ფინალის წინ გახდება 17 წლისა. მის ასაკში ევროზე არავის არასდროს უთამაშია.
ამჟამინდელი ათეული ასე გამოიყურება:
1. კასპერ კოლჟოვსკი - პოლონეთი, ევრო 2020 - 17 წლისა და 246 დღის;
2. ჯუდ ბელინგემი - ინგლისი, ევრო 2020 - 17 წლისა და 349 დღის;
3. იეტრო უილემსი - ნიდერლანდები, ევრო 2012 - 18 წლისა და 71 დღის;
4. ენცო სკიფო - ბელგია, ევრო 1984 - 18 წლისა და 115 დღის;
5. ჯამალ მუსიალა - გერმანია, ევრო 2020 - 18 წლისა და 117 დღის;
6. ვალერი ბოჟინოვი - ბულგარეთი, ევრო 2004 - 18 წლისა და 122 დღის;
7. იოჰან ვონლანტენი - შვეიცარია, ევრო 2004 - 18 წლისა და 141 დღის;
8. პედრი - ევრო 2020 - ესპანეთი, 18 წლისა და 201 დღის;
9. მარკუს რაშფორდი - ინგლისი, ევრო 2016 - 18 წლისა და 229 დღის;
10. უეინ რუნი - ინგლისი, ევრო 2004 - 18 წლისა და 233 დღის;
ასე რომ რეკორდამდე სულ ცოტა დრო რჩება.
კარლეს დიდი
რთულია ვინმე უფრო ღირსეული იპოვოს კაცმა. კარლეს პუიოლის საფეხბურთო იდეალი ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი იყვნენ. თუ "ბარსას" დატოვებდა, მხოლოდ "მილანში" ისურვებდა თამაშს, მაგრამ როცა მალდინია შენი იდეალი ეს ერთი კლუბის მიმართ ერთგულებასაც გულისხმობს.
პაოლო გამოჩენისთანავე ვარსკვლავი გახდა, გვარიც უწყობდა ხელს და მემკვიდრეობაც, უნიჭიერესი მცველი იყო, ბურთთან ძალიან რბილი შეხებით შეტევის დროს, და ძალიან ხისტი დაცვის დროს. ფაქტობრივად იდეალური მცველი იყო, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში.
კარლეს პუიოლი კი არ იყო ასეთი ტანმაღალი და ტექნიკური, არც მალდინის მსგავსი ინტელექტით გამოირჩეოდა, ვერც ისე კითხულობდა თამაშს როგორც მისი იდეალი, მაგრამ რაღაც მაინც ჰქონდა ძალიან გამორჩეული რამაც ყველაფერი მოაგებინა კარიერის განმავლობაში, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული ფეხბურთის ისტორიაში, ტიტული, რომელიც თავად მალდინის არასდროს მოუგია.
კარლეს პუიოლმა, ფერმერების შვილმა თავად შექმნა თავისივე თავი. თავდაუზოგავი შრომით და ძალიან მკაცრი კოდექსით - ყოველთვის ღირსეულად გეჭიროს თავი.
მე არ მეგულება "ბარსას" ისტორიაში მისი მსგავსი კაპიტანი და სხვაგანაც რთულად მოიძებნება. თუ ლიდერობას აპირებ ოდესმე, მაშინ მორჩულებაც უნდა შეგეძლოს. ასე დაიწყო კარლესმა. მწვრთნელებისა თუ კაპიტნების დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო, ეს არ არის ფეხბურთელი, რომელიც რამეს ეჭვქვეშ დააყენებს და საწინააღმდეგოს იტყვის, თუნდაც არ ეთანხმებოდეს მწვრთნელის გადაწყვეტილებას, ის მორჩილი იყო და ყოველთვის მიყვებოდა ვან გაალის, ფერერის, არაგონესისა თუ ბოსკეს დავალებებს.
პუბლიკის გული მალევე მოიგო - შეჭამა "კამპ ნოუზე" დაბრუნებული ლუიშ ფიგუ. ამის მერე იქცა ქომაგის საყვარელ ფეხბურთელად. თუ შეტევაში მხოლოდ რივალდო მიათრევდა "ბარსას", დაცვაში კარლესის იმედად იყვნენ. ნელ-ნელა ლიდერად ჩამოყალიბდა, მერე კაპიტნად იქცა და ძალიან რთული წარმოსადგენი გახდა "ბარსა" მის გარეშე.
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ესპანეთს კატალონიელი ლიდერი ეყოლებოდა?! არადა, ამ ზეობის ხანაში, თუ ვინმე ავლენდა ამ ლიდერობას სწორედ პუიოლი იყო. არ უნდა დავკარგოთ კასილიასიც, არ ვიცი როგორ, მაგრამ მათ შორის ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა და სადამდე მივიდა ყველამ კარგად ვიცით.
პუიოლი და ესპანეთი ევრო 2004 ზე ჯგუფში ჩარჩნენ. ევრო 2008 მოიგო. 2012-ში ტრავმის გამო გამოტოვა ჩემპიონატი. 2013 წლის თებერვალში კი სანაკრებო კარიერა კაპიტნის სამკლავურით დაასრულა. ესპანეთმა ურუგვაი 3:1 დაამარცხა.
ვინ შეჭამა კლოზე? - მღეროდნენ ესპანელები ევროს ფინალის შემდეგ. შეჭამა, გადამალა თუ ჯიბეში ჩაისვა, იმ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კლოზე ფინალში გააქრეს. 78-ე წუთზე მის ნაცვლად მარიო გომესი გამოვიდა. აბა, პუიოლს რას დააკლებდა?!
განსხვავებით მუნდიალისგან კარლესს და ჟერარ პიკეს ევროზე ერთად არასდროს უთამაშიათ. 2008 ში პუიოლის მეწყვილე მარჩენა იყო, სერხიო რამოსი კი მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. 2012 ში პიკეს მეწყვილე რამოსი იყო, მარჯვენა ფლანგი კი არბელოას ჩააბარეს.
ჟერარ.. ჟერარ..
გაასწრო პუიოლს სანაკრებო მატჩებით. კარლესმა ზუსტად 100 ითამაშა, პიკემ 102. ორივემ მოიგო ევრო, თუმცა, სხვადასხვა წელს. 2012 წლის ესპანეთი ბევრის აზრით საუკეთესო იყო ამ სამი დიდი ტურნირის ეპოქაში. ყველა შეტევაზე საუბრობს, არადა, დაცვა თავის მეკარიანად ასევე დიდებული იყო. 2012 წლის ევროზე ესპანეთმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა! ისიც სადებიუტო შეხვედრაში, იტალიასთან.
უფრო მაგრად როგორ უნდა ითამაშოს დაცვამ უბრალოდ არ ვიცი.
პიკე პუიოლის სრული ანტიპოდი იყო, ამიტომაც ჰქონდა კარგი ბალანსი. ის რაც კარლესს აკლდა პიკეს ჰქონდა, ის რაც პიკეს აკლდა - პუიოლს. ჰოდა, მაინც მთავარი ეგ გამოდგა რაც ჟერარს აკლდა - ლიდერის თვისებები, ძლიერი მენტალობა, თავგანწირვის უნარი.
თუ არ გაქვს ვერ გამოიმუშავებ, ამით იბადება თურმე ადამიანი. პიკე ფერმერი არ ყოფილა, მდიდარი ოჯახის შვილი იყო. ლა მასიაში თუ მორიდებული, მორცხვი მესი თავისთვის იჯდა გასახდელში, პიკე და ფაბრეგასი ყველაზე მეტს ხმაურობდნენ და თავსაც აბეზრებდნენ ალბათ ყველას.
გვარდიოლას ხელში ისეთი პროგრესი ჰქონდა ვიფიქრე, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს მივიღებდით, მაგრამ ახლა რომ ჩამოვუყვეთ ისტორიას, ალბათ ათეულშიც ვერ მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, მაგრად გაუჭირდება.
თუმცა, აქ ევროს საუკეთესო ფეხბურთელებს ვიხსენებთ და პიკეც, რა თქმა უნდა, სახსენებელია. ევრო 2012 - ის ერთ-ერთი შემოქმედია, აი, გვიანდელი პიკე ძალიან გამაღიზიანებელიც კი იყო, რადგან თავისი ნიჭისგან არაფერი დატოვა. ვერც მესისთან მოიქცა სწორად და სადღაც სადღაც იმასაც ყვირიან ესპანეთში - მაგას ცოლი გაექცაო.
მოდი ასე დავყოთ - ადრეული პიკე, და გვიანდელი პუიოლი. ეს იქნებოდა იდეალური ბალანსი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]