საუკეთესოები ევროზე - N6: დავიდ ვილია/სესკ ფაბრეგასი და ესპანეთის ოქროს თაობა
ისევ ჩემპიონების ჯერია. აწი სულ ჩემპიონებთან გვექნება საქმე. ვერ ვიტყვი, რომ დავიდ ვილიას ისეთი ევრო ჰქონდა როგორიც ორი წლის შემდგომი მუნდიალი, მაგრამ ევროზეც ძალიან მაგარი იყო. მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირზე გვაქვს საუბარი, მოკლე ხანში გადაასწრო რაულს და სადარდებელი მხოლოდ ის დარჩა რომ ვერ დაამრგვალა - 59 გოლია მის ანგარიშზე. ვერც ჩატარებული მატჩების დამრგვალება შეძლო - 98 მატჩი ითამაშა ესპანეთის ნაკრების ფორმით.
ახალი ესპანეთი - სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
წავიდა მორიენტესის, დიეგო ტრისტანისა და რაულ გონსალესის დრო. აღარც გახსენებიათ, რადგან სხვა ხალხი მოვიდა ნაკრებში, ოქროს თაობა მოვიდა, შეტევაში კი იდეალური დუეტი ჩამოუყალიბდათ ფერნანდო ტორესსა და დავიდ ვილიას. იყო დიდი მითქმა-მოთქმა უნდა წაეყვანათ თუ არა ევროზე რაულ გონსალესი, ესპანური ფეხბურთისა და მადრიდის "რეალის" მთავარი სიმბოლო. რაულის კარიერა ამ დროს უკვე უკან მიდის, ვერ ვიტყვი რომ ბრაზილიელმა რონალდომ ითამაშა ამაში გადამწყვეტი როლი, რადგან ჯერ კიდევ 2002/03 წლების სეზონში, როცა ბრაზილიელი სადებიუტო სეზონს ატარებდა, ბოსკემ შეძლო და დაალაგა ეს ორი კაცი. კარგი დუეტი ჰქონდათ, გაიბრწყინა რაულმა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, გაიბრწყინა "მანჩესტერთან" ბერნაბეუზე, და ვერაფერი გაახერხა "იუვენტუსთან". ეს იყო იმ ძველი რაულის უკანასკნელი გაელვება. მას მერეც ბევრი გოლი შეყარა, მაგრამ ისეთი მაგარი აღარ ყოფილა. რონალდოს საერთოდ არ სჭირდებოდა მეწყვილე, ერთი რომარიო ავსებდა და მორჩა.
რივალდო და რონალდინიო სხვა თემაა, ათიანები იყვნენ, უკნიდან თამაშობდნენ. არ ცდილობდნენ მის შეზღუდვას. რაული კი საჯარიმოს ფორვარდი იყო, ტრავმის შემდგომი რონალდოც მეტწილად საჯარიმოში მოქმედებდა და საერთოდ მოუსპო სივრცე ესპანელს. მანდ მორჩა რაულის ბეჭედზე კოცნა, მანდ მორჩა რაულის ტორეადორობა.
მადრიდის მეორე მხარეში კი ესპანური ფეხბურთის მოვლენა გამოჩნდა, ოქროს თაობის კიდევ ერთი დიდებული წარმომადგენელი, რომელიც 19 წლისა უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანი იყო. ფერნანდო ტორესის თამაში პირველად 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვნახე და მანამდე არაფერი მსგავსი არ მინახავს, ეზოს ბავშვებში შევარდნილ მარადონას ჰგავდა. მოიგო კიდეც ევრო. მერე "ლივერპულში" გადავიდა და ვან ნისტერლოის შემდეგ, პრემიერლიგაში ეგეთი მაგარი დებიუტი არავის ჰქონია. ჰოდა, ეს სწორედ ტორესის ზეობის ხანაა. ეს ტორესია თავის პიკში!
იქით კიდევ "ვალენსიაში" ნამდვილი ღამურა იპოვეს, არ ინდობდა არც "ბარსას" არც "რეალს" და ატყდა ნადირობა ამ კაცზე, ვინ ჩაიგდებდა ხელში. თუმცა, მანამდე ნაკრებში დაჩრდილა ყველა, ნელ-ნელა მოუმატა და სულ მალე ყველას ზემოდან გადმოხედა თავის 59 გოლიანი ნიშნულიდან.
ასე შეიქმნა ბრწყინვალე დუეტი. დააბალანსეს ერთმანეთი. სისწრაფე იმ დროს ორივეს ჰქონდა, ორივეს შეეძლო ორივე ფეხით და თავით გატანა. ორივე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო და ამავე დროს აბსოლუტურად განსხვავებული სათამაშო სტილით.
კონფლიქტი არაგონესთან
დაიწყო ჩემპიონატი და ესპანეთმა რუსეთს გადაურბინა. დავიდ ვილიამ ჰეთთრიქი შეასრულა. ტორესს გოლი არ შეუგდია და მგონი ცოტა დაიბოღმა კიდეც, მოხუცმა შეცვალა და ტორესმა ცუდი სიტყვები მიაძახა. რატომღაც მგონია, რომ დავიდ ვილია ამას არასდროს გააკეთებდა. ძალიან ცუდი სანახავი იყო, პროფესიონალები ასე არ იქცევიან და თან ტორესისგან ამას არავინ ელოდა. კარგად დაწყებული საქმე შიდა კონფლიქტით კინაღამ წყალში ჩაყარა, მაგრამ არაგონესი ძალიან გამოცდილი მწვრთნელი იყო, ამიტომ, სადაავეები ხელიდან არ გაქცევია, ბოლომე ყურებით დაიჭირა ჩვენი ფერნანდო.
ასე რომ, მომდევნო მატჩში შვედეთთან ანგარიში ტორესმა გახსნა, მერე იბრამ რამოსი დაჩაგრა და გაათანაბრა, ბოლო წუთებზე კი დავიდ ვილიამ თავის საყვარელი პოზიციიდან შეაგდო და მოაგებინა ესპანეთს.
მთავარ ვარსკვლავად ტორესი ითვლებოდა, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას მაინც ვილია ამბობდა. ასე იყო იქამდე სანამ ნახევარფინალში ტრავმას მიიღებდა. ვილიას ნაცვლად ფაბრეგასი გამოვიდა. "ელ გუახემ" ვერც ფინალში მოასწრო გამოჯანმრთელება.
ფინალის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. ფერნანდომ შეაგდო. როგორც თავის დროზე ფერგიუსონმა აღნიშნა - იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე ბევრს ჰგონიაო. საქმე იმაშია, რომ ტორესს არც თუ ისე დიდი სიხშირე ჰქონდა, მაგრამ ნაბიჯი ჰქონდა გრძელი. ტიერი ანრივით. ამ გრძელი ნაბიჯის ხარჯზე მაინცდამაინც სწრაფი არ ჩანდა, თუმცა, მანძილს წამებში ფარავდა. ვერც ფილიპ ლამი წარმოიდგენდა რომ ასეთი სწრაფი იქნებოდა, ერთწამიანი მოდუნება და მორჩა, გათავდა. მერე ლამი გახარებულ ტორესს და დამწუხრებულ ბალაკს ხედავდა, რომელიც ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და მუნდიალის ფინალის მერე, ევროს ფინალსაც აგებდა, თან რაღაც ქართულსაც ბუტბუტებდა თურმე - ჩემს ბედს..
ამდენი ლოდინის მერე ესპანეთი ისევ გაჩემპიონდა. აი, ის 19-წლამდელთა ჩემპიონატი რომ ვახსენე, ტორესმა და ინიესტამ მოიგეს. ფინალში გერმანია დაამარცხეს და ერთადერთი გოლი იქაც ფერნანდომ გაიტანა.
ტორესის მზე ძალიან მალე ჩაესვენა, დავიდ ვილია კი გაცილებით უკეთესი გახდა ორი წლის თავზე, როცა ესპანეთი მსოფლიოს მოსაგებად წავიდა და ისტორიაში პირველად გახდა კიდეც მსოფლიო ჩემპიონი - ასე რომ, დათოს მუნდიალის ათეულშიც მივუჩინეთ ადგილი თავის დროზე.
2012 წლის ევროზე ტორესი აჩრდილი იყო თავისივე თავის, დავიდ ვილიამ კი ფეხი მოიტეხა და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. რა უნდა ექნა ბოსკეს? ადგა და ფაბრეგასი დააყენა ცრუ ცხრიანზე. გაჰყვა გვარდიოლას მოფიქრებულს და მიიღო კიდეც გადასარევი შედეგი.
ყველგან ფაბრეგასი
რაღაც მაწუხებს როცა ამ ბიჭს ვიხსენებ, თითქოს გაცილებით მეტი შეეძლო და ხელი მოეცარა. წავიდა თუ არა გუნდიდან, „ბარსამ“ ტრიპლეტი მოიგო. ფიქრობდა მერე კლუბში რომ დავრჩენილიყავი რაკიტიჩს როგორმე ვაჯობებდი და მე ვიქნებოდი ამ ტრიუმფის ნაწილიო, ჰქონდა ეს ამბიცია და ამაზე ფიქრმა საერთოდ დაკარგა ეს კაცი. სინანულად გადაექცა მთელი დარჩენილი კარიერა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კლუბიც დათანხმდა მის გაყიდვას. მეტს ველოდით შენგანო - ესეც მიაძახეს.
ფაბრეგასს სამი ევრო აქვს ნათამაშები - 2008, 2012, 2016 და სამივე ევროზე ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, წარმოგიდგენიათ? იმ ესპანეთში, ასეთ კონკურენციაში, სულ თამაშობდა. ხან ძირითადში, ხან შეცვლაზე. ამ სამიდან ორი ტრიუმფის სრულფასოვანი ნაწილი გახდა.
მიღწევას ზრდის ისიც რომ სამივე ევროზე აბსოლუტურად განსხვავებული როლი ჰქონდა. ევრო 2008-ზე შედგა მისი დებიუტი, შეცვლაზე შემოვიდა და რუსებს მეოთხე გოლი გაუტანა. ნახევარი საათი ითამაშა შვედებთან და 90 წუთი ბერძნებთან. მთავარი ამბავი კი ჩემთვის იტალიასთან მატჩში მოხდა, მეოთხედფინალში, სადაც ჩავთვალე რომ არაგონესი გაგიჟდა, მესამოცე წუთზე ჩავი და ინიესტა მოხსნა თამაშიდან. ორივე ერთად. წინ დიდი დროა, მერე აღმოჩნდა რომ კიდევ ერთი საათი იყო სათამაშო, რადგან შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, ჰოდა, თუ ესპანეთმა ჩავი-ინიესტას გარეშე იტალიასთან სადავეები არ დათმო, ეს სწორედ შეცვლაზე შემოსული ფაბრეგასის დამსახურება იყო.
ალბათ სიმბოლურიც არის რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი სწორედ მან შეაგდო.
მერე იყო ნახევარფინალი რუსეთთან სადაც ვილიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად შემოსულმა ფაბრეგასმა ორი საგოლე პასი მიითვალა. პირველი გოლი კი ჩავიმ და ინიესტამ გააკეთეს - აჩვენეს არაგონესს, ჩვენთან ასე მოქცევა არ შეიძლებაო.
ვილიას არყოფნაში ფაბრეგასმა ფინალიც ძირითადში დაიწყო და ჩაეწერა ასე ჰარმონიულად ჩავის, სენას, ინიესტასა და სილვას კომპანიაში. ეს იყო პირველი ტრიუმფი, თუმცა, ფაბრეგასის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მეორე ევრო მაინც უფრო განსაკუთრებულია, რადგან მთელი ჩემპიონატის მანძილზე ცრუ ცხრიანის პოზიციაზე მოუწია თამაში. ესეც გვარდიოლას ამბავი იყო, გახსოვთ ალბათ დაიწყო ექსპერიმენტები და ხშირად ვხედავდით ფაბრეგასს ჩავისა და ინიესტას წინ, თითქოს მესისთვის ხელი უნდა შეეშალა, მაგრამ არა, იპოვა თავისი ადგილი, პასებითაც ხშირად ამარაგებდა და თავადაც გაჰქონდა გოლები. გამოიყენა ეს ბოსკემ და ულაპარაკოდ მოიგო ევრო.
პირველ შეხვედრაში იტალიას გაუტანა, მატჩი 1:1 დასრულდა. მეორე შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და ირლანდიას გაუტანა. ესპანეთმა 4:0 მოიგო. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ხორვატებთანაც შეცვლაზე შემოვიდა.
მეოთხედფინალში საფრანგეთთან ძირითადში დაიწყო და 2:0 მოუგეს. დამაჯერებლად.
პორტუგალია ნახევარფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს და აქაც იგივე განმეორდა, რაც ოთხი წლის წინ - გადამწყვეტი დარტყმა ფაბრეგასმა შეასრულა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ფინალიც ძირითადში დაიწყო და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ეს უკვე „ბარსელონური“ ამბებია. ქსოვდა ესპანეთი „ბარსას“ სტილში და ამ ქსოვაში მაგრად გაიწაფა სესკ ფაბრეგასიც.
მერე იყო ევრო 2016 სადაც სულ ძირითადში იყო, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც წარმატება მოჰქონდა. წავიდა ნაკრებიდან ჩავი და რა თქმა უნდა, ვერავინ შეძლო მისი შეცვლა. ცოტა სევდიანიც კი იყო ამ დიდი ეპოქის დასასრულისთვის თვალის მიდევნება, მაგრამ ეს გარდაუვალია - რასაც აქვს დასაწყისი, იმას აქვს დასასრულიც.
რაც მთავარია, ისტორიას დაუტოვეს ზედიზედ მოგებული ევრო - 2008, 2012 და შუალედში მოგებული მუნდიალი - 2010. საკმარისია. საკმარისზე მეტიც კია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]