საუკეთესოები ევროზე - N7: პატრიკ კლუივერტი და ძალიან ბარსელონური ჰოლანდია
ყველას აქვს კარიერის მთავარი მომენტი, ერთგვარი გზაგასაყარი, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა მერე სულ ზევით და ზევით მიდიხარ, მაგრამ თუ რაღაც გაფუჭდა გზა მხოლოდ ქვემოთ წავა.
ძალიან დიდი უნდა იყო, რომ ყოველი დაცემის მერე ფეხზე წამოდგომა შეძლო, პატრიკ კლუივერტი ასეთი დიდი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ჰქონდა განსაკუთრებული სათამაშო სტილი, საფეხბურთო ინტელექტი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა, მაგრამ მაინც ვერ შეწვდა იმ სიმაღლეს, რასაც 18 წლის ასაკში უწინასწარმეტყველებდნენ.
ეს გადამწყვეტი წამი პატრიკ კლუივერტს ევრო 2000 ის ნახევარფინალში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დაუდგა.
თუმცა. იქამდე დიდი გზა იყო გასავლელი.
ბარსელონური ნიდერლანდები
ყველას თავისი ევრო აქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი, რაღაც თვალსაზრისით ერთიანი სტანდარტის განმსაზღვრელი ხდება და მერე იმას ადარებს კაცი ყველაფერს. ჩემთვის ასე იყო ევრო 2000. არაფერი აკლდა - არც დიდი ფეხბურთელები, არც დიდი გუნდები. ულამაზესი ფორმები, დღემდე საუკეთესოდ რომ ითვლება და აბსოლუტურად, ფეხბურთით გაჟღენთილი გარემო. ნიდერლანდებმა უმასპინძლა ჩემპიონატს და მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობდა, იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დროს ცხოვრობს ხოლმე.
ევროს ძველი ფორმატის გადამკიდე ცოტა უხერხულიც კი იყო „სიკვდილის ჯგუფი“ გეხსენებინა, როგორც წესი, ყველა ჯგუფი ძალიან რთული იყო. მასპინძლები საფრანგეთთან, დანიასთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. ყველა გოლი, მთელი ტურნირის განმავლობაში, „ბარსელონელებმა“ შეაგდეს. ზოგი უკვე იყო „ბარსას“ წევრი, ზოგიც მერე გახდა. ასეთი რამ მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხდა, 2010 წელს, მაშინ ესპანეთმა ტრიუმფით დაასრულა „ბარსელონური“ სვლა. ფორთოხლებს კი რაღაც დააკლდათ, აი, ის ერთი წამი დააკლდათ, რომელსაც არა მხოლოდ ნიდერლანდების, არამედ კლუივერტის ბედიც უნდა გადაეწყვიტა.
"ბარსელონელებიდან" ნაკრებში იყვნენ - კლუივერტი, ოვერმარსი, ზენდენი, რონალდ და ფრანკ დე ბურები, რაითსიგერი, ედგარ დავიდსი, ვან ბრონხოშტი და ფილიპ კოკუ. ამათ დაამატეთ მთავარი მწვრთნელი - ფრანკ რაიკაარდი და მისი ასისტენტი იოჰან ნეესკენსი.
ბერხკამპიც შეიძლებოდა
კლუივერტთან ერთად შეტევის ხაზში იყო დენის ბერხკამპი. მარკო ვან ბასტენის მემკვიდრე. შეიძლებოდა ისიც „ბარსელონელი“ ყოფილიყო. აბა, კიდევ რომელი ფეხბურთელი მოუხდებოდა ასე ძალიან „ბარსას“? 1992 წელს, იოჰან კრუიფი ეხვეწებოდა „ბარსას“ ფორმა მოერგო, მაშინ, დაფრინავდა დენისი! რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს სიტყვა ფრენის მასთან მიმართებით გამოყენება. თავად დენისი ამ ამბის გახსენებისას ამბობს რომ სერია ა-ში სურდა თამაში, “მილანში“ ვერ მივიდოდი, იქ უკვე იყო სამი დიდი ნიდერლანდელიო, (მოგეხსენებათ, იმ დროში მხოლოდ სამი ლეგიონერის გამოყვანა შეიძლებოდა ძირითად შემადგენლობაში) „იუვენტუსს“ რობერტო ბაჯო ჰყავდა, რომელსაც იმავე სივრცეში უყვარდა თამაში, ამიტომ „ინტერში“ წავედიო. თავდაპირველად პირობა შეასრულეს და შემტევი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, ოღონდ მხოლოდ ორი თვის განმავლობაშიო, მერე კი...
„ინტერმა“ ასე იცის.
„ინტერი“ არის კლუბი სადაც რობერტო კარლოსი საყრდენ ნახევარმცველად დააყენეს. „ინტერი“ არის კლუბი, რომელმაც ამ სიგიჟის ავტორი, როი ჰოჯსონი მიიწვია მწვრთნელად. ეს არის კლუბი, სადაც ვერც დენისმა გაიხარა და ვერც ბაჯომ. ეს არის კლუბი, რომელშიც რონალდო დასრულდა, როგორც „ფენომენი“, სადაც ფიგუმ კარიერა დაასრულა და ჟოზე მოურინიუ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
მოკლედ, დიდი უკუღმართი კლუბია, ჩემი გადმოსახედიდან.
კრუიფის თხოვნიდან ერთ წელში წავიდა დენისი იტალიაში და მოიყვანა კრუიფმა რომარიო. ბერხკამპი რომ გადმოსულიყო უფრო დიდხანს ითამაშებდა, ვიდრე რომარიომ ითამაშა, მაგრამ არაფერია სანანებელი, იმ გადაჭრილი ჯადოქრის ხილვა ერთ რამედ ღირდა, თუნდაც, მხოლოდ გაელვება ყოფილიყო. თანაც ამ ბრაზილიელმა ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა „ბარსელონას“ ხედვა და სამუდამოდ დაუკავშირა ბრაზილიის ოქროს თაობას, რომელმაც წლების განმავლობაში უდიდესი სიხარული მოგვიტანა.
რა მოხდა ევროზე?
პირველი შეხვედრა ჩეხეთთან ბოლო წუთებზე მოიგეს ძმების წყალობით, მატჩის მიწურულს რონალდ დე ბური წააქციეს და ფრანკ დე ბურმა პენალტით ერთადერთი გოლი შეაგდო.
მეორე ტურში დანიის ნაკრებს 3:0 მოუგეს, პატრიკმა ანგარიში გახსნა, მერე რონალდ დე ბურმაც გაიტანა და ბოლოს ზენდენმა შეაგდო, რომელსაც ასეთი კარგი ფეხბურთი ცხოვრებაში არ უთამაშია. მერე იყო ძალიან საინტერესო მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან. საინტერესო იმიტომ რომ როჟე ლემემ მეორე შემადგენლობით გადაწყვიტა თამაში, დასვა ზიდანი, ანრი, ტურამი, ბლანი, ანელკა, დეშამი, ბარტეზი და ა.შ. ფრანკ რაიკაარდმა კი ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა და 3:2 მოიგო. თუმცა, შეხვედრამ ფრანგთა ძალა უფრო გამოაჩინა. რეზერვითაც კი მაგრად შეაშინეს მასპინძლები. თანაც, სერიოზული განაცხადიც გააკეთეს - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მეოთხედფინალში იუგოსლავიას შევხვდებით თუ ესპანეთს, მსოფლიო ჩემპიონები ვართ და ვისთანაც გინდათ გვათამაშეთ, გინდა პირველზე გავსულვართ ჯგუფში და გინდა მეორეზეო.
ვისურვებდი მამლების ძირითადი მენახა და ეს მატჩიც კლასიკად მოინათლებოდა. გოლები იმავე ფეხბურთელებმა შეყარეს - პატრიკ კლუივერტმა, ფრანკ დე ბურმა და ბუდივეინ ზენდენმა. დე ბურის ჯარიმა განსაკუთრებით გამოსარჩევია, რობერტო კარლოსივით დაატრიალა. კლუივერტის გოლიც ძალიან მიყვარს და ვინმემ რომ ტიპური კლუვერტის გოლის გახსენება მთხოვოს, ამ გოლს აუცილებლად გავიხსენებ.
აქაც ბავშვობის მოგონებები თამაშობს ალბათ როლს. მწვანე გაზონი, ფორთოხლისფერი ფორმა, გადასარევი სტადიონი და ბურთზე დაგეშილი პანტერა.
გავიდა ნიდერლანდები მეოთხედფინალში და ძალიან ძლიერ იუგოსლავიას შეხვდა, თავისი მილოშევიჩით, მიხაელოვიჩით და დანარჩენი სერბებით, კი ერქვა იუგოსლავია, მაგრამ უკვე სერბეთი იყო.
6:1 გაანადგურეს ფორთოხლებმა და ყველამ ჩათვალა რომ ეგ არის - მოიგებენ ესენი ჩემპიონატს. ყველაფერი პატრიკ კლუივერტის პოკერით დაიწყო, მერე აღმოჩნდა რომ ეს პოკერი თურმე ჰეთთრიქია, რადგან ერთ-ერთი გოლის დროს ბურთზე მცველმა ითამაშა და არა კლუივერტმა. ამ ოთხ გოლს ორი მარკ ოვერმარსმაც წაამატა.
არავინ ელოდა ასეთ გამანადგურებელ გამარჯვებას.
ბოლო წუთებზე იუგოსლავიამ პრესტიჟის გოლი შეაგდო, სავო მილოშევიჩმა მეხუთე გოლი გაიტანა ჩემპიონატზე და პატრიკ კლუივერტს გაუთანაბრდა.
ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდა იტალიის ნაკრები და იქ არა მარტო იტალიურმა კედელმა, არამედ იღბალმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ შეხვედრა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.
კატენაჩო
მალდინი-ნესტა-კანავარო - და მორჩა ამბავი.
თუმცა, იყო დაცვის ხაზში იულიანო და თუ რამე შექმნა ნიდერლანდებმა სწორედ იულიანოს ზონიდან. კიდევ ერთი „ბარსელონელი“ ძამბროტა კი 34-ე წუთზე გააძევეს და თითქოს მორჩა კიდეც აქ მთელი ამბავი, მაგრამ მალდინიმ თქვა რომ - არა, არ მორჩენილა.
ორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა იტალიელთა კარში, ერთხელ ნესტამ მოქაჩა კლუივერტს და მსაჯმა არ აპატია, მეორედ კი იულიანომ ედგარ დავიდსი წააქცია და კიდევ ერთი ბრწყინვალე შანსი მიეცა ჰოლანდიას - როგორც მაშინ ვეძახდით. პირველი პენალტი ფრანკ დე ბურმა დაარტყა და ფრანჩესკო ტოლდომ აჯობა. მთელ ამსტერდამ არენას გული შეუწუხდა. ვერ ვიტყვი რომ ცუდი დარტყმა იყო, კუთხეში გაუშვა, ძლიერად, მაგრამ ტოლდომ მაინც აიღო. მეორე პენალტის შესასრულებლად პატრიკი მივიდა ბურთთან და 10-დან 10-საც შეაგდებდა, მაგრამ იმ დღეს არ სურდათ ღმერთებს იტალიის კარში გოლის დანახვა. ტოლდო მოტყუვდა, სხვა მხარეს გადახტა, კლუივერტის დარტყმული კი ძელს მოხვდა.
ნახევარფინალში! მთელი იტალია დაცვაშია, 35-ე წუთიდან კაცნაკლული. აღარც კი უტევს მეტოქეს. გაძლებაზე თამაშობს, ამ დროს ორი თერთმეტმეტრიანი ინიშნება და ნიდერლანდებმა ორივე ქარს გაატანეს.
არ იყო მათი დღე, არც საათი და არც წუთი. რაღაცამ არ იმუშავა, რაღაც ვერ გათენდა ისე, როგორც პატრიკს სურდა. იტალიამ გაძლო და უკვე ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, რადგან მიზანს მიაღწია - მიათრია თამაში პენალტებამდე, სადაც გამოჩნდა რომ ფორთოხლებს საერთოდ არ უმუშავიათ თერთმეტმეტრიანებზე.
მერე სულ ქვემოთ
ეს იყო 23 წლის პატრიკ კლუივერტის კარიერული პიკი. ამის მერე მაღლა აღარ უვლია. 2002 წელს ლუი ვან გაალის ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გავიდა. უკვე გაჩემპიონებულმა, ზაფხულში გუნდიდან გაშვებულმა და გაბრაზებულმა რივალდომ წამოაძახა კიდეც - ნიდერლანდები ვან გაალმა ჩატოვა ჯგუფშიო.
ესეც უცნაური ამბავია. ლუი საოცარი ნაკრებით ჩაფლავდა, გასპარმა კი მწვრთნელად მიიწვია. გასაგებია, რომ კლუბს კარგად იცნობდა, მაგრამ მაინც.. რა უედურებაა?! კაცს შუა ასაკის კრიზისი აქვს და მწვრთნელად ნიშნავ.
რამდენიმე თვე გაძლო. რივალდოს ცოდვა ეწია ლუის.
მერე იყო ევრო 2004 და კლუივერტი ყველა შეხვედრაში სკამზე დარჩა, რადგან ჰოლანდია უკვე 4-3-3 ით თამაშობდა, ფორვარდის პოზიციაზე კი რუუდ ვან ნისტერლოი გაამწესეს. პატრიკი ძალიან ადრე ჩაბარდა წარსულს, „ბარსელონაშიც“ კი აღარ უკრავდნენ ტაშს.
მერე ნაკრებსაც მოწყდა. 28 წლის პატრიკ კლუივერტი ისე გაქრა მსოფლიო ფეხბურთის ვასრკვლავების სიიდან რომ არც არავის გახსენებია. აგერ, გვეწვია მცირე ხნის წინ თბილისში და საინტერესო არაფერი უთქვამს. ცოტა სევდიანი თვალები კი ჰქონდა, ან ისევ იმ პენალტს გლოვობს, ან, თავის შვილზე სწუხს, რომელიც ვერა და ვერ იქცა დიდ ფეხბურთელად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]