საუკეთესოები ევროზე - N8: რონალდ კუმანი და ანა ფრანკის დღიური
ესეც კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი - რონალდ კუმანი. "ბარსას", "აიაქსისა" და "ეინდჰოვენის" ლეგენდარული მცველი. ყველაზე გამტანი მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში! მის ანგარიშზე 253 გოლია, მეორეადგილოსან პასარელას 78 გოლით უსწრებს.
კუმანს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა კარიერაში მეორედ, ჩემპიონთა თასისთვის ევროპის ჩემპიონობა მიეყოლებინა, მაგრამ უკვე მოვყევით რა უქნეს დანიელებმა ნიდერლანდებს. გააგდეს ნახევარფინალიდან და გახდნენ კიდეც ჩემპიონები. საქმე ის არის, რომ რონალდ კუმანმა 1988 წელს გუს ჰიდინკის "ეინდჰოვენთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. კარგი გუნდი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი სუპერვარსკვლავი ჰყავდათ კუმანის სახით. ამ წარმატებას კი 1988 წელს ევროპის ჩემპიონობა მიაყოლა. გავიდა ოთხი წელი და კუმანს მეორედ მიეცა შესაძლებლობა სრულიად ევროპის მეფე ყოფილიყო. 1992 წელს, ჯერ ჩემპიონთა თასი მოიგო "ბარსასთან" ერთად, თანაც, ფინალში მისი გოლი იყო გადამწყვეტი, მერე კი ევროზე წავიდა აბსოლუტური ფავორიტის რანგში, მაგრამ, ზღაპარი.. ზღაპარი..
ეს როგორ იკადრე ბიჭო?
იყო ერთი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ამსტერდამელი გოგო. კეთილი გულით, მოაზროვნე თავით და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღიმილით. წერა უყვარდა და წერდა. ბევრს წერდა. ოღონდ, ირგვლივ ისეთი ამბები ხდებოდა კარგი არაფერი ჰქონდა დასაწერი. წერით კიდევ მამის ნაჩუქარ დღიურში წერდა.
15 წლისა დაავადდა და გარდაიცვალა. ისეთ ადგილზე აცხოვრეს იქ ჯანმრთელად ყოფნა შეუძლებელი იყო. საერთოდ, გადარჩენა იყო შეუძლებელი. ამ გოგოს ყველანი ვიცნობთ, მისი ბედი კი ნაცისტურმა პოლიტიკამ განსაზღვრა. იმის მერე იყო მუხლებზე ხოხვა, იყო ნიურნბერგის პროცესი და ბევრი ბოდიში, ხან გულწრფელი, ხანაც, მოვალეობის მიზნით მოხდილი, მაგრამ გრძნობებს არაფერი ეშველა. ნიდერლანდელებს ისე "უყვართ" გერმანელები, როგორც ქართველებს რუსები.
ფეხბურთშიც არ იყო საქმე კარგად, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა და გერმანიამ ნიდერლანდებს 2:1 მოუგო. მწარე იყო, მაგრამ მაინც, როგორღაც, იყო დიდი პატივისცემა იოჰან კრუიფსა და ფრანც ბეკენბაუერს შორის. დიდები იყვნენ, ძალიან დიდები.
კუმანი კი სულ სხვა კაცი აღმოჩნდა. 1988 წელს მოხდა ეს ამბავი. ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდა გერმანიის ნაკრებს. ევროპაში ამ გუნდებზე ძლიერი საერთოდ არავინ იყო, ახლოსაც ვერ ჩაივლიდა ვერავინ. გერმანიას ბეკენბაუერი წვრთნიდა, რომელიც კრუიფის მსგავსად, კარგი მწვრთნელი გამოდგა, არა ისეთი ინოვატორი და რევოლუციონერი, როგორც "მფრინავი ნიდერლანდელი", მაგრამ მაინც, დიდი მწვრთნელი.
"მექანიკურ ფორთოხლებს" კი კრუიფის მასწავლებელი, რინუს მიხელსი წვრთნიდა. ის კაცი, რომელმაც 1974 წლის ფინალი წააგო გერმანიის ნაკრებთან. ჰოდა, გახსნა ანგარიში ლოთარ მათეუსმა. თერთმეთმეტრიანი ზუსტად შეასრულა. რამდენიმე წუთში მარკო ვან ბასტენი წააქციეს და რონალდ კუმანმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
89-ე წუთზე ვან ბასტენმა გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ოლაფ თონი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ეს იღბლიანი (ან უიღბლო. ამ ამბის ბოლოს თავად განსაჯეთ) კაცი მსოფლიო ჩემპიონია! მარადონას არგენტინა დაამარცხა 1990 წელს. არის ბუნდესლიგის სამგზის ჩემპიონი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში, უეფას თასი აქვს მოგებული "შალკეს" შემადგენლობაში, არის ორგზის გერმანიის თასის გამარჯვებული, ასევე "შალკეს" შემადგენლობაში, მაგრამ მსოფლიომ მისი გვარი სულ სხვა რამის გამო დაიმახსოვრა - აი, ამ მატჩის მერე, რომელიც 1988 წელს შედგა, პატიოსანი ოლაფი რონალდ კუმანთან მივიდა და მაისურის გაცვლა სთხოვა. რონალდმაც დიდსულოვნება გამოავლინა, წადი ძმაო გასახდელში მოგცემო არ უთქვამს, არ მოუცილებია თავიდან, მიუხედავად ნიდერლანდურ-გერმანული განწყობებისა, მისცა თავისი ნარინჯისფერი და გამოართვა ოლაფს შავ-თეთრი ფორმა. ამ პატიოსანმა გერმანელმა იფიქრა დავკიდებ კედელზე და დამრჩება სამახსოვროდო, გახარებული რონალდ კუმანი კი გაიქცა ნიდერლანდელი ფანებისკენ და ოლაფ თონის მაისური ტრაკში ამოისვა.
თანაც ისეთი სახით გააკეთა, ამაზე დამამცირებელი რთულია ადამიანს რაიმე გაახსენდეს საფეხბურთო მოედანზე. არა, რა იკადრა ეს რონალდ კუმანმა?! გაკიცხეს, გაკიცხეს, მაგრამ არავის უთქვამს აუგი ნარინჯისფერ ქვეყანაში, რადგან ახსოვდათ ის 15 წლის გოგო და ახსოვდათ კიდევ ძალიან ბევრი კარგი, ანგელოზივით გოგო-ბიჭები, რომლებიც გერმანელებმა შეიწირეს.
თქვენი ფორმისაც, და თქვენი გერბისაცო - მიაძახეს კიდეც.
რთულია ამის დავიწყება.
ამას კიდევ მოჰყვა 1990 წლის მუნდიალი და ევროპის საუკეთესო გუნდები ისევ გადაეყარნენ ერთმანეთს. ოღონდ, ნარინჯები ვეღარ ფრინავდნენ, რადგან მწვრთნელი მიხელსი აღარ იყო, მწვრთნელი იყო ბენჰაკერი, რომელსაც მაგრად გაუმართლა და ისე გავიდა ჯგუფიდან ერთი თამაშიც არ მოუგია. სამი ყაიმით გავიდა მერვედფინალში და იქ გერმანიას შეხვდა. რა თქმა უნდა, დამარცხდა, აბა, ლეოს მოსაგები სად იყო?!
მაგრამ! კიდევ ერთმა "ბარსელონელმა", ოღონდ მწვრთნელისა და არა ფეხბურთელის რანგში, ფრანკ რაიკაარდმა გამოიჩინა თავი და რუდი ფიოლერს შეაფურთხა! იყო დიდი გაწევ-გამოწევა და ორივე გააძევეს. რაიკაარდი დაეწია ფიოლერს და მეორედ შეაფურთხა!
რა თქმა უნდა, პირადად მას არაფერს ერჩოდა. უბრალოდ, ვერ იტანს ნიდერლანდელი გერმანელს და ჰა!
ჩვენთან ეგრე არ ურტყამენო
მოგეხსენებათ ამ უმდიდრესი საფეხბურთო კულტურის ხალხს მხოლოდ ერთხელ აქვს სანაკრებო ოქრო მოგებული, სწორედ 1988 წელს. ფინალში საბჭოთა კავშირი დაამარცხეს და ორიდან ერთი გენიალური მარკო ვან ბასტენის ზღაპრული გოლი იყო. როგორც მარადონას გოლზე არავინ დაობს, რომ მუნდიალების ისტორიაში საუკეთესოა, ისე მარკოს გოლზე არ დაობენ რომ ევროების ისტორიაშია საუკეთესო.
დაბრუნდა დასაევი მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხეში და შელამაზებულად, მაგრამ მაინც დაკითხვა მოუწყეს - ეგეთი გოლი რანაირად გაუშვი, ქვეყანას ეგრე რად უღალატეო? დასაევმაც უპასუხა - ამ დედამო...... სახელმწიფოში მაქედან არავინ ურტყამსო.
გადარჩა. არ დაუხვრიტავთ.
ქართველთაგან, თენგიზ სულაქველიძე იჯდა სკამზე. უკვე ჩავლილი პიკით. უხუცესები კი ამბობდნენ საბჭოთა კავშირს ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონობამდე და ეგ ერთი ნაბიჯი ალექსანდრე ჩივაძე უნდა ყოფილიყოო. ზუსტად 1988 წელს დაასრულა კარიერა, ევრო 88 მისი გამოსამშვიდობებელი ტურნირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ მოახვედრეს დიდი კაპიტანი ნაკრებში და დარჩა საბჭოეთი ხახამშრალი.
არ გიჟდებოდა ვალერი ლობანოვსკი ქართველებზე. ყიფიანი ცრემლებამდეც კი მიიყვანა. ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი წუთით უნდა შეეშვა მოედანზე, რათა მასაც მიეღო ოლიმპიური მედალი, ასეთი წესი იყო მაშინ, ერთი წუთი მაინც უნდა გეთამაშა, ისე მედალს ვერ აიღებდი, ჰოდა, ამ უკრაინელმა გაიძვერამ ყველა ათამაშა ყიფიანის გარდა. მერე იმით ახსნეს ეგ ამბავი, საერთოდ არ უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ შევარდნაძემ დააძალა და განრისხებულმა ვალერამ ასე იძია შური ქართველებზეო.
აი, ეგ უკვე სხვა ამბებია..
კუმანი კი გახდა ევროპის ჩემპიონი. სამართლიანად. შეარგოს ღმერთმა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]