საუკეთესოები ევროზე - N 10: ლუის სუარეს მირამონტესი / და ორი სიტყვა დანიურ ზღაპარზე

საუკეთესოები ევროზე - N 10: ლუის სუარეს მირამონტესი / და ორი სიტყვა დანიურ ზღაპარზე

 დროა დიდ სანაკრებო რუბრიკას დავუბრუნდეთ. 14 ივნისს ევრო-2024 აიღებს სტარტს. ჩვენი ყურადღება მეტწილად საქართველოს ნაკრებისკენ იქნება მიმართული. მათ მიღმა კი "ბარსელონელებსაც" შევხედავთ.

ეს რუბრიკა ჩავლილ მსოფლიო ჩემპიონატზე ავამოქმედეთ, "ბარსელონელების" საუკეთესო ათეული დავასახელეთ მსოფლიო ჩემპიონატებზე. ბლოგებს შეგიძლიათ აქ გადახედოთ. ლიონელ მესი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი იყო ჩამოთვლილთაგან, სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმცა, წერილში როგორც ვივარაუდეთ კატარის მუნდიალი მოიგო და ავტომატურად პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 

მუნდიალის დაწყებამდე სია ასეთი იყო: 

10. ხრისტო სტოიჩკოვი 
9. გარი ლინეკერი 
8. დავიდ ვილია 
7. იოჰან კრუიფი 
6. ლიონელ მესი
5. რომარიო 
4. რივალდო
3. La Masia 
2. რონალდო 
1. მარადონა 

ამჯერად, ათეულში მოქმედი ფეხბურთელი არ გვეყოლება. ლევანდოვსკის ჰქონდა შანსი, მაგრამ პოლონეთის გადამკიდე, დიდი სანაკრებო მემკვიდრეობა (დიდ ტურნირებზე) ნამდვილად არ აქვს, ასე რომ, ამ ათეულთან ახლოსაც არ არის. აი, ნომრების მინიჭება კი გაჭირდება, რადგან კონკურენცია დიდია. 

დანიური ზღაპარი 

სანამ მეათე ნომერს დავასახელებდეთ მანამდე ორიოდ სიტყვა ვთქვათ მიქაელ ლაუდრუპზე, დიდ "ბარსელონელზე", რომელსაც შეეძლო ევროპის ჩემპიონი ყოფილიყო, მაგრამ ზღვის ხედს ვერ მოსწყვიტა თვალი. ნამდვილად არ ჰქონია იოჰან კრუიფივით საპატიო მიზეზი, რომელიც 1978 წლის მუნდიალზე არ წავიდა, იოჰანს სახლში მემარცხენე რევოლუციონერები შეუცვივდნენ და მისი ოჯახი გაკოჭეს, ლაუდრუპს კი უბრალოდ არდადეგების შეწყვეტა არ სურდა. 

1992 წლის შოკს "დანიური ზღაპარი" უწოდეს იმიტომ, რომ ვინმეს ასეთი პროგნოზი რომ გაეკეთებინა აუცილებლად ეტყოდნენ ასეთ სიგიჟეს ჰანს კრისტიან ანდერსენიც ვერ მოიფიქრებდაო. 

საქმე ის არის, რომ დანია საერთოდ ვერ გავიდა 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ იუგოსლავიის ომის გამო, სწორედ მათ ერგოთ ერთი გამოთავისუფლებული ადგილი. მთელი ნაკრები უკვე დასასვენებლად იყო წასული, როცა დაურეკეს და უთხრეს - საქმეს დაუბრუნდით, ევროზე მივდივართო. სუპერვარსკვლავმა და გუნდის მთავარმა იმედმა, მიქაელ ლაუდრუპმა დაბრუნებაზე უარი თქვა. ისვენებდა. შეგახსენებთ რომ 1992 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო "ბარსასთან" ერთად, ფინალში "სამპდორია" დაამარცხეს რონალდ კუმანის გოლით და კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი მოუტანეს. მოკლედ, ბედნიერია ლაუდრუპი, ნებივრობს, ტკბება და ამ დროს ეუბნებიან ევროზე მიდიხარო. 

ნეტავ, ახლა რას ფიქრობს ამაზე?! 

დანია წავიდა ჩემპიონატზე და საწყის ორ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა - 0:0 ითამაშეს ინგლისთან, და 0:1 დამარცხდნენ შვედეთთან.

და მერე დაიწყო ზღაპარი! 

დანიის ნაკრებმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მიშელ პლატინის გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, რომელთა შეტევაშიც ოქროს ბურთის ლაურეატი ჟან-პიერ პაპენი და დაუვიწყარი წიხლის ავტორი - ერიკ კანტონა თამაშობდნენ. ჰოდა, რა ვიცი.. მოუგეს. გავიდნენ ჯგუფიდან, რაც ნახევარფინალში გასვლას ნიშნავდა, რადგან, ამ დროს ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ რვა გუნდი მონაწილეობდა. 

მერე არ იკითხავთ? ნახევარფინალში, მიქაელ ლაუდრუპის გარეშე წასულმა დანიამ, მარკო ბან ბასტენის, დენის ბერხკამპის, ფრანკ რაიკაარდის, რონალდ კუმანისა და რუდ ხულიტის (თუ გნებავთ გულიტი უწოდეთ) ნიდერლანდები დაამარცხა. ამ ფორმაციის ნიდერლანდების ნაკრები, შესაძლოა, საუკეთესოც კი იყო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. მაგრამ, ხომ ვახსენეთ უკვე? ეს დანიური ზღაპარია. 

ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. თერთმეტმეტრიანებში კი დანიას უპირატესობა ჰქონდა, რადგან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - პიტერ შმეიხელი უმაგრებდათ ზურგს. 

ყველამ გაიტანა თერთმეტმეტრიანი ერთი კაცის გარდა. ვინ იყო ის ერთი კაცი? მარკო ვან ბასტენი! ევრო 88-ის ტრიუმფატორი. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ცხრიანი (გამოკვეთილად საჯარიმოში მოთამაშე ცხრიანი) კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა ტრავმების გამო, და უკვე ჰქონდა სამი ოქროს ბურთი. 

ამ კაცის გაცუდებული პენალტით გავიდა დანია ფინალში. თუმცა, ხალხს მაინც ბაჯოს აცილება ახსოვს მუნდიალის ფინალში, რომელიც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, და არა ვან ბასტენის გაფუჭებული პენალტი, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა. 

ფინალში კი მოულოდნელი აღარაფერი ყოფილა, რადგან, გუნდი, რომელიც ამ ნიდერლანდებს მოერეოდა, იმისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ვერც მატიას ზამერი შეაშინებდათ, ვერც შტეფან ეფენბერგი და ვერც იურგენ კლინსმანი. 

2:0 - ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. 

ჰოდა, მივადგეთ ახლა ჩვენს მეათე ნომერს, რომელიც ნამდვილად არ არის მიქაელ ლაუდრუპი. ბრაიან ლაუდრუპს კი "ბარსაში" არ უთამაშია. 

ასე რომ, 

N. 10 - ლუის სუარეს მირამონტესი 

 ლუის სუარესი რომ ევროპის ჩემპიონი გახდა უკვე მილანის "ინტერის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, მაგრამ ოდესღაც "ბარსელონელი" იყო და არ ვუკარგავთ მემკვიდრეობას. შეგახსენებთ რომ სუარესი დღემდე ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელია, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული, ეს მიღწევა კი გარდა ჩემპიონთა თასზე ტრიუმფისა, სანაკრებო ფეხბურთსაც უკავშირდება. 

ვინ იცის, იქნებ ორჯერ ყოფილიყო ევროპის ჩემპიონი, ასეთ შემთხვევაში მესხი, მეტრეველი და ჩოხელი ვეღარ იამაყებდნენ ოქროს მედლით, რადგან 1960 წელს, ესპანეთის ნაკრები საბჭოთა კავშირს შეხვდა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეს რაუნდი ფაქტობრივად მეოთხედფინალის ტოლფასი იყო. უკვე ვახსენეთ ევროს ცვალებადი ფორმატის შესახებ, 60-იანებში საკვალიფიკაციო ეტაპიდან, პირდაპირ ნახევარფინალში გადიოდი. 

ჰოდა, შეხვდნენ ერთმანეთს ფრაკოს ესპანეთი და ხრუშოვის საბჭოთა კავშირი. 

ლუის სუარესი კი ზუსტად 1960 წელს იყო ოქროს ბურთის ლაურეატი. ესე იგი, ესპანეთს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა. მხოლოდ ევროპის, თორემ, ბრაზილიაში პელე და გარინჩა დაფრინავდნენ,  საბჭოეთში კი მესხი და მეტრეველი. 

ფრანკომ იუარა კომუნისტებთან თამაში. ავტომატურად 0:3 ჩაეწერათ გრაფაში. მერე კი დიდი გენერალი მიხვდა, რომ იდიოტია, რადგან საბჭოთა კავშირმა ჩემპიონობა იზეიმა, და ის რასაც ფრანკო თავისი ჭკუით ებრძოდა, უფრო თვალსაჩინო და მასობრივი გახდა. 

ოთხი წლის მერე შეცდომა აღარ დაუშვია, ყველაფერი გააკეთა, რათა ჩემპიონატი ესპანეთში ჩატარებულიყო. ხელს რა შეუშლიდა? გენერალი ფრანკო იყო ბოლოს და ბოლოს. გაახერხა ეს ამბავი და ესპანეთი ფინალში გავიდა სადაც საბჭოთა კავშირს შეხვდა. კომუნისტებს ქართველები აღარ ჰყავდათ შემადგენლობაში, მხოლოდ სათადარიგო მეკარე, რამაზ ურუშაძე იჯდა სკამზე. აღარც მესხი იყო, აღარც მეტეველი. შესაბამისად, საფრთხეც ნაკლები იყო და ესპანეთმა 2:1 მოიგო "სანტიაგო ბერნაბეუზე". 

ეს იყო ესპანეთის ნაკრების პირველი და უკანასკნელი ტრიუმფი 2008 წლამდე, ესე იგი, იქამდე სანამ ლა მასიას გენიალური თაობა არ მოვიდოდა.

მთელი გუნდი ლუის სუარესის გარშემო ბრუნავდა. მის გარდა, ნაკრებში იყვნენ სხვა "ბარსელონელებიც" - ფერან ოლივეირა, ჟოზეპ მარია ფუსტე, ხესუს მარია პერედა, სალვადორ სადურნი და პედრო ზაბალა. 

პერედამ ფინალში გოლის გატანაც შეძლო. 

ასე გაიხსნა ჩვენი ათეული. ლუის სუარესი არის სამგზის სერია ა-ს გამარჯვებული, ორგზის ესპანეთის ჩემპიონი და ორგზის ესპანეთის თასის გამარჯვებული, ორგზის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (ამჟამად ვუწოდებთ ჩემპიონთა ლიგას) ევროპის ჩემპიონი, ინტერ-სიტის თასის ორგზის მფლობელი, (ეს ტურნირი აღარ არსებობს) და რაც მთავარია, არის ერთადერთი ესპანელი, რომელიც ოქროს ბურთის ლაურეატი გახდა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ივნისი 2024 00:04
    0
    ძალიან საინტერესო სტატია იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ივნისი 2024 17:43
    1
    დროული იყო, კარგია ასეთი სტატიები სანაკრებო ტურნირების წინ, ემზადები და ბოლომდე გადაგაქვს ყურადღება, მითუმეტეს ასეთი სეზონის მერე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ივნისი 2024 17:43
    4
    საქმე ის არის, რომ დანია საერთოდ ვერ გავიდა 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ იუგოსლავიის ომის გამო, სწორედ მათ ერგოთ ერთი გამოთავისუფლებული ადგილი.
    ეს მართლაც ასე იყო და აქ ერთი დაზუსტებაც შეიძლება: შესარჩევში გამარჯვებული იუგოსლავია ომის გამო კი არ დარჩა ჩემპიონატის მიღმა. ომი უკრაინაშიც არის, მაგრამ უკრაინელები მიდიან ევროზე.
    უბრალოდ ჩემპიონატის დაწყებამდე იუგოსლავია დაიშალა როგორც მთლიანი სახელმწიფო, რომლის ადგილზეც 6 სახელმწიფო მივიღეთ. ეს სახელმწიფოები იყო: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა.
    ალბათ ყველას ენდომებოდა ევროზე მოხვედრა, მაგრამ ცხადია მხოლოდ ერთი გუნდი უნდა წასულიყო და კიდევ უფრო რო არ გართულებულიყო სიტუაცია შესარჩევში მე-2 ადგილზე გასულ დანიას მისცეს ეს ადგილი.
    ფეოლა მადლობა ისტორიის გახსენებისთვის.
    Culé [?]
    #1 2 ივნისი 2024 17:16
    0
    ლიდისის სამერვილის მოყვანაც არ იქნება ცუდი რა დაჯდება ვითომ 30 მაქსიმუმ