იოჰან კრუიფი - ჩემი შემობრუნება

სულ მცირე ხნის წინ Arveladze Foundation-ის მხარდაჭერით ითარგმნა იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული წიგნი - ჩემი შემობრუნება. წიგნი გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა და გიორგი არონიამ თარგმნა.
"ბარსას" ქომაგებისთვის ორმაგად საინტერესო ნამუშევარია, არავის არ ეკუთვნის ეს კაცი იმდენად, რამდენადაც "ბარსელონას". ამაზე შეგვედავებიან "აიაქსის" ქომაგები, ჰოდა, გვედაონ.
კრუიფზე ბევრი დაგვიწერია და გვითქვამს. რთულია რაიმე ახალი თქვა, მით უმეტეს, მაშინ, როცა თავად აქვს ყველაფერი მოყოლილი. აბა მე რაღა უნდა დავამატო? ამიტომ, გადავწყვიტე რამდენიმე ამონარიდი გაგაცნოთ. მთელი წიგნი ძალიან საინტერესოა, მაგრამ იმ ნაწილს დავუთმე ყურადღება, რომელიც "ბარსელონას" ეხება.
ფეხბურთელობისას
„ბარსელონაში“ ხუთი წელი ვითამაშე, 1973-დან 1978 წლამდე. ამით, კავშირი ჩამომიყალიბდა არამხოლოდ კლუბთან, არამედ კატალონიელებთანაც. ეს კავშირი ათი წლის შემდეგ გაძლიერდა, როცა „ბარსელონას“ მწვრთნელი გავხდი, ხოლო ჩემი ოჯახი კატალონიაში სამუდამოდ დასახლდა.
პირველი სათამაშო სეზონი შესანიშნავი იყო. ჩემი გადმოსვლის გარშემო არსებული მღელვარება, მადრიდის „რეალზე“ გამარჯვება, ანგარიშით 5-0, ჩემპიონობა და მერე, პირადად ჩემთვის, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. ბარსელონაში და „ბარსელონას“ გარშემო არსებული მოლოდინი ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ 1974 წლის შემდეგ, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, ჩემპიონები აღარ გავმხდარვართ. კოპა დელ რეი კი, ჩემს უკანასკნელ სეზონამდე არ მოგვიგია.
რაც უფრო დიდხანს ვთამაშობდი ესპანეთში, მით უფრო ვხვდებოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოლიტიკა ამ სპორტში. უპირველეს ყოვლისა, არასდროს ვიცავდი პარტიულ წესებს სხვა ფეხბურთელებივით მკაცრად. ეს ჩემი არ არის. მე ამსტერდამელი ვარ, რომელიც ამბობს იმას, რაც არის. გენერალ ფრანკოს რეჟიმის დროს და მისი დასრულებიდან მალევე, ესპანეთში ასე მოქცევა, ჯერაც უჩვეულოდ მიიჩნეოდა".
„ბარსელონაში“ რომ გადავედი, კლუბს რინუს მიხელსი წვრთნიდა, მაგრამ ის არ ყოფილა ადამიანი, რომელმაც კლუბში მიმიყვანა. როგორც არმან კარაბენმა მერე და მერე მითხრა, მიხელსის პირველი არჩევანი ბუნდესლიგის ბომბარდირი, გერდ მიულერი იყო. მასთან ამის შესახებ არასდროს მილაპარაკია და ანალოგიურად, არც მას გაუკეთებია ოდესმე ისეთი რამ, რითაც მაგრძნობინებდა, რომ მეორე არჩევანი ვიყავი, პირიქით – „ბარსაში“ მოედნის ხელმძღვანელად დამნიშნა და ჩემთან ყველაფერს წინასწარ განიხილავდა, ისევე როგორც „აიაქსში“.
იმავეს ვერ ვიტყოდი ჰენს ვაისვაილერზე, რომელმაც მიხელსი 1975-1976 წლების სეზონის დაწყებამდე შეცვალა. სხვა მწვრთნელებთან კამათი იშვიათად მომდიოდა, მაგრამ ის იყო ერთადერთი, რომელთანაც მუშაობა არ შემეძლო. ვაისვაილერის პრობლემა ის გახლდათ, რომ ზრდასრულებს ეუბნებოდა, რა უნდა გაეკეთებინათ, მიუხედავად იმისა, ამის გაკეთება შეეძლოთ თუ არა. ეს მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს საჭირო უნარები აქვს, მაგრამ ამაზე, როგორც ჩანს, მას არ უფიქრია. ამ მიდგომის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ჭაობში ჩაეფლო.
მწვრთნელობისას
"გულის პრობლემებმა კიდევ ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა. ოპერაციიდან სამი კვირის თავზე, ექიმებმა გადაწყვიტეს იმ დროს დამკვირვებოდნენ, როცა „ბარსელონას“ მნიშვნელოვანი, მღელვარებით აღვსილი მატჩი უნდა ჩაეტარებინა, რათა გაეგოთ, თუ როგორ იმოქმედებდა ჩემი გული ასეთი მწვავე დაძაბულობის ფონზე. ეს „ბარსელონასა“ და კიევის „დინამოს“ შორის გასამართი მატჩი იყო, 1991 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი. წმინდა ჟორდის საავადმყოფოდან სხვადასხვა კაბელისა და ღილაკის მქონე სპეციალური აპარატი გამოგზავნეს, რომელიც მკერდზე დამიმაგრეს. ამგვარად, ჩემი გულის რიტმის აღრიცხვა მათ ისეთი მატჩის დროს შეეძლოთ, რომელსაც შინ, ტელევიზორში ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი თამაში იყო, რომლის ბედი „ბარსელონამ“ მხოლოდ ბოლო წუთზე გადაწყვიტა, ჩემი კარდიალური რიტმი საერთოდ არ აჩქარებულა. მოგვიანებით, ის იმ დროსაც აღრიცხეს, როცა სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მაგრამ უჩვეულო რამ არც მაშინ მომხდარა. ერთი ისეთი მატჩიც იყო, რომლის დროს ჩემი გულის რიტმი ისეთივე სტაბილური იყო, როგორც ადამიანის, რომელსაც ნასადილევს სძინავს. ჩემი გულისცემა მხოლოდ ერთხელ აჩქარდა – „ბარსელონას“ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეხვედრაზე".
"ლონდონში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მთელი კატალონია გაგიჟდა. სიხარული უსაზღვრო იყო, როცა რამდენიმე კვირის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი მიყოლებით მეორედ მოვიგეთ. ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სიმართლეა. იმ სეზონში, ლიგის სათავეში მხოლოდ ერთხელ ვიყავით და ისიც ბოლო რაუნდის შემდგომ. შინ „ბილბაო“ დავამარცხეთ, ხოლო მადრიდის „რეალი“ „ტენერიფესთან“ დამარცხდა, ანგარიშით 3-2. ემოციურად, ესპანეთის ჩემპიონობა გაცილებით უფრო მძლავრი იყო, ვიდრე „უემბლიზე“ მოპოვებული გამარჯვება.
მოედნის ცენტრში, რგოლში ვიდექით და ტენერიფეში საბოლოო სასტვენს ველოდით – ასეთი რამ ხომ არასდროს დაგავიწყდება.
რონალდ კუმანმა, სამწუხაროდ, ეს განსაკუთრებული გრძნობა ვერ განიცადა. რინუს მიხელსმა, რომელიც მაშინ ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი იყო, იგი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. ეს რომ გავიგე, ხუმრობა მეგონა. როგორ შეიძლება ფეხბურთელი ასეთ რამეს გაუმკლავდეს? და თან ასეთ რამეს ვისგან არ ველოდი და.. მიხელსისგან! საერთოდ ვერ გავუგე. მთელი წელი ტიტულისთვის თამაშობ და არ შეგიძლია ჯილდო მიიღო – ეს ხომ იდიოტობაა".
ახალი "დრიმ თიმი"
„მე „აიაქსის“შვილი ვარ, რომელსაც „ბარსელონა“შეუყვარდა. ამიტომაცაა, გასული ათი წლის განმავლობაში ორივეკლუბის რეორგანიზაციაში რომ ვიყავი ჩართული. „ბარსელონამ“დახმარება მთხოვა, „აიაქსში“კი ყველაფერი თავისით მოხდა. „ბარსელონაში“ის სამი წელი გაგრძელდა, ხოლო „აიაქსში“საერთოდ არ გაამართლა, რადგან კლუბი რეორგანიზაციისთვის ასი პროცენტით მზად არ იყო. ამ საქმეს საკუთარი თავი სრულად თუ არ მიუძღვენი, არაფერი გამოვა. ამ მხრივ, რიცხვებიც მნიშვნელოვანია. ერთი დიდი განსხვავება ისაა, რომ „აიაქსი“კომპანიაა, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე იყიდება, ხოლო „ბარსელონა“ჯერაც კერძო კლუბია. ამსტერდამში დირექტორებთან და კომისრებთან გიწევს გამკლავება, ბარსელონაში კი – პრეზიდენტთან. ის გაცილებით უფრო პირდაპირია, რადგან არჰყავს აქციონერები, რომლებსაც ანგარიში უნდა ჩააბაროს. „აიაქსში“ არსებული სისტემა გაცილებით მეტ პროცედურას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ დროც მეტი გჭირდება".
"საოცარია, მაგრამ „ბარსელონასთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა და რიგით მეორე საოცნებო გუნდი, სწორედ იმ ფეხბურთელით დაიწყო, რომელთანაც, თავის დროზე, კონფლიქტი მომივიდა. თუმცა მას შემდეგ, რაც 1987 წელს ფრანკ რაიკარდმა „აიაქსი“მოულოდნელად დატოვა, მე და ის სულ უფრო და უფრო დავახლოვდით. ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება – დროის საკითხია. საბოლოოდ, გარკვეულწილად, სამშვიდობოს გადიხარ და შეგიძლია, ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადახვიდე.
მოდი, ასე ვთქვათ – ამ შემთხვევამ ჭკუა გვასწავლა. ერთმანეთს რომ წავეკიდეთ, ორივე ჩვენგანი რაღაც ახალს იწყებდა: ის, როგორც მოთამაშე, ხოლო მე, როგორც მწვრთნელი. თუმცა მას შემდეგ, სხვადასხვა გზას დავადექით. ფრანკი განვითარდა არამხოლოდ როგორც მოთამაშე, არამედ როგორც მწვრთნელი. ამიტომაც გამიხარდა, ჟოან ლაპორტას რომ ვურჩიე, ის „ბარსას“თავკაცად დაენიშნა.
განა მხოლოდ იმის გამო, რომ ფრანკზე დიდი წარმოდგენა მაქვს, არამედ იმიტომაც, რომ ვიცი, რა შეუძლია. საქმე ისაა, რომ – მოდი, პირდაპირ ვიტყვი – „ბარსელონას“დონის კლუბში დათმობაზე არ მიდიან. უბრალოდ არ შეგიძლია, ეს გააკეთო. ვერც კლუბისთვის და ვერც იმ ადამიანისთვის, ვინც საქმე უნდა ჩაიბაროს, რა საქმეც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, „ბარსელონაში“შექმნილ მდგომარეობაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. რა სჭირდებოდა კლუბს და რა უნდა გაეკეთებინა ახალ მწვრთნელს?
ფრანკი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა – არამხოლოდ მისი იმიჯით, არამედ საუბრის მანერით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმაღლეს დონეზე თამაშით. ფეხბურთის კუთხით, მასთან შეკითხვები არ გვქონდა. ამასთან, ის ქარიზმატულიცაა და კარგი ასისტენტი ჰყავდა ჰენკ ტენ კატეს სახით. ჰენკი ერთ-ერთია იმ მწვრთნელებს შორის, რომელთაც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, რადგან ყველგან, სადაც უმუშავია, ყოველთვის რაღაც ორგინალური ხდებოდა. ეს კი ძალიან მიყვარს. ის და ფრანკი ერთმანეთს აბალანსებდნენ".
"დიდი უპირატესობა ის იყო, რომ ლაპორტა, როგორც პრეზიდენტი, ფეხბურთელების პროგრესს ხელს უწყობდა და საფეხბურთო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას სწორედ მათ ანდობდა. „ბარსელონას“პრეზიდენტის თანამდებობას ლაპორტა 2003-იდან 2010 წლამდე იკავებდა და ამ დროს ის სხვა პრეზიდენტებისგან კარდინალურად განსხვავდებოდა. ის არ იყო ადამიანი, რომელიც იტყოდა: „პრეზიდენტი მე ვარ, ასე რომ გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ“. პირიქით, პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ, აი, ეს არის პრობლემა და მოდი, გამოვასწოროთო. ლაპორტა ჩვენსავით ფიქრობდა. ამ მხრივ, მასთან მუშაობა შესანიშნავი იყო და სწორედ ლაპორტას ერგო პატივი, მეორე „საოცნებო გუნდის“განვითარების სულისჩამდგმელი ყოფილიყო. გუნდის, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც მწვრთნელისა და ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე ფრანკ რაიკარდისა და ჩიკი ბეგირისტაინის კანდიდატურები წამოვაყენე, ლაპორტა საქმეს შეუდგა და ძალიან მალე ყველაფერი მოგვარდა – სწორედ ისე, როგორც საჭიროა".
"იმ პოლიტიკური პროცესების გამო, რომლებიც კლუბის შიგნით და მის გარშემო არასდროს წყდებოდა, „ბარსელონა“მღვიძარე ვულკანს ჰგავდა. ჟოანი მშვენივრად ართმევდა თავს პოლიტიკურ პრობლემებს, რათა მწვრთნელები და მოთამაშეები დაეცვა, რაც ნიშნავდა, რომ მათ გუნდის შექმნაზე კონცენტრირება შეეძლოთ.
დააკვირდით, რა მოხდა – სისტემა რამდენიმე თვეში ამუშავდა, საზოგადოებამ მას მხარი აუბა და შედეგებმაც არ დააყოვნა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ჩაიყარა საფეხბურთო საძირკველი, რომელმაც „ბარსელონა“სანიმუშო მაგალითად აქცია. ამ მხრივ, განსაკუთრებულად საყურადღებო დეტალი – რთულ დროს ერთმანეთის გვერდში დგომა იყო. ერთგულება, რომელიც ასე ძალიან გჭირდება. „აიაქსისა“და „ბარსელონას“დონის კლუბებში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არამარტო ჭირში, არამედ ლხინშიც".
"რაიკარდის პირველი, 2003-2004 წლების სეზონის ოთხი თვე იყო გასული, როცა დამაბრალეს, თითქოს ჩემს ძალაუფლებას ბოროტად ვიყენებდი. იმასაც ამბობდნენ, რომ დროდადრო გასახდელში ჩავდიოდი, კლუბისთვის რჩევების მისაცემად. არადა, ფრანკის დანიშვნის შემდეგ „კამპ ნოუზე“ მხოლოდ ორჯერ მივედი და გასახდელში ერთხელაც არ ჩავსულვარ, თამაშის დროს ხომ საერთოდ. ტექნიკურ დირექტორსაც კი, ზუსტად ერთხელ ვესაუბრე და იმ დროსაც, ფეხბურთელებზე არ გვილაპარაკია, ასე რომ, არც ტრანსფერების შესახებ მითქვამს რამე.
მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი მედიამ მაინც აიტაცა, თან არამხოლოდ გაზეთებმა. თავდაპირველად, ეს ნონსენსი გაზეთებში დაიწერა, ხოლო შემდეგ, რადიოსა და ტელევიზორში ისე განიხილავდნენ, გეგონება დადასტურებული ფაქტი ყოფილიყო. სქემა არასდროს იცვლება, ის ყოველთვის ერთია. არადა, რაიკარდის გუნდი სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობდა.
სიმართლე ნაკლებად საინტერესო იყო. მწვრთნელიცა და პრეზიდენტიც ჩემი ახლო მეგობრები არიან და თუ რაღაც აწუხებთ, ზოგჯერ რჩევის მისაღებად მირეკავენ. აი, ასე, მარტივად და კონკრეტულად. თუმცა კატალონიური პრესის ნაწილს ეს არასწორად მიაჩნდა. ფიქრობდნენ, რომ ეს კლუბს აზიანებდა და მიაჩნდათ, რომ კრიტიკას, რომელსაც ვაჟღერებდი, ფეხბურთთან არაფერი ჰქონდა საერთო და ის მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებას ემსახურებოდა.
გადაწყვიტეს, ჩვენ შორის შუღლი გაეღვივებინათ. თუმცა ეს ხომ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ხვედრია, ასე რომ, ველას, ვისაც ეს გვეხებოდა, თავი მაღლა უნდა დაგვეჭირა. ამ მხრივ ლაპორტა ყოველთვის სანიმუშოდ იქცეოდა, რითაც კლუბის შიგნით სტაბილურობას უზრუნველყოფდა".
"ლაპორტამ ვიცე-პრეზიდენტად სანდრო როსელი დანიშნა, მაგრამ მათ შორის დაძაბულობამ მალევე იმატა, რადგან როსელს რაიკარდის გაშვება სურდა დანიშვნიდან რამდენიმე თვეში. „ნაიკის“ აღმასრულებლად მუშაობისას, როსელმა ბრაზილიაში დიდი დრო გაატარა, სადაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ლუიშ ფელიპე სკოლარის დაუმეგობრდა, რომლის მოყვანაც სურდა „ბარსელონაში“.
როსელი იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის ნაწილი იყო, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ სურდათ „ბარსელონა“ ახალი მიმართულებით წაეყვანათ, რისთვისაც გარკვეული ტიპის მწვრთნელი და ტექნიკური დირექტორი სჭირდებოდათ. რაიკარდს უჭირდა, მაგრამ არჩევანი ნათელი იყო და გადახვევას არ ექვემდებარებოდა. თუ კლუბი წარმატებას მყისიერად არ აღწევდა, როსელი მზად იყო, რამდენიმე თვეში კლუბის განვითარების ვექტორი შეეცვალა და შესაბამისად, კარდინალურად განსხვავებული ტიპის მწვრთნელი მოეყვანა, რომელიც გუნდს სხვანაირად ათამაშებდა. როგორც კი გუნდი ათამაშდა, ის, რასაკვირველია, მარტო დარჩა. რაიკარდს არასდროს დაუვიწყებია, თუ როგორ მოექცა როსელი, როცა მენეჯმენტის დახმარება სჭირდებოდა. ამ პროცესში, როსელი საცობის ფუნქციას ასრულებდა და ორი წლის შემდეგ დანებდა და თანამდებობიდან გადადგა".
"საპატიო პრეზიდენტად ჩემი არჩევიდან რამდენიმე თვეში ჟოან ლაპორტას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და სოსიოებმა, ანუ კლუბის წევრებმა, მის მემკვიდრედ სანდრო როსელი აირჩიეს. ამგვარად, კლუბში პოლიტიკა დაბრუნდა. როსელის არჩევიდან რამდენიმე კვირაში იძულებული გავხდი, საპატიო პრეზიდენტობიდან გადავმდგარიყავი. როგორც კი წავიკითხე, რომ ახალმა საბჭომ ჩემი საკითხი პირველივე სხდომის დღის წესრიგში შეიყვანა, თავდაცვით პოზიციაში ჩავდექი. შემდეგ კი, როცა გავიგე, რომ ახალმა პრეზიდენტმა დაიყოლია კლუბის წევრები, მოესმინათ იურისტის რჩევისთვის და შეესწავლათ, ჩემი დანიშვნა კლუბის წესებს თანხვდებოდა თუ არა, დასკვნები გამოვიტანე და გადავდექი.
გაისმა ხმა, თითქოს ახალ პრეზიდენტს სურდა, წინა სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ შური ეძია და უეცრად, „ბარსელონა“ კვლავაც პოლიტიკურ ორომტრიალში მოექცა. ამ მდგომარეობას საზრიანმა პეპ გვარდიოლამაც ვერაფერი მოუხერხა და საერთოდ არ გამკვირვებია, როცა ორი წლის შემდეგ „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვიტა, კლუბის წარმატების მიუხედავად. იმ დროისთვის, საბედნიეროდ, გვარდიოლას მიდგომა კლუბში იმდენად გამჯდარი იყო, რომ იმედი მაქვს, ის მომდევნო წლების განმავლობაშიც იმუშავებს. გვარდიოლას სათამაშო სისტემამ მნიშვნელოვანი როლი დაიკავა კლუბის ფილოსოფიაში. აი, სწორედ ამის გაკეთება მინდოდა მეც, როცა 1988 წელს დიდ და მდიდარ კლუბში მოვედი, რომელიც, იმ დროს, ფერმკრთალ ფეხბურთს თამაშობდა და ვერც ტიტულებს იგებდა. მიხარია, რომ ვხედავ, ესტაფეტა როგორ გადადის.
ჯერ ჩემგან რაიკარდამდე, ხოლო შემდეგ – ფრანკისგან პეპამდე, რომელმაც ეს პროცესი ფანტასტიკურად განაგრძო: ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო. ესაა იდეოლოგია, რომელმაც „ბარსელონა“ ინსტიტუტად გადააქცია – კლუბად, რომელიც უნიკალური ფილოსოფიის საფეხბურთო სიმბოლოდ იქცა".
"ჩემთვის ფეხბურთი – ემოციაა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ დრო სხვების თამაშის ყურებაში უნდა გამეტარებინა და თან არ მინდოდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომისას მომეწყინა, ასე რომ, მუდამ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. როგორც მწვრთნელს, მსურს ვისიამოვნო და იდეალური ფეხბურ[1]თისკენ მივისწრაფოდე. ასე შედეგი არ დააყოვნებს".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]