მარადისობის კანონი
ვერ ვიტყვი, რომ ბოლო წერტილია. აბა როგორ ვთქვა?! კაცმა ფეხბურთი დახურა და მაინც მშიერია. ემოცია ისევ დიდია, ინტრიგა კი დიდი ხნის წინ მოკვდა. მსოფლიო ჩემპიონობით ყველა კითხვა უკან მოიტოვა. რამდენიმე სტატიის მცდელობა შემხვდა, სადაც მკითხველის დარწმუნებას ცდილობენ მესის უპირატესობაში, სხვადასხვა ლეგენდებთან მიმართებით, ეგ უკვე აღარ არის რელევანტური. რამდენიმე თვის წინ კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა? ახლა ყველაფერი ნათელია.
ყველა რიცხვს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. გუშინ რვიანი კარგად შეიფუთა, უსასრულობას გაუსვეს ხაზი. მახსოვს, მარადონა რომ ჩამოვიდა, ტურიკა მიეჭრა და უთხრა, შენი გვარი ქართულად მარადისობას ნიშნავსო. მესის გვარი კი უფრო მესიასთან არის ახლოს. დიდი ხნის წინ უწოდეს ფეხბურთის მესია. ქართულ ამბავში რომ დავრჩეთ, ჯერ კიდევ ვახო გეგელიამ წამოისროლა, ოღონდ, მაშინ უკვე ადანაშაულებდნენ სადღეგრძელოების რახა-რუხში და უმეტესად სიცილი მოჰყვა ამ წამოძახილს.
რა თქმა უნდა, ისევ გაგვახსენდა ყველას იოჰან კრუიფის სიტყვები, ერთადერთი იყო, ვინც ამდენი ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა. არადა, წარსულში სამი ოქროს ბურთი უკვე წარმოუდგენელი მიღწევა იყო - კრუიფის, პლატინისა და ვან ბასტენის შესრულებით. თანაც, მათ დროს გაცილებით მარტივი იყო, მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ ამ ჯილდოს. 90-იანებიდან გართულდა, მაგრამ სამი კი არა, აგერ მერვე დაითრია.
გადმოხედა ზემოდან ხელცარიელ და საუკეთესო ასაკში მყოფ კილიან მბაპეს. მის ასაკში რომ იყო, ცაზე ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, ახლა კიდე მას ეთამაშებიან.
გავჩერდეთ რვაზე. სუბიექტურად ჩამოვთვლი იმ რვა მომენტს მესის კარიერიდან, რომლებიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
რევანში გადათხრილ სტემფორდ ბრიჯზე
ვინ იცის, რამდენჯერ გამიხსენებია.. გამოგიტყდებით და დღემდე ხშირად ვუყურებ ხოლმე, თანაც სრულ მატჩს. საქმე ის არის, რომ "ბარსა" რევანშისთვის ჩავიდა ლონდონში. წინა წელს, ამავე ეტაპზე, ესე იგი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოგვთიშეს. "ბარსა" თამაშობდა ულამაზესად, რონალდინიომ გვაჩუქა მაგია, კოლინამ კი გვაჩუქა შეცდომა. წლების მერე აღიარა, ბოლო გოლი არ უნდა ჩამეთვალაო, მაგრამ.. გვიანია.
ერთი წლის მერე უფრო ძლიერი "ბარსა" ჩავიდა. რონალდინიოს მესიც დაემატა. ეს ის უიშვიათესი მონაკვეთი იყო, სადაც ორივე ძალიან მაგარ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ მესიმ სულ ახლახან დაიწყო, მაინც ყველას ჩრდილავს. მატჩის აღწერით აღარ შეგაწყენთ თავს. მხოლოდ იმას გავიხსენებ, რომ დელ ორნომ დასაწყისშივე გაშლილი ფეხი პირდაპირ მუხლში ჩაარტყა. ასეთ დროს ერთს წითელს აჩვენებენ, მეორე საკაცით გაჰყავთ. არც წითელი იყო და არც საკაცე. მესი ორ წუთში წამოდგა, ცოტა კოჭლობით, მერე კი საშინელ დღეში ჩააგდო ორნო, რობენი და მთელი "ჩელსი". დელ ორნო მაინც გააგდებინა და იქ დამთავრდა ეს ფეხბურთელი. ლეომ კი განმეორებით მატჩში მაინც მძიმე ტრავმა მიიღო - კუნთი გაიწყვიტა.
მესია
ამაზე საუბარი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, გასაკვირი არ არის, დიეგოს წასვლის მერე მთელი არგენტინა ელოდა მესიას, ჰოდა, კარგად მოგეხსენებათ, სანამ მესია გამოჩნდება, მანამდე ცრუ მესიები უნდა გამოჩნდნენ - ორტეგა, აიმარი, სავიოლა, რიკელმე და ა.შ.
მესი კიდე სულ სხვა ამბავია. თავიდანვე ჩანდა. მხოლოდ ბრმა თუ ვერ შენიშნავდა. ასეთ ასაკში ასეთ დონეზე ვის უთამაშია? - პელეს, მარადონას და ბრაზილიელ რონალდოს. მორჩა. ამათ შორის კი მესი ყველაზე დიდხანს შემორჩა, ყველაზე სტაბილურად და ჩემთვის ყველაზე ლამაზად.
მერე კიდე სასწაულიც ვიხილეთ. მესია უნდა შეიცნო, მის გამოჩენას ნიშნები უნდა მოჰყვეს, ორივე ეს ნიშანი ერთსა და იმავე სეზონში ვნახეთ - გოლი "ხეტაფესთან" და "ესპანიოლთან". გაცოცხლდა მარადონას ინგლისთან გატანილი ორი გოლი. პრესაში ამას ისეთი ამბავი მოჰყვა, მას მერე არაფერი მსგავსი არ მინახავს.
ცრემლიანი და შეუპოვარი
უკვე ნახსენებ "ჩელსისთან" მატჩში იტირა. რაიკაარდი ამშვიდებდა. პატარა ბავშვივით ტიროდა. მაშინ იყო კიდეც ბავშვი. მიხვდა, რომ რაღაც ძალიან დიდს გამოაკლდებოდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის პირველი მედალი მაინც სამართლიანად მიიღო.
მერე "ვალენსია" იყო, დასაწყისშივე ორი გოლი გაატანინა ეტო'ოს, ტაიმის მიწურულს ისევ კუნთის პრობლემა შეექმნა. სათადარიგოზე მყოფი რონალდინიოს რეაქცია არ დამავიწყდება - ისევ? ისევ ტრავმა? აქ გაჩნდა პირველი ეჭვი. შეძლებს ასე საუკეთესო გახდეს? თუ ტრავმები წაართმევს ყველაფერს და მომავალში მხოლოდ მის პოტენციალს გაიხსენებენ?
მესამე ცრემლიც იყო. "სელტიკთან", ჩემპიონთა ლიგაზე. აქ უკვე სხვა ტიპის ტრავმა ვნახეთ. ტერფი მოიტეხა. მოედანზევე ატირდა, მიხვდა, რომ ძვალი გატყდა. საშინელება იყო ამის ყურება.
თავადვე არ ამბობს? - "ცხოვრება ეს მუდმივი მცდელობაა". მუდმივი წამოდგომა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ ეცემი, დაცემა გარდაუვალია. მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ წამოდგები. მესი კი ყოველ ჯერზე წამოდგა, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ სულიერი დარტყმით გამოწვეული დაცემა.
ტერფის ძვალი რთულად ხორცდება და ტკივილი იცის. მესი სწრაფადვე დადგა ფეხზე. სულ მცირე ხნის დაბრუნებული იყო, როცა "მანჩესტერთან" ნახევარფინალში გავიდა მოედანზე. იქ "ბარსა" გავარდა, მაგრამ მესიმ ისე ითამაშა, რომ ნათელი გახდა - არაფერი დაკლებია, მომდევნო სეზონში კი გაფრინდება!
პეპის მესი
არ მინდა, კონკრეტული მატჩი გავიხსენო, (ჯანდაბას, "ბერნაბეუს" გავიხსენებ, ცრუ ცხრიანის დაბადება მართლაც ახალი დასაწყისი იყო) იმდენია გასახსენებელი, დილამდე თავს ვერ მოვუყრი. პეპის დროინდელი მესი სულ სხვა ჯიშის ცხოველია. ნელ-ნელა გამოაწრთო, რაციონალურად თამაში ასწავლა, ძალების დაზოგვით, ჯანმრთელი დატოვა, ბოლომდე გაუფრთიხლდა, სულ სხვა თვალით დაანახა ფეხბურთი, ერთმანეთი გაზარდეს და უდიადესი ეპოქა შექმნეს.
არ ვიცი, რით დავიმსახურეთ, მაგრამ ჩვენ გვხვდა წილად ეს პატივი. მას მერე ოცნებად მექცა პეპის დაბრუნება, და როცა მესის წასვლაზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, ყოველთვის მსურდა, პეპთან დაბრუნებულიყო, ვერ ამიხდა ეს ოცნება.
გარდატეხა
2013/14 წლების სეზონი მინდა გავიხსენო. ყველაზე გარდამტეხი სეზონი მესისთვის. პირველად თქვა, რომ ისე ვეღარ ვთამაშობ როგორც წინა წლებში, სისწრაფე დავკარგე და რაღაც უნდა შევცვალო ჩემ თამაშშიო. ტრავმებმა შეაწუხეს, ამჯერად მუხლმა, მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდებოდა, დიდი წნეხის ქვეშ მოუწია ყოფნა და ხშირად გულზიდვებიც აწუხებდა. მიუხედავად ძალიან ცუდი ფიზიკური ფორმისა, მაინც ფინალში გავიდა, სისწრაფეში მაინც ბევრი დაჩაგრა, მაგრამ უკვე ხვდებოდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა.
აქედან იწყება ნელი გარდაქმნა, ჯერ გარემარბი იყო, მერე ცრუ ცხრიანი გახდა, ამ სეზონიდან კი ნელ-ნელა იწყებს კლასიკური ათიანის თვისებების შეთავსებას. პროფილით კი ყოველთვის ათიანი იყო.
საბოლოოდ, ამ გარდაქმნამ მიიყვანა მსოფლიო ჩემპიონობამდე.
დათმობა
ესეც ბევრჯერ დამიწერია. მესიმ როცა პირველად ითამაშა ცრუ ცხრიანის პოზიციაზე, მას მერე ამ ადგილს აღარ თმობდა. ზვიგენივით გემო გაუგო და ბოლომდე დაგლიჯა. ჯერ ეტო'ო გახდა ზედმეტი, მერე იბრა ჩაწიეს, მერე კი დავიდ ვილა მოგვევლინა გარემარბად, არადა, ფორვარდად იყო მოყვანილი.
მესი არავის არაფერს უთმობდა.
და როგორი იყო სუარესის დებიუტი? გარემარბად დაიწყო. მარჯვენა გარემარბს თამაშობდა. ბევრს, შესაძლოა, აღარც ახსოვს. მაგალითად, სადებიუტო მატჩში "რეალთან" ფლანგს არ მოსცილებია. საშინლად არ მოსწონდა, მაგრამ რას იზამდა?! მესი ადგილს არ თმობდა. დედამიწაზე ვერავინ იქნებოდა მასზე შედეგიანი.
იყო მცირე კონფლიქტი მესისა და ლუის ენრიკეს შორის. მერე ითქვა, ჩავიმ თავის ბოლო სეზონში მაინც დაარწმუნა მესი, რომ დათმობაზე წასულიყოო, რეალურად კი რამდენადაც ვიცნობთ ამ ჯიუტ და გენიალურ ადამიანს, თავად დათმო ეს პოზიცია, რადგან ლუის სუარესი იყო ერთადერთი ფორვარდი, რომელიც მესიმ აღიარა. მესის მოსწონს მისი თამაშის მანერა, ყველაზე უკეთ ესმის, არის ალბათ ამაში რაღაც სამხერთამერიკული.
საბოლოოდ რა მივიღეთ, ყველამ ნახა. მესი კი მაინც დარჩა ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად. გინდა ფლანგზე წაიღე და გინდა უკან დაწიე.
ვინ ვისთან გაიზარდა?
რამდენ გენიალურ მწვრთნელს გაიხსენებთ მესის კარიერაში? მე პირადად მხოლოდ ერთს. პეპი იყო ასეთი. დანარჩენები საშუალო, ან მაღალი დონის მწვრთნელები არიან, მაგრამ არა ვარსკვლავური სტატუსის მქონე. ის ერთი გენიალურიც მუდმივად იმას ამბობს, მე უფრო მეტი ვისწავლე მესისგან, ვიდრე მან ჩემგანო.
კარგი იყო რაიკაარდი, მაგრამ რა მოსატანია..
ძალიან მიყვარს ლუის ენრიკე, მაგრამ ვარსკვლავური სტატუსის მწვრთნელი ნამდვილად არ არის.
ტატა? კიკე? ვალვერდე? პოჩეტინო? რა უბედურებაა..
საპირისპიროდ, მისი ცხოვრების კონკურენტმა იმუშავა ფერგიუსონთან, მოურინიოსთან, სკოლარისთან, ზიდანთან და ანჩელოტისთან. თითოეული მათგანისგან რაღაც მნიშვნელოვანი შეიძინა, მესიმ კი პირიქით, ყველას რაღაც მნიშვნელოვანი შესძინა.
გვირგვინი
მსოფლიო ჩემპიონობა დიდებული გვირგვინია. ახლა მისი მარცხი წინა ჩემპიონატებზე სულ სხვა კონტექსტში იქნება განხილული. მსოფლიო ჩემპიონობის გარეშე ყველა ეს მცდელობა შეფასდებოდა წარუმატებლობად, ახლა კი ყველა ეს მცდელობა ფასდება როგორც ნაბიჯი მთავარი ჯილდოსკენ.
მისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის.
და ეს ყველაფერი მის ღვთაებრივ ტალანტთან და ცხოველურ შეუპოვრობასთან ერთად, შესაძლებელი გახდა იმიტომ რომ ლიონელ მესი თავმდაბალი და კეთილშობილი ადამიანია.
რა მატჩი შედგება განახლებულ "კამპ ნოუზე"? წელიწადნახევრისა თუ ორი წლის მერე? რა თქმა უნდა, მესის გამოსათხოვარი მატჩი. ეგ სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]