მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლა მასია როგორც ჰოგვართსი

ლა მასია ჰოგვართსივით სკოლაა. ყოველ მეორე წელს ახალი ჯადოქარი გამოჩნდება ხოლმე. აკადემიას ისტორიაც ისეთი აქვს მსოფლიოს აზანზარებს. თავისი სკოლის დასაცავად კი თითოეული მაქსიმუმს გაიღებს. მერე ის გაძენძილი ქუდი მოაქვთ და სათითაოდ ადებენ ამ ჩვენს "ბარსელონელებს", გამანაწილებელი ქუდი. ვიღაცას ბოიანის, დოს სანტოსისა და ბარტრას კლასში უშვებს, ვიღაცას ჩავისთან, ინიესტასთან და ბუსკეტსთან. 17 წლის გიუს ქუდს სეზონის ბოლოს დაახურებენ და თავის ადგილს მიუჩენენ. ჩაეწერება ვითომ ჯადოქრებში?! დასაწყისი მაგარი აქვს, რაღა ეს გოლი და რაღა სნიჩის დაჭერა.
მატჩი დასასრულს უახლოვდება, "ბარსა" გოლის შეგდებას ვერ ახერხებს, მომენტებს ქმნის, მაგრამ ყოველ ჯერზე სულ ცოტა აკლდება, ხან ჟოაუს, ხან იამალს, ხან ფერანს, უკვე ნათელია რომ თუ მოვიგებთ მორიგი ნაწვალები სამი ქულა გვექნება, მაგრამ კონტექსტის გათვალისწინებით ნებისმიერი სამი ქულა დიდი მიღწევაა.
ჩავის კიდევ ერთი უცნობი ფეხბურთელი გამოჰყავს მინდორზე, კიდევ ერთი ლამასიელი, კიდევ ერთი თინეიჯერი, კიდევ ერთი დიდი ტალანტი. უკანასკნელ რჩევებს აძლევს და მოედანზე უშვებს, გადის წამები და ჩვიდმეტი წლის ბიჭს "ბარსასთვის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაქვს, კაცმა არ იცის ეს ქულები სეზონის ბოლოს რა როლს ითამაშებს.
შეასრულა. ასე მარტივი არ იყო ამის შეგდება. ცხრიანივით შეასრულა. თუნდაც კარგი გარემარბივით. პირველ რიგში, ანრი მოაწერდა ხელს. თავიდან თითქოს პასს ველოდი, იხსნებოდა იქ ცარიელ კართან თანაგუნდელი, მაგრამ ანრის მსგავსად შეანელა, გადაიხარა და შეასრულა. მაღალია, ძლიერი მხრები აქვს და თავის სიმაღლესთან შედარებით ძალიან კარგი სასტარტო სისწრაფე. ტექნიკა რომ ლამასიელებს არ დაეწუნებათ ეს ძველი ამბავია.
მოკლედ, კიდევ ერთი ბრილიანტი გამოჩნდა რადარზე. ზოგი ჭირი მარგებელია, კლუბი გაკოტრების ზღვარზეა და გიჟური ტრანსფერებისგან დაზღვეულები ვართ, თუ ვინმე მოდის ასჯერ გაზომილია მისი ტრანსფერი, უმეტესი აქცენტი კი კლუბის აღზრდილებზეა, ჰოდა, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს. ჯერჯერობით ბრწყინვალე თაობა ჩანს და ბოლოც არ უჩანს, მოდიან და მოდიან..
მატჩის წინ ორი რამ იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, ტრავმირებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალი - კუნდე, დე იონგი, პედრი, ლევანდოვსკი, რაფინია, რობერტო, და სათადარიგოთა სკამზე მოხვედრილი ფეხბურთელები - გიუ, უნაი, ფორტი, ასტრალაგა.
ვინ ხართ ბავშვებო?! საიდან მოხვედით?!
ჩავიმ შეძლებისდაგვარად ისე გადაანაწილა შემადგენლობა რომ გაძლიერების საშუალება ჰქონოდა. მაგალითად, იამალისა და არაუხოს დახმარებით, აი მერე აბსოლუტური სიურეალიზმი იწყება, მაგრამ ვის უკვირს ჩავის "ბარსელონასგან"?! ეს ხომ ჯერ კიდევ ბავშვების გუნდია.
ისევ რეალიზება
მშვენიერი თამაში იყო, შემადგენლობის გათვალისწინებით. ერთი ეგ არის, ჟოაუს იღბალი გაექცა. ისევ ხარიხა, ისევ სულ მცირე აკლდება გასატანად, უკვე მერამდენედ.. არადა, ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, საგოლე პასიც მისი იყო, დაცვიდან გაკეთებული პირველი პასი ერთი შეხებით წაიღო კარისკენ და მალევე საგოლედ გააგორა. იამალიც მან დატოვა კარგ პოზიციაზე და რამდენიმე მომენტიც თავად შექმნა. ერთადერთი რაც დააკლდა გოლი იყო, გოლი კიდე ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს. აგერ, აბსოლუტურად უცნობმა ბიჭმა შეაგდო და გმირია, ჟოაუმ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვერ გაიტანა, უგოლოდ რომ დასრულებულიყო ეს მატჩი, ვიღაცები ანტიგმირადაც ჩათვლიდნენ.
ეგ რამდენიმე სანტიმეტრი ცვლის ყველაფერს, ეგ ერთი ნაბიჯია ყველაფერი, მაგ ერთ წამშია წლობით ნამუშევარი თავმოყრილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მთავარი შემქმნელების არყოფნაში ჟოაუს განაპირა მცველებმა შეუქმნეს ხელსაყრელი მომენტები, ჯერ კანსელუმ, მერე კი ბალდემ. კანსელუმ უკვე ტრადიციად აქცია დრიბლინგი და კარგი პასი, მატჩი არ გავა რომ მინიმუმ ერთი ასეთი მაგარი მომენტი არ შექმნას. ბალდემ კი იდეალური პასი გადაკიდა, ამას ნაღდად არ ველოდი, გაქცევას და ჩაწოდებას კი ბატონო, იყო ეგეთიც, რასაც კარგი მომენტი მოჰყვა, მაგრამ ეს პირლოს მსგავსი გადაკიდება რაღაც ახალი იყო, თუმცა, ჟოაუს პირველმა შეხებამ არ ივარგა, ვერ იყო რივალდოს მსგავსი.
ფიქრები მადრიდზე
ახლოვდება. ერთ ქულაში ვართ. ჯერ "შახტარი" იქნება ქართველი ბიჭებით და მერე უკვე "მადრიდია". როგორც ყოველთვის, დიდი ხნით ადრე იწყება ხოლმე ამ მატჩისთვის მზადება. ბევრი კითხვა ისმის - არაუხო ისევ ვინისიუსს აეკიდება თუ მაინც კანსელუს ენდობიან? ვინმე მაინც მოასწრებს გამოჯანმრთელებას? ლევანდოვსკი.. დე იონგი.. კუნდე.. პედრი.. ყველაზე გვაიმედებდნენ და ახლა რა ხდება კაცმა არ იცის. თან მარტო გამოჯანმრთელებაც ხომ არ არის.. ფორმაში უნდა იყო, კლასიკოა ბოლოს და ბოლოს.
იქით კიდე ბელინგემი გვეყოლება დასაჭერი. არადა, ამ შემადგენლობაში, ამჟამად, ამ მოცემულობაში მისი დამჭერი არავინ ჩანს. დიდი გამოცდა იქნება. გავი თუ ჩრდილივით აეკიდება მაგარი სანახაობა გველის. ამ ბიჭს არაფრის ეშინია, შეტევაში ვეღარ მიიღებს დიდ მონაწილეობას, სამაგიეროდ, დიდ თავსატეხს აგვარიდებდა.
მოკლედ, კითხვები ისმის და ვარაუდები მოყვება..
რა თქმა უნდა, "მადრიდთან" გაცილებიტ მეტი დაგვჭირდება, ვიდრე "ბილბაოსთან", ჩავის ეს შეუძლია, როგორღაც ახერხებს და კლასიკოსთვის ყოველთვის მზად არის. წაუგია კიდეც, მძიმედაც წაუგია, მაგრამ უმეტესად მოწოდების სიმაღლეზეა, გავუოცებივართ კიდეც, ეს ალბათ მისი როგორც ფეხბურთელის გამოცდილების შედეგია. სულ ცოტა დარჩა პირველ კლასიკომდე. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგა იქნება. ერთი მოგებაც და თავი ქუდში გვაქვს, ამოისუნთქებს ყველა ორწლიანი კრახის მერე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]