მატჩისშემდგომი მიმოხილვა: 16 წლის ისტორია

ვიცოდით რომ რთული იქნებოდა, დანაკლისი ძალიან დიდი იყო. სანაკრებო პაუზამ მოგვისწრო და იმედია პაუზის მერე ლიდერები დაგვიბრუნდებიან, და იმედია აღარავინ გამოგვაკლდება, თორემ, ამ ფრენებმა და სანაკრებო ჯახმა დიდი დანაკლისი იცის.
ეგ კი არა, კუნდემაც კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ისეთი ფინტი დაახვედრეს კინაღამ კოჭებიდან ამოვარდა. არა უშავს, დიდ კარლეს პუიოლსაც დამართნია რაღაც მსგავსი, მცველი არ მინახავს ვინც არ გაუბითურებიათ, დიდ მცველებზეა საუბარი, თორემ, პატარა მცველები ისედაც მაგისთვის არსებობენ რომ გააბითურონ.
0:2-დან ამოვქაჩეთ, ჩავიმ ისევ შეძლო თამაშის გადარჩენა, მეორე მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ - ისევ შეძლო პირველი ტაიმის ჩაფლავება.
მუდმივად ასეთი გრძნობა მაქვს, რაღაცას არა სწორად აკეთებს მატჩის წინ, თითქოს ფეხბურთელები სულ სხვა მოლოდინით გადიან მოედანზე და სულ სხვა სურათი ხვდებათ, მერე კიდე შესვენებაზე ამ მოულოდნელობას აანალიზებენ და რაღაცას ვემსგავსებით.
გამარჯობის თქმა..
არ გვაცადესო ამაზეა ნათქვამი, დაგვაცხრა თავზე "გრანადა" მაიკ ტაისონივით და ანგარიში გახსნა. მიჰყვა შეცდომა-შეცდომაზე. იშვიათია ასე ყველა ხაზში შეცდეს გუნდი, თანაც თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში. ჯერ გავიმ დაკარგა ბურთი, მერე გიუნდოგანმა ვერ ითამაშა მაინცდამაინც ჩამშლელივით, (არც არის ჩამშლელი) კრისტენსენმა პოზიცია დაკარგა, კუნდემ სწრაფად ვერ დააზღვია და შტეგენმაც ვერ გვიხსნა, არადა, აუღია ასეთები.
რთულია მერე თამაში, პირველივე წამებზე რომ ასეთი ამბავი დაგატყდება თავზე. თან ის ხალხიც გვაკლდა რომელსაც ასეთ დროს ბურთს მიაჩეჩებ და ეტყვი, მიდი ჰა, მოიფიქრე რამე. ასეთი კაცი ბოლო წელიწადნახევარია ფრენი დე იონგია, მერე პედრი, ჩვენ კი არცერთი არ გვყავდა, გარდა ამისა, შეტევაში მთავარი მეგოლე და ერთადერთი ფორვარდი გვაკლდა, ფლანგზე კიდე რაფინია, რომელიც, შესაძლოა ყველაზე ნაკლებ დანაკლისად მიიჩნიოთ, მაგრამ მისი სტატისტიკა მაინც სხვა რამეს გვეუბნება. თანაც, უნივერსალია, ბევრ რამეში გამოიყენებ.
მიუხედავად დანაკლისისა, მომენტები პირველ ტაიმშიც იყო, მეორე გაშვებულ გოლამდე ჰქონდა შანსი ჟოაუს, გავის, რაღაც ნახევარმომენტის მსგავსი, უპირატესობა "ბარსამ" მოიპოვა და კონტრშეტევაც გაიპარა, დარჩა სარაგოსა ერთი-ერთზე კუნდესთან და შეურაცხყოფა მიაყენა. აქიდანაც და იქიდანაც.
დარტყმაც ლამაზი იყო, რაც ჩაიფიქრა, ის შეასრულა. კარგი ბიჭია, შეერგოს, "ბარსას" ქომაგები სილამაზეს პატივს სცემენ.
ის რაც სეზონის დასაწყისში უპირატესობად მივიჩნიეთ უკვე ნაკლად გვექცა. სეზონის დასაწყისში გამოჩნდა, რომ რომეუს ნელ-ნელა ჩააჩოჩებდნენ, ფრენკი დაიწევდა საყრდენზე, ხანდახან გიუნდოგანიც, ბურთსაც დავიჭერდით, პასის მიმცემიც გვეყოლებოდა, არც არაფერი გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ისეთი დრო დადგა ილქაი გვყავს საყრდენზე, შეგახსენებთ, სეზონის წინ, მეც და თქვენმა უმრავლესობამაც ჩავთვალეთ რომ ყველაზე მეტ საგოლე პასს გააკეთებდა, ჰოდა, ახლა საყდენზეა ეს კაცი, მის წინ კი ნამდვილად არ გვყავდა უკეთესი მეპასე. ვერც გავიზე ვიტყვით ამას და ვერც ფერმინზე. რომეუს კიდე ისეთი წუნი აქვს ბურთის ამოტანაში, რომ სკამზე გადასვეს. ვიღაც ალბათ ჩათვლის რომ ეს შეცდომა იყო, ჯობდა მას დაეწყო და ილქაი რვიანზე გვყოლოდა.. ახლა მარტივია საუბარი.
თუმცა, იყო ერთი, ძალიან ლამაზი, ზუსტად საყრდენი ზონიდან ოთხი "გრანადელი" მოტეხა ერთი პასით, მაგარი შეტევაც წავიდა, მაგრამ ჟოაუს მეკარემ აჯობა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი - ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ლა ლიგაში! 16 წლის ბავშვმა გოლი შეაგდო "გრანადასთან". დროის ამბავი იყო, იმდენ მომენტს ქმნიდა რომ ერთ დღესაც გარდასახავდა გოლში, ახლა ძალიან ბედნიერია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბედნიერია და ის გრძნობა დაეუფლა, რაც ყველა მეგოლეს ეუფლება - კიდევ უნდა. რაც შეიძლება მეტი.
მსაჯებო, როგორ ხართ?
ღმერთებო, არ ვიცი რამ გამახსენა. პანდემიის ჟამს, როცა ადამიანი ადამიანს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და უფრთხოდა კიდეც, მზრუნველმა ხალხმა კარგად ნაცნობ და გავარდნილ ადგილზე მანქანა მიაყენეს და ძალიან გულწრფელად მოიკითხეს უძველესი პროფესიის ხალხი - როგორ ხართ?
გაუკვირდათ, ხმა ვერ გაიღეს. რატომღაც, რავიცი..
ვფიცავ, კარგი თამაში იყო! მეორე ტაიმში გაჭვალავდა კაცს დრამატიზმისაგან. აქით დარტყმა, იქით დარტყმა, აქით შანსი, იქით სარაგოსა, ცოტა შეაშინა არაუხომ, მაგრამ მაინც სწრაფად ირბინა და კინაღამ გულიც გაგვიხეთქა. კი ავურიე ქრონოლოგია, მაგრამ ამოვარდა გონებაში და როგორ გინდა არ ახსენო?! არაუხომ კიდე ბატისტუტა გამახსენა, ცოტა ახლო-ახლოს თქვიო.. გვეუბნება ის ძველი სიბრძნე, მაგრამ ეგრე მოხდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და ნახევარბრუნში წაიღო ბურთი, თანაც ეს სწრაფი გაწევა და დარტყმა ერთი იყო. უჰ რა მაგარი გოლი გაჰქონდა, მაგრამ არ გავიდა.
მცველია მაინც. კარი ვერ იგრძნო ისე, როგორც ის არგენტინელი გრძნობდა. თვალდახუჭული.
სახალისო მომენტი იყო 85-ე წუთზე, ჯერ ჟოაუს მოხვდა ხელი და დაეხეთქა, ალბათ სწორედ ამან გვიხსნა რომ პირველი მას მოხვდა, მერე წამოდგა და შური იძია, მხარი მიარტყასავით მეტოქეს და ისიც გაიშოტა ბელუქსის საქონელივით, მაგრამ სწრაფადვე წამოდგა, მსაჯმა არ დაუსტვინა და სადამდე უნდა წოლილიყო. მერე კიდე ძალზედ სახალისო ამბავი იყო, "მადრიდის" აღზრდილმა და იტალია მოვლილმა კალეხონმა განიზრახა ბალდე მიეტოვებინა, ჟოაუს დაჯახებოდა, გაშოტილიყო მოედანზე და ბურთი ასე მზაკვრულად დაებრუნებინა, გენიალური ჩანაფიქრია ხოსე!
ნეტავ, რა იფიქრა, როცა მიტოვებულმა ბალდემ საგოლე პასი გააკეთა?! ვის ეჯახებიი.. რას ეჯახები..
არ შეუხედავს გოლი როგორ გავიდა, გორავდა აქეთ-იქით, წითელი კვერცხივით. მაგრამ იგრძნო რომ დაიღუპა, ტრიბუნიდან იგრძნო, დაუძახეს ასე ერთხმად აეფხიკე გაზონიდანო და წამოაყენეს როგორღაც. გადაფხიკეს და მოიგეს ქულა. ეგეც საქმეა.
ბოლოსკენ ისევ პორტუგალიელებმა მოგვაგებინეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვერ მოვიგეთ. ფერანის ცხვირი იყო სხვის საქმეში გაყოფილი. მართალია, ბურთი მას არ მისვლია და გოლიც არ შეუგდია, მაგრამ გავლენას ახდენდაო, ძმაო, ჰოდა, არ ჩაითვალა.
მსაჯებო, როგორ ხართ?
მოსულა. ეგეთებს ეგენი წყვეტენ. ახდენდა თუ არ ახდენდა. გავლენის ამბავი მაგათ გონებაში წყდება, მე კიდე მაგათი გონებისა არაფერი გამეგება.
ეგრეა მოკლედ, გავედით პაუზაზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]