მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Brave New World
მატჩის წინ სერხიო რამოსისა და პატარა ლამინ იამალის ფოტო გავრცელდა.
ვერ განვმარტე მაინცდამაინც კარგად, იამალი ხომ ჯერ ისევ ძალიან პატარაა. ფოტო კლასიკოზეა გადაღებული, მოედანზე გამოსვლის წინ. ლამინმა ხელი ჩაჰკიდა ცოცხალ ლეგენდას და არ ვიცი რა იგრძნო, რა თქმა უნდა, სურდა მეორე მხარეს მდგარიყო, „ბარსას“ ფეხბურთელისთვის ჩაეკიდა ხელი, თუ გაუმართლებდა ყველაზე ბოლოს დადგებოდა და იმ კაცს შეეხებოდა რომლის ადამიანობაშიც ბევრს ეჭვიც კი შეაქვს.
რამოსი ერგო. იამალს რამოსი, რამოსს კი იამალი.
ალბათ ამ დროს ფიქრობდა რომ ძალიან ბევრს იშრომებდა და რაც შეიძლება სწრაფად მოხვდებოდა „ბარსას“ ძირითად გუნდში, იჩქარებდა ისე რომ ლიონელ მესის აქტიური კარიერისთვის მოესწრო, აქტიურს კი მოუსწრო, მაგრამ „ბარსაში“ ვეღარ..
რამოსი კი ფიქრობდა რომ სწრაფად დაწყებულიყო კლასოკო, ამ ცინგლიან ბავშვს კიდე ხელი მიარტყა და უთხრა აი იქით გაიქეცი, თავი არაფერს მიარტყაო.
საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ, ფეხბურთი კი ყველაზე მეტად ალამაზებს ამ სამყაროს. საფეხბურთო სასიცოცხლო ასაკი გაიზარდა, მამათა და შვილთა ჯახი უფრო მეტად შესაძლებელი გახდა, დღეს ვიღაც ბავშვს უყურებ, ისიც ჰყოფნის ბედნიერებისთვის რომ ხელი ჩაგკიდოს, ხვალ კი უკვე შენი მეტოქეა, და რაც უფრო დიდ მემკვიდრეობას ტოვებ, მით უფრო დიდი სურვილი ექნება რომ გაგამწაროს.
არ არის იამალი ბალოტელივით უზრდელი, გემახსოვრებათ ტოტის მოხუცს ეძახდა შუა მატჩის დროს, რასაც მინდა იმას გეტყვი, ისე დაბერდი ყურში მაინც აღარ გესმისო. ტოტი 30 მეტრის მანძილზე მისდევდა, ბოლოს დაეწია და მთელი ძალით ამოარტყა წიხლი. კარგი იყო. გემრიელი. როგორც გლადიატორს შეშვენის.
წიხლი რამოსმაც იცის, მაგრამ იამალი წესიერი ბიჭია. აფასებს მეტოქეს, თავის საქმეს თავდახრილი აკეთებს. ჯერჯერობით ასეა. რას წარმოიდგენდა რომ კაცი, რომელსაც კლასიკოზე ხელი ჩაჰკიდა მისი პირველი ნაბიჯების მსხვერპლი იქნებოდა?! ახლა პირიქით უნდა ეთქვა, მიდი იქით გაიქეცი, თავი არაფერს მიარტყაო.
ვნახეთ რაღაც ახალი
როგორც ვივარაუდეთ გიუნდოგანი საყრდენზე გამოიცადა. რომეუს ცენტრალურ მატჩებში ნაკლებად უნდა ველოდოთ ხოლმე. ილქაი კარგი იყო, მაგრამ დე იონგისა და პედრის არყოფნაში რვიანის პოზიციაზე გაჭირდა, ჰოდა, ჩავიმ რაფინია დასწია უკან. ილქაის წინ გავი და რაფინია მოქმედებდნენ. ბრაზილიელი შედარებით მარჯვნიდან, იქ სადაც ჩავი თამაშობდა თავის დროზე. ამიტომაც არის საინტერესო, დონეს და კლასს გავეშვათ, რაფინიასა და ჩავის შორის განსხვავება სათამაშო ტაქტიკური თვალსაზრისით ცა და დედამიწაა. ესეც კარგია, ჩავი თავის თავს არ ეძებს მოედანზე, ყველას იმას ავალებს რაც რეალურად შეუძლიათ.
უვე კარგად ვიცით რომ იამალი უფრო ხშირად მიდის დრიბლინგზე, გამწვავებაზე, უფრო კარგადაც გამოსდის, რაფიანია კი უფრო ხშირად ურტყამს შორიდან. ჰოდა, რატომაც არა? მოსინჯა შედარებით უკნიდან.
კუნთი გაიჭიმა და გამოგვაკლდა.
ნახევარდაცვის ზონაში მთავარი შექმნელი მხოლოდ ილქაია, და ისიც საყრდენზე გვჭირდება. ცუდად არის საქმე.
გავი კი იყო ტრადიციულად პიტბულივით, მაგრამ სულ სხვა რამ სჭირდება "ბარსას", თავდამსხმელების მომარაგება სჭირდება. უნდა ითქვას ფემინ ლოპესზე. იმ ფეხბურთელის კვალობაზე, რომელსაც ასე მცირე დრო ეძლევა მშვენივრად თამაშობს. საერთოდ, ძალიან კარგია რომ „ბარსა“ იდენტობას დაუბრუნდა, აკადემია ისევ მუშაობს, ისეთი ბიჭები გამოჩნდნენ „ბარსელონურს“ რომ უბერავენ. ფემინიც ასეთია. გატანა მართებდა, მაგრამ ეპატიება, მთავარია გუნდმა მოიგო. და პირველი შეხება როგორი იყო? გადასარევი! ამის გამო უფრო დამწყდა გული რომ ვერ გაიტანა.
მთავარი ტაქტიკური ცვლილება ეს იყო - ილქაი საყრდენზე და რაფინია რვიანზე. იმუშავა? რაღაც მხრივ კი. „ბარსა“ ქმნიდა მომენტებს, მთელი მატჩის მანძილზე ჰქონდა უპირატესობა, რეალიზებას კი ვერა და ვერ ახერხებდა, სანამ რამოსმა არ შეგვახსენა თავი, თუ ლამინმა არ შეახსენა რამოსს.. როგორც გენებოთ.
კუნდე-კრისტენსენის დუეტი კი ისე დგას, რომ არაუხოც კი სკამზე აღმოჩნდა. დაიბრუნებს ადგილს, მხეცია, სხვაგვარად არ შეუძლია, ასე ნელ-ნელა უმაგრესი დაცვის ხაზი გამოიძერწა. მხოლოდ ლაპორტა თუ შეძლებდა ამას.
ჟოაუს კვარა
კვარა დაემართა. ძელი.. ძელი.. წინაზეც ახლაც, გაუგრძელდა მშრალი სერია. იმედია კვარას მსგავსად დაასრულებს. საგანგაშო არაფერია, არც საშიშია რამე. ფემინისა არ იყოს, ჟოაუმაც 100% იანი შანსი გაუშვა ხელიდან, სეხნიისგან მიიღო იდეალური პასი და ხარიხას გაარტყა. არადა, არ იყო საჭირო არც ასეთი ძალა და არც ასეთი სიმაღლე.
ყველა ლიონელ მესი ვერ იქნება..
რბილი შეხება იყო საჭირო. სხვა დროს დაველოდოთ.
როგორც ჟოაუ ფელიში, ისე მთელი "ბარსელონა" არასტაბილურობით გამოირჩევა. გსაგებია, რომ "სევილია" ძალიან კარგი გუნდია და დიდი ანგარიშით ვერ მოუგებ, მით უმეტეს, როცა ისედაც გიჭირს ბევრი გოლის შეგდება, მაგრამ სტაბილურად მაინც ვერ ვხედავთ სათანადო ხარისხს.
ტრავმების ბრალიც არის. რეალურ სურათს მაშინ ვიხილავთ როცა ყველა ჯანმრთელად იქნება. ხალხი ჯერ ტრიბუნაზეა, მთავარი ვარსკვლავები იქ ზიან, და როცა ისინი მოედანზე არ არიან, ლევანდოვსკიც უბურთოდ რჩება.
"ბარსა" ისევ წაუგებლად მიდის. გოლებს უშვებს, მაგრამ არ აგებს. ცხრილში ახლოს არიან მეზობელი "ჟირონა" და დედაქალაქელი "მადრიდი". კლასიკომდე კიდე შორია, მაქამდე მშვენიერი კალენდარია, პორტუგალიაში უნდა ჩავიდეთ სადაც ჟოაუებს დაუსტვენენ. ასეა, როცა ბენფიკას გენებით პორტუში ჩადიხარ კარგად არ დაგხვდებიან.
ტრავმებს უნდა მოვერიოთ, მთავარი ახლა ეს არის. დანარჩენი ყველაფერი წინ მიდის, ხანდახან კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]