მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პირველი თეთრი თმის ღერი
ლამინ იამალი შემოსვლისთანავე გავარდა მეტოქის კარისკენ, ბურთი ახლოს ფეხთან, მეტოქესაც სივრცე მოუჭრა, ისე შეძვრა საჯარიმოში როგორც 18 წლის მესი დაძვრებოდა, ფეხის ჩადგმაც მოასწრო და.. პენალტი!
მცველს რომ ბურთზე არ უთამაშია თავიდანვე ჩანდა, ამიტომ გაუგებარი იყო VAR-ი რატომ ჩაერთო საქმეში, გაუგებარი, მაგრამ არა გასაკვირი. ამდენი წლის მერე კიდევ როგორ უნდა გაგიკვირდეს რამე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქმე არ ეხება მაინცდამაინც იმას, რომ პენალტი "ბარსას" არ დაუდეს, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ "ბარსას" ვინმე შეგნებულად ებრძვის, უბრალოდ ამ ხალხის კომპეტენცია ძალიან დაბალია, ადრე ერთი-ორი ნორმალური არბიტრი მაინც ჰყავდათ, ახლა სულ წავიდნენ ხელიდან.
გამადიდებელი შუშით შეხედეს და.. არაო!
იყო შეხება? იყო.
ადრე წაიქცა? არა.
გვიან ხომ არ წაიქცა? არა.
ზუსტად მაშინ დაიწყო ვარდნა, როცა ფეხზე შეხება იყო და იამალის ფეხმაც ადგილი იცვალა, რაც ცოტა შელახულ მოედანზე საკმარისი გამოდგა წასაქცევად. მაგრამ არაო. ეს პენალტი არ არისო.
16 წლის ბიჭისთვის ალბათ შოკია, გასახდელში ჩავი ეტყვის რომ ყველაფერი წინ აქვს, ლა ლიგაში ისეთებს ნახავს შეიძლება 20 წლისას თმა გასცვივდეს, ან გაჭაღარავდეს.
ჩავის "ბარსასთვის" ასეთ მომენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, წინა სეზონის მსგავსად ახლაც ბევრი მატჩი იქნება სადაც გუნდი ბეწვის ხიდზე გაივლის, ჰოდა, დღეს ფეხი დაგვიცდა. ან დაგვიდეს.
ექსპერიმენტი
დრო იყო ლევანდოვსკის დაესვენა და ამოესუნთქა. ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ კი ფორვარდი საერთოდ არ გვყავს მის გარდა. ფერანს მოუწია და როგორ ითამაშა თავად განსაჯეთ, არ ვიცი წინა მატჩი უფრო ცუდი იყო თუ ეს, მაშინ მომენტი მაინც ჰქონდა, ახლა კი საერთოდ არ ჩანდა, ერთხელ გამოჩნდა თამაშგარეში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შეცვლაზე ბევრად ეფექტურია, ჩავისაც მეტი რა უნდა, დასვამს სკამზე და შემოიყვანს ხოლმე, მიზეზი აქვს, თუ მხოლოდ შეცვლაზე შემოსულს გაგაქვს გოლი, მაშინ დაჯექი სკამზე ჯიგარო.
ის იშვიათი მატჩი იყო, როცა ფერანი და რაფინია ერთად ვიხილეთ მოედანზე, ამათი დუეტი არ გაიშვას. თუმცა, იყო ერთი ოქროს მომენტი, რომელსაც მოგვიანებით მივუბრუნდებით.
ექსპერიმენტული იყო დაცვის ცენტრიც. არაუხოსთან ერთად ინიგო ვიხილეთ, ცაცია ცენტრალური მცველი. აუცილებელიც კი იყო ცაცია ცენტრის ყოლა, სულ რაღაც 2-3 წლის წინ უმეტესობა ცაცია იყო, ახლა კი მხოლოდ ინიგო გვყავს ასეთი. ნამდვილად არ ჰქონია კარგი მატჩი, ასეთი არეული ცენტრიც იშვიათი სანახავია, უფრო მეტს არც ველოდი ახალდაბრუნებული ფეხბურთელისგან, ერთი პასი კი ძალიან კარგი გააკეთა, მეორე ტაიმში, მთელი "მალიორკას" დაცვა გაჭრა, არ ვიცი, შესაძლოა ვერც გაიხსენოთ, იმიტომ, რომ საინტერესო არაფერი მოჰყოლია ამ პასს.
რა დაგვაკლდა
პედრი დიდი ხანია არ არის, პირველ რიგში კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი დე იონგი დაგვაკლდა, მოგეხსენებათ რომეუს სწორედ ფრენკი აბალანსებს, ის არის მთავარი ამომტანი, რომეუ კი უფრო შავი სამუშაოს შემსრულებელია. ფრენკის გარეშე ძალიან რთულად არის ამ კომპონენტში საქმე, თან რომელი ბუსკეტსი რომეუ მყავს ერთი პასით რომ ბურთი ამოიტანოს?! გავი და მით უმეტეს, გიუნდოგანი ასე სიღრმიდან არასდროს თამაშობენ, ეს მხოლოდ დე იონგს შეუძლია ცენტრალური მცველების ხაზამდე ჩავიდეს და იქიდან წამოიღოს ბურთი.
ასევე, ძალიან მეუცნაურა ფლანგების ინერტულობა, კანსელუსა და ბალდესგან გაცილებით მეტ აქტიურობას ველოდი, ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები უნდა იყვნენ შეტევაში როგორც თავის დროზე ალბა და ალვესი იყვნენ, ორივეს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს, დღევანდელ მატჩში კი იშვიათად ვხედავდით მეტოქის კარის სიახლოვეს.
კიდევ ფორვარდი დაგვაკლდა ძალიან, თუმცა, ეგ შეგნებული ნაბიჯი იყო.
ვერ გაიტან, გაგიტანენ
ჯერ პირველი გოლისა ვთქვათ, აქამდე ნანახი დაცვითი დუეტიდან არაუხოსა და ინიგოს დუეტი ჯერჯერობით ლიდერობს ყველაზე კატასტროფულ წყვილებში. არანაირი ქიმია ამ ორს შორის არ არის, რომელ ბალანსზეა საუბარი?! მე მგონი, ერთმანეთის ენაც კი არ ესმით.
ყოველთვის რისკია, როცა ცენტრალური მცველები სადებიუტო შეხვედრას ატარებენ ერთად. დღეს ამ რისკმა ვერ გაამართლა.
პირველი გოლი კაპიტნის სინდისზეა, შტეგენი შეცდა პასის დროს, გადაწყვეტილებაც მცდარი იყო და შესრულებაც. გაზონსაც ვერ დავაბრალებთ, მისი ადგილი ასე გათახსირებული არ ყოფილა. ამ შეცდომას მოჰყვა გოლი, ერთხელ არაუხომ გადაგვარჩინა, მეორედ კი სულ სიმარტოვეში მყოფმა "მალიორკელმა" ახლო მანძილიდან დალაშქრა შტეგენის კარი.
გამთანაბრებელი კი რივალდოს დარტყმულს ჰგავდა, ოჰ რა კარგი გოლი იყო! ასეთი ძალით თან ასე დაბალი ტრაექტორიით მხოლოდ რივალდო ურტყამდა ხოლმე, ეგ "ბარსელონაში" თორემ იქით კარლოსიც გაუშვებდა ასე დაბალ-დაბალ დარტყმებს. რაფინიამ სისწრაფეში დაიჭირა გადმოვარდნილი ბურთი და ძალიან გემრიელად შეაგდო დაბალ კუთხეში. რაღაცით ენრიკეს გოლიც კი გამახსენდა კლასიკოში, "ბერნაბეუზე".
"მალიორკა" - "ბარსა" 1:1
რაფინია - ფერანი 1:0
მოჰყვა ამ გოლს ძალიან კარგი შეტევები, ჯერ გიუნდოგანის ძალიან კარგი პასი, რაფინიას დაგორება და ჟოაუს გამოზომილი დარტყმა იყო, ნაღდად არ მეგონა, რომ მეკარე აიღებდა, თითქოს იდეალურად დაარტყა ფელიშმა, ზუსტად, ძლიერად, მაგრამ არა, არ გავიდა.
შემდეგი ეპიზოდი უკვე ფერანი-რაფინიას კომბინაცია და ამ უკანასკნელის ერთი-ერთზე გასვლით დასრულდა, ასეთი სპორტია ფეხბურთი, ამ მაგარი გოლის მერე თავისუფლად შეიძლება რომ ასეთი რაღაცაც იკადრო, გაფუჭებას არა უშავს, პელესაც გაუფუჭებია, უბრალოდ ვერ გავიგე რას აპირებდა.
დაასაჩუქრა სტადიონზე მისული ქომაგი. თქვენი იყოს, კარგი ბურთია. სახლში წაიღეთ.
ჰოდა, გაგვატანეს ეგ ბურთი გასახდელში. ორშეხებიანი კომბინაციით - მეკარე - ნახევარმცველის თავური და მეტოქე ერთი-ერთზეა. აქ გაიბრწყინა არაუხო-ინიგოს დუეტმა. მწვანე აანთეს.
ჩავის ცვლილებები
ცვლილებებამდე ჟოაუს გასროლა იყო. არ გაუმართლა. არცერთ ეპიზოდში. სამაგიეროდ, ვიცით რასაც აპირებდა, შორეულ კუთხეში დატრიალებას. კარგია, როცა გესმის ფეხბურთელს რა უნდა. ისეთები გამოვიარეთ ბოლო წლებში, რომ ესეც გვახარებს.
ჩავი თავის გაფუჭებულს თავადვე ასწორებს ხოლმე. იკითხებოდა ლევანდოვსკის გამოყვანა, იკითხებოდა იამალიც, მასთან ერთად კი ფემინიც შემოვიდა,
მსურდა ჟოაუ და ლამინი ერთად დარჩენილიყვნენ მოედანზე, მაგრამ ეგრე სად არის?! ჩავი წყვეტს ყველაფერს.
ჩვენი ბიჭი რაფინიასთან ერთად მთავარი სინათლე იყო ამ შეხვედრაში, იმ პენალტის გარდა ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ისეთი მაგარი პირველი შეხება აქვს მარტო ეგ ღირს ყველაფრად.
გამთანაბრებელი გოლი ძალიან კარგი კომბინაციის შედეგად გავიდა. ისევ იამალი იყო მთავარი კაცი, მაგარი პასი შეაყოლა რაფინიას, დაახლოებით იმ პოზიციაზე საიდანაც წინა შეხვედრაში კანსელუმ გააკეთა საგოლე, ამჯერად რაფინიამ გააკეთა ანალოგიური პასი, ლევანდოვსკიმ გაატარა და ფემინ ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.
რაც გინდათ ის თქვით, ცვლილებები გამოიცნო. თამაშის წინ თუ არა, ტაიმის მერე მაინც.
მომდევნო მატჩი - "სევილიასთან".
ველით პედრის. დე იონგი ჯერ ძალიან ადრეა.
კრეატივი გვჭირდება, პედრი მოგვენატრა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]