მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფაზლი აწყობილია
მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ვიხილეთ. ჯერ ის ვთქვათ რომ სანაკრებო პაუზამ ტრადიციული დარტყმა ვერ მოგვაყენა, ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა, არაუხო და პედრი კი რეაბილიტაციის კურსს გადიან, სულ მალე დაბრუნდებიან და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი გახდება.
გიუნდოგანი, რაფინია, იამალი, ინიგო მარტინესი და მარკოს ალონსო შემოვიდნენ ცვლილებაზე. ამით ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ "ბარსას" ბოლო წლების შემხედვარე საუკეთესო სკამი აქვს. შეტევის გაძლიერებაც ისევე შეუძლია როგორც დაცვის. ფერანსა და რაფინიას შორის გაჩაღებული ბრძოლა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ეს კონკურენცია კი მხოლოდ "ბარსას" მოუტანს სიკეთეს.
ვთქვათ ისიც, რომ მშვენიერ ფორმაში მყოფ "ბეტისს" შევხვდით, გუნდს, რომელშიც ბრწყინვალედ ათამაშდა ისკო, ამავე დროს დაკომპლექტებულია "ბარსაში" ჩამოწერილი ფეხბურთელებისგან, მოლოდინიც დიდი იყო, ისკოსგან ელოდნენ რაღაც ღირებულს, მაგრამ გააქრეს.
წინა დღით პარიზელებს შევხედე და თავი ნოსტრადამუსი მეგონა, ერთი თვალებდაჭყეტილი კაცი ერთი-ერთზე შეატოვეს მეკარეს და წინასწარ ვიცოდი რაც მოხდებოდა, ჩემი ნოსტრადამუსობა კი მაინცდამაინც ღირებული ვერ არის, იმიტომ, რომ დემბელესთან მიმართებით ყველა "ბარსას" ქომაგი ნოსტრადამუსია.
გაუშვა იქით.. მონმარტრზე..
კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კარგი რამ მოხდა ჩვენს თავს, ეს ჩვენი გარემარბები, ასე ერთად რომ ათამაშდნენ გაცილებით მეტ დროს მიიღებენ.
პირველი ტაიმი
რომეუ მინდა გამოვყო, ამ შეხვედრაში ძალიან ჰგავდა ბუსკეტსს, კარგად ანაწილებდა ბურთს და შეტევის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. რაც ყველაზე მეტად მომეწონა იყო ის, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით გაცილებით სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებას, რაც მაღალ ტემპში თამაშის საშუალებას იძლევა.
ბურთის დაცვიდან ამოტანა კი მეტწილად ისევ ფრენკი დე იონგმა ითავა, ისევ თავისი საყვარელი პოზიციიდან, ორ ცენტრალურ მცველს მარცხნივ ამოუდგა და წამოიღო ასე, ხან პასით, ხან დრიბლინგით.
ჟოაუს მოსვლის შემდეგ ჩავი ალბათ ძალიან იშვიათად გამოიყენებს "ცრუ გარემარბს", პედრისა და გავის ვეღარ ვიხილავთ ამ პოზიციაზე, რადგან ჟოაუმ დაიკავა ეს ადგილი და ჯერჯერობით ძალიან კარგად გამოიყურება. ბევრის აზრით საუკეთესოც კი იყო მოედანზე. ფაქტია, რომ თავისი კლუბი იპოვა, არც "ატლეტიკო" ყოფილა მისი და არც "ჩელსი", შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭს დრო დააკარგვინეს, ახლა კი ეცდება იმ ადგილზე აღმოჩნდეს სადაც კარიერის დასაწყისში უწინასწარმეტყველებდნენ ყოფნას.
კარგი შემადგენლობაა, კარგი გუნდია, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩავი და ლაპორტა ფაზლის აწყობას შეუდგნენ და როგორც იქნა დაასრულეს. ფაზლის ასაწყობად კი უმნიშვნელოვანესი იყო ზედმეტი ნაწილის მოცილება. ღირს ამ გუნდის ყურება, რესურსი დიდია და მომატებაც შეუძლიათ.
პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. რომეუს ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ ჟოაუმ მოახერხა გატანა. რთული ბურთი დაამუშავა, შეიძლება ერთი შეხებით დარტყმაც სურდა, საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გოლი გამოვიდა.
მეორე გოლი კი 32-ე წუთზე გავიდა, ამჯერადაც ჟოაუ იყო მთავარი კაცი, გოლი ლევანდოვსკიმ შეაგდო, მაგრამ ფელიშზე შეგვიძლია აქცენტის გაკეთება, მესი გაგვახსენა, ბურთი ისე გაატარა საგოლე პასის ტოლფასი იყო. ესეც კლასი. შეტევაში "ბარსას" სწორედ ეს კლასი და კრეატიულობა აკლდა. ფაზლის სწორი ნაწილი ჩავიგდეთ ხელში.
ტაიმის ბოლოს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთეს, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. დუბლისთვის ჯერ ადრეაო. ეგ დროც მოვა.
მეორე ტაიმი
მეორე ტაიმში განაპირა მცველებზე გავაკეთებდი აქცენტს, ამდენწლიანი ტანჯვის მერე რა ბედნიერებაა, რომ მარჯვენა ფლანგი სანდო კაცის ხელშია, მარცხნივ კი ბალდე დაფრინავს. კარგი კონტრასტია ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელი ბიჭის, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და გამოცდილი მარჯვენა მცველის, რომელსაც ახალი მიზნები და მოტივაცია გააჩნია. იყო კანსელუს თამაშში რაღაც გვარდიოლასეული, მის ცენტრში შემოსვლებს თუ მივიღებთ მხედველობაში. თან ისე თავისუფლად გადაადგილდება საპირისპირო ფლანგზეც აღმოჩენილა, შეტევაში კი როგორც ყოველთვის პროდუქტიულია.
თითქმის ყველა ეპიზოდში გვაჩვენებს, რომ ორივე ფეხით ძლიერია, დიდი უპირატესობაა მეტოქესთან.
ახლა კი გოლებზე - მაშ ასე, ლიონელ მესის მერე "ბარსელონამ" ოფიციალურ მატჩში ჯარიმა გაიტანა! გოლის ავტორი ფერან ტორესია. ძალიან ლამაზად შემოავლო ბურთი ცოცხალ კედელს, რა თქმა უნდა, მეკარეც შეცდა, ცოცხალ კედელს ასე იკერ კასილიასის გარდა არავინ აყენებდა.
ფერანმა ეს გოლი დაიმსახურა. მის ნაცვლად ძალიან მოტივირებული რაფინია გამოვიდა და მანაც მშვენიერი გოლი შეაგდო. დუელი გახსნილად გამომიცხადებია! ვნახოთ ვინ მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მე უფრო ფერანისკენ მიმიწევს გული, ჯერჯერობით მყარი არგუმენტი არ გამაჩნია მის სასარგებლოდ, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით უფრო მისკენ ვარ.
წერტილი კანსელუმ დასვა. ლამაზი გოლი შეაგდო, ალვესს გაჰქონდა ასეთი გოლები.
ჩავი კმაყოფილი იყო, ჩვენც კმაყოფილები ვართ, მთავარია ეს მატჩი ერთ გამონათებად არ იქცეს და ხარიხსი სტაბილურად შენარჩუნდეს, "ბარსას" ამ სეზონშიც შეუძლია ჩემპიონობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]