ერთი მატჩის ისტორია - რა საერთო აქვთ გვარდიოლასა და გუცაევს

ბევრ თქვენთაგანს ემახსოვრება ეს მატჩი. ლა ლიგის მეორე ტური, 2011/12 წლების სეზონი, "ბარსამ" საკუთარ მოედანზე უმასპინძლა "ვილიარეალს" და პირველივე წუთებიდან ერთი ნომინალური მცველით ითამაშა.
მას მერე ასეთი რამ აღარ მინახავს, მანამდე კი მინახავს ერთხელ, მაგრამ მაგას ბოლოსკენ მივუბრუნდეთ. ეს პეპის ბოლო სეზონი იყო "ბარსაში", მთელი სეზონის მანძილზე ექსპერიმენტებს მიმართავდა, სქემას ისეთი სიხშირით ცვლიდა, რომ მგონი ფეხბურთელებიც ვერ ახერხებდნენ მისი იდეების გააზრებას. თუმცა, ის, რაც "ვილიარეალთან" ვნახეთ, აღარ განმეორებულა.
პოზიციურად სამი მცველი გამოიყვანა, მაგრამ, აბა, გვარებს შეხედეთ - მასკერანო, ბუსკეტსი და აბიდალი. მორჩა, ეს იყო დაცვის ხაზი. სამი მცველიდან ორი საყრდენი ნახევარმცველია, მესამე კი ცენტრალურ მცველად გადაქცეული მარცხენა მცველი.
კარგი, ჯანდაბას, მასკერანო დიდი ხნის წინ აქცია ცენტრალურ მცველად, მაგრამ ასეთი დაცვის ხაზი მართლა სიგიჟე იყო. როცა მატჩის წინ შემადგენლობა დაიწერა, ვერ გავიგე ვინ სად ითამაშებდა და როგორ. მოკლედ, გიჟი პროფესორი ჩაერთო საქმეში.
შემადგენლობა კი ასეთი იყო: ვიქტორ ვალდესი - მასკერანო, ბუსკეტსი, აბიდალი - ალკანტარა, კეიტა - ფაბრეგასი, ინიესტა, პედრო, სანჩესი, - მესი.
და რა შედეგი მოიტანა ამ სიგიჟემ? "ბარსამ" 5:0 გაანადგურა მეტოქე. ბურთი მოიგდეს ფეხში და აღარც გაუშვიათ. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ მესი ძალიან ბევრ გოლს შეაგდებდა სეზონში, იმიტომ, რომ იმ ორ გენიალურს კიდევ ერთი უმაგრესი მეპასე დაემატა ფაბრეგასის სახით. თუ ჩავი და ინიესტა უფრო ერთიანი მექანიზმის მიმდევრები იყვნენ, ფაბრეგასი მეტწილად მესიზე თამაშობდა.
მომდევნო დღეს ეს ამბავი ახალ რევოლუციად შეირაცხა. მას მერე პეპისგან აღარფერი გვიკვირს, აღარც განაპირა მცველების საყრდენ ზონაში თამაში, აღარც ჯონ სტოუნზის აბსოლუტური ტრანსფორმაცია. ეს კაცი არანორმალურია.
სრული მატჩი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მანამდეც გვინახავს
გვინახავს მსგავსი რამ, კი. ოღონდ პეპის შემთხვევაში თუ რაღაც გენიალურთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში მხოლოდ სიგიჟე შეგვრჩა ხელში. დაახლოებით მსგავსი ტაქტიკით გაიყვანა გუნდი ვლადიმერ გუცაევმა ძოძუაშვილის ლატვიის წინააღმდეგ. დაცვაზე უარი თქვა, არაფერში გვჭირდებაო, ჰოდა, წავაგეთ.
ამ შემტევებმა ვერც გოლი შეაგდეს და დაცვაც გახიეს.
გუცაევმა ორი ნომინალური მცველი გაიყვანა მოედანზე - კალაძე და შეყილაძე. სხვათა შორის, კალაძე ამ დროისთვის კიევის დინამოში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მესამე მცველი კი გიორგი ნემსაძე იყო - ასევე, საყრდენი ნახევარმცველი. მოკლედ, მასკერანოსა და ბუსკეტსის როლები შეითავსეს, შეყილაძეს კი აბიდალის როლი ერგო.
ნახევარმცველები - კობიაშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, გახოკიძე.
შემტევები - ყაველაშვილი, ქეცბაია, არველაძე.
ვინ რომელ ზონაში ირბინა, ნამდვილად აღარ მახსოვს, ალბათ, არც თავად ახსოვთ, და არა მგონია რაიმე გაეგოთ ამ გაუგებრობისგან.
ერთ მხარეს ორგანიზებული ქაოსი გვაქვს, გენიოსის მიერ ხორცშესხმული.
მეორე მხარეს მხოლოდ ქაოსი. ორგანიზება ვერ მოხერხდა.
აი, ასეთი ვიწრო ზღვარი გადის გენიალობასა და სიგიჟეს შორის. ამ ვიწრო გზაზე კიდევ.. ეჰეეე, მთელი სამყაროა სხვაობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]