მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნახვამდის სერხიო, ჟორდი, კამპ ნოუ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ნახვამდის სერხიო, ჟორდი, კამპ ნოუ

ცოტა არ იყოს სევდიანი მატჩი გამოვიდა. სერხიო ბუსკეტსთან ერთად ჟორდი ალბაც დაგვემშვიდობა და დასრულდა ის დიდი "ბარსელონა". ოდესღაც რომ მძვინვარებდა და აზანზარებდა მსოფლიოს. იყო ყველაზე ლამაზი ამქვეყნად და ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო გუნდიც. 

სერხიო თავიდანვე ამის ნაწილი იყო, ჟორდი კი ოდნავ მოგვიანებით გახდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ალბაც ლა მასიას აღზრდილია, აჩვენეს კიდეც მატჩის ბოლოს მისი ბავშვობის კადრები. 

თასი ჩაგვბარდა, ლეგენდებს თვალები ცრემლიანი ჰქონდათ, "კამპ ნოუ" გაიტენა და დიდი ხნით დაგვემშვიდობება. ჯერ კიდევ არ ვიცი ამას როგორ შევეგუები, ბავშვობიდან მოყოლებული ასეთი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა, ამდენი ხანი "კამპ ნოუს" გარეშე არასდროს დავრჩენილვარ და ახლა გავიგებთ ეს რა მოვლენაა. 

ეს ხომ განსაკუთღებული და დიდებული სტადიონია?! ერთი ზედა ხედით გადაღებული კადრიც საკმარისია ბედნიერებისთვის. თითქოს თვითონ სტადიონი კარნახობს გუნდს რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს. "კამპ ნოუს" ცვალებადი კარის ბადეებიც კი ზეპირად მახსოვს, ვაღიარებ, ძველი ბადეები უფრო მომწონდა, უფრო ლამაზად გაეხვეოდა ხოლმე ბურთი ბადეში. 

ნაქირავებში გადავალთ. ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, შეგუება დასჭირდება. 

ამჯერად მშრალად 

კარი მშრალი დარჩა. ბოლო ტურებში "ბარსა" მოდუნდა და ბევრი გაუშვა. ბევრი იმის კვალობაზე სეზონი როგორც მიჰყავდა, თორე, ეგ რა მოსატანია?! 

ეს გაცნობითი ხასიათის სეზონი იყო, მცველებმა ერთმანეთი გაიცნეს, ყველა მშვენიერ ასაკშია, ამიტომ მათი იმედი დიდი ხნის მანძილზე უნდა გვქონდეს, თუ ბალდეს ყოველ სეზონში ის არ დამართეს, რაც თამაშის დაწყებიდან 13 წუთის შემდეგ. გაშლილი ფეხით ძალიან საშიშ ადგილზე, პირდაპირ ქაცვებით! ბალდე მოტეხილობას გადაურჩა. ეს ბიჭი მომავალში მსოფლიოში საუკეთესო უნდა გახდეს თავის პოზიციაზე, ასეთი მომენტების მერე მთელი "კამპ ნოუ" უნდა ღრიალებდეს. იყო სტვენა, მაგრამ არასაკმარისი. კინაღამ კარიერა დაასრულებინეს ბიჭს. 

საერთოდ, კარგი თამაში გამოვიდა, გუნდს ეტყობოდა, რომ თამაშის ხასიათზე იყო. ბოლო მატჩია "კამპ ნოუზე" დიდ შესვენებამდე, ვაცილებთ სერხის და ჟორდის, უნდა გადმოგვეცეს კუთვნილი თასი, მატჩის მერე იქნება ზეიმი და ა.შ, მიზეზი საკმარისი იყო, გოლებიც ლამაზი გავიდა. 

გავიმ ერთი საგოლე მიითვალა, ერთიც გოლი შეაგდო. თან კარგი გოლი. თუ გახსოვთ მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე სცადა ასეთი დარტყმით გატანა და სულ მცირედი აკლდებოდა, აგერ, სეზონის ბოლოს გაისწორა მიზანი და ეჭვიც არ მეპარება, რომ მომდევნო სეზონში უფრო მეტს შეყრის. 

ანსუ ფატის მეორე გოლი კი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ეტო'ოს გოლს არსენალის კარში. მაშინ სამკუთხედი ეტო'ომ, ინიესტამ და ლარსონმა გაითამაშეს, ახლა ფატიმ, დე იონგმა და ლევანდოვსკიმ. კარგი იყო, ლამაზად გამოვიდა. დარტყმაც თითქმის იდენტურად შეასრულა ანსუმ. 

გამარჯვებით დავასრულეთ საშინაო არენაზე თამაში. დიდი რეკონსტრუქციის დროა. ისე კი, საინტერესო მოცემულობაა შექმნილი, "ბარსა" რეფორმის გზაზეა, ახალი გუნდის შენებას იწყებენ, საჭიროა თუ არა ახალ გუნდში ძველი კაცის მოყვანა? რა თქმა უნდა, მესიზეა საუბარი, რომელიც გარდა იმისა, რომ გუნდს გააძლიერებს, დიდ ფინანსურ სარგებელსაც მოუტანს. ბარსელონაში ჩამოსულა, სახლი ჯერ კიდევ მისია, როგორც წესი, სახლებს ჰყიდიან ფეხბურთელები წასვლის შემდეგ, მაგრამ მესის არც ფული აკლია და ეს ქალაქი ხომ ნამდვილად მისი სახლია, პარიზი ვერ გახდა მისი ნაწილი, არასდროს ყოფილა დიდი მოდის მიმდევარი, ისეთი კოსტუმებით მიდიოდა დაჯილდოებაზე დემნა გვასალიასაც კი შოკში ჩააგდებდა. 

არც პარიზული ამინდია მისი მოსაწონი, მიუხედავად აბსოლუტურად უნიკალური ცის ნაგლეჯისა, და არც ზღვა აქვს იქვე, სად არის ზღვა? არ არის. 

მესის კარიერას თუ რამე აკლია, ბარსელონური დასასრულია. 

ერთი მატჩიც დარჩა გასვლაზე, "სელტასთან" და დავიშალეთ. მერე ფანჯრებს გავაღებთ და მესის დავიძახებთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 მაისი 2023 11:24
    7
    არ შეიძლებოდა სილკის რომელიმე არხზე ეჩვენებინათ პირდაპირი? გასაგებია რო ყველას აინტერესებდა მამარდას ვალენიას ამბავი, მაგრამ ელჩეები და ბეტისები ვის აინტერესებდა, გაეშვათ ერთ რომელიმე სპორტზე ბარსას თამაში.
    Culé [?]
    #4 29 მაისი 2023 09:09
    10
    სამივე ლეგენდა რომ შესაბამისად გამოემშვიდობა ფეხბურთს გუშინ. ნოუკამპი თავისებურად გადაჭედილი და მშვენიერი იყო, ალბა თავისებურად ემოციური, ბუსკეცი კიდევ როგორც მთელი კარიერის განმავლობაში გუშინაც ძალიან დინჯად, აუღელვებლად გამოემშვიდობა ფანებს, ყველა ტირის კარიერის ბოლოს მარა ბუსი იცინოდა, იმიტომ რომ სხვანაირად აზროვნებს ეს კაცი. მადლობა სამივეს, ალბათ რთული იქნება ისეთი სეზონის მონახვა როცა ამდენი სენტიმენტებით სრულდებოდა სეზონი, მაგრამ ვიცოდით უკვე კარგა ხანს რომ დრო იყო სამივეს გაცილების❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #3 29 მაისი 2023 06:33
    0
    ვის სტადიონს ვქირაობთ ეს 3 წელი?
    Culé [?]
    #2 29 მაისი 2023 01:46
    11
    " მონჟუიკი " და მესი ძნელად ასოცირდება ერთმანეთთან გაცილებას ალბათ მაინც ახალ " კამპ ნოუზე " მოუწყობენ (რეკონსტრუქციის შემდეგ) მაინც მინდა რომ წელს დაბრუნდეს სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ეკონომიურად წარმოგიდგენიათ რამხელა სარგებელს ვნახავთ დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ
    წევრი [?]
    #1 29 მაისი 2023 01:38
    24
    დიდი იმედი მაქვს რომ ბოლო ტურში შტეგენის ერთპიროვნულად გალიდერებისთვის ბოლომდე გაირჯებიან!!!
    სელტა არ ვიცი მე, საკუთარს მიხედონ და დიიიიიდი მადლობა უთხრან შტეგენს იმ "მშრალად" ჩატარებული თამაშებისთვის, რომლებმაც გუნდის გაჩემპიონებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა!!!!!!!
    წარმატებები ყველას!
    გილოცავთ ჩემპიონობას, მომავალ წელს ტრიპლეტი გვეზეიმოს!!!!!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes