ზეიმისშემდგომი მიმოხილვა:

როგორც მოსალოდნელი იყო "ბარსას" საკმარისი მოტივაცია არ აღმოაჩნდა. არც ტერ შტეგენის ხვეწნა-მუდარამ გაჭრა, ცოტა არასერიოზულადაც კი მიუდგნენ საქმეს. გაივსო "კამპ ნოუ", ხალხი საზეიმოდ მოვიდა და თამაშს აგებ, ცოტა არ იყოს ცუდი ტონია. ორი შეცდომა და ორი გოლი - ჯერ კუნდემ მოიგონა, მერე დე იონგმა. დე იონგზე დავხუჭოთ თვალი, აი, კუნდემ მიგვაჩვია სადებიუტო სეზონში შეცდომებს, მე მგონი, მართლაც უმჯობესია მისი ფლანგზე დაყენება. ბოლო კაცის როლში ძალიან სარისკოა, ფაქტობრივად, ყოველ სამ ტურში უშვებდა ისეთ შეცდომას, რომელსაც სახიფათო მომენტი მოჰყვებოდა ჩვენს კართან.
დიდად არ უნდა უყვარდეს ტერ შტეგენს. ასე რომ, მომდევნო სეზონისთვის სამუშაო ბევრი ექნება, ნაკლი თვალნათლივ გამოჩნდა. მარტივ სიტუავიაში არ უნდა შეცდეს.
ფრენკი დე იონგი ამ სეზონში შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. წინა სეზონის სტარტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო წასასვლელად, ახლა ხელშეუხებელია. მით უმეტეს, როცა ბუსკეტსი მიდის. რა ვქნა, ძალიან მომწონდა ფრენკი ახალ პოზიციაზე, ბუსკეტსის გვერდით, მომავალ სეზონში ალბათ ისევ საყრდენზე მოსინჯავენ და ისევ შეიზღუდება. ისევ დაკარგავს თავის უპირატესობას. ყველამ კარგად ვიცით, რომ დრიბლინგი მისი ერთ-ერთი მთავარი პლუსია, (ნუ გადავაყოლებთ ამ ბურთის დაკარგვას), აბა, ვის გაუგია დრიბლიორი საყრდენზე ჰყავდეს გუნდს?!
თუ ჩავიც ასე ფიქრობს, მაშინ, "ბარსაში" ახალი საყრდენი მოვა. ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს, გინდ დე იონგის ეიმედებოდეთ ამ პოზიციაზე, გინდ არა. გუნდს ახალი საყრდენი სჭირდება.
ლევანდოვსკი ბომბარდირია
მოტივაცია მხოლოდ ლევანდოვსკის შერჩა. დემბელე გასაგებია, მონატრებულია თამაშს, რობერტს კი სურს რაც შეიძლება ბევრი გოლით დაასრულოს სეზონი. იცის, რომ გავა წლები და ბევრი ჩახედავს ამ სტატისტიკას, ბევრი ნახავს რამდენი შეაგდო სადებიუტო სეზონში.
სამი ტურია დარჩენილი, ხუთი გოლით უსწრებს ბენზემას. მეეჭვება, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვას. სწორედ ამისთვის მოიყვანეს აქ, გოლები უნდა შეყაროს.
სეზონის შეფასება კი მერე იყოს, სამი ტურის შემდეგ. მანამდე, ლევანდოვსკიზე შემიძლია ვთქვა, რომ სეზონის მეორე ნახევარში შედარებით დაბალ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე პირველში დაიმსახურა. ის შემთხვევაა, მსოფლიო ჩემპიონატმა, რომ ცუდი როლი ითამაშა, ისედაც ასაკშია, ყურში აღარ ესმის იმხელაა.
ერთ საინტერესო ფაქტორსაც უნდა გავუსვათ ხაზი, გახსოვთ ლევანდოვსკი პირველ ნახევარში? თამაში არ გავიდოდა ახალგაზრდებისთვის, რომ არ ეკარნახა, ან ზონის ათვისება, ან, დროული პასი, მეორე ნახევარში კი მისი ეს წინამძღოლობა დაიკარგა. ისე გამოვიდა, რომ ლევანდოვსკი კარგი ლიდერია იქამდე, სანამ თამაში მისდის. როცა ასეა საქმე, სხვებსაც კარნახობს რა და როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ, თუ თამაში არ წაუვიდა, უბრალოდ ჩუმად არის, ვერ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ სხვებს რაიმე უკარნახოს.
ეს მის ლიდერობას გარკვეულ ბზარებს უჩენს, თუმცა, იმასაც გვანახებს, რომ დიდი პასუხისმგებლობის მქონე ფეხბურთელია. იდეალური - აღმოსავლეთ ევროპელის კვალობაზე.
ფატი და ფერანი
ბოლოსაც ვიტყვით მათზე, ძალიან კი გაჭირდება სეზონის იმედგაცრუების დასახელება. ამათში არჩევანის გაკეთება ურთულესია. ფერანის გაყიდვა მარტივი არ იქნება, ჯობია მის მოტივირებაზე იფიქრონ, ანსუ ფატის კი თავად სურს წასვლა, თუ მის მშობლებს დავუჯერებთ, "ბარსამ" თუ კარგი შეთავაზება მიიღო, უნდა გაუშვას თავისი ვარსკვლავბიჭუნა.
ეს ადრეც გვინახავს და დაგვიწერია, ფეხბურთელი თუ ფსიქოლოგიურად გატყდა და თვითრწმენა დაკარგა, მერე კარგად იყავი, არაფერი აღარ გამოვა. დავწერეთ ეს კოუტინიუს შესახებ, რომელიც ფატისთან შედარებით ვარსკვლავბიჭუნა კი არა, შემდგარი ვარსკვლავი იყო, რეკორდსმენიც გახდა, ყველაზე დიდი თანხა მასში გადაიხადეს, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
ძველი კოუტინიუ აღარავის უნახავს.
ფატი ჯერ რეალიზებულიც არ არის, უკვე პრობლემები აქვს.
ბოიან კრკიჩის გზას გადის და სადღაც სტოკში თუ ამოჰყოფს თავს.
ახლა მხოლოდ მესი თუ უშველის. მისი მთავარი მოტივატორი ლიონელ მესი იყო. მესის გვერდზე თავს არ აძლევდა შეცდომის დაშვების უფლებას, ამიტომაც ვითარდებოდა სწრაფად, მერე კი რატომღაც ჩათვალა, რომ უკვე ყველაფერი შეეძლო.
მოკლედ, ამ სეზონით თუ ვიმსჯელებთ, გული არცერთზე არ დამწყდება.
წინ სამი ტურია, მერე შევაჯამებთ, საუკეთესოებს დავასახელებთ, და დაიწყება ცხელი ზაფხული!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]