დამალული ფიგურა

დადასტურდა. ბუსკეტსი სეზონის ბოლოს წავა. დიდი ბარსელონას ბოლო მოჰიკანიც დაგვტოვებს. ამ გადაწყვეტილების დროს დანაღვლიანებულ სერხიოს ვერ იხილავდით, არც მოღიმარი იქნებოდა, როგორც წესი, ემოცია საერთოდ არ ეტყობა. სერხიო ის კაცია, რომლის თამაშშიც გონი და რაციონალიზმი ყოველთვის ჭარბობდა, გამომეტყველებაც ყოველთვის ასეთი აქვს.
აბა, რონალდინიომ რაც იცინა მოედანზე, ორი იმდენი ცრემლი დაღვარა კარიერის ბოლოს. ეგრეა. ემოციური ხალხი ცალკეა დასაყენებელი, ბუსკეტსი კი სულ სხვა განზომილებაში. ნაადრევად დაბრძენებულ ხალხში. როგორც წესი, ასეთი სტილის საყრდენი ნახევარმცველებისგან დიდი მწვრთნელები დგებიან ხოლმე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ბუსკეტსს დიდი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდეს წინ, რადგან, გადმოცემის უნარით დიდად ვერასდროს დაიკვეხნიდა, ძალიან ჩუმი ტიპია, ჩავი და ინიესტა უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს, თუმცა, სხვებთან სიტყვების თქმაც სჭირდებოდათ და იქვე ხსნიდნენ მარტივი ენით, ასე იყო გვარდიოლაც, აი, ბუსკეტსი ძალიან ჩუმია. საერთოდ ვერ გაიგებ თავში რა უტრიალებს.
გვარდიოლას ლეგენდარულ და გენიალურ ბარსელონასთან ერთად დაიწყო სერხიოს ამბავიც, გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება და 1-2 წელში უკვე საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე. პეპიც მაგრად ენდო, ჯერ ია ია მოაცილეს, მერე მასკერანო არ გააკარეს, ბოლოს კი საერთოდ აღარც უფიქრიათ მის შემცვლელზე.
წლების მანძილზე სტაბილურობის გარანტი იყო, და თუ სერხიო არ იყო ფორმაში, ესე იგი, "ბარსას" საქმეც ძალიან ცუდად წავიდოდა. რთული იყო სხვა პერსპექტივიდან მისი კარიერის დანახვა, არადა, საინტერესოა. მოდი ვცადოთ. 24 წლის ასაკში უკვე ყველაფერი მოგებული ჰქონდა რისი მოგებაც საერთოდ შესაძლებელია. როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, სიჩუმეში მოიგო ეს ყველაფერი, მის გარშემო ბრწყინავდნენ თავდამსხმელებიც და ნახევარმცველებიც, ეგ კი არა, ხანდახან მცველებიც კი უფრო ჩანდნენ ამ დიდ გამარჯვებებში, ვიდრე ბუსკეტსი.
სერხიო, ნოლანის ჯადოქარს ჰგავდა, ჯადოქარს და არა ილუზიონისტს, რომელიც სცენის მიღმა რჩება და სხვისთვის დაკრულ ტაშს სიმარტოვეში უსმენს. მაინც თავს ხრის მადლიერების ნიშნად და იცის, რომ მეტწილად მას ეკუთვნის.
საერთოდ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია ყველაზე დაუფასებელია საფეხბურთო სამყაროში. თავად განსაჯეთ რა წვლილი მიუძღვით გუნდის წარმატებაში, მწვრთნელებიც ამ პოზიციიდან წამოიზრდებიან ხოლმე. ერთხელ პეპმა თქვა, ასეა იმიტომ, რომ ცენტრალური ნახევარმცველები ყველაზე კარგად კითხულობენ თამაშსო. ამ ყველაფრის მერე, რამდენ სიმბოლურ ნაკრებსაც არ უნდა გადახედოთ, ხან ათიანს აღმოაჩენთ საყრდენის პოზიციაზე, ხან რვიანს.
განსაკუთრებით მაშინ ხდება ეს ამბავი, როცა თავად ვარსკვლავები ასახელებენ ყველა დროის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებს, იქ საყრდენებს ვერ იპოვით, სამაგიეროდ, შესაძლოა კრაიფი, ან ზიდანი აღმოაჩინოთ ექვსიანის პოზიციაზე. ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი შემტევი შეიყვანოს გუნდში, და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ შავი სამუშაოა შესასრულებელი, სივრცე ასათვისებელი, იქამდე სანამ ეს ვარსკვლავი ბურთით დარბის.
ყველა პოზიციის ფეხბურთელს შეხვდებით ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებებში, მაგრამ საყრდენ ნახევარმცველს, თითქმის ვერასდროს. აი, ასეთი უმადურია ფეხბურთი ამ პოზიციის ფეხბურთელების მიმართ.
გახსოვთ ალბათ France Football-მა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, ეს გააკეთეს ჟურნალისტებმა, ყველაზე კომპეტენტურმა ადამიანებმა ასეთ საქმეში, მწვრთნელები და ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან სუბიექტურები არიან, ჟურნალისტები კი ობიექტურობას უფრო მეტად ინარჩუნებენ, ბუსკეტსი ნომინანტებს შორის მოხვდა, მაგრამ საყრდენის პოზიციაზე ლოთარ მათეუსი აირჩიეს.
ლოთარ მათეუსი..
მაგის საყრდენობა არ გაიშვას.
კლასიკური საყრდენის ნაცვლად უნივერსალი დაასახელეს, რომელსაც მეკარის პოზიციის გარდა ყველგან უთამაშია.
მესი ყოველთვის ირჩევდა ბუსკეტსს. ესეც გვარდიოლასგან ვიცით. ორკარას დროს, შესაძლოა, ცალკარას დროსაც, პეპი ამბობდა მესის იდეალურად ესმის ფეხბურთი, იმიტომ, რომ ყოველთვის ბუსკეტსს ირჩევსო.
ჩვენც ავირჩიეთ სერხიო ბუსკეტსი, გრძელფეხება ტექნიკური და ძალიან ჭკვიანი საყრდენი, ჩვენ ავირჩიეთ ინტელექტი და ტაქტიკური მონსტრი, საყრდენი ზონის ზინედინ ზიდანი! თეთრი სოკრატესი, ავირჩიეთ ძირს დაცემული და სახეზე ხელებაფარებულიც, ცალი თვალით მზვერავი, ავირჩიეთ ტრიპლეტი სადებიუტო სეზონში, ავირჩიეთ ლა მასიას ლეგენდარული ტრიო ნახევარდაცვის ზონაში, ავირჩიეთ ნომერი 28, მერე 16, ბოლოს 5, ყველა ნომერმა, ყველა სეზონმა განსაკუთრებული მოგონებები დაგვიტოვა.
საბოლოოდ კი ბუსკეტსმაც აგვირჩია, 15 წელი გვაჩუქა. რა თქმა უნდა, თავის აღმავლობით და დაცემით. სხვაგვარად არც ცხოვრებაში გამოდის, არც ფეხბურთში.
მე მაგრად მომენატრება, წასვლის დრო კი ალბათ იყო. ჯობია ასე წახვიდე, თავაწეული, კაპიტნის სამკლავურით და ტიტულით ხელში. კარგი წერტილია.
არ ვიცი როდის გამოჩნდება ვინმე მისი მსგავსი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]