მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთიც და თასი აიწევა!

მატჩის წინ დიდი ამბები იყო, ჯერ ანსუ ფატის გარემოცვამ ატეხა ერთი ამბავი, ან სათამაშო დრო მოუმატეთ, ან წავედით აქიდანო. სიტყვა ფენომენალურიც კი ახსენეს. როცა ეს სიტყვა ბრაზილიელ რონალდოსთან ასოცირდება, მეტი სიფრთხილეა საჭირო, თორემ, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს ადამიანი.
მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებმა მესი დაასანქცირეს. როგორ გაბედე უკითხავად ქვეყნიდან გასვლაო, თან აქვე კი არა, არაბეთში! კატარში მაინც წასულიყავი შე დალოცვილო! წავიდა მესი საუდის არაბეთში, მათი ელჩი უნდა გახდეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საუდელები მასპინძლობისთვის იბრძოლებენ, უცნაური ის არის, რომ არგნეტინაც იბრძოლებს, მესი კი არაბეთის ელჩი იქნება. თავში ხელშემოსარტყმელი ამბავია.
მერე ისიც ითქვა მატეო ალემანი სეზონის ბოლოს ხელს დაგვიქნევს და წავაო. მეტად უნარიანი და პროფესიონალი კაცი. მოგეხსენებათ, ლაპორტასთან პოლიტიკაზე ვინც ვერ თანხმდება დაუყოვნებლივ მიდის. თითქოს მესის მოსვლა არ უნდოდა, ასე დაიწერა, პრესისთვის გადაგდებულ სატყუარას ჰგავს. როცა ქომაგი ამას მოისმენს კითხვებსაც აღარ დასვამს, მარტივად გადაყლაპავს მისი წასვლის ამბავს, რამდენიმე თვეში კი ალემანი სხვაგვარად ალაპარაკდება, - როგორც ხდება ხოლმე.
ამ აურზაურში "ბარსამ" კაცნაკლულ "ოსასუნას" ბოლო წუთებზე გაუტანა და თამაში მოიგო. ჟორდი ალბამ შეძლო კარგი გოლის შეგდება, პასი კი ცალკე თემაა, საერთოდ, ამ შეხვედრაში დე იონგის ჩამორიგებული პასები ცალკეა ასაღები, გამოსატანი და მუზეუმში შესატანი.
"მადრიდმა" წააგო. "ბარსას" უპირატესობა 14 ქულაა და "ესპანიოლთან" მატჩში, თანაც გასვლაზე, შეუძლია ჩემპიონი გახდეს, მშვენიერია, თუ გასვლაზე ხდები ჩემპიონი ჯობია ან "ბერნაბეუზე" გახდე, ან "ესპანიოლთან" მატჩში. იქვეა რა, იმათ სტადიონზე რომ ღრიალს ატეხავ "კამპ ნოუზე" გაიგონებენ. სულ სეირნობით მიხვალ სახლამდე.
პატარა ვენდეტაც შედგება, გახსოვთ ალბათ მესისა და ტამუდოს დუბლები, დადუმებული "კამპ ნოუ" და "მადრიდის" წაღებული თასი. გვახსოვს, რა დაგვავიწყებს, ჰოდა, ცხვირში ამოვადენთ.
ტრადიციული 1:0
უცნაურია, როგორც მინიმუმ ძალიან უცნაურია. "ბარსასთვის" ჩვეულ ანგარიშად ჩამოყალიბდა 1:0. ის ერთიც რთულად გადის და მხოლოდ იმის ხარჯზე ვიგებთ, რომ დაცვა მაგრად დგას. მომენტებს კიდე მცველები უფრო ქმნიან, ამჯერადაც ასე მოხდა, ჯერ არაუხოს ჰქონდა შანსი, თუმცა მცირე მანძილით ააცილა, საბოლოოდ კი ჟორდი ალბამ გაიტანა გამარჯვების გოლი.
ზუსტად ის კაცი გვაკლია, რომელიც ნახევარდაცვასა და შეტევას დააკავშირებს, ძლიერი რგოლი გვაკლია, პედრის კი ვთხოვთ ათიანობას, მაგრამ მაინც რვიანია, არც გავია გარემარბი და ლევანდოვსკის სიღრმეში ჩამოწევაც არ არის გამართლებული. ამ შეხვედრაში ამ კავშირის შექმნა დე იონგმა აიღო თავის თავზე, როგორც მინიმუმ 3 გენიალური პასი გვაჩუქა, ერთს გოლი მოჰყვა, ერთს წითელი ბარათი, ერთიც რაფინიამ გაატანა ქარს.
ერთი სიტყვით, მესი გვაკლია. მესი თუ არა, ბერნარდუ სილვა მაინც. პრიორიტეტი ვინ იქნება ამას კითხვა არ უნდა, თუმცა, ისეთი ამბებია "ბარსას" თავს საერთოდ გვექნება თუ არა ამაზე ზრუნვისა და ნერვიულობის თავი ეგეც საკითხავია.
მეორე ტაიმში ისეთი მომენტებიც იყო უკვე გოლი რომ გეგონა და ბურთი სადღაც დასაკარგავში გადავარდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი მომენტის შემოქმედი უსმან დემბელე იყო. ჯერ კიდევ ბევრი მატჩი დასჭირდება სანამ მიზანს გაასწორებს. სეზონის ბოლომდე გაუჭირდება გოლის შეგდება.
ბოლოს კი თითქოს ანსუ ფატის უნდა შეეგდო, მაგრამ ვერ შეაგდო. გამოჩენისთანავე სიზუსტით მოგვხიბლა, იშვიათად, რომ უზუსტად დაერტყა კარში, მას მერე დრო გავიდა, წლები გავიდა, მისი დარტყმული კი ტრიბუნებზე მიფრინავს.
ველოდი, რომ ჯარიმას გავიტანდით. სულ ტყუილად. თუ სწორად მახსოვს ამ სეზონში "ბარსას" ჯარიმა არ გაუტანია. აბა, ვის უნდა გაეტანა? ყველაზე მეტს ლევანდოვსკი და რაფინია ცდილობდნენ, არაფერი გამოვიდა. ჯარიმის გამტანი არ გვყავს. აქაც მესია საჭირო. თუნდაც ბებერი მესი, უკვე სისწრაფე და ძალა დაკარგული, ძალიან ძალიან ბევრს შეგვძენს.
ჰოდა, წავედით მეზობლად, მოვუშალოთ ნერვები და გავხდეთ ჩემპიონები!
ლა ლიგის თასი "კამპ ნოუზე" ბრუნდება!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]